Home Blog Page 1982

“იუსტიციის სამინისტროსთან ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია, ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო”

იუსტიციის სამინისტრო არის რეფორმების მთავარი სამჭედლო, მას აქვს მისია, რომელსაც დღეს წარმატებით უძღვება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

„ეს ის სამინისტროა, რომელთანაც განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება. უპირველესად მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, მინისტრის და ყველა მათგანის მიმართ ვინც აქ ბრძანდებით. განსაკუთრებული მადლიერება, მინდა, გამოვხატო იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომლის წინაშე. ეს არის ხალხი, რომელიც რეალურად ქმნის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო. იუსტიციის სამინისტროს აქვს მისია, რომელსაც წარმატებით უძღვება დღეს. წარმატებულად ოპერირებს ეს სამინისტრო და ვუსურვებ ამავე ტემპში, ამავე წარმატებით საქმიანობას მთლიანად იუსტიციის სამინისტროს, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამჟამად პენიტენციურ სისტემაში არავინ თვლის საჭიროდ, მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წამების ან არაადამიანური მოპყრობის გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის წარმატებაა.

მისივე შეფასებით, გაწეული რეფორმების მიუხედავად, არის რიგი საკითხები, რომლებზეც მუშაობა კვლავაც გრძელდება.

„რიგი საკითხებია, რომელზეც გავაგრძელებთ მუშაობას. იქნება ეს საკუთრების უფლება, აღსრულების კოდექსი, პენიტენციური კოდექსი და მისი იმპლემენტაცია თუ დამისამართების და სისტემური რეგისტრაციის საკითხები. უკლებლივ ყველა საკითხზე არსებობს თანამშრომლობის ფორმატი. ოპოზიციას თუ სურვილი ექნება ქვეყნისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს, სწორედ ამ ფორმატებში ჩაერთვება და მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს ამ ყველაფერში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

“ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდა, დღეს მათი ლიდერია” – ანრი ოხანაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდნენ, დღეს არის მათი ლიდერი. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ დღეს შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც გახდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” დაშლის პირას არის და „ქართული ოცნება“ იზრუნებს იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდეს.

„რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს – არ გაგიკვირდეს მეგობრებო, ეს ადამიანები მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ორი ფორმალური თავმჯდომარე ჰყავს და ვერ გაურკვევიათ, რომელი რას ხელმძღვანელობს. რეალური ბელადი არის საპატიმროში. მიშა მაგარი აღარ არის და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლის პირას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდეს და კიდევ უფრო გამოაჩინოს სახე, თუმცა იმაზე მეტად სახეს ვეღარ გამოაჩენენ, რაც მათ გააკეთეს უკვე. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ადამიანები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდნენ, დღეს არის მათი ლიდერი. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ დღეს შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც გახდეს. იქაც ფორმალური თავმჯდომარე,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ყველა შესაბამის საკითხთან მიმართებაში ორიენტირებული იყო მომავალზე.

„იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ყველა შესაბამის საკითხთან მიმართებაში ორიენტირებული იყო მომავალზე, ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რა ვითარდება სერვისების მიმართულებით ჩვენი მოქალაქეებისთვის და რა იცვლება უკეთესობისკენ მათი ინტერესების შესაბამისად.

ბატონმა მინისტრმა ისაუბრა სერვისების ხელმისაწვდომობაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზოგავს დროს და ეფექტიანი ადმინისტრირების საშუალებას აძლევს, ისაუბრა მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისაუბრა არა ყველას დასჯაზე და ნულოვან ტოლერანტობაზე, არამედ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია – რეაბილიტაციაზე, მედიაციაზე და იმ სერვისებზე, რომელიც განვითარდა და კიდევ ვითარდება იუსტიციის სამინისტროში.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობით მომზადებულია „პენიტენციური კოდექსი”, რომელიც ჩვენ უკვე ორი მოსმენით განვიხილეთ და ის მნიშვნელოვან უფლებრივ სტანდარტებს ითვალისწინებს ჩვენი მსჯავრდებულებისთვის”, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

“დღეს პარლამენტში მორიგი უმსგავსობა ვიხილეთ” – პრეზიდენტი

დღეს პარლამენტში მორიგი უმსგავსობა ვიხილეთ – კიდევ ერთხელ ვგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ – მორიგი უმსგავსობა.

კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.

ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ, მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

“გთავაზობთ, დავიწყოთ ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება შევამციროთ პატიმართა რაოდენობა” – იაგო ხვიჩია იუსტიციის მინისტრს

მინდა მადლობა გითხრათ იმის გამო, რომ თქვენც ემხრობით პატიმართა რაოდენობის შემცირებას. საქართველო ევროპაში საკმაოდ მაღალ ადგილს იკავებს პატიმრების რაოდენობით და თან იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესში იმყოფება, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

ხვიჩიას შეფასებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე სასჯელის მოცულობა იზრდება და ამავდროულად, მცირდება მტკიცებულებათა სტანდარტი.

მისივე თქმით, 2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის გამოცხადებით გადადგა ყველაზე სწორი ნაბიჯი, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო.

„2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შედეგად, თითქმის, 3-ჯერ შემცირდა პატიმართა რაოდენობა, თუმცა დღეს მაინც გვყავს იმაზე მეტი პატიმარი, ვიდრე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 100 ათას მოსახლეზე 190 პატიმარია, მაშინ როდესაც ჩვენთან იგივე მოსახლეზე 260 პატიმარია. იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ევროკავშირის მდგომარეობას, დაახლოებით ერთი მესამედით უნდა შევამციროთ პატიმართა რაოდენობა. გთავაზობთ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ მათი რაოდენობა. ჩვენ გვაქვს შანსი გადავიაზროთ ის სიტუაცია. ციხეში მყოფი ადამიანებისთვის ისეთივე მოლოდინს უნდა იწვევდეს მორიგი არჩევნები, რაც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის დროს გააკეთა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი უდის”- ალუდა ღუდუშაური

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკური გვამის სუნი უდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ეგზისტენციალური საფრთხეები ედგა.

„free misha-ო გაშალეს აქ დროშა. მიხეილ სააკაშვილი არის ნომერ პირველი მატყუარა, მაგრამ ამ ყველაფერს ეშველებოდა კიდევ, შეგუებულია საზოგადოება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს ქვეყანასთან მიმართებით აქვს დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგმული. სად წავიდა ის ეგზისტენციალური საფრთხეები: დემენცია და სხვები? ჩვენს საზოგადოებას არ დავიწყებია და ბუნებრივია, არც ჩვენ დაგვიწყებია მისი ადვოკატების განცხადებები, ე.წ. ექსპერტების განცხადებები. ტელეეთერებიდან რომ ამბობდნენ საათებია დარჩენილი, გვამის სუნი უდის და ა.შ. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, აი, ამ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკური გვამის სუნი ნამდვილად უდის. დიახ, ეს ასეა და თუ არ სჯერათ, ქართველი ხალხის გამოცდას ნუ დაიწყებენ. კიდევ ერთხელ ნუ შეახსენებენ როგორი ბოროტი ძალა არიან“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს” – რატი ბრეგაძე

პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.

„რაც შეეხება გარდაცვალების ასახვას ბაზებში, ეს ხდება ოჯახის ან შესაბამისი უწყების შეტყობინების საფუძველზე და აღნიშნული ბაზები ყოველდღიურად ახლდება. გარდა ამისა, ჩვენ პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს და 2013 წლიდან დღემდე საარჩევნო სიიდან ამოირიცხა 15 000 პირი და დღევანდელი სიები არის მაქსიმალურად ზუსტი”, – განაცხადა მინისტრმა.

ჩოხატაური-ბახმაროს და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა

დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ასევე, დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

“ზელენსკი აცხადებს „მესამე მაიდნის“ საფრთხეზე, რომელსაც ვითომდა პროვოცირებს კრემლი” – ალექსეი არესტოვიჩი

ყველა თავისი კრიტიკოსის „მოსკოვის აგენტებად“ გადაქცევით, უკრაინის ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალზე სრულ პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი წერს.

არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინა სერიოზულ კრიზისში იმყოფება.

მისი განცხადებით, ზელენსკის საუბარი „მესამე მაიდნის“ საფრთხის შესახებ ნიშნავს, რომ ამიერიდან ხელისუფლების კრიტიკის ნებისმიერი მცდელობა კვალიფიცირებული იქნება, როგორც „რუსეთზე მუშაობა“.

„უკრაინის აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი პენი პრიცკერი კიევში ბოლო ვიზიტისას გამოვიდა მოწოდებით, ვიფიქროთ იმაზე, როგორ გაუძლოს უკრაინამ ეკონომიკურად აშშ-ის დახმარების გარეშე. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაძლევადია ეს ამოცანა? გარკვეულ დონემდე ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის იმედი, თუმცა ეს მხარდაჭერა, ძირითადად, ფინანსურია, ევროკავშირის ტექნოლოგიური სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფენ თავდაცვის ძალებისთვის აუცილებელი შეიარაღების ნაკადს. დღესვე პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს „მესამე მაიდანის“ საფრთხის შესახებ, რომელსაც ვითომდა პროვოცირებს კრემლი. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ხელისუფლების კრიტიკის ნებისმიერი მცდელობა კვალიფიცირებული იქნება, როგორც „რუსეთზე მუშაობა“. სტრატეგიის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილებების სივრცე უნდა იზრდებოდეს ან (არახელსაყრელ გარემოებებში) არ მცირდებოდეს მაინც. ყველა თავისი კრიტიკოსის „მოსკოვის აგენტებად“ გადაქცევით, ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალზე (ჩვენ კი კრიზისში ვიმყოფებით – თანაც როგორში) სრულ პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს“, – წერს არესტოვიჩი.

“იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს დაგიორგანიზებთ” – რატი ბრეგაძე თინა ბოკუჩავას

ქალბატონო თინა, მე თქვენთვის ერთი შეურაცხყოფაც არ მომიყენებია და ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უზრდელობას. სირცხვილია, რომ ქალი ასეთ სიტყვებს კადრულობთ – დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას.

მისივე თქმით, ცუდია, რომ ოპოზიციონერები კონსტრუქციულად საუბარს ვერ მიეჩვივნენ და უზრდელურ ეპითეტებს იყენებენ.

„ამდენი შეურაცხმყოფელი სიტყვა ასე როგორ მოახერხეთ?! მე თქვენთვის ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ მითქვამს, თუმცა თქვენ ახლა ჩვეულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, თავი გამოიჩინეთ ისევ და ისევ ამ შეურაცხყოფებით. პრემიერთან დაკავშირებითაც გქონდათ გარკვეული კითხვა და ყველას მიმართ შეურაცხყოფასთან დაკავშირებითაც გეტყვით პირდაპირ – ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც, ქალბატონო თინა, დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც თქვენს ხელისუფლებას ჰქონდა. ასევე ამაყი ვარ, რომ ვარ იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის ფარგლებშიც ვიზალიბერალიზაცია მოხდა. ასევე, ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც მისი მოქმედებების შედეგად, ევროკომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირის საბჭოს წინაშე რეკომენდაცია გაეწია, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამით ნამდვილად ამაყი ვარ. ვიცი, რომ თქვენ ეს არ გსიამოვნებთ და მზად ხართ, შეურაცხყოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ გზაზე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა მე ამით ნამდვილად ამაყი ვარ.

ქალბატონო თინა, თქვენი გამონათქვამი ახლა რასაც ამბობთ, არის უზრდელობა, პირდაპირ გეუბნებით და სირცხვილია, რომ ქალი ესეთ სიტყვებს კადრულობთ. ახლა მე არ შემოგყვებით ამაში, არ მინდა შემოგყვეთ ამ საუბარში, ეს არის უზრდელობა. იმედია, მედია აფიქსირებს თქვენს გამუდმებულ შეძახილებს – „მონა, მონა“. თქვენ სხვა არაფერი შეგიძლიათ ქალბატონო თინა, გეტყობათ. მე თქვენთვის ერთი შეურაცხყოფაც არ მომიყენებია, ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უზრდელობას. დაასრულეთ, პარალელურ რეჟიმში ნუ საუბრობთ, ვერ გადაფარავთ, მიჩვეული ხართ ნასწავლი გაქვთ. გაჩუმდით.

ცუდია, რომ ეს ადამიანები ვერ მიეჩვივნენ კონსტრუქციულად საუბარს და იყენებენ უზრდელურ ეპითეტებს. დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს და თქვენ [ხაჯიშვილს] გაჩუქებთ წამზომს, რათა ტყუილებით არ ისაუბროთ. დაუკვირდით სიტყვებს, ჩემი მოწოდება იქნება. ქალბატონო თინა, ძალიან მაგარი ხართ, ყოჩაღ. სირცხვილია, ელემენტარულად ქალის ლექსიკაში არ ჯდება ის სიტყვები, რასაც საუბრობთ”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, მანამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თინა ბოკუჩავამ მინისტრს ასე მიმართა: „თქვენ და თქვენი მთავრობის სტანდარტითაც ყველაზე სამარცხვინო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს სიმულანტად მოიხსენიებდით და ყოვლად ამორალურ განცხადებებს აკეთებდით მისი ჯანმრთელობის შესახებ”.

“ბოლო რამდენიმე დღეა სხვა გზავნილის გაჟღერება დაგავალეს და ამასაც ჩვეული მონური მორჩილებით ასრულებთ. ახლა ირწმუნებით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია და მისი რუსთავის ციხეში გადაყვანით იმუქრებით. თქვენი უსაგნო და უგვანო მუქარის არავის ეშინია, ბატონო რატი, მაგრამ ერთ კითხვა ნამდვილად მაქვს – თუ წარსულში ადამიანი სიმულანტობდა და სინამდვილეში თავს ყოველთვის გადასარევად გრძნობდა ახლა რა გაუმჯობესებაზე გველაპარაკებით? ტყუოდით წარსულში და ტყუით ახლაც და ასეთ მატყუარად დაგიმახსოვრებთ ქართველი ხალხი,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტის განცხადებით, ვაკის პარკში ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს ისტორია ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვაკის პარკში ბოლშევიკების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს ისტორია ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.

როგორც მან ვაკის პარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ახლა არ არის დაპირისპირებისა და დაყოფის დრო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ ასეთ საკითხებზე ვერ მოხდება გაერთიანება, „მაშინ საქმე ცუდად არის“.

„ამ ადამიანების ისტორია ჩვენს ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, სხვანაირად ჩვენ ვერ გავზრდით მომავალ თაობას, რომელიც რეალურად დაიცავს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და გააძლიერებს მას. ეს ამ ქვეყანას ნამდვილად გახდის ისეთ ძლიერს და ისეთ მისაბაძს, როგორიც ჩვენ ყველას გვსურს და როგორიც სურდათ მათ, ვინც იბრძოდნენ. ეს სკოლებში უნდა ისწავლებოდეს და ჩვენ ყველანი პატივს უნდა მივაგებდეთ. მგონია, რომ დღეს ეს უნდა ყოფილიყო ეროვნული სულის გამოხატულება, ყველა აქ უნდა ყოფილიყო. დღეს არ არის დაყოფის, დაპირისპირების დღე. აქ არანაირი პოლიტიკური, იდეოლოგიური ან სხვა ფორმის მიკერძოება არ შეიძლება არსებობდეს. ასეთ საკითხებზე თუ ვერ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია წარსულზე, მომავალზე გაერთიანება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ვაკის პარკში განთავსდეს ყველა იმ მებრძოლის და გმირის მემორიალი, ვინც სამშობლოს შეეწირნენ.

„მინდა გავიხსენო ის შემოთავაზება, რაც მაქვს და ჯერ პასუხი არ მიმიღია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ აქაც ერთ მშვენიერ დღეს პასუხს მე თუ არ მივიღებ, საზოგადოება მიიღებს. მგონი, ვაკის პარკი, სადაც არსებობს უკვე მეორე მსოფლიო ომის მემორიალი, ამ მემორიალის ხეივანზე ცალ-ცალკე და ერთად უნდა გაერთიანდეს ყველა მემორიალი იმიტომ, რომ როდესაც ბავშვები ვაკის პარკში შემოვლენ, მხოლოდ სათამაშოებისკენ კი არ უნდა იხედებოდნენ, უნდა გაიცნონ და ისწავლონ, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ის მთავარი ფურცელი, რითაც დღემდე მოვედით. ეს რომ ვიცით და ვხედავთ, მერე ვგრძნობთ, რომ ჩვენ სხვა გზა და სხვა ვალდებულება არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად და გავუძლოთ ყველა მტერს, როგორც გუშინ გაუძლეს, თუნდაც სიკვდილით, მაგრამ გავუძლოთ ყველა მტერს მომავლისთვის”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

“ვნახეთ მცდელობა, რომ მგალობლიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა” – ანა წითლიძე

მივმართავ „ქართული ოცნების“ ლაჩარ კაც დეპუტატებს – ვნახეთ მცდელობა, რომ მგალობლიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა, ამით აჩვენებენ მხოლოდ სისუსტეს და იმას, რომ სრულ ისტერიკაში არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლევან მგალობლიშვილს სანქცია უნდა დაუწესდეს და ის ალკოჰოლურ ტესტზე შემოწმდეს.

„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ლაჩარ კაც დეპუტატებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ქალ დეპუტატებთან შეუძლიათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა – ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა მგალობლიშვილს. ამით აჩვენებენ მხოლოდ სისუსტეს და იმას, რომ არ აქვთ კითხვებზე პასუხები. ამით აჩვენებენ იმას, რომ არიან სრულ ისტერიკაში. თუ ეს არის პარლამენტი, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს ახლა ბატონმა ვოლსკიმ ის არის, რომ დაუწესოს სანქცია. ოპოზიციონერ დეპუტატებს ისე უწესებენ სანქციებს, როგორც უნდათ, მათ შორის, ფინანსურს. ამიტომ მგალობლიშვილს უნდა დაუწესონ სანქცია იმასთან დაკავშირებით, რაც მან იკადრა დარბაზში და ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ალკოჰოლურ ტესტზე“, – განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას შეურაცხმყოფელი რეპლიკით მიმართა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9327 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9299 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.