Home Blog Page 1982

კარგია, ევროპელები გვერდში გვიდგანან, თუმცა ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით”- პაატა მანჯგალაძე

კარგია, ევროპელები გვერდში გვიდგანან, თუმცა ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით. იმისთვის, რომ გავფრინდეთ, გვჭირდება მეორე ფრთა, ხელისუფლების ნება და ეს არ გვაქვს – რამდენად გავფრინდებით ცალი ფრთით, ვნახავთ 8 ნოემბერს , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტზე ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ.

“კარგია, ევროპელები გვერდში გვიდგანან, თუმცა ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით. იმისთვის, რომ გავფრინდეთ, გვჭირდება მეორე ფრთა, ხელისუფლების ნება და ეს არ გვაქვს. რამდენად გავფრინდებით ცალი ფრთით, ვნახავთ 8 ნოემბერს.

ერთი ფაქტორი არის, გეოპოლიტიკური ინტერესი, ევროპის გაფართოება, ეს პოლიტიკა დაწყებულია. შესაძლებელია რუსეთის დასასჯელად და იმისთვის, რომ რუსეთმა არ იფიქროს, ევროპამ საქართველო მიატოვა, ამიტომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ჩინეთში პოლიციამ 1000-ზე მეტი კატა დაკვლას გადაარჩინა

ჩინური მედიის ცნობით, პოლიციამ ათასზე მეტი კატა გადაარჩინა დაკვლას. ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცავებმა კატებით სავსე სატვირთო მანქანა გააჩერეს და ცხოველები თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციაში ამბობენ, რომ საქმე კატის ხორცით უკანონო ვაჭრობასა და სურსათის უვნებლობის საკითხს ეხებოდა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნული არაა, დაკავებულია თუ არა საქმეზე ვინმე. ასევე, უცნობია, გადარჩენილი კატები მიუსაფარი ცხოველები არიან თუ პატრონები ჰყავთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც ირკვევა, აქტივისტებმა სასაფლაოს ტერიტორიაზე ხის ყუთებში დამწყვდეული კატები შენიშნეს და ვითარებას ექვსი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხოლო მას მერე, რაც ცხოველებს სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა დაუპირეს, უფლებადამცველებმა სატვირთო მანქანა შეაჩერეს და პოლიციას შეატყობინეს. პოლიციამ კი დაადგინა, რომ კატების დახოცვის შემდეგ მათი ღორის და ცხვრის ხორცად გასაღება იგეგმებოდა.

ამბის გახმაურების შემდეგ, ჩინურ სოციალურ ქსელში უამრავმა მომხმარებელმა მოითხოვა კვების ინდუსტრიაში რეგულაციების გამკაცრება და კანონმდებლობის გაუმჯობესება ცხოველთა დასაცავად.

უკანასკნელ ხანებში მომხდარმა ამბებმა ჩინეთში ბევრი დააფიქრა სურსათის უვნებლობაზე. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი შემთხვევა სკოლის მოსწავლის მიერ საკვებში ვირთაგვას თავის აღმოჩენას უკავშირდება. სკოლის ხელმძღვანელობა თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ეს იხვის ხორცი იყო. თუმცა, მოგვიანებით მოუწიათ აღიარება, რომ მოსწავლე მართალი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთში არ არსებობს კანონი, რომელიც შინაურ და მიუსაფარ ცხოველებს სასტიკი მოპყრობისგან დაიცავს. ქვეყანაში ცხოველთა უფლებადამცველები წლებია, ამ მხრივ კანონმდებლობის მოწესრიგებას ითხოვენ.

„დგება კრემლის „სასარგებლო იდიოტების“ უკანასკნელი ჟამი, ჟამი „ჭეშმარიტი რუსეთუმეების“ მხილებისა”- ქართველიშვილი

„ჭეშმარიტი რუსეთუმეების“ მხილების მცდელობაზე საუბრობს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ ამ მიზნით შესაბამისი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა იქნება უპრიანი, რომელშიც შევიდოდა ყველა,ვინც ხელს უწყობდა ქვეყნის ოკუპაციას და ძირს უთხრიდა ქვეყნის მომავალს.

„დგება კრემლის „სასარგებლო იდიოტების“ უკანასკნელი ჟამი, დგება ჟამი „ჭეშმარიტი რუსეთუმეების“ მხილებისა. ამისთვის ერთ საიტსაც შექმნიდა კაცი, მაგალითად rusetume.ge − სადაც რეესტრის ფორმით შევიყვანდით ყველას, ვინც წლების განმავლობაში ხელი შეუწყო ქვეყნის ოკუპაციას, დაადანაშაულა საკუთარი შეიარაღებული ძალების ომის დაწყებაში, დაასუსტა თავისი ქვეყანა ოკუპანტის სასარგებლოდ ეკონომიკური კონტრიბუციის უხვად გაღებით, ხელი შეუწყო ოკუპანტს მისთვის დახურულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას, გაუუქმა ოკუპანტს ქვეყანაში შემოსვლის სავიზო ბარიერები, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს უშლიდა და მავნებლობდა.

ყველას, ვინც „მეორე ფრონტის“ გახსნით, ფაქტობრივად რუსეთს უღებდა ქვეყნის კარიბჭეს მისი საბოლოოდ ოკუპირების მიზნით. ყველას, ვინც დეზინფორმაციით, ფეიკებით, ცილისწამებით საქართველოს იმიჯს ულახავდა დასავლეთის თვალში ისევ და ისევ კრემლის პროპაგანდისტების გულის გასახარად. ყველას, ვინც ვერ მოელია თავის რუსულ ბიზნესებს, თუ რუსეთის საგარეო დაზვერვის ხაზით ყოველთვიურ სარეზიდენტო ფულად გზავნილებს.

აუცილებლად შევიყვანდით რუსეთის „სასარგებლო იდიოტების“ რეესტრში აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანს, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს და ათასობით მათ ზომბირებულ თუ მოსყიდულ მიმდევარს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ქვეყნის ხელისუფლებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული, უპირველესად, საქართველოში მოქმედი რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას გამიზნულად შეუშალეს ხელი. ვინც მოახდინა ამ ეროვნული პროცესის პარალიზება, „რუსული კანონის“ სტიგმატიზაციის სახით.

განსაკუთრებით კი დღეს შევიყვანდი ყველა ამ მოღალატეს და კრემლის სასარგებლო იდიოტს „რუსეთუმეების რეესტრში“, როდესაც მათი უკრაინელი PR-მენეჯერი ბრაუნ-არახამია უკრაინის რადაში აინიცირებს იმ „რუსულ კანონს“, რომლის ქართველ ინიციატორებს ჯერ კიდევ გაზაფხულზე „ევრო-ანათემას“ გადასცემდა, აცხადებდა, რომ მსგავსი კანონის მიმღები ქვეყნის ადგილი ევროკავშირში არაა, ხოლო უკრაინაში მსგავს ინიციატორებს მყისიერად დაატოვებინებდნენ პარლამენტის წევრობის მანდატებს.

დღეს ბრაუნ-არახამიას ქვეყანა მისივე ფორმულირების მსხვერპლი გახდა და დღეს ბრაუნ-არახამიას ინიციატივის თანახმად, მას უნდა ჩამოართვან დეპუტატობა. მაგრამ მრუდე სარკეების სამყაროში ხომ სულ სხვა „ნიუტონის კანონები“ მოქმედებს. ასეთივე გამრუდებული გარემო აქვთ შექმნილი ბრაუნ-არახამიას ქართველ კოლეგებს − დღეს რუსეთის „სასარგებლო იდიოტებთან“, მათ „მეხუთე კოლონასთან“ აფილირებული მედია ღვრის „ნიანგის ცრემლებს“ ძალზე საინტერესო თემაზე, რომელსაც დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ვრცელ პოსტში ის ასევე საუბრობს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების დამცველი სექციის პლატფორმაზე, რომლის კონფერენციაც ამ დღეებში ჩატარდა.

„ოპოზიციური საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების დამცველი სექციის პლატფორმაზე შედგა „საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს“ (სრთოსს) კონფერენცია თემაზე: „რუსეთის სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების მხარდაჭერა“.

აღშფოთებულმა ნაც-ჟურნალისტმა ამ კონფერენციის გაშუქებისას ხაზი გაუსვა, რომ სრთოსს-ში შემავალი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსება წლებია ხორციელდება გასაიდუმლოებულ და არა გამჭვირვალე რეჟიმში. სრთოსს-ის ფინანსური და ხარჯვითი ანგარიშგება არავის უნახავს, რომ მასში შემავალი ორგანიზაციების მესვეურები ყოველწლიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას თბილისში, ბათუმში, დუშეთში და სხვა ლოკაციებში. ნაც-ჟურნალისტის ცალკე შფოთის საგანია, რომ მიუხედავად სრთოსს-სის მუშაობის ასეთი გაუმჭვირვალე ხასიათისა, საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების დამცველი სექციისა და რუსეთის ფონდების მხრიდან გრძელდება სრთოსს-ში შემავალი ორგანიზაციების დაფინანსება სხვადასხვა გაუგებარ და გასაიდუმლოებულ პროექტებზე. გაირკვა, რომ სრთოსს-ში შემავალი ორგანიზაციები დაფინანსებას იღებენ ასევე ევროკავშირის ხაზით.

სულ ბოლოს მათ ბრიუსელიდან გამოეყოთ სოლიდური თანხა „საქართველოში რუსეთის სათვისტომოს წარმომადგენლებისთვის ჰიგიენის საგნებისა და საწოლის თეთრეულის შესაძენად“, ვინაიდან რუსეთმა თითქოსდა თავის თანამემამულეებს ამ მიზნებისთვის დაფინანსება შეუწყვიტა, რაც აბსოლუტური სიცრუეა! სრთოსს-ის ბაზაზე, რუსეთიდან დამატებითი ფინანსების მოზიდვის მიზნით (ძირითადი Русский клуб-ის გარდა), შეიქმნა ისეთი ახალი ორგანიზაციები, როგორიც არის: Союз русской молодежи, Центр защиты прав российских соотечественников, Ассоциация русских женщин, ხოლო დასავლეთიდან გრანტების მოსაზიდად – Международная ассоциация молодежи და Ассоциация многонациональных женщин. მხოლოდ ამ უკანასკნელს ევროკავშირმა სულ ახლახან 342 ათასი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო.

ნაც-ჟურნალისტს ასევე ჰყოლია „წყარო“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „თანამემამულეთა დეპარტამენტში“, რომელმაც აცნობა, რომ მხოლოდ თბილისის Русский клуб-ის ხაზით მათ დაასპონსორეს, როგორც მინიმუმ, რუსეთის ხუთი ორგანიზაცია საქართველოში. ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ Русский клуб-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელს აქვს მჭიდრო კონტაქტები მოსკოვის მერიის მაღალჩინოსნებთან. სწორედ ამ კავშირების მეშვეობით, მოსკოვის მერიამ გამოუყო Русский клуб-ს ოთხი მილიონი რუბლი და მედიკამენტების მსხვილი პარტია − და ეს არის მსგავსი ტიპის დაფინანსების მხოლოდ ერთი უმნიშვნელო მაგალითი“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ის გამოეხმაურა ასევე იმას, რომ კონფერენციის გამართვაზე ოპოზიციამ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

„ზოგადად, ფაქტი, რომ ამ თემაზე აპელირებს ნაც-სექტანტების მედია და გამოხატავს თავის აღშფოთებას, წარმოადგენს ცინიზმის მწვერვალს! გებადება არაორაზროვანი ვარაუდი, რომ „რუსული კანონის“ სტიგმა, გარდა „ოკეანისმიღმელი“ ავტორებისა, იმავე ლЯკა ხოშტარიას (როგორც საქართველოში რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტურის წარმომადგენლის) პირდაპირ ინტერესებში შედიოდა.

ამით ხოშტარიამ ორი კურდღელი მოკლა − თავისი პირდაპირი პატრონების დავალებაც შეასრულა და „სასარგებლო იდიოტების“ როლში დასავლეთის აგენტოკრატებისა და მათი მარიონეტების ვრცელი სპექტრი უკვე მერამდენედ გამოიყვანა. ასე რომ, შესაქმნელია საიტი rusetume.ge − აუცილებლადაა შესაქმნელი.

ამით მოქმედ ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთის „სასარგებლო იდიოტების“ და პირდაპირი აგენტების ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად „ჯიუტად“ და მიზანმიმართულად მიჰყავს ქვეყანა ევროინტეგრაციის კურსით, როგორც მინიმუმ, უსამართლოდ მინიჭებული „რუსული ოცნების“, „რუსეთუმეების“ და „რუსული კანონის“ სარჩულები, სტიგმები, მანტიები მოსახსნელი აქვს და თავისი დამსახურებული ადგილი აქვს მისაჩენი ამ „საპატიო წოდებების“ რეალური მატარებლებისათვის.

ხოლო „ხალხის ძალამ“, რომელმაც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით იზრუნა, იმუშავა და თავის ამერიკულ ანალოგთან მაქსიმალური თავსებადობის ფარგლებში შექმნა „უცხო ქვეყნების საქმიანობის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი, აუცილებლად უნდა დააპატენტოს იგი, ვინაიდან სლოვაკეთის თუ უკრაინის მიერ მიმდინარეობს „საავტორო უფლებების“ უხეში დარღვევის მცდელობები. მოკლედ: არა კრემლის მეხუთე კოლონას საქართველოში! არა − რუსეთუმეებს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

დღეს ღირსი მამის ზენონ იყალთოელის ხსენების დღეა

29 ოქტომბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის ზენონ იყალთოელის ხსენების დღეს (VI საუკუნე).
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.
წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

,,მრცხვენია გაერო-ს გამო”- ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, იანა ჩერნოხოვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას აკრიტიკებს, რომელიც ისრაელს ღაზას სექტორში ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ჩეხეთს გაერო-ს დატოვებას ურჩევს.

„სამი კვირის წინ „ჰამასმა“ 1400-ზე მეტი ისრაელელი დახოცა. „ჰამასის“ ტერორისტების მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ტერორისტულ თავდასხმას წინ მკაფიოდ და სრულად მხოლოდ 14 ქვეყანა აღუდგა, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც! მრცხვენია გაერო-ს გამო. ჩემი აზრით – ჩეხეთი არაფერს უნდა ელოდოს ორგანიზაციაში, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს და პატივს არ სცემს თავდაცვის ძირითად უფლებას. მოდით, დავტოვოთ ის“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისათვის, პარასკევს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. რეზოლუციის პროექტი იორდანიამ და კიდევ 40-ზე მეტმა ქვეყანამ მოამზადა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, გასული დღის განმავლობაში, ღაზას სექტორში „ჰამასის“ 450-მდე ობიექტს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებს, სადამკვირვებლო პუნქტებს და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვებ პოზიციებს.

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ღამით, დამატებითი ძალების შეყვანით, სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ჯარებმა „ჰამასის“ ტერორისტულ უჯრედებს და რაზმებს დაარტყეს, რომლებიც სარაკეტო თავდასხმებს ამზადებდნენ.

,,ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში”- ლაშა ჟვანია

ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები. ეს არაა სპეცოპერაცია, ესაა ომი, რომელიც გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს – ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, გაემგზავროს სამშობლოში, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

„მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, საომარი მდგომარეობაა ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთის ფრონტზე არის საბრძოლო მოქმედებები, ისრაელში, ვინც დარჩნენ ჩვენს მოქალაქეებში პანიკური მდგომარეობა ჩამცხრალია, უფრო ნაკლებია გამგზავრების მსურველი, ნაკლებია მომართვიანობა საელჩოსთან. გაიხსნა სკოლები, საბავშვო ბაღები, ძირითადად ის შენობები, სადაც დაცულია თავშესაფარი და შეიძლება, შეიყვანო ბავშვები საჰაერო განგაშის დროს. ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფერს თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესიც, უკვე სამი კვირაა ამ მდგომარეობაში ვართ. ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში და მშვიდ გარემოში იყოს, ვიდრე იყოს გაძლებაზე ამ სტრესში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში. ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები. ეს არაა სპეცოპერაცია, ესაა ომი, რომელიც გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს. „აირზენას“ მიერ ფრენების აღდგენა-არ აღდგენა არ მგონია პანაცეა იყოს. მთავარია, პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით არის. ვისაც მხოლოდ პირდაპირი რეისით გამგზავრება უნდა, არის ამის საშუალება და ასევე არის კვიპროსის საშუალებით თბილისში დაბრუნების საშუალება. თავად არ ვკითხულობთ „აირზენა“ როდის აღადგენს ფრენებს, ალბათ მაშინ, როდესაც სადაზღვევო კომპანია მას დაზღვევას განუახლებს. ჩვენთვის მთავარია, რომ პირდაპირი რეისები სრულდება თელ ავივი-თბილისი, თელ ავივი-ბათუმის მიმართულებით“, – განაცხადა ჟვანიამ.

 

„ჰამასი“ რუსი მძევლების გათავისუფლებას გეგმავს

„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს მძევლად აყვანილი რუსების სია.

მისი თქმით, ჰამასი ამ ადამიანებს ეძებს და მზადაა მათ გაათავისუფლოს.

„რუსული მხარისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მივიღეთ იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ამ სიას ძალიან ყურადღებით ვექცევით და დეტალურად შევისწავლით, რადგან რუსეთს ვუყურებთ როგორც ჩვენს უახლოეს მეგობარს“, – აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

მარზუკის თქმით, სიაში სულ რვა პირია.

„რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, ვინც აიყვანეს და ახლა ღაზაში არიან, ჩვენ მათ ვექცევით ისე, როგორც სტუმრებს. ახლა ჩვენ ვეძებთ ამ ადამიანებს, რთულია, მაგრამ ვეძებთ. და როგორც კი ვიპოვით გავათავისუფლებთ. მიუხედავად დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე არსებული სირთულეებისა“, – აღნიშნა მარზუკმა.

ისრაელი ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს

ისრაელი ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სამხედროები ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასთან“ ომის შემდეგ ეტაპზე გადადიან და ოპერაციებს აფართოებენ.

„ჩრდილოეთ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით ღაზას სამხრეთით უნდა გადავიდეს. შედარებით უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი.

ის დასძენს, ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, გაფართოვდება.

ვალუტის კურსი 29 ოქტომბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 30 ოქტომბრის ჩათვლით, 1 აშშ დოლარი  2.7037, 1 ევრო კი 2.8565 ლარი ეღირება.

მანამდე მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.7058, 1 ევრო კი 2.8519 ლარი ღირდა.

„ისრაელმა ღაზის სექტორში წითელი ხაზები გადაკვეთა“ – ირანის პრეზიდენტი

“ისრაელმა ღაზის სექტორში წითელი ხაზები გადაკვეთა”, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი საუბრობს და განმარტავს, რომ ამან “შესაძლოა, აიძულოს ყველა, მიიღონ შესაბამისი ზომები”.

“ვაშინგტონი გვთხოვს, არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი ისრაელის ფართო მხარდაჭერას განაგრძობენ. აშშ-მ გაუგზავნა შეტყობინებები წინააღმდეგობის ღერძს, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე”, – ამბობს რაისი.

მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, – ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Los Angeles Times წერს.

მათივე ცნობით, მსახიობი „მცირეოდენი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში დაიღუპა“. მედია წერს, რომ ის უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს.

მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ Friends-ში და ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.