Home Blog Page 1982

„საქართველოში, იოსებ სტალინის ნაკვალევზე: გორის მუზეუმიდან წყალტუბოს აბაზანამდე“ – South China Morning Post

ჰონკონგის (ჩინეთი) უძველეს ინგლისურენოვან გაზეთ South China Morning Post-ში (დაარსებულია 1903 წელს) დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოში, იოსებ სტალინის ნაკვალევზე: გორის მუზეუმიდან წყალტუბოს აბაზანამდე“ (ავტორი – პიტერ ნევილ-ჰედლი, ჩინეთში მცხოვრები ინგლისელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ქართველების დამოკიდებულება თავიანთი ყველაზე სახელგანთქმული შვილის მიმართ საკმაოდ რთულია, მათ შორის მის მშობლიურ ქალაქ გორში, რომელიც თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს.

კავკასიის მიღმა არცერთი ქართველის სახელი არ არის ისეთი ცნობილი (ზოგიერთ მისი ეპოქის დროინდელ პიროვნებასთან ერთად), რომელიც დღეს საერთაშორისო პრესის ესოდენ დიდ ყურადღებას იპყრობდეს. ქართველი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირს 1924 წლიდან თავისი სიცოცხლის ბოლომდე მართავდა (გარდაიცვალა 1953 წელს), მსოფლიოს მოსახლეობაში იოსებ სტალინის სახელითაა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი საყოველთაოდ არის შეფასებული როგორც სასტიკი დიქტატორი და მილიონობით ადამიანის მკვლელი, გორისთვის ძალიან ძნელია დიქტატორის სახელზე უარის თქმა – იქ სხვა ასეთი ცნობილი პიროვნება ჯერ არ დაბადებულა.

საქართველოში იოსებ სტალინის მხარდამჭერი საკმაოდ ბევრია და ეს იმის მიუხედავად, რომ 1921 წელს, მოსკოვში მყოფმა ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარმა [და იმავდროულად საბჭოთა რუსეთის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრმა] ხელი შეუწყო საკუთარი დამოუკიდებელი სამშობლოს ოკუპაციას რუსეთის წითელი არმიის მიერ. შედეგი საქართველოს 70-წლიანი ყოფნით გამოიხატა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. სხვათა შორის, რუსეთის არმიის მაშინდელი თავდასხმა ძალიან ჰგავს 2008 წლის თავდასხმას, რომლის შედეგად კრემლმა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება განახორციელა.
სტალინი არასოდეს არ იქნება დავიწყებული, რასაც ქალაქ გორის ცენტრში მდებარე სტალინის სახელობის გამზირზე სტალინის სახლ-მუზეუმის არსებობა ადასტურებს.

ტურისტებისა და მოგზაურების ვიზიტი საქართველოში თბილისით იწყება, რომლის არქიტექტურაში მიმზიდველად და ელეგანტურად არის შერეული ნეოკლასიციზმი, პოსტსაბჭოური მოდერნიზმი და უძველესი, ფრესკებით დამშვენებული ეკლესიები.

საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ თუ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე, კერძო სახლების აივნებზე ევროკავშირის დროშები ფრიალებენ. ბევრი რამ მოწმობს იმას, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიღებას ესწრაფვის.

მაგრამ თბილისის ერთ-ერთ საკმაოდ ძველ რაიონში ვხედავთ დიდ ჭიშკარს, რომელზეც ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩაქუჩ-ნამგლიანი გერბია გამოსახული. აქ არის ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო სტამბა-მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთ სტალინურ „წმინდა ადგილს“ წარმოადგენს.
რევოლუციონერთა სტამბა მიწისქვეშ…

ინგლისურად შედგენილ „გზამკვლევში“ ცოტა გაურკვევლად არის მოცემული მუზეუმის მიზანი და დანიშნულება, თუმცა მთავარი გასაგებია: სტამბისათვის საბეჭდი დანადგარი რევოლუციონერებს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში 1893 წელს შეუძენიათ, შემდეგ დაუშლიათ და ჩუმად, ნაწილ-ნაწილ, საქართველოში ჩამოუტანიათ, მიწაში ვერტიკალურად ამოთხრილ შახტით საიდუმლო სათავსოში ჩაუშვიათ და შეუნახავთ. სტამბამ მუშაობა 1903 წელს დაიწყო. როგორც ამბობენ, 1979 წელს დაბადებული ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი სტამბაში 1903-1906 წლებში მუშაობდა. იგი და მისი ამხანაგები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე რევოლუციური იდეების ისეთ აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ, რომ შვეიცარიაში მყოფი რუსეთის ყველაზე დიდი რევოლუციონერის ვლადიმერ ლენინის ყურადღება მიიპყრეს. საბოლოოდ, სტამბის არსებობა პოლიციამ გაიგო და დაარბია, თუმცა რევოლუციონერებმა თავს უშველეს. მოგვიანებით ვლადიმერ ლენინი იოსებ ჯუღაშვილმა პირადადაც გაიცნო. იგი საქართველოს სხვადასხვა ადგილებში რევოლუციურ გამოსვლებს ხელმძღვანელობდა, რისთვისაც რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ ციმბირშიც გადაასახლა.

სტამბის რეკონსტრუქცია 1937 წელს მომხდარა და ალბათ, მაშინ დაიბადა იოსებ ჯუღაშვილის გმირული მუშაობის ლეგენდაც. თუმცა, სიმართლეა ეს თუ სიცრუე, ერთი რამ ცხადია: ვერტიკალურ ჭაში ჩასვლა ჟანგიანი რკინის კიბით საკმაოდ სიფრთხილეს მოითხოვს და ზოგიერთი სიგიჟედ თვლის. სტამბის ამჟამინდელი მომსახურე პერსონალიდან ერთ-ერთი ხანშიშესული ადამიანი, რომელიც მტკიცე სტალინისტია, გიდის როლს ასრულებს. იგი გვაჩვენებს, თუ როგორ იბეჭდებოდა პროკლამაციები. მუზეუმში არის იოსებ ჯუღაშვილის ხელნაწერები, გაზეთ „პრავდის“ ძველი ნომრები, რომლის რედკოლეგიის წევრად ქართველი რევოლუციონერი 1917 წელს აირჩიეს.

როგორიც არ უნდა იყოს „ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის“ ისტორია, მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს ფაქტი ჩინეთის სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოებშია შეტანილი. მართლაც, მნახველთა ჟურნალი სავსეა ჩინურ ენაზე დაწერილი შთაბეჭდილებებით და კომენტარებით. არის ინგლისურ ენაზეც: „გაუმარჯოს სტალინს!“, „გაუმარჯოს კომუნიზმს!“, გაუმარჯოს ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას!“.

გორში, სახლ-მუზეუმში…

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დიდებულად გამოიყურება. ის ღარიბული ქოხი, სადაც იოსები დაიბადა და 1883 წლამდე ხარაზი ბესოს ბიჭმა ბავშვობა გაატარა, 1937 წლიდან დიდი მემომრიალური მუზეუმის ნაწილი გახდა. ქოხი ნეოკლასკური სტილით აგებულ შენობის შიგნით არის მოთავსებული. მის უკან კი უფრო დიდ კორპუსს ვხედავთ, რომელშიც დიქტატორის ცხოვრება ფართოდ არის ასახული.

მუზეუმში საბჭოური ეპოქის სული ბატონობს: წითელი ხალიჩებით და ფიანდაზით მოგებული ბილიკით უზარმაზარი ჭაღის განათებულ ფართო მარმარილოს კიბეებზე ავდივართ, პირდაპირ იოსებ სტალინის ბიუსტთან, შემდეგ კი დარბაზებში საბჭოთა დიქტატორის ცხოვრების და ბიოგრაფიის დეტალებს ვეცნობით, რომლებისგანაცაა ბევრი არამეცნიერულად და სპეციალურად შერჩეულ-შელამაზებულადაა წარმოდგენილი.

მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა, როგორც გიდი ამბობს, 47 ათასს აღწევს. ექსპოზიცია იწყება პატარა იოსების პორტრეტით (აკვარელში შესრულებულით), მისი მასწავლებლების შესახებ და მისივე ხელით 1894 წელს დაწერილი განცხადებით, თბილისის სემინარიის რექტორის სახელზე, სასწავლებლად მიღების მიზნით. ბევრი ბიუსტები, პორტრეტები, ბრძანებების ასლები და ისტორიული ფოტოსურათები. გიდი ჰყვება სამხედრო კამპანიებზე, სტალინის პირად ნივთებზე, საფერფლის, ყალიონისა და ტანსაცმლის, აგრეთვე უცხოური საჩუქრების ჩათვლით,

მაგრამ გიდი არაფერს არ ამბობს იოსებ სტალინის მმართველობის წლებში მომხდარ უბედურებებზე – უკრაინულ „გოლოდომორზე“ 1932-33 წლებში, როცა ბოლშევიკების ხელმძღვანელობით განხორციელებული კოლექტივიზაციით გამოწვეული შიმშილობის შედეგად სამ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გიდი ასევე არ ახსენებს 1936-38 წლების პოლიტიკურ რეპრესიებს, როცა იოსებ სტალინმა თავისი კრიტიკოსები გაანადგურა და საბჭოთა ნეგატიური სინამდვილით უკმაყოფილო ადამიანები (მილიონამდე!) ციმბირში გადაასახლა და „გულაგის“ ბანაკებში ჩაამწყვდია.

მუზეუმის გიდის მლიქვნელურ მონაყოლში ერთადერთი უსიამოვნო და დისონანსური ფაქტი შეინიშნება, 1939 წელს ხელმოწერილი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომლის შედეგად ნაცისტურმა გერმანიამ და კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა, მეორე მსოფლიო ომის წინ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა გაიყვეს. აქვეა ის ქართველი ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომლებიც სტალინის მმართველობის დროს იყვნენ რეპრესირებულები.

იოსებ ჯუღაშვილის პოლიტიკური გვარი „სტალინი“ წარმოსდგება რუსული სიტყვისგან – „სტალ“ (сталь – ქართ. ფოლადი) და როგორც ჩანს, იგი ლოიალურ მიდგომას საკუთარი სამშობლოს მიმართაც არ იჩენდა. საქართველოს რეპრესირებულთა რიცხვი უპრეცედენტოდ მაღალი და არაპროპორციულია მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.

„მუზეუმში, შეიძლება ითქვას, ძირითადად 1979 წლის დროინდელი ექსპონატებია“, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი. ერთადერთი შედარებით ახალი ექსპოზიცია რეპრესიების შესახებ, კიბის ქვეშ არის განთავსებული – მნახველთა ყურადღება რომ არ მიიპყროს… მას თვითონ გიდებიც გვერდს უვლიან. თუმცა ამ გამოფენის ექსპონატებშიც კი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტები (არხებისა და რკინიგზების მშენებლობის დროს) და სადამსჯელო რაზმების მოქმედებები მხოლოდ ზოგადად არის გადმოცემული, მათ გასანეიტრალებლად მითითებულია ინდუსტრალიზაციის წარმატებები. საერთოდ კი, კიბის ქვეშ არსებულ გამოფენაში ბევრად უფრო მეტი ადგილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში რუსების სისასტიკეს აქვს დათმობილი.

მუზეუმის შენობიდან გარეთ გამოსვლისას იოსებ სტალინის პირადი რკინიგზის ვაგონიც შეიძლება ვნახოთ და ბევრი საკვირველი რამ ვნახოთ, მაგრამ უფრო მეტი საკვირველება დასავლეთ საქართველოში მდებარე წყალტუბოში გველოდება.

წყალტუბოს ბრწყინვალება და სიღატაკე

იყო დროს, როცა ყოველდღიურად ამ ბალნეოლოგიურ საკურორტო ქალაქს საბჭოთა კავშირის ცენტრიდან „მოსკოვი-წყალტუბოს“ ოთხი სწრაფი მატარებელი ემსახურებოდა – ათასობით კილომეტრის გავლას მატარებლები სულ რაღაც დღე ნახევარს უნდებოდნენ. წყალტუბოში 1930-1940-იან წლებში დამკვრელური ტემპით უამრავი მოდერნისტული სანატორიუმი და დასასვენებელი პანსიონატი აშენდა. აქვე იყო კონფორტაბელური სასტუმროები მაღალჩინოსნებისთვის და რასაკვირველია, პროლეტარიატისთვისაც.

1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წყალტუბოს ბრწყინვალების ეპოქა დასრულდა, დადგა სიღატაკის ჟამი. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ზოგიერთი მიტოვებული სანატორიუმის კარი ისევ გაიღო ლტოლვილებისათვის, რომლებიც აფხაზეთიდან 1992 წლის რუსულ ოკუპაციას გამოექცნენ. დღემდე ლტოლვილთა ნაწილი ოდესღაც დიდებულ, ამჟამად კი ბათქაშაცვენილ და საღებავგახუნებულ სანატორიუმებში ცხოვრობს.

თუმცა ბოლო დროს საქართველოს მთავრობა წყალტუბოს ძველი დიდების აღდგენას ცდილობს, კერძო ბიზნესის დახმარებით. რიგი შენობები ხარაჩოებით არის შემოსილი, მათი აღდგენის მიზნით, ზოგიერთი კი უკვე აღდგენილია – მაგალითად, ისტორიული „მეექვსე სანატორიუმის“ შენობა.

სტალინის აბაზანა

შევდივარ სანატორიუმში. კედელზე იოსებ სტალინის დიდი ჰორელიეფი ჩანს: იგი საბჭოთა ბედნიერი მუშებისაგან, გლეხი ქალებისაგან და ბავშვებისაგან ყვავილების თაიგულს იღებს. აქ თითქოს დიქტატორი ბანაობდა ხოლმე, მაგრამ რატომღაც კვალს ვერ ვამჩნევ. „მარჯვნივ წაბრძანდით“, – მეუბნება ადმინისტრატორი, – მედდა გაჩვენებთ“.

გავიარეთ სვეტებიანი ვესტიბიული, რომელიც ბრწყინვალე სასახლეს მოგვაგონებს, მივდივართ დერეფანში, მედდა აღებს ერთ-ერთ დიდ კარს და უეცრად შენობის ბრწყინვალება უკან რჩება – თითქოსდა რემონტისა თუ რეკონსტრუქციისათვის თანხები არ ეყოთ და საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. მისაღებში მასიური, მტვრიანი ტყავგადაკრული სავარძლები დგას… მარმარილოს კიბით ქვემოთ მივდივართ და დიდ აბაზანაში შევდივართ, თაღებიანი ფანჯრებით. იატაკი მოზაიკითაა მოხატული, ზღვის ცხოველების გამოსახულებებით. ეს უფრო ბავშვთა აბაზანას მოგვაგონებს, ვიდრე დიქტატორისთვის განკუთვნილ ადგილს….

ისევე როგორც იოსებ სტალინთან დაკავშირებულ სხვა ისტორიებში, ჭეშმარიტება აქაც გაურკვეველია. ამბობენ, რომ ბელადს აქაური თერმულ-რადონული მინერალური წყლებით 1931 წელს და შემდეგ 1951 წელს უსარგებლია. დღეისათვის აბაზანა აღდგენილი ჯერ არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მასაც ძველი ბრწყინვალება დაუბრუნდეს. სანატორიუმის თანამშრომლები რემონტის ვადებზე ვერაფერს ამბობენ.

ბათუმში სტალინი „არ აინტერესებთ“?

კაცმა რომ თქვას, იოსებ სტალინი წყალტუბოში უფრო მეტად ახსოვთ, ვიდრე ბათუმში, რომელიც დღეს საქართველოს მსხვილი საკურორტო ადგილია და სადაც 1900-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა იოსები რევოლუციურ გამოსვლებს აწყობდა. ამბობენ, რომ ბათუმში შემონახულია ძველი სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა, მაგრამ შენობა არცერთ რუკაზე და გზამკვლევში ნაჩვენები არ არის – მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოსდა ადგილობრივ სტალინურ „წმინდა ადგილად“ ითვლება. როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ძველ საცხოვრებელ უბანში არსებულ სახლში 1936 წლიდან მუზეუმი ყოფილა გახსნილი, ახალმშენებლობების დროს კი, 2013 წელს, დაუხურავთ [თუ დაუნგრევიათ], რადგან, საქართველოს ტელევიზიის ინფორმაციით, მოსახლეობა მის მიმართ „ინტერესს არ იჩენდა“.

წყარო

თიბისის კორპორაციული ციფრული ბანკი საუკეთესოა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-სგან თიბისიმ რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო კორპორაციული ონლაინ UX (სამომხმარებლო გამოცდილება) მსოფლიოში.

„თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა ამ ჯილდოების მიღება. ჩვენი ციფრული კორპორაციული ბანკი საუკეთესოდ აღიარეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას მსოფლიოში. განსაკუთრებით გვიხარია ეს წარმატება, რადგან ჩვენთან ერთად ამ კატეგორიებში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, ეს ჯილდოები ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისის მიერ მოპოვებული ჯილდოები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე იყო შეფასებული, როგორებიც არის საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი.

„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სწრაფად წინსვლის პირობებში, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. ფინანსურ ინსტიტუტებს კი დიჯიტალიზაციის გზაზე მოწინავე პოზიები უკავიათ,“ – ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

ბოლო წლებში, ციფრულ არხებში მომსახურებას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მომხმარებლის ცხოვრებაში. თიბისისთვის გაციფრულება სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც თიბისის გუნდი ყოველდღე ავითარებს იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს.

Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე 36 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოებს ფინანსურ ინსტიტუტებს.

“რიკოთის მონაკვეთის პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, 56 საერთაშორისო და 84 ადგილობრივი ექსპერტი” – ირაკლი ქარსელაძე

ჯამში, რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, საიდანაც 56 იყო საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო 84 – ადგილობრივი. ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის წარმომადგენელმა: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებმა, გეოლოგებმა, გეოტექნიკოსებმა, ჰიდროლოგებმა, გარემოს დაცვის და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებმა, – ამის შესახებ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პროექტირებაში ჩართული იყვნენ ძალიან გამოცდილი საპროექტო ორგანიზაციები, მათ მიერ მომზადებულ პროექტს აუდიტი ჩაუტარეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ დამტკიცდა რიკოთის პროექტი.

,,რიკოთის გზის პროექტირებისას, ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების, მასშტაბური საკვლევაძიებო სამუშაოები. როგორც ყველა მასშტაბურ პროექტს, რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობასა და პროექტირებას, წინ უძღოდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს დოკუმენტი მოიაზრებდა ალტერნატიული მარშრუტების მულტიფუნქციურ შედარებას და მათ საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივის შერჩევას. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო კორეული საკონსულტაციო კომპანიის მიერ. მსოფლიო ბანკი პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ჩატარდა 5 ალტერნატიული ვარიანტის მრავალფუნქციური შედარება: ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური, ხარჯთსარგებლობის, საგზაო უსაფრთხოების და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. თითოეულ კრიტერიუმს, თითოეულ ალტერნატივას, ენიჭებოდა შესაბამისი ქულა და დაჯამების შედეგად, გამოვლინდა საუკეთესო ალტერნატივა, როგორც საუკეთესო მიმართულება. ამ კვლევების ჩატარების გარეშე, არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ დააფინანსებდა არც პროექტირების და არც სამშენებლო სამუშაოებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დეტალური სამშენებლო პროექტის ეტაპზე, 52 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირებისას, ჩატარდა მასშტაბური და კომპლექსური საველე საკვლევი სამუშაოები: ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეომორფოლოგიური. შედგა რელიეფის ციფრული მოდელი, რისთვისაც გაკეთდა აერო-ფოტოგადაღებები, გადაღება ლიდარის მეშვეობით, სკანირება და 3D მოდელის შედგენა. პროექტირებისას, შესწავლილი იქნა წყალშემკრები აუზები, მიწისქვეშა წყლები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა კონსტრუქციული გადაწყვეტები.

“შუა დერეფანი”- 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორ შეხვდება ზრდას საქართველო?”-Voice of America

ამერიკულმა სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „შუა დერეფანი“: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორ შეხვდება ზრდას საქართველო?“, რომელშიც განხილულია ამ დღეებში თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიების – „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დროს წამოჭრილი კრიტიკული საკითხები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

2030 წლისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან „შუა დერეფანში“ ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადის გადმორთვა მოხდება და ამ დროისთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურა მზად უნდა იყოს რომ გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება თავისუფლად შეძლოს. ეს იყო თბილისში დასრულებული „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი მესიჯი.

ფორუმს, რომელიც მეოთხედ გაიმართა, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებთან ერთად, 2000-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო.

„შუა დერეფნის“ შესახებ პანელურ დისკუსიაში, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საზღვაო და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ორგანიზაციების გენმდივნებმაც მიიღეს მონაწილეობა.
„შუა აზიის ქვეყნების ლიდერები, თუ, ადრე „შუა დერეფანს“ სარეზერვოდ განიხილავდნენ, ახლა სურთ რომ ძირითად დერეფნად გამოიყენონ. ეს ქვეყნები, ამ მიზნით ძალიან დიდ ინვესტიციებს დებენ საკუთარი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა, რომელიც ფორუმზე რამდენიმე პანელურ დისკუსიას დაესწრო. მისი თქმით, „ასეთ ვითარებაში, საქართველო განზე ვერ გადგება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დროულად ვერცერთი ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განვახორციელეთ, დაწყებული ანაკლიის პორტიდან, დამთავრებული რკინიგზის მოდერნიზაციით და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალით. თვითონ ეს ქვეყნები გვაიძულებენ რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. ეს იყო სწორედ ამ ფორუმის მთავარი მესიჯი“ – მიაჩნია პაატა ცაგარეიშვილს.
ფორუმზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთბრუნვის გაზრდისთვის, აუცილებელია ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება, რომელსაც 2023 წელს წესით, პანამაქსის ტიპის გემები უნდა მიეღო, თუმცა, პროექტი გაჩერდა და ხელახლა დასაწყები გახდა.

ასევე უმნიშვნელოვანესია რკინიგზის მოდერნიზაციის (უნდა დასრულებულიყო 2019 წელს), აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის დასრულება. ეს მშენებლობები 2006-07 წლებში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმზე” დროში წლობით გაწელილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების ახალ თარიღად, 2024 წლის ბოლო დაასახელა.
„საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. 2024 წლის ბოლომდე, მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. მთავრობა დიდ ინვესტიციებს დებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში“ – განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

შუა აზიიდან ახალი ტვირთების მისაღებად, რომლის დიდი ნაწილიც ამჟამად რუსეთზე გამავალ „ჩრდილოეთის დერეფნის“ მეშვეობით მოძრაობს, ექსპერტების თქმით, საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, ყაზახეთის მფლობელობაში არსებულ ბათუმის ნავსადგურში, წინასაპორტო და სარკინიგზო სადგურის გაძლიერება მოხდეს.

პარალელურად, მთლიანად უნდა განახლდეს სავაგონო პარკი, მოეწყოს გაზის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და პორტებში გაიზარდოს საკონტეინერო სიმძლავრეები. დღეისათვის, ფოთის პორტს მოზღვავებული ტვირთის გატარება უკვე უჭირს.

„ნავთობპროდუქტების გადაზიდვისგან განსხვავებით, მშრალი და ნაყარი ტვირთების გადმორთვას ჩვენს დერეფანში, ჩემი აზრით, უფრო ცოტა 3-5 წელი ესაჭიროება“ – ამბობს “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი. მისი თქმით, „ამისთვის აუცილებელია ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში მოეწყოს ტერმინალები ნაყარი და ქიმიური, ტვირთებისთვის, იგივე გადამუშავებული ლითონის და ქვანახშირისთვის. ყაზახეთიდან ჩანს რომ ეს იქნება მთავარი ტვირთი და წამოვა ჩვენი მიმართულებით“.

თბილისის ფორუმზე, „შუა დერეფნის“ განვითარების მიზნით, ბაქოს პორტის გარდა, ყულევის პორტის განვითარებაზე და ანაკლიის პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.

„ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ბაქოს პორტში ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრეები 15 მილიონი ტონიდან 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოში ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს შუა დერეფნისთვის. ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ანაკლიის მშენებლობა, რა თქმა უნდა, ესეც წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში“ – აღნიშნა ალი ასადოვმა.
„კითხვები აზერბაიჯანის მიმართაც არის. აზერბაიჯანი ფლობს ყულევის პორტს, რომელსაც წელიწადში 10 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია, რეალურად ბოლო 10 წლის მანძილზე, 1.5-2 მილიონ ტონას ატარებს ანუ რეზერვი 80% აქვს. თანაც არავის არ უშვებს ყულევში, უცხო გადამზიდავს, აქ ვერავინ კითხვის ნიშანს ვერ სვამს, ვერც ჩვენი მთავრობა. გაუგებარია, ყულევის სიმძლავრეს ვერ ითვისებს და ანაკლიაზე საუბრობს? ამდენი წლის მანძილზე, აზერბაიჯანმა ვერც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დაასრულა. ამ რკინიგზის გამტარუნარიანობა 5 მილიონი ტონაა და ნახევარი მილიონიც არ გადის, ეს ყველაფერი ტვირთბრუნვაზე აისახება“ – მიაჩნია პაატა ცაგარეიშვილს.
2023 წლის თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ „შუა დერეფანში“ ჩართვის დიდი სურვილი გამოთქვა და „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა პირადად წარმოადგინა, სულ ახლახან, აზერბაიჯანთან ომში დამარცხებულმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთმა აზერბაიჯანს და თურქეთს ათწლეულების მანძილზე ჩაკეტილი სარკინიგზო და საავტომობილო გზების გახსნა შესთავაზა, ერთადერთი, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მოთხოვნით. ბაქო და ანკარა ამ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებიან.
„მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა სრულიად ჩართულია „აბრეშუმის გზის“ ლოგიკაში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, მივიღოთ და უსაფრთხოდ გადავიყვანოთ ადამიანები, სატრანსპორტო საშუალებები, ტვირთები, მილსადენები, კაბელი და ელექტროგადამცემი ხაზები, სომხეთის ტერიტორიაზე“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში, სომხეთი აზერბაიჯანთან ხელს მოაწერს შეთანხმებას მშვიდობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების თაობაზე. ასევე გახსნის სომხეთ-თურქეთის საზღვარს, მესამე ქვეყნებისა და დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის.
„აბრეშუმის გზის” 2023 წლის ფორუმზე საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო „ერთი ფანჯრის“ პრინციპით იმუშავებს, რამაც „შუა დერეფანში“ ტვირთების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.
„შუა დერეფანი“ იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა“, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ და უკან, ტვირთების გადაზიდვისთვის ყველაზე მოკლე მარშრუტია, ხელახლა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ დაიბადა.
ომის, სანქციებისა და რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთის დერეფანში“ ტვირთების გადაზიდვის გაძვირების, უსაფრთოების თუ ლოჯისტიკური პრობლემების გამო, „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა 2022 წლიდან ავტომატურად იზრდება. ახლა, ის ქვეყნები, რომელზეც დერეფანი გადის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით და დიდი ინვესტიციებით, ცდილობენ ტვირთბრუნვის ზრდა “შუა დერეფანში” სისტემური გახდეს.

წყარო

იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს

დიდგორის მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, იუნკრებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს.

თეორიული სწავლების ფარგლებში, ისინი გაეცნენ სადისციპლინო წესდებას, გაიარეს საინჟინრო და პირველადი სამედიცინო მომზადება. პრაქტიკული მომზადების ეტაპზე კი, იუნკრებმა შეისწავლეს იარაღის გამოყენების, სროლისა და უსაფრთხოების წესები. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში მათ რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებთან შეგუებაც უწევდათ. კურსდამთავრებულები სასწავლო პროცესს აკადემიაში საბაკალავრო პროგრამების მიხედვით გააგრძელებენ.

ფიცის დადების ცერემონიალზე ,,საპატიო სიგელებით“ დააჯილდოვეს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა. იუნკრები აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ დალოცა.

დიდგორის ველზე იუნკრების მიერ სამხედრო ფიცის დადება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს იუნკრების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

“საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს” – არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე არ რეაგირებს. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლება არა მხოლოდ არ იძიებს და ნაბიჯებს არ დგამს სანქცირებული პირების წინააღმდეგ, არამედ მათ ხელს აფარებს.

51 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას სანქცირებული პირების ინტერესების დაცვის შეწყვეტისკენ და მათ წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს. აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, სანქცირების მომენტიდან დღემდე ხელისუფლება აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა. მრავალი წელია ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების დასანქცირება ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. 14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა.

აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არამხოლოდ რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია.

ვფიქრობთ, დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა ქვეყნის რეპუტაციას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად,” – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); სასამართლოს გუშაგი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; სამოქალაქო იდეა; ევროპულ – ქართული ინსტიტუტი (EGI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საზოგადოება და ბანკები; მწვანე ალტერნატივა; თანასწორობის მოძრაობა; თბილისი პრაიდი; GrlzWave; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; დემოკრატიის მცველები; ფრანკლინის კლუბი; საქართველოს მომავლის აკადემია; რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი; ჭავჭავაძის ცენტრი; დემოკრატიის ინსტიტუტი; კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise; სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC); წერტილი; Promote Georgia; ქვემო ქართლის მედია; ასოციაცია „ღირსეული სიბერე“; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“; ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა; აფხაზური ამბები; თაობათა გაძლიერების ქსელი; ქალთა ფონდი „სოხუმი“; მაისის მოძრაობა; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); ჯიუტი; დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი; საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“; კომლი; სამოქალაქო აქტივობის ცენტრი – ლაკმუსი; ქალთა ფონდი საქართველოში (WFG); ყვარლის ევროკლუბი; დემოკრატიის ინდექსი – საქართველო; ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის.

“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაამტკიცოს შემოთავაზებული ცვლილებები “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში -საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

როგორც გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, შემოთავაზებული ცვლილებებით, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე არ გავრცელდება, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ძველი შეფუთვით კიდევ რვა თვით გახანგრძლივდება. ამას გარდა, შემოთავაზებული ცვლილებით, ბრენდისა და ვარიანტების შესახებ ინფორმაცია არა მარტო საქართველოს სახელმწიფო ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზეც შეიძლება, იქნას განთავსებული.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და თამბაქოს კონტროლის ეფექტური პოლიტიკის განხორციელება უმნიშვნელოვანესია. მთავრობებმა უნდა იმოქმედონ, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა დაიცვან თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ჩარევისგან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ამ ცვლილებების მიღებით კი პრიორიტეტი ენიჭება თამბაქოს კომპანიების ფინანსურ ინტერესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების ხარჯზე.

საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია. ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ჯანდაცვის პირდაპირი და აგრეთვე არაპირდაპირი ხარჯებით, რაც ნაადრევი სიკვდილიანობის, უნარშეზღუდულობის და სამუშაო ადგილებზე დანახარჯებთანაა დაკავშირებული, გამოწვეული წლიური ზარალი 800 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, დაღუპულთა რიცხვი კი 11,000-ს აჭარბებს. ამ ვითარების შეცვლა თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტური პოლიტიკის გრძელვადიან და მტკიცედ განხორციელებას მოითხოვს. 2017 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ ძლიერი კანონმდებლობის მიღებით, საქართველომ დადებითი ნაბიჯი გადადგა, რომლის ეფექტური განხორციელებით პირველი შედეგები მიიღო კიდეც. თუმცა, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლების სტაბილურად კლებისა და მისი კატასტროფული ზემოქმედების შესამცირებლად, როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის სრულად ამოქმედება და შემდგომი გაძლიერება არის საჭირო.

თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სტანდარტული შეფუთვის რეგულაციები თავდაპირველად ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პუნქტის ამოქმედება 2022 წლის 31 დეკემბრამდე  გადაიდო და შემდგომ კიდევ ერთხელ გადავადდა 2024 წლის პირველ ივლისამდე. ეს გადადება და შემოთავაზებული სხვა ცვლილებები გაუმართლებელია და კიდევ უფრო აჭიანურებს სარგებელს, რაც სადა შეფუთვამ უნდა მოიტანოს“, – ნათქვამია გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დღეის მდგომარეობით, ევროპისა და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე სადა შეფუთვას იყენებს, როგორც თამბაქოს კონტროლის ეფექტურ ღონისძიებას.

„ამით თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობა მცირდება, სამედიცინო გაფრთხილების ეფექტი იზრდება, უფრო ნაკლებად ხდება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა და, საბოლოოდ, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელიც მცირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შემოთავაზებული ცვლილებები არ დაამტკიცოს და ვიმედოვნებთ, რომ ის განაგრძობს უმაღლეს დონეზე გაცხადებული პოლიტიკის გატარებას ჯანმრთელობის დაცვის და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ასევე დაიცავს კანონმდებლობას თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისგან, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების ჩათვლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა – „ქართული ოცნება“ ნუ დაიბრალებს იმას, რაც მათზე არაა დამოკიდებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში წარმატების შემთხვევაში, რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნებოდა.

„ვითარება ძალიან მწვავეა და ის, რომ საქართველოში მშვიდობაა, არის უკრაინელების დამსახურება. კიევთან რომ ცხვირ-პირი მიანგრიეს რუსულ ტანკს, ამიტომ ვერ გაბედა საქართველოში შემოსვლა, თორემ შემდეგი სამიზნე იქნებოდა საქართველო. პუტინმა ღიად თქვა, რომ მისი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის აღდგენა, კიევის შემდეგ საბჭოთა კავშირში ვის შეიყვანდნენ?! რა თქმა უნდა, საქართველოს. ამიტომ “ქართული ოცნება” ნუ დაიბრალებს იმას, რაც მათზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს მშვიდობის საქმეში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ბიჭები გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე “ქართული ოცნება,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, რეგიონული უსაფრთხოების თემაზე დღეს პარლამენტში მოსმენა გაიმართება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს მოუსმენენ.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია.

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი ჰყავთ გამოძახებული, უწყება გაგზავნილი აქვთ, თუმცა, ჩაბარდა თუ არა, ეს მათთვის უცნობია.

ბასილაიას თქმით, მღებრიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს ასრულებდა და მის მიერ გაწეული ხარჯები ჯანაშიას მიერ გაწეულ ხარჯებს ჰგავს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ინდოეთში სარკინიგზო ავარიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში 2 სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ანდრა-პრადეშის შტატში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია ასობით მაშველი.

ოფიციალური პირების განცხადებით, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სარკინიგზო ავარია „ადამიანურმა შეცდომამ“ გამოიწვია.

“ის, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მიღება დაჩქარებული წესით იყო აუცილებელი აღმოჩნდა ტყუილი”

ის, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მიღება დაჩქარებული წესით იყო აუცილებელი აღმოჩნდა ტყუილი. ამ ვეტომ უბრალოდ ეს ყველაფერი აჩვენა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ამხილა „ქართული ოცნება“ და სუსი , რომ ტყუილების საფუძველზე ქმნიან ცრუ შიშებს და მოლოდინებს მოსახლეობაში, რომ ვითომ ვიღაც რაღაც რევოლუციას გეგმავს და თან ამის ფონზე ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას“, – განმარტა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მმართველი გუნდი „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონმდებლები პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ვეტოს დაძლევენ. სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ვეტო თავისივე იმპიჩმენტის პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე დაადო.

სამართალდამცავებმა დაღესტნის აეროპორტში შეჭრისა და არეულობის ფაქტზე, 60 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, ისრაელიდან თვითმფრინავის ჩაფრენის შემდეგ დაღესტნის აეროპორტში მომიტინგეების შეჭრისა და არეულობის ფაქტზე, 60 პირი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 150 ყველაზე აქტიური მომიტინგე. აეროპორტში მომხდარი ძალადობის შედეგად ცხრა პოლიციელი დაშავდა, ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, კვირას დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს.