Home Blog Page 1982

შავ ზღვაში ჩაიძირა თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა

შავ ზღვაში ჩაიძირა თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

„ქარიშხლის დროს სატვირთო გემი 12 მგზავრით თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა. ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

არსებული ინფორმაციით, რეგიონს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს და უამინდობამ საძიებო სამუშაოებს ხელი შეუშალა.

„როცა ამინდი გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განუცხადა ერლიკაიამ ჟურნალისტებს.

“ჩინეთი იმუშავებს ღაზაში ბრძოლის რაც შეიძლება სწრაფად ჩასახშობად” – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

არაბული და მუსლიმი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან.

ოფიციალური პირები საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, პალესტინიდან და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან დღეს პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდებიან და ისრაელი-ჰამასის კონფლიქტზე ისაუბრებენ.

„ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ბრძოლა და მკვლელობები, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული მარაგები ღაზას“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის თქმით, პეკინი არაბული და მუსლიმური ქვეყნების „კარგი მეგობარი და ძმაა” და რომ მისი ქვეყანა „ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ მათი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები“.

მისი მტკიცებით, ჩინეთი იმუშავებს იმისათვის, რომ „რაც შეიძლება მალე ჩაახშოს ბრძოლა ღაზაში, შეამსუბუქოს ჰუმანიტარული კრიზისი და ხელი შეუწყოს პალესტინის საკითხის სწრაფ, ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მოგვარებას“.

“საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ შუა დერეფანში ფინტექის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს” – ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ – სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის მიღწევები გააცნო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღსანიშნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მონაწილეობდა სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე და საკუთარი საგამოფენო სივრცე ჰქონდა, სადაც სებ-თან ერთად, თანამონაწილის სტატუსით „საქართველოს ბანკი“ და ქართული ფინტექ სტარტაპი „ფეივი“ იყვნენ წარმოდგენილი.

საქართველო ფესტივალზე მთავარი გზავნილით – „ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი“ წარსდგა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ განვითარდეს, როგორც ფინტექის რეგიონული ჰაბი შუა დერეფანში.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შემდეგ, საქართველოში ფინტექის ინდუსტრიის განვითარების შესახებ საუბრის საშუალება ამჯერად გლობალური მასშტაბით, სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე მოგვეცა, სადაც ჩვენი გეგმები მსოფლიოს უმსხვილეს ფინტექ კომპანიებს, ინვესტორებსა და ვენჩურულ ფონდებს გავაცანით. საქართველო უკვე არის ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ტურიზმის ჰაბი და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ფინტექის ჰაბი – ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. შემდეგი ნაბიჯი სწორედ ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარება და ამ სფეროთი დაინტერესებული გლობალური ინვესტორებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება იქნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში შეკრებილ საზოგადოებას ასევე გააცნო ის ნაბიჯები, რაც სებ-მა ფინტექისა და ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ინვესტორებისთვის უკვე გადადგა.

მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის გამჭვირვალე და მოქნილი რეგულაციები ფინტექ კომპანიებისთვის, რაც მათ ბიუროკრატიულ პროცედურებს თავიდან არიდებს და უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში განვითარების საშუალებას მისცემს.

„სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში გაიმართა. ფესტივალში წელს მსოფლიოს 140 ქვეყანა, 60 ათასზე მეტი მონაწილე და 10 000-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა. ფესტივალის მთავარ სპიკერებს შორის იყვნენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯეი ბანგა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, რომელმაც ციფრული ვალუტის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ქვეყნების დაახლოებით 60% ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“მოვიდა დრო დავასრულოთ მაგიური ფიქრები რუსეთის დამარცხებაზე. პუტინმა დასავლეთის ზეწოლა-სანქციებს გაუძლო და მისი ხელისუფლება ურყევია”-The Wall Street Journal

ამერიკული გავლენიანი გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მოვიდა დრო დავასრულოთ მაგიური ფიქრები რუსეთის დამარცხებაზე. პუტინმა დასავლეთის ზეწოლა-სანქციებს გაუძლო და მისი ხელისუფლება ურყევია“ (ავტორები – იუჯინ რუმერი, რუსეთის სპეციალისტი, აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭოს ექს-თანამშრომელი და ენდრიუ ვაისი, ჯორჯ ბუშ-უფროსისა და ბილ კლინტონის ადმინისტრაციების ყოფილი წევრი, რუსეთის მიმართულების ექს-კურატორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ახლოვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე ტოტალური თავდასხმის მეორე წლისთავი. რუსეთის ლიდერი მტკიცედ და დამაჯერებლად გამოიყურება. უკრაინის არმიის კონტრშეტევა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, ფაქტიურად ჩაიშალა: რუსული გამაგრებული ხაზის გარღვევა ვერ მოხერხდა, ანუ კიევმა ვერ მიიღო ის კოზირი, რომელიც მოლაპარაკებაში გამოადგებოდა.
საერთაშორისო მასმედიაში უკრაინის საკითხმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, გაზეთების მასალებში უპირატესობა უკვე ახლო აღმოსავლეთის კრიზისს აქვს მინიჭებული, პრესა აჭრელებულია ისრაელ-„ჰამასის“ ომის თემატიკით. აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მერყევი გახდა და სუსტდება, უფრო მეტიც – რესპუბლიკური პარტიის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აშკარად პროპუტინურ ხედვებს ამჟღავნებს…

ვლადიმერ პუტინს ნამდვილად აქვს იმის საფუძველი, რომ ჩათვალოს – დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. ფრონტის ხაზზე შექმნილი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი ძალას კარგავს, იფიტება და უკრაინას ამტანობით ჩამოუვარდება. მართალია, რუსეთის ეკონომიკა დასავლური სანქციებით გარკვეულწილად დაზარალდა, მაგრამ არ დანგრეულა და ემბარგოს საკმაოდ წარმატებით უძლებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება კიდევ უფრო განმტკიცდა, მოსახლეობისა და ელიტის მხარდაჭერაც კი ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმართ მაღალია.

დასავლელი ჩინოვნიკები იფიცებოდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების სამხედრო მრეწველობას განავითარებდნენ და უკრაინას ბევრ იარაღს მიაწვდიდნენ, მაგრამ მათი დაპირება ფუჭი გამოდგა, უამრავი ბიუროკრატიული პრობლემაა შექმნილი კიევის იარაღით მომარაგების ჯაჭვში. და ამ დროს რუსეთის სამხედრო ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ, ქვეყანა სამხედრო რელსებზეა გადასული. რუსებმა ძველი საბჭოთა ქარხნებიც კი აამუშავეს და საარტილერიო ჭურვებს ამზადებენ.
რუსეთის ეკონომიკის მმართველმა ტექნოკრატებმა დაამტკიცეს, რომ გამძლენი არიან, შეუძლიათ ადაპტირება და საზრიანობის გამოვლენა. ნავთობზე გაზრდილი ფასები (საუდის არაბეთთან თანამშრომლობით) ტრადიციულად ავსებს ფულით რუსეთის სახელმწიფო ხაზინას… უკრაინის ბიუჯეტი კი, რუსეთის საპირისპიროდ, ძლიერ არის დამოკიდებული დასავლურ ფინანსურ გადასხმებზე.
ვლადიმერ პუტინს ასევე შეუძლია კმაყოფილებით უყუროს და დატკბეს თავისი საგარეოპოლიტიკური მიღწევებით. მის ძალისხმევას პოზიტიური შედეგები მოაქვს: ინდოეთმა და ჩინეთმა რუსული ნავთობ-გაზისა და სხვა ნედლეულის სულ უფრო მეტი რაოდენობით შესყიდვით კრემლს შემოსავლები გაუზარდეს. ვლადიმერ პუტინს დიდად არ უდარდია დასავლეთ ევროპის ბაზრის დაკარგვა. იგი მზად არის მოკლე ვადით ჩინეთის „უმცროსი პარტნიორის“ სტატუსზეც კი დათანხმდეს. ჩინური პროდუქცია რუსეთის იმპორტში უკვე 50%-ს აღწევს, ხოლო წამყვანი რუსული ენერგეტიკული კომპანიები „ჩინეთზე დამოკიდებულები“ გახდნენ. მეზობლებმაც კი, რომლებთაც აქვთ იმის საფუძველი, რომ პუტინის უკმაყოფილონი იყვნენ ან მისი აგრესიისა ეშინოდეთ – მაგალითად, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი – ანტირუსული სანქციებით უდიდესი მოგება ნახეს: ისინი სატრანზიტო ქვეყნებად იქცნენ რუსული იმპორტისათვის – ისეთი პროდუქციის რეექსპორტმა, რომელიც ადრე რუსეთში პირდაპირ შედიოდა, მათ დიდძალი ფული მოუტანა.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა („სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით“), რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში მაინც მხარს უჭერენ, განსაკუთრებით „გლობალურ სამხრეთში“. უკრაინის კონფლიქტი დიდ გავლენას ვერ ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც უკმაყოფილონი არიან აშშ-ისა და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტებით, ან დასავლეთის უყურადღებობით მათ მიმართ („უკრაინას ფულს აყრიან ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტვისათვის, ჩვენს გაჭირვებას კი ყურადღებას არ აქცევენ“).
ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. გავიხსენოთ, რომ უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომლის ძირითად მიზანს ქვეყნის მომზადება წარმოადგენდა დასავლეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციისათვის. ახლა პრეზიდენტს შეუძლია რუს ხალხს უთხრას, რომ მისი სტრატეგიამ გაამართლა.
ვლადიმერ პუტინი არავითარ ზეწოლას არ გრძნობს საომარი მოქმედებების შესაწყვეტად. მან კარგად იცის, რომ ომის გაგრძელება გაურკვეველი ვადით შეუძლია. ზამთრის მოახლოების კვალობაზე რუსეთი ფრონტის ხაზზე ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებს და, სავარაუდოდ, კვლავ დაარტყამს უკრაინის ენერგოობიექტებს რაკეტებით და დრონებით. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერა დასუსტდება, უკრაინელები დაიქანცებიან მუდმივი ნგრევა-სიკვდილით და კრემლს შესაძლებლობა მიეცემა კიევს ჯერ ომის შეწყვეტის პირობები უკარნახოს, შემდეგ კი გამარჯვება გამოაცხადოს. ასეთი სცენარის ხელშემწყობი იდეალური ადამიანიც არსებობს – დონალდ ტრამპი – იმ შემთხვევაში, თუ იგი 2025 წლის იანვარში თეთრ სახლში დაბრუნდება.
რუსეთის ლიდერი მზადაა უკრაინაზე გამარჯვების იარაღად გადააქციოს ყველაფერი, რაც კი მის განკარგულებაშია. ბირთვული შეიარაღების კონტროლი და ევროპის უსაფრთხოება ამიერიდან მოსკოვის მძევლები არიან.

კრემლი დაბეჯითებით ითხოვს, რომ დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. 2026 წლისათვის თითქმის მთლიანად გაქრება ბირთვული იარაღის კონტროლის ცივი ომის დროინდელი ჯერ კიდევ შემორჩენილი სისტემები, მატულობს სამმხრივი გამალებული შეიარაღების ტემპი ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის. პუტინი არცერთ შემთხვევას ხელიდან არ უშვებს უკრაინაზე (ჩათვალე: დასავლეთზე) გამარჯვების მისაღწევად – დაწყებული ღაზას კრიზისით და დამთავრებული სასურსათო უსაფრთხოებითა თუ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლით. ეს ყველაფერი მისთვის წარმატების უზრუნველყოფის ინსტრუმენტებს წარმოადგენენ. ერთობლიობაში ასეთი სიტუაცია დასავლელი ლიდერებისთვის უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს.

რისი გაკეთება შეძლეს და რა ვერ მოახერხეს ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა?

დიახ, მათ საოცარი ეფექტურობით გადაწყვიტეს უმწვავესი საკითხები: კიევი გადაარჩინეს და უზრუნველჰყვეს თანამედროვე იარაღით, სადაზვერვო მონაცემებით, დაამტკიცეს ანტირუსული სანქციები და მის რეალიზებას შეუდგნენ. ახლა დადგა მომენტი გრძელვადიანი სტრატეგიაზე გადასვლისა, რომელიც ზეწოლას გააძლიერებს დასავლეთისგან გარიყულ კრემლის რეჟიმზე.

წავიდა ილუზიებით კვების დრო, როცა ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ლოკალური ღონისძიებებით პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებდნენ.
ის, რაც დასავლელმა ლიდერებმა აშკარად არ (ვერ) გააკეთეს, ის არის, რომ მათ საზოგადოებას ჯეროვნად ვერ აჩვენეს თავხედური და რევიზიონისტული რუსეთისაგან მომდინარე საფრთხე და მუქარები. ძალიან ხშირად ისინი სასურველს სინამდვილედ წარმოგვიდგენდნენ: ჯერ სანქციების იმედი ჰქონდათ – რუსეთი უკან დაიხევსო, შემდეგ კი უკრაინის კონტრშეტევის შედეგებს ელოდებოდნენ და სჯეროდათ, რომ რუსეთს მოლაპარეკების მაგიდასთან მიიყვანდნენ და კიევი მოსკოვს პირობებს უკარნახებდა… არაფერს ვამბობთ სასახლის გადატრიალების შედეგად პუტინის დამხობის ილუზიურ იმედებზე.

ცივი ომის დაწყებიდან ამერიკელი საგარეოპოლიტიკური ექსპერტები არასოდეს არ თვლიდნენ, რომ კრემლი მოულოდნელად თავის შეხედულებებს შეცვლიდა, ხოლო საბჭოთა სისტემა სწრაფად დაინგრეოდა. ამის ნაცვლად ისინი ფსონს დებდნენ გრძელვადიან წინააღმდეგობაზე, მეთოდურად და პერმანენტულად ზრუნავდნენ სამხედრო ალიანსების გაძლიერებაზე – ჯორჯ ქენანის კლასიკური დოქტრინის მიხედვით – „რუსული ექსპანსიის შეკავება ნელი და მომთმენი, მაგრამ იმავდროულად მტკიცე და ფხიზელი მოქმედებით“.

დღეს შეკავების პოლიტიკა ნიშნავს დასავლური ანტირუსული სანქციების გაგრძელებას, რუსეთის დიპლომატიურ იზოლაციას, კრემლის ჩარევის აღკვეთას ჩვენს საშინაო საქმეებში, ნატოს სამხედრო და შემკავებელი პოტენციალის გაძლიერებას – ამერიკულ-ევროპული ინვესტიციების გაფართოებით ჩვენს სამხედრო-სამრეწველო ბაზაში. ეს ასევე ნიშნავს პუტინის „სპეცოპერაციით“ გამოწვეული დიპლომატიური, საინფორმაციო, სამხედრო და ეკონომიკური ზიანის შერბილებას.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ „ცივი ომი“ ისევ დავიწყოთ. კრემლთან გლობალური მეტოქეობა არ იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება არც აშშ-ის რესურსების ხარჯვისა და არც ამერიკის პრესტიჟის შენარჩუნების თვალსაზრისით. ჩვენ არ უნდა დავიწყოთ უაზრო თამაში „თხუნელაზე დასარტყმელად“ – წერტილოვანი გადაწყვეტილებების უსასრული ძიება რუსეთის გავლენის ყოველი გამოვლენის წინააღმდეგ. დღევანდელ პუტინის რუსეთს უკვე აღარ აქვს ის გავლენა და მიმზიდველობა პლანეტის სხვადასხვა ქვეყნებისათვის, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა.

უფრო მეტიც – დღევანდელი გარემოებები ძალიან განსხვავდებიან საბჭოური საფრთხეებისაგან: ევროპა აღარ არის ისეთი გავერანებული უდაბნო, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო. ნატო უწყვეტად ფართოვდება – ამას წინათ ალიანსმა ორი ახალი წევრი – შვედეთი და ფინეთი მიიღო, ვლადიმერ პუტინს კი მხოლოდ ფხენიანში, თეირანში და პეკინში თუ უმასპინძლებენ.

ძალთა თანაფარდობა რუსეთის წინააღმდეგ შეტრიალდა.
და ყველაზე მთავარი: ყველა პროგნოზის მიუხედავად, უკრაინამ რუსეთის თავდასხმას გაუძლო. ორ წელზე ნაკლებ დროში უკრაინის არმიამ კრემლს წყალში ჩაუყარა რუსული არმიის მოდერნიზების ათწლიანი პერიოდი. ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი დახმარება უკრაინისადმი უბრალო ქველმოქმედება კი არ არის, არამედ დასავლური სტრატეგიის ელემენტს წარმოადგენს – თანაც ეფექტურს.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას დავეხმაროთ ევროპაში თავისი ადგილის დაკავებაში. უკრაინის მსგავსი უბედურება არცერთ ყოფილ კომუნისტურ ქვეყანას არ გადაუტანია [იუგოსლავიის გარდა]. ქვეყნის აღდგენა არამარტო უკრაინელთა მომავალი თაობების ამოცანა იქნება, არამედ უკრაინის მრავალრიცხოვანი მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვისაც.

ატლანტიკის ორივე ნაპირების ლიდერებს მოუწევთ ერთმანეთის მიმართ მტკიცე სოლიდარობა გამოავლინონ. კრემლი ხშირად ოსტატურად ნერგავს განხეთქილებას ამერიკასა და მის მოკავშირეებს შორის. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური სცენიდან წასვლის იმედი ნაადრევია. ასევე პრობლემატურია მოსკოვისა და პეკინის დაშორება ერთმანეთისაგან.

თუმცა, ოდესმე თუ კრემლში ხელისუფლება შეიცვლება, ახალი ხელმძღვანელობისადმი „უდანაშაულობის პრეზუმფციის“ მიცემას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. პრეზიდენტ რონალდ რეიგანს დიდხანს არწმუნებდნენ იმაში, რომ მიხეილ გორბაჩოვი თავისი საბჭოთა წინამორბედებისაგან განსხვავდებოდა და საბოლოოდ დაიჯერა, მაგრამ ახლა ეს ამოცანა ბევრად რთულია – ვლადიმერ პუტინის სავარაუდო მემკვიდრეს ხომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა და კიევთან სერიოზული მოლაპარაკების დაწყება მოუწევს [დამარცხებულის სტატუსით].

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა მკაფიოდ უნდა გააცნობიერონ ამ ღონისძიებათა გრძელვადიანი ხასიათი. თვით კონფლიქტის დასრულებაც კი, როცა ის მოხდება, რუსეთსა და ევროპას შორის კონფრონტაციის დამთავრებას არ ნიშნავს. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ, უკრაინის მეგობრებს, გვსურს, რომ უკრაინელთა სამშობლო აყვავებული, ძლიერი და გაერთიანებული იყოს, რომ მათი ქვეყანა ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში მთლიანად, სრულყოფილად ჩაერთოს. მაგრამ რადგანაც პუტინი და მისი მემკვიდრეები. ამ ფაქტს რუსეთის საბოლოო დამარცხებად ჩათვლიან, ისინი ყველაფერს გააკეთებენ და არაფერს არ დაიშურებენ იმისათვის, რომ უკრაინის აღორძინება და ევროპაში ინტეგრირება არ მოხდეს.

წყარო:

ვაჩნაძიანში, მინი ფეხბურთში მიხეილ მარჩილაშვილის მემორიალური ტურნირი ჩატარდა

მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის 6 სოფლის გუნდი მონაწილეობდა.

მემორიალური ტურნირის გამარჯვებული სოფელ კალაურის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე სოფელ ვაზისუბნის გუნდი გავიდა, ხოლო, მესამე ადგილზე სოფელ ვაჩნაძიანის გუნდი.

ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალური თასები, მედლები და სიგელები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა გადასცა.

მიხეილ მარჩილაშვილი 1972 წლის 26 დეკემბერს, სოფელ ვაჩნაძიანში დაიბადა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ”შავნაბადას” ბატალიონში ირიცხებოდა; დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშში, რუსულ საზღვაო დესანტთან შეტაკების დროს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

მიხეილ მარჩილაშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. ქუჩა ვაჩნაძიანში, სადაც მიხეილ მარჩილაშვილი ცხოვრობდა, 2018 წლიდან მის სახელს ატარებს.

მიხეილ მარჩილაშვილის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში 2022 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ჩატარდება.

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია სიღნაღში ჩაატარა

მიმდინარე წლის 18, ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაქირში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, მე-17- ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის 86- მა ბენეფიციარმა; ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 272 სათვალე;

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ-საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს უფროსი თამაზ კალატოზიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გოჩა ვარდიაშვილი, მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, ლია ბაკაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ნანა ნანობაშვილი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მიმდინარე წელს,ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 17 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1840 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 1783 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გრძელდება, მაგრამ წვიმიანი ამინდი მათ ტემპს ანელებს” – ISW

ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გრძელდება, მაგრამ წვიმიანი ამინდი მათ ტემპს ანელებს, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება რუს მედია ბლოგერზე დაყრდნობით, შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ავდიივკას დაცვას რუსების ძლიერი ჯგუფისგან და ამავე დროს ინარჩუნებენ ინიციატივას სამხრეთ ფრონტზე. მისი თქმით, საოკუპაციო ჯარის გამარჯვებებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე ცრუ წარმოდგენებს შექმნის.

ამასთან, კიდევ ერთი სამხედრო ოფიცერი დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამინდობა ხელს უშლის ჯავშანტექნიკის გამოყენებას ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის ჯარები ქვეითი ნაწილებით უტევენ რუსეთის პოზიციებს.

ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ არცერთ მხარეს არ მიუღწევია მნიშვნელოვანი პროგრესი კუპიანსკის, ავდიივკის მიმართულებით ან ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

„ზამთრის ყინვიანი ამინდის პირობები, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს უფრო აქტიური საომარი მოქმედებების განახლებას და წვიმიანმა ამინდმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეაჩეროს უკრაინის ან რუსეთის თავდასხმები“, – დასძინა ანალიტიკოსმა.

ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ახლა მთავარია გარანტიები, რომ უკრაინას მომავალ წელსაც საკმარისი მხარდაჭერა ექნება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება.

„ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის, იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა – ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია გარანტიები, რომ უკრაინას მომავალ წელსაც საკმარისი მხარდაჭერა ექნება. რუსეთის მიმართ შემდეგი სიგნალის გაგზავნაა საჭირო: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს, რომელიც მომავალი წლისთვის უკრაინას 2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარებას გაუწევს.

“გმადლობთ, მარკ, ბატონო პრემიერო, და მთელ ნიდერლანდურ საზოგადოებას. ეს დროული სიგნალია. მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ, რომ თავისუფლების დაცვა საიმედო და გულწრფელ მხარდაჭერას ეფუძნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, გასცემდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელი – „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა -ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წინასწარი გამოძიებით, 19 ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელი- „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი 7 ოქტომბერსა და 18 ნოემბერს დაფიქსირდა.

48 დაღუპული ჟურნალისტისგან 43 პალესტინელია, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი. დაშავებულია 9 ჟურნალისტი, დაკარგულად ითვლება 3, 13 კი – დაკავებულია.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ისინი ასევე იძიებენ უამრავ დაუდასტურებელ ცნობას სხვა ჟურნალისტების მოკვლის, გაუჩინარების, დაკავების ან დაშავების, მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

Black Friday – სპეციალური შეთავაზება “ავერსისგან”

“ავერსის” სააფთიაქო ქსელში კოსმეტიკაზე, თავის მოვლის საშუალებებსა და საბავშვო პროდუქტებზე შავი პარასკევის უპრეცედენტო ფასდაკლება დაიწყო!

არ გამოტოვო, დასაჩუქრდი DYSON-ის თმის სტაილერით ან გაინულე ჩეკი, რაც იმას ნიშნავს, რომ შენაძენის ღირებულებას აღარ გადაიხდი.

გარდა ამისა, ისარგებლე 60%-მდე ფასდაკლებით შენი საყვარელი ბრენდების პროდუქციაზე!

აქციის ბმული: avr.si/ziy2i

სიყვარულით #ავერსი

Black Friday – ყველა შეთავაზება იხილეთ აქ.