Home Blog Page 1982

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, “დიდუბესა” და “ვარკეთილში” ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება

თბილისის ვიცე – მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, დიდუბესა და ვარკეთილში ახალი ტურნიკეტები სექტემბრის ბოლომდე დამონტაჟდება.

„არსებული ტურნიკეტები ვერ აუდიოდა ხალხის გატარებას ამიტომ, შესყიდვა დავიწყეთ და ახალი ტექნოლოგიით დამზადებული, უფრო მცირეგაბარიტიანი ტურნიკეტები შევისყიდეთ, რომლებსაც სექტემბრის ბოლომდე დაგვიმონტაჟებენ. ყოველწლიურად ველოდებით, რომ მგზავრთა ნაკადები უფრო გაიზრდება, ამიტომ მუნიციპალიტეტი ამისთვის მზად უნდა იყოს. „აზიის განვითარების ბანკის“ დაფინანსებით მეტროს ხელმისაწვდომობის გაფართოების პროგრამა დაწყებულია, რომელზეც ჯერ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში ტენდერი გამოცხადდება, სადაც შესაძლებელი იქნება ის სამუშაოები ჩატარდეს, რომელიც მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ალტერნატიული ჩასასვლელის მოწყობას ითვალისწინებს. მარჯანიშვილის მეტროსაც აქვს მეორე ამოსასვლელის ალტერნატივა, ამ თემაზეც საკონსულტაციო მომსახურება მიმდინარეობს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, ირაკლი ხმალაძე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიანი, დაჩქარებული სერვისების შემოღების შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართულებით უფასო მომსახურების ალტერნატივის პარალელურად, ფასიან სერვისებში პერსონალური ასისტენტის მომსახურება იქნება გათვალისწინებული.

როგორც ხმალაძემ განაცხადა, აღნიშნული სერვისი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის იქნება საინტერესო და მათ „საკონსულტაციო ხასიათის მომსახურებას გაუწევს“.

„ცხადია სტანდარტულ ვადაში მომსახურების ალტერნატივა უნდა დარჩეს უფასო, მაგრამ ვისაც რამე ეჩქარება ან უღირს საფასურის სანაცვლოდ ურბანული ტრანსპორტის სამსახური უფრო მალე მოემსახუროს, მათთვის ეს შესაძლებლობაც შემოვიღოთ.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს პერსონალური ასისტენტის მიმართულებაა, რომელიც ბიზნეს სექტორისთვის უფრო საინტერესო იქნება. ხშირად მათ დამატებითი კონსულტაცია, სამსახურის პოზიციებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება და დაკვალიანება სჭირდებათ. მიმღებში და ქოლცენტრში წვალობენ. ამიტომ გვინდა, პერსონალური ასისტენტის ფასიანი მომსახურება შემოვიღოთ, რომელიც მათ საკონსულტაციო ხასიათის მომსახურებას გაუწევს და მერიისგან სხვადასხვა მიმართულების სერვისების მიღებას გაუმარტივებს. ამ თემაზე ვიმუშავებთ, დრო დაგვჭირდება, მარტივი ნამდვილად არ არის. ელექტრონული პროგრამული მიმართულების საკადრო რესურსის მომზადებისა და ნორმატიულ კანონმდებლობაში ცვლილებების მიმართულებითაც დაგვჭირდება გარკვეული მუშაობა. ვეცდებით, რომ ეს ორივე სიახლე მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უმოკლეს ვადებში შევთავაზოთ”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

“არაფერი არ იქნება ვიდრე მოქალაქე არ მიხვდება, ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს”

არაფერი არ იქნება ვიდრე ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება.

„არაფერი არ იქნება ვიდრე ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, რომ ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს. ერთხელ გახადეს, მეორედ გახადეს, მესამედ გახადეს… და მერე ზემოდან რომ ჩამოვარდება, დაენარცხება, მერე ეზიზღებათ თავისივე შექმნილი კერპი. მერე ამ ზიზღით და თავგანწირვით ანადგურებენ და ანადგურებენ. აგერ, ერთი საავადმყოფოშია, მეორე – დამალულია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“Fix Tbilisi-ს აპლიკაციაში უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აპლიკაცია Fix Tbilisi-ზე მოქალაქეები საკმაოდ აქტიურობენ.

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის,  აპლიკაციაზე  უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული.

„გუშინ ამოქმედდა ახალი აპლიკაცია Fix Tbilisi, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, იდენტიფიცირება გავუკეთოთ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს. პირველ ეტაპზე ოთხი მიმართულებაა შერჩეული. საკმაოდ დიდი აქტიურობაა, უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული, რაც ძალიან კარგია. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გავუხადო, ვინც ზრუნავს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ერთად უნდა ვებრძოლოთ ქალაქში ვანდალიზმს. თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით შესაძლებელი იქნება ყველაფრის გამოსწორება. ძალიან საინტერესო პროგრამაა და დარწმუნებული ვარ, წარმატებით იფუნქციონირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაციის გადმოწერა google play store-დან ან app store-დან არის შესაძლებელი.

აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ვებგვერდიდან ამოღების გამო, ზურაბ მაკიევი ავიაკომპანია „აზიმუტის“ დასჯას ითხოვს

აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ვებგვერდიდან ამოღების გამო, რუსეთის დუმის დეპუტატი ავიაკომპანია „აზიმუტის“ დასჯას ითხოვს.

ინფორმაციას  ekhokavkaza ავრცელებს

დუმის დეპუტატმა, ზურაბ მაკიევმა რუსეთის გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს განცხადება გაუგზავნა, სადაც „აზიმუტის“ შემოწმებას ითხოვს.

„რუსულმა კომპანია „აზიმუტმა“ ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო. ავიაკომპანიის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, მიუთითონ თავიანთი ეროვნული პასპორტი, როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. გთხოვთ, შეამოწმოთ „აზიმუტის“ შესაბამისობა რუსეთის კანონმდებლობასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაკიევი აღნიშნავს, რომ ამ პრეცენდენტს, შესაძლოა, ჰქონდეს უკიდურესად უარყოფითი შედეგები, რადგან ხვალ ყირიმის, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს გამოყოფენ რუსეთის ფედერაციისგან.

მაკიევი მოთხოვს, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს ავიაკომპანია „აზიმუტს“ ტრანსპორტირების ლიცენზია”.

ნიკოლა სარკოზი  სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო 

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, კორუფციის საქმეში, მეორე ინსტანციის სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს დადგენილებით,  ყოფილ პრეზიდენტს საშუალება ექნება სასჯელი ციხის ნაცვლად, შინა პატიმრობაში მოიხადოს. მას სპეციალურ სამაჯურსაც დაუმაგრებენ.

2021 წელს, სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამასთან, მოსამართლეზე ზემოქმედების მცდელობისთვის, მას 2 წლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა.

67 წლის სარკოზი, საფრანგეთის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

“თუკი შევეცდებით ზღვარი წავშალოთ ქალსა და კაცს შორის, მივიღებთ უღმერთო და უზნეო ქვეყანას”

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ოჯახის სიწმინდის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, „ეს დღე პოპულარიზაციას უწევს ისეთ უმთავრეს ღირებულებას, რაზედაც დგას საქართველო – ღმერთი, ოჯახი, სამშობლო!“:

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!

ოჯახი სახელმწიფოს საძირკველია, რომელიც ინახავს ყველა იმ ღირებულებას, რაც სჭირდება ქვეყანას აწმყოშიც და მომავალშიც. იქ, სადაც ოჯახი არ ფასობს, იმ ქვეყანას ფასი არა აქვს.

ოჯახისადმი პატივისცემა, მამობა, დედობა და შვილებისადმი დამოკიდებულება – ჩვენი უძველესი ტრადიციებია და ამას მოფრთხილება სჭირდება. თუკი არ შევინარჩუნებთ წარსულს, არ გვექნება მომავალი. თუკი შევეცდებით ზღვარი წავშალოთ ქალსა და კაცს შორის, მივიღებთ უღმერთო და უზნეო ქვეყანას, რომელიც არც ქართველისთვის და არც უცხოელისთვის იქნება ფასეული. ასეთი სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს.

მადლობა საქართველოს პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის. ოჯახისადმი პატივისცემა მხოლოდ დღევანდელი დღის აღნიშვნით არ გამოიხატება. ეს ჩვენი ცხოვრების სტანდარტი უნდა იყოს. მაგრამ, ეს დღე პოპულარიზაციას უწევს ისეთ უმთავრეს ღირებულებას, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა – ღმერთი, ოჯახი, სამშობლო!

ეს არის ჩვენი მრწამსი და თუ გვინდა გვქონდეს პროგრესული სახელმწიფო, უნდა შევინარჩუნოთ ძველი და განვავითაროთ ახალი. გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ოჯახის სიწმინდე და ღირებულებები!“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

მგზავრობის საფასურის გამარტივებული გადახდისთვის ბრენდირებული QR კოდები ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ

თბილისის მერმა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შეთავაზებულ,  მგზავრობის  ღირებულების QR კოდით  გადახდის ინოვაციურ სერვისზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა  და  დაინტერესებულ ტაქსის მძღოლებს სერვისის გამოყენების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა.

კახა კალაძის თქმით, მგზავრობის საფასურის გადახდის გამარტივების მიზნით შეთავაზებული სერვისის მიღებას A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, სურვილის შემთხვევაში,   22 მაისიდან შეძლებენ.

„წინა მთავრობის სხდომაზე გაგაცანით სიახლე, რომელიც ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის  მომსახურების ღირებულების QR კოდით გადახდის სწრაფი და ინოვაციური სერვისის შეთავაზებას, რომელიც კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. ეს შეიძლება არა მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იყოს განსაზღვრული,  არამედ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც, თუმცა ისინი ძირითადად აპლიკაციით მუშაობენ.

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ  QR კოდი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხელზე თანხა და ის ამ დროს ბარათით საფასურის გადახდას მარტივად შეძლებს ამ QR  კოდის  საშუალებით. ტაქსის მძღოლი კი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული QR  კოდების გაცემა შესაძლებელი იქნება 22 მაისიდან, შეგიძლით მობრძანდეთ თბილისის მერიის,  სამგორისა და გლდანის მუნიციპალურ სერვის ცენტრებში (ჟ.შარტავას ქ. N7; მოსკოვის გამზირი N14; დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ). სადაც იქნებიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ყველანაირად დაგეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“პირდაპირი ფრენები უნდა გაუქმდეს”- ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მიმართავენ

ოპოზიციონერი დეპუტატები  ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენებზე თანხმობა გაუქმდეს.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში  თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ხათუნა სამნიძემ, ანა ბუჩუკურმა და ხატია დეკანოიძემ ერთობლივი პრესკონფერენციაზე გამართეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება – ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა, ეს არის ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს.

შეუძლებელია, ქვეყანა ერთი მხრივ მიისწრაფვოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადიც საქართველოს გაკეთებული აქვს და მეორე მხრივ, დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სხვა შემთხვევაში, მუშაობა და ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სტატუსის მისაღებად სრულდება, იქნება ფარსი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც თეონა აქუბარდიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა კრემლისგან იღებს საჩუქარს და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს, საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

“იმავდროულად ხელისუფლება აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და გუშინდელი განცხადებები “ქართული ოცნების” ლიდერის, სხვა არაფერია თუ არა მცდელობა, დამატებით იზოლაციაში მოაქციოს საქართველო დასავლეთისგან და ამით გააძლიეროს რუსული გავლენები. ქალი დეპუტატები ვგმობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ფრენებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არის საფრთხის შემცველი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,”- განაცხადა აქუბარდიამ.

რუსეთ-საქართველოს შორის პირველ პირდაპირ რეისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ შეასრულებს, ხოლო 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც დაიწყებს.

“საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია” – ოლექსი არესტოვიჩი

„საქართველოს ხელისუფლება ორგამ თამაშს თამაშობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია. პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს როლები აქვთ განაწილებული. ისინი თამაშობენ ბოროტსა და კეთილს. ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაცრია, ვისურვებდი, რომ სანქცირებამდე მივიდნენ და ცოტა ფიქრი დაიწყონ. თან სახლში გინდა და თან შენი პარტნიორების მოსმენა არ გინდა, უცნაური ისტორიაა. ქართველებს, ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს, ამბობენ, რომ გასაკვირი არაფერია, უკვე წლებია ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მიდის“, – აცხადებს არესტოვიჩი.

“ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიან, დაჩქარებულ სერვისებს შემოვიღებთ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ახალი, ფასიანი სერვისების შემოღება იგეგმება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს დაავალა.

„ურბანულ მიმართულებას შეგვიძლია ახალი სერვისები დავამატოთ, რომელიც ფასიანი იქნება. ეს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომსახურება დაჩქარდეს და პასუხი ვადაზე ადრე გაეცეს. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყონ  ამ საკითხებზე მუშაობა.

ამასთან, დღეს არის კიდევ ერთი პრობლემა – არიან ადამიანები, ვისაც არ აქვთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა არქიტექტურის ან ურბანულ სამსახურთან. არის შემთხვევები, როდესაც შემოტანილ განცხადებაზე ხარვეზი უდგინდებათ. ჰგონიათ, რომ მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება კონკრეტულ ადამიანს ნებართვის გაცემაზე. ფასიანი მომსახურების დამატების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომლებსაც დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ეყოლებათ მერიის თანამშრომელი წარმომადგენლის სახით და ყველა სამუშაოს ის შეასრულებს. ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად დავამუშაოთ აღნიშნული სერვისების დაგეგმვა. საზოგადოებას კი ექნება არჩევანი – სწრაფი ფასიანი სერვისი მიიღოს ან კანონით გაწერილ ვადაში ეცნობოს პასუხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ვადაგადაცილებულ განცხადებებზე ისაუბრა, რომელთა ოდენობაც 2017 წელს დაახლოებით, 800-ს შეადგენდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამსახური გამართულად მუშაობს და განცხადებებზე დროული პასუხების გაცემა ხდება.

„საზოგადოებას ახსოვს, როდესაც 2017 წელს მოვედით მერიაში, ძალიან ბევრი მიმართულებით იყო პრობლემა. მათ შორის იყო ურბანული საკითხები, რადგან ამ მიმართულების სამსახური ცალკე არ გვქონდა და არქიტექტურის სამსახურთან იყო შერწყმული. მოქალაქეები შემოტანილ განცხადებებზე დროულ პასუხებს ვერ იღებდნენ. იყო დიდი უკმაყოფილება, რადგან დაახლოებით, 800-მდე ვადაგადაცილებული განცხადება იყო, რომელიც საჭიროებდა სამსახურების პოზიციების შეჯერებას, გადაწყვეტილების მიღებას და დარღვეული იყო პასუხის გაცემის ვადები. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. მიხარია, რომ დღეს ეს მიმართულება გამართულად მუშაობს და ვადებში ხდება პასუხების გაცემა. მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თიბისის ციფრულ ბანკში საჩუქრების მორიგი მარათონი იწყება

თიბისის ციფრული ბანკი კვლავ იწყებს საჩუქრების კამპანიას, ამჯერად რეგიონში ყველაზე დიდ მუსიკის ფესტივალთან Tbilisi Open Air-თან ერთად. თიბისი ციფრული ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიგონ ფესტივალზე  დასასწრები  სამდღიანი აბონემენტები.

კამპანია 22 მაისს აიღებს სტარტს და 18 ივნისამდე, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად, თითო კვირაში გათამაშდება 125,  ჯამში კი 500 ცალი აბონემენტი.

თამაშის წესები ძალიან მარტივია! აბონემენტის მოსაგებად, მონაწილეობა უნდა მიიღო ყოველკვირეულ თამაშში. ყოველი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარმატებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის სამდღიან აბონემენტს.

კამპანიის ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი 125 მონაწილე, რომელიც ფინალურ დღეს ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 წლის და ზევით.

შეგახსენებ, არ დაგავიწყდეს გადმოწერო ან განაახლო თიბისის ციფრული ბანკი, რომ აპლიკაციის მთავარ გვერდზე თამაშის ღილაკი გამოგიჩნდეს და კამპანიაში ჩართვა შეძლო. უფრო მეტ ინფორმაციას ამ ვებ-გვერდიდან მიიღებ: ციფრული ბანკის თამაში.

თიბისის ციფრული ბანკი 800 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება მცირე დროშია შესაძლებელი.

(R)

“მუქარის ტონი მოდის აშშ-დან – დამთავრდა ის დრო, როცა საქართველო მუქარის ტონს აიტანს”- გურამ მაჭარაშვილი

მუქარის ტონი მოდის აშშ-დან, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას.

მისი თქმით, დამთავრდა ის დრო, როცა აშშ-დან მუქარის ტონს აიტანენ.

„ხედავთ როგორი დამოკიდებულება არსებობს – პარტნიორი ქვეყანა მუქარის ტონით ელაპარაკება საქართველოს, მაშინ როცა ცალმხრივად თვითონ მიიღო ოკუპანტმა ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომლისკენაც თვითონ მოუწოდებდნენ, ეს არის ზუსტად ანტიამერიკული განცხადება. რა გგონიათ, საქართველოს საზოგადოება ვერ ხვდება ამას? შე დალოცვილო, მეუბნები, რომ პარტნიორი ხარ, რომ რუსეთზე მეტად ჩემზე ზრუნავ და ამ დროს, რუსეთმა 2019 წელს ჯერ თავად დაასანქცირა ჩვენი მოსახლეობა და თვითონ ეუბნებოდნენ აღადგინეო, ახლა ცალმხრივად ისევ თვითონ მოხსნა და მუქარის ტონი მოდის აშშ-დან. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-შიც არსებობენ ის ძალები, რომლებიც მაინც პატივს სცემენ პარტნიორულ ურთიერთობას. დამთავრდა ის დრო, როცა საქართველო აიტანს მუქარის ტონს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთთან ფრენები დაიწყება, ეს დასავლეთის მზარდი შეშფოთების საგანი იქნება