Home Blog Page 1981

“თუ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე უარის ეტყვის, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება” – პრეზიდენტი

აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის უფრო მეტად საჯაროდ აღიარებაა საჭირო – თუ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე უარის ეტყვის, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა:

“ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, საკმარისად რეაგირებს და მხარს უჭერს საქართველოს, პრეზიდენტმა უპასუხა.

„არა მგონია და ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. მე უკვე ხუთი წელია პრეზიდენტი ვარ და ვერ მოვახერხე ჩემს დონეზე, პრეზიდენტის, ან ვიცე-პრეზიდენტის დონეზე შეხვედრის რაიმე ფორმა, თუნდაც სატელეფონო ზარის საშუალებით. მესმის, რომ უფრო გადაუდებელი საკითხები არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო.“

კითხვაზე, თუ რა აღიარებას გულისხმობდა, პრეზიდენტმა უპასუხა:

„იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ასე ესაუბრება, მაგრამ უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა ბედი ეწევა საქართველოს, თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს გაწევრიანებაზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს იქნება დიდი გამარჯვება რუსეთისთვის.

პრეზიდენტს ინტერვიუს დროს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა, კერძოდ, თუ როგორ აისახება უკრაინის ომი საქართველოს ცხოვრებაზე.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ყველაფერ იმის შეხსენება, რაც საქართველომ გამოიარა და ის ფაქტი, რომ რუსეთი ყოველთვის არის უშუალო საფრთხე. რეალობის ნაწილია, რომ რუსეთი ამოწმებს ნიადაგს საქართველოში. აქ მათი გზა, მათი მარტივი გზა, არის ჰიბრიდული ომი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ სახლში არიან -სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.

კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.

„სამწუხაროდ, მე აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოვადგენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

“სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენის სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება” – ირაკლი ქარსელაძე

რამდენიმე თვის წინ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდზე დაზიანდა ბურჯი, რომელმაც გამოიწვია ორი მალის ჩამოშლა, ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, მიზეზებს კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, – ამ განცხადებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა აღდგეს აღნიშნული ხიდი.

„ამავდროულად, მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შესაბამისი შეფასებები იქნება“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, შესწავლის შედეგად დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით, დაიგეგმება როგორც შემდგომი გადაწყვეტები, ასევე პასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

თიბისის მხარდაჭერით ხვალ ტექნოლოგიური ღონისძიება, Agile Summit გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

გამომსვლელებს შორის „ეჯაილ მანიფესტოს” თანაავტორი ალისტერ ქობერნი და ანტონ მარკი, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი იქნებიან. ადგილობრივ გამოცდილებას მსმენელს გუკა კიტია, თიბისის ეჯაილ მწვრთნელი, ჯგუფის ლიდერი გაუზიარებს.

„ეჯაილს ტექნოლოგიურ მიმართულებებში ჩაეყარა საფუძველი და, შესაბამისად, ალესტერისა და მარკისთვის სპიკერისთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანულია. არატექნოლოგიურ მიმართულებებში ეს მიდგომა ახალია და ჩვენ — თიბისი ჩვენს ახალ გამოცდილებებს გაგიზიარებთ, როგორ შევძელით პრაქტიკაში დაგვენერგა ეჯაილ მიდგომები ჩვენს სამუშაო პროცესებში არატექნოლოგიური მიმართულებით”- გუკა კიტია.

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დისტანციურად დაუსვან შეკითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორს, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.

 

R

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე ვეტოს ყველა შემთხვევაში დავძლევთ” – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რაც უფრო ახლოვდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ალბათობა, მით უფრო დაბალია რადიკალური პროცესების ტემპერატურა ქვეყანაში.

„ფაქტია, რომ რაც უფრო ახლოვდება კანდიდატის სტატუსის მიღების ალბათობა, მით უფრო დაბალია რადიკალური პროცესების ტემპერატურა. პარტნიორებს სწორედ ამას ვეუბნებოდით, რომ სტატუსის მიღება დეპოლარიზაციას შეუწყობდა ხელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობამ ვეტო უნდა დაძლიოს. დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც „პრეზიდენტმა საკონსტიტუციო მოწყობაზე უარი თქვა და ამ სივრციდან საერთოდ გავიდა, ხელისუფლებას მოუწია, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ნაცვლად აიღოს“.

„პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე როცა უარს ამბობს და ხელს არ აწერს კანონს, ბუნებრივია, ჩვენ ვეტოს დაძლევა გვიწევს. ვეტოს ყველა შემთხვევაში დავძლევთ.“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მონეტარული პოლიტიკის  შედარებით ნაკლები შერბილების მოლოდინი

ლარის განაკვეთის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ თემატური პუბლიკაცია თიბისი კაპიტალმა 17 ივლისს გამოაქვეყნა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან არაერთი, მონეტარული პოლიტიკის შედარებით უფრო ზომიერ შერბილებაზე მიუთითებს. სებ-ის განახლებული მოლოდინებითაც, შერბილების ციკლი გრძელდება, თუმცა უფრო ნაკლები ინტენსივობით.

ამ ვრცელი ჩამონათვალიდან, გასულ კვირას გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, წინა წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვა დაფიქსირდა. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ადგილი აქვს სავალუტო შემოდინებების სწორედ ნორმალიზებას და არა შემცირებას. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ისრაელის მოქალაქეების მიერ საქართველოში ტურისტული ხარჯები კვლავ შემცირებულია, თუმცა ოქტომბრის ჯამური ტურისტული შემოდინებები, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მზარდია. ასევე, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ისრაელიდან გზავნილების კუთხით ჯერჯერობით ნეგატიური ტენდენცია არ იკვეთება. ჯამური გზავნილების მხრივ კი, თიბისი კაპიტალის  პუბლიკაციებს მკითხველებს შევახსენებთ, რომ ანალიტიკური მიზნებისათვის, რუსეთიდან გადმორიცხვების მნიშვნელოვანი შესწორებაა საჭირო, რის შემდეგაც, არსებითად უფრო უკეთესი სურათი იკვეთება.

მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კვლავ კიდევ ერთი – 0.25%-იანი შერბილებაა მოსალოდნელი2024 წლის ბოლოს, საბაზო სცენარი, ნაცვლად ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული 8.25%-სა, სხვადასხვა სცენარის ალბათობების შეწონვით, დაახლოებით 8.6%-ით განისაზღვრება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა

მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა, რის გამოც, 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე რიყეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოძრაობა შეიზღუდება მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის კვეთიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან (რიყეზე გამავალი გვირაბიდან) იალბუზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ ევროპის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.

ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები სანქცირებულ პირთა სიაში მოხსენიებული არ არის დასანქცირებულ პირებთან კავშირის არარსებობის გამო- “ქართუ ჯგუფი”

„ქართუ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვასილიადესის დასაქნცირების მიზეზი იყო რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვთან მისი კავშირი – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, სანქცირებულ პირთა სიაში მოხსენიებული, რა თქმა უნდა, არ არის დასანქცირებულ პირებთან კავშირის არარსებობის გამო.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის და ამ პარტიის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მიერ, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ უპასუხისმგებლო და ცრუ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა აშშ-ს სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ, კვიპროსელი იურისტის, ქრისტოდულოს ვასიალიადესის სანქცირების ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას.

ქრისტოდულოს ვასილიადესი, დასანქცირებამდე, თავისი კომპანია Ledra – ს მეშვეობით იურიდიულ და სარეგისტრაციო მომსახურებას უწევდა ბიძინა ივანიშვილის კომპანია Krista-ს. აღნიშნული პიროვნება საკუთარი კომპანიებით ანალოგიურ მომსახურებას უწევდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედ ათასობით ბიზნეს სუბიექტს.

აშშ-ს სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვასილიადესის დასაქნცირების მიზეზი იყო რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვთან მისი კავშირი. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის სიაში მითითებულია ყველა ის კომპანია და ფიზიკური პირი, რომლის დასანქცირებაც მოხდა, მათ რიცხვში შევიდა ვასილიადესის კომპანია Ledra. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, სანქცირებულ პირთა სიაში მოხსენიებული, რა თქმა უნდა, არ არის დასანქცირებულ პირებთან კავშირის არარსებობის გამო.

მიუხედავად ამისა, TV პირველმა, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები წარმოაჩინა სანქცირებულ პირებად. ამავე გადაცემაში, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ განაცხადა, რომ Ledra მხოლოდ იურიდიულ მომსახურებას უწევდა Krista-ს. ამის მიუხედავად, სიცრუის მანქანამ განაგრძო მაყურებელის მიზანმიმართული მოტყუება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების თითქოსდა სანქცირების თაობაზე.

ასევე აბსურდულია „აგრო ქართუს“ აქტივების გადაცემის დაკავშირება სანქცირებულ ვასილიადესთან. „აგრო ქართუ“ არის კომპანია, რომელმაც განახორციელა ჯიღაურას სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უნიკალური პროექტი და იგი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. დღეს „აგრო ქართუ“ ახორციელებს კიდევ ერთ უნიკალურ და საშვილიშვილო საქმეს, რაც გულისხმობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გადარჩენას და შემდგომში მათ ბუნებაში გაშვებას. 2021 წელს, კომპანია Krista – მ ეკატერინე ხვედელიძეს გადასცა „აგრო ქართუს“ წილი, ვასილიადესის Ledra – ს სანქცირებამდე 2 წლით ადრე. ამის მიუხედავად, ცილისმწამებელი მედიასაშუალებები ამ ფაქტს ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა ეს რაიმე კავშირში იყოს სანქციებთან.

შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან. დეზინფორმაციის ეს კამპანია წარმოადგენს დისკრედიტაციის მორიგ, წარუმატებელ და უსუსურ მცდელობას, რითაც TV პირველი და ნაცმოძრაობის სხვა მარგინალური ტელევიზიები ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას. დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია, ისედაც იმყოფება დეფაქტო ფინანსური სანქციების ქვეშ და მასზე ვერანაირი შანტაჟი ზეგავლენას ვერ მოახდენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს „ფეიკ“ პოლიტიკურ კვლევას”

გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს „ფეიკ“ პოლიტიკურ კვლევას და უკვე ამ ფორმით გააგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას 1-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

„ისინი გამოიყენებენ გაყალბებული კვლევის მაჩვენებლებს და ამას ემსახურებოდა, მათ შორის ის ბოდვა, რაც შეეხებოდა საარჩევნო კოალიციებს, სადაც „ქოცები“ იძახდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველას 1-პროცენტიანი რეიტინგი აქვს და ახლა ამას ეცდებიან თავიანთი პროპაგანდისა და გაყალბებული კვლევების მეშვეობით, რომ საზოგადოებას თავს მოახვიონ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური საფრთხობელა, თუმცა ეს მათ ამ არჩევნებისთვის არ გამოუვათ,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ ვეტერანებისთვის მე-15 საქველმოქმედო აქცია გორში ჩაატარა

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, მე-15-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 75-მა ბენეფიციარმა. განხორციელდა 122 ვიზიტი, ვეტერანებზე და მათი ოჯახის წევრებზე, ასევე, უსასყიდლოდ გაიცა 120 სათვალე.

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი ზვიად საბაშვილი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 15 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1579 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 2331 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”ეგიდით, პალიასტომის ტბაზე თევზაობის ფესტივალი გაიმართა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახალგაზრდულმა მედია- კავშირმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”ეგიდით, პირველად, პალიასტომის ტბის ჯუნგლებში, გამართა ფესტივალი თევზაობაში.

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 32-მა ვეტერანმა, საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა და შშმ პირებმა, 2 დღის განმავლობაში, ერთად იცხოვრეს და მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს მოყვარულ მეთევზეთა კავშირის” მხარდაჭერით გამართულ თევზაობის ფესტივალში. მონაწილეებმა, ჯერ, პალიასტომის ჯუნგლებში ბორნით გაისეირნეს, შემდეგ კი, თევზაობის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. თევზაობის აქტივობაში, გამარჯვება, კახაბერ ჟორჟიკაშვილმა მოიპოვა და მედალი და დიპლომი სწორედ მას გადაეცა.

პროექტის გენერალური სპონსორი ”პლატფორმა ინიციატივა გახლავთ,”ხოლო მხარდამჭერები _კომპანია„სოკარი” და”ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი”; ასევე, გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიები, რომლებიც შშმ პირებს, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს, აქტიურ ცხოვრებაში დარჩენისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს.

წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, 30- მდე სპორტულ-კულტურული აქტივობა იმართება და, მათში, მონაწილეობას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 600-ზე მეტი შშმ პირი, ომის ვეტერანი და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები იღებენ.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა და ომის ვეტერანთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

“მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი, სადაც შეგვატყობინებენ ანტიქართულ გამოსვლებზე”

პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია და ევროკავშირს უწევს ცხვირზე ხელის მოჭერა, სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან დროს ხდება ყურადღების ისეთ მეორეხარისხოვან საკითხებზე გადატანა, როგორიც არის პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, არ ითამაშოს ოლიგარქისა და რუსეთის თამაშები.

„ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, სპეციალურად მთავარი თემებიდან მიდის ყურადღების გადატანა. ბატონ ოთარ ზურაბიშვილს მინდა დავესესხო, რომ შემოგდებული იყო იმპიჩმენტის თემა, სრულიად ხელოვნური თემა და იყო თამაში, რა თქმა უნდა, რომ ხალხს ორი და სამი კვირა ელაპარაკა იმპიჩმენტზე და მთელი მედია და ოპოზიცია გაჰყვა იმპიჩმენტზე. ახლა ოპოზიციას ალაპარაკებენ იმაზე, რომ სხვა ოპოზიციონერებს არ უნდა ევროკავშირის სტატუსი.

მეგობრებო, პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია და ევროკავშირს უწევს ცხვირზე ხელის მოჭერა, სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა, ეს პრობლემები პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რასაც დღეს ვიხილავთ. ეს პრობლემები იქნება შემდგომ გასაკეთებელი, იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ, ამასობაში როგორ გაუჭირდა ხალხს – 20-25 ლარი ღირს ხორცი, ლობიო გაიზარდა 8 ლარამდე, როდესაც ხარჯებზე ვლაპარაკობთ და პრეზიდენტის მიერ გაწეულ ხარჯებზე, ბურღულეული გაიზარდა 2-დან 5 ლარამდე, წიწიბურა გაიზარდა 8 ლარამდე რატომღაც, რომლის ფასმაც მთელს მსოფლიოში დაიკლო და ეს ყველაფერი ხდება და ამასობაში პრეზიდენტი იუშჩენკოს აბანოს მომსახურების თემებზეა დღეს ლაპარაკი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველო უნდა იყოს ძალიან მობილიზებული, რადგან რუსეთი ჩამოშლის პირასაა და საქართველო მზად უნდა იყოს, რომ ჩამოშლილი რუსეთის ქვეშ არ მოჰყვეს.

„მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები. მტაცებელს თუ აჩვენებ ზურგს, ის აუცილებლად გამოგეკიდება და შეგჭამს. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცედ, ჩვენ უნდა დავუდგეთ მათ და თვალებში შევხედოთ. ის, რომ მე არ გავიქეცი თავის დროზე, ის, რომ ჩვენ გვყავდა ანწუხელიძე და შინდისის გმირები, სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ საქართველო ბოლომდე ვერ გაანადგურეს მაშინ და ნელ-ნელა უხდებათ ასე განადგურება და დღეს მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე.

დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს, დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. ნახეთ როგორი არეულობებია რუსეთში, წკიპზე არის რუსეთი, რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება, იმიტომ, რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ყოველ დღე ვხედავთ ამას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს ეს ჩამოშლილი რუსეთი, პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ახლა არის არეულობები და უბედურებები.

იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ, მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დაგვირეკავს და შეგვატყობინებს იმის თაობაზე, რომ ანტიქართული გამოსვლებია, მათ შორის ჩემი ინფორმაციით, არიან დივერსიული ჯგუფი შემოსული, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღება და დესტაბილიზაცია, ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის პირს, რომელიც არის ამ ხალხს შორის.

ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ მთავარი თემიდან. იმიტომ, რომ ერთი კვირა გამოცხადდება ზურაბიშვილის სიძულვილის კვირად, მეორე კვირა გამოცხადდება სააკაშვილის სიძულვილის კვირად, მესამე კვირა გამოცხადდება ოპოზიციის სიძულვილის კვირად, მეოთხე კვირა გამოცხადდება შიშის კვირად, არეულობის შიშის კვირად და ყველა ვთამაშობთ ამ უზარო თამაშს. შევწყვიტოთ ოლიგარქისა და რუსეთის თამაშის თამაში, შევწყვიტოთ მათ ფაბულაში ჩაჯდომა და ეს სასამართლო პროცესიც, რა თქმა უნდა მათი ფაბულის ნაწილია“,- განაცხადა სააკაშვილმა.