Home Blog Page 1980

“თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები ხორციელდება

პარლამენტის მიერ ახლად დამტკიცებულ “თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები ხორციელდება.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების პროექტს, რომლითაც კოდექსს დროებითი ნორმა ემატება და ის 2024 წლის 1-ელ იანვრამდე იმოქმედებს.

საუბარია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი განახორციელებს.

კანონის პროექტის ერთ-ერთი ავტორის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვასთან მიმართებაში, მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე გაწვევის სისტემაში სიცარიელე არ შეიქმნას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მოამზადეს, რომლის თანახმად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს მუნიციპალიტეტების მერიაში შექმნილი სტრუქტურული ერთეული და თბილისის რაიონების გამგეობების სტრუქტურული ერთეული განახორციელებს. მისივე განმარტებით, აღნიშნული ნორმა დროებითია და იგი 2024 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში.

პარლამენტმა კანონის პროექტი პირველი მოსმენით – 74 ხმით მიიღო.

“ქალი პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს” – ლევან იოსელიანი

ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

როგორც იოსელიანი განმარტავს, მსგავსი საუბარი „ღირსებას არავის მატებს და ეს მხოლოდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს“.

„ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც.

“მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს”-პრეზიდენტი

“მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს უმკაცრესი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

“მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე, როცა თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის. მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!”,- აცხადებს პრეზიდენტი.

, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. ამასთან, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც.

ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია, მეორე ნაწილში ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ვისმენდით და ამის გამო, მინდა ბოდიში მოვიხადო , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

კითხვას ხომ არ დატოვებს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, ბერაიამ აღარ უპასუხა. ბერაიას თქმით, ფიქრობს, რომ მისი განცხადებით “ყველაფერი არის გასაგები”.

“ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მძიმეა, როცა ჩვენს გუნდს, მე პირადად გვდებენ ბრალს უსამართლოდ, უაპელაციოდ და უღირსად რუსეთის ინტერესების გატარებაში, მით უმეტეს, სისტემური ხასიათი აქვს ამას. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც არასდროს შევეგუებით, რადგან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ისახავდა მიზნად, მეორე ნაწილში გულწრფელად ვაღიარებ, რომ იყო გადაჭარბებული თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვისმენდით და ამის გამო, მინდა ბოდიში მოვიხადო. სხვა კომენტარის გაკეთებას ამაზე არ ვაპირებ, ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია”, – განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

“ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ”-თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, თეონა აქუბარდიამ, თინა ბოკუჩავამ, ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძე ბრიფინგი გამართეს და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები ქალ დეპუტატებზე დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

მათივე თქმით, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ რუსული მეთოდებით იბრძვის და ისინი გეგმავენ, საქმის კურსში ჩააყენონ როგორც სახალხო დამცველი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის გენდერულ საბჭოს გააქტიურებისკენ და პარლამენტში ქალთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. რაც დღეს მან იკადრა, კაცობა არ ჰქვია. სწორედ ეს არის მათი პატარა კაცობა, რასაც ისინი ბედავენ პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“ როდესაც არ აქვს პასუხი პუტინთან მთავრობის წევრის და ვიცე-პრემიერის სადილზე, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პასუხი ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივ ბაზირებაზე სამხედრო ფლოტის სახით, სწორედ მაშინ ეწევიან დისკრედიტაციას ქალი დეპუტატების მიმართ. როდესაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციული კამპანიის ფლაგმანი ხდება, ანტიდასავლური ნარატივებით, სწორედ მაშინ ხდება თავდასხმა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ეს წარმოადგინა ირაკლი ბერაიამ ამ პარლამენტში.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, როგორც თავდაცვის და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ბერაიას, ასევე, სრულიად „ქართულ ოცნებას“ და კიდევ ერთხელ ვეუბნები სახელმწიფო უსაფრთხოების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს მეთოდები აქვთ არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების დისკრედიტაციისთვის, არ გავჩუმდები და არ გავჩერდები მაშინ, როდესაც საუბარი არის ოკუპაციაზე, არ გავჩერდები მაშინ, როდესაც პუტინთან თქვენი მთავრობის წევრი სადილს ესწრება და ღირსებაც კი არ უშლის ხელს, რომ ადგეს და გამოვიდეს პუტინის მოსასმენი სიტყვიდან. ამ ბინძური მეთოდებით ვერ გაგვაჩუმებთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

რას ბედავთ ოცნების კაცებო, ვისი ზურგით ბედავთ და რატომ გგონიათ, რომ იმის უფლება გაქვთ, რასაც სჩადიხართ?-ინგა გრიგოლია

“ყველაზე ამაზრზენია, როცა ქალებს გენდერული ნიშნით აყენებენ შეურაცხყოფას და როცა პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, ის კაცი ხმასაც არ იღებს და გათავხედებულ კაცებს არ აჩერებს, თუმცა რა ხმის ამომღები შალვა პაპუაშვილია, როცა მთელ ქვეყანას აქვს ნანახი , მისი მხრიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე ძალადობა, რასაც მალევე პაპუაშვილის გასპიკერება მოჰყვა”- ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში  ტვ “პირველის” ჟურნალისტი, გადაცემა “რეაქციის” ავტორი ინგა გრიგოლია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატების: ირაკლი ბერაიას და ალუდა ღუდუშაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს:

“არ მინდა გავიმეორო ის შეურაცხყოფები,რაც დღეს ოცნების კაცი დეპუტატების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენელი ქალი დეპუტატების მიმართ მოვისმინეთ.

ყველაზე ამაზრზენია, როცა ქალებს გენდერული ნიშნით აყენებენ შეურაცხყოფას და როცა პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, ის კაცი ხმასაც არ იღებს და გათავხედებულ კაცებს არ აჩერებს, თუმცა რა ხმის ამომღები შალვა პაპუაშვილია, როცა მთელ ქვეყანას აქვს ნანახი , მისი მხრიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე ძალადობა, რასაც მალევე პაპუაშვილის გასპიკერება მოჰყვა.

ვის უბედავთ ,რას ბედავთ ოცნების კაცებო, ვისი ზურგით ბედავთ და რატომ გგონიათ, რომ იმის უფლება გაქვთ, რასაც სჩადიხართ?!!! ქალი რომ ადვილი დასაჩაგრი გგონიათ, ის კაცები ხართ თქვენ, ადვილი დასაჩაგრი რომ გგონიათ ქალები პარლამენტშიც, მედიაშიც, საზოგადოებაშიც და ალბათ სახლშიც..

იმიტომაა ამდენი ძალადობა ამ დაჭაობებულ ქვეყანაში ქალებზე, იმიტომ კლავენ კაცები ქალებს, იმიტომ სცემენ, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ და უსწორდებიან, რომ თქვენნაირ აღვირახსნილ კაცებს უყურებენ… უსმენენ და მერე ალბათ ფიქრობენ, რომ თუ პარლამენტში შეურაცხყოფენ დეპუტატი კაცები ქალებს, რა მოხდა თავადაც სახლში რომ იძალადონ ცოლებზე, შვილებზე, მეგობრებზე..,,ოცნების,, ბანძო კაცებო( ალუდა ღუდუშაურის სიტყვით მოგმართავთ), იცოდეთ, რომ თქვენ ხართ დღეიდან პასუხისმგებელი ძალადობის ყველა ფაქტზე, რასაც ამიერიდან ექნება ადგილი საქართველოში!!!!ჩემი სოლიდარობა თქვენ Ana Tsitlidze @ teona akubardia – წერს ინგა გრიგოლია.

https://www.facebook.com/qeti.grigolia.5/posts/pfbid0267eACszLKt3V2UCHCFNgvgHsHdxFtEJqosQ9WeR25EMmMskPEPm6pEtdMQSPw9Nml

“ღაზას სექტორში ისრაელის არმიასა და „ჰამასის“ ტერორისტებს შორის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს „ჰამასის“ ტერორისტებსა და ისრაელის არმიას შორის.

სამხედროების ცნობით, სახმელეთო და საჰაერო ძალებმა დაარტყეს ჰამასის რამდენიმე პოზიციას და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების რაზმს.

DF-ის ცნობით, ჯარებმა მოკლეს ათობით ტერორისტი დღევანდელი შეტაკების დროს.

გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის ცნობები ისრაელის მხრიდან შესაძლო მსხვერპლის შესახებ.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

„ქართული ოცნება“ გადასულია მოსწრებაზე, დროზე მიიტაცოს ქონება, იციან, რომ ბოლო დღეებს ითვლიან”

„ქართული ოცნება“ გადასულია მოსწრებაზე, დროზე მიიტაცოს ქონება, იციან, რომ ბოლო დღეებს ითვლიან და ამას მოყვა ეს დაპირისპირება აქიფ ისმაილოვსა და „ქართული ოცნების“ გავეშებულ დეპუტატებს შორის , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გარდაბნის საკრებულოში საკრებულოს უმრავლესობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

კირკიტაძის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში, სკოლის შესასვლელთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული სამსახურის, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ, დაპირისპირება მოხდა, ფაქტი კი საჯარო პარტიის საკრებულოს წევრებმა დღეს გახადეს საჯარო.

დავით კირკიტაძის განმარტებით, მხარეებს შორის დაპირისპირება სკოლის ტერიტორიის გასხვისების საკითხს მოჰყვა, რისი წინააღმდეგიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

„უკვე დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მოუწიათ ამ სკოლის შესასვლელი ტერიტორიის ნუსხიდან ამოღება. ჩვენი საკრებულოს წევრები 24 საათიან რეჟიმში მზად არიან, იმუშაონ ხალხის ინტერესების დასაცავად, რადგან მსგავსი არ დაუშვან, „ქართული ოცნება“ გადასულია მოსწრებაზე, დროზე მიიტაცონ ქონება, იციან, რომ ბოლო დღეებს ითვლიან და ამას მოყვა დაპირისპირება აქიფ ისმაილოვსა და გავეშებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის, მაგრამ ფაქტი არის ერთი, მართლა მისალოცია ქესალოელებისთვის და ნაზაროლელებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ამ სკოლით, რომ სკოლის შესასვლელი დარჩება ისეთივე როგორიც იყო და არა ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“ – გადაქცეული სავაჭრო ცენტრად, რომელიც ხელს შეუშლიდნენ ბავშვებს სკოლაში შესვლა-გამოსვლაში“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7079 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7079 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7079 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7048 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8877 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0274 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ბერაიასა და ალუდა ღუდუშაურის მიერ ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მიმართ გაკეთებული განცხადებები არის სექსისტური, ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

ხატია დეკანოიძის მსგავსად, კოლეგები დაიცვა იაგო ხვიჩიამ, მან მოითხოვა, რომ ირაკლი ბერაიამ სხდომათა დარბაზში ქალი დეპუტატის მიმართ ბოდიში მოიხადოს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან იაგო ხვიჩიას მოუწოდა, მორალური პედესტალიდან ნუ ისაუბრებს. სპიკერმა ისიც თქვა, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე თავად იღებს შენიშვნას, ვინაიდან, დეპუტატისთვის გამოსვლა დროულად უნდა შეეწყვიტა.

ამ განცხადებების შემდეგ, სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება იყო იაგო ხვიჩიას, ირაკლი ქადაგიშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის.

“არ იყო მოსაწონი ჩვენი მეგობრების მხრიდან გარკვეული ფრაზები, ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ”

ხაზგასმით ვამბობ, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების და თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ რეპლიკებს და განცხადებებს.

მისივე თქმით, ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, კულტურა და მათ შორის, ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა.

„მოდით, ვთქვათ სიმართლე და სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში – ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, თუმცა ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლაც შეიძლება ეთიკის რაღაც ნორმები ირღვევა და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ. მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები ემოციური ფონი როცა ჩაცხრება, ამას გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ.

ნუ მიიღებთ ისეთ პოზიციად, რომ ვინმე ამართლებთ, პირიქით. ხაზგასმით ვამბობ, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების და თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი.

ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა, თუმცა გამართლება არაა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

“აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და პირდაპირი ფრენები პატრიოტი და ეროვნული ხელისუფლების პირობებში სავსებით რეალური იქნება”

აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი პარტნიორები დააკვირდებიან არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და მათი მხრიდან რეაგირება მცირე გაყალბებასაც მოჰყვება , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრები.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ერთობლივმა დელეგაციამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. მათივე განმარტებით, ჩიხლაძემ ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ აშშ ყოველთვის მზადაა ქართველი ხალხის დასახმარებლად.

„ჩვენს დელეგაციას მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა აშშ-ის სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ასევე, შევხვდით ექსპერტულ წრეებს და კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავენ. მთავარი რაც შეიძლება ითქვას დასკვნის სახით არის ის, რომ აშშ ყოველთვის იდგება ქართველი ხალხის გვერდით. აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი პარტნიორები დააკვირდებიან არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და მცირე გაყალბებასაც მოყვება რეაგირება მათი მხრიდან.

მათი მთავარი გზავნილია რეფორმები, რეფორმები და კიდევ ერთხელ რეფორმები. 12 რეკომენდაცია შესასრულებელია, ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტიუკრაინული პროპაგანდა მიუღებელია და ეს უნდა შეიგნოს ხელისუფლებამ. ჩვენი ამერიკელი მეგობრები წუხან და არ მალავენ უკმაყოფილებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ USAID-ზე და ამერიკულ ორგანიზაციებზე მიტანილი იერიშის გამო. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და მასში ასახული პოლიტიკური გზავნილები გარკვეულ შეშფოთებას იწვევს პარტნიორებში.

რაც მთავარია, აშშ მზადაა, რომ საქართველოს ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს და უფრო მეტიც, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოგვიწოდებენ, რის სურვილსაც არ ამჟღავნებს საქართველოს ხელისუფლება. დღეს რომ საქართველოს პატრიოტი და ქვეყნის ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება ჰყავდეს, წარმოუდგენელი წინსვლა იქნებოდა აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის, ვიზების გამარტივების, პირდაპირი ფრენების, სასწავლო და სხვა პროგრამების გაღრმავების მიმართულებებით, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით.

აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და პირდაპირი ფრენები სრულად რეალურია პატრიოტი და ეროვნული ხელისუფლების პირობებში“. – განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერები გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი 23-28 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ.