Home Blog Page 1980

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე ვეტოს ყველა შემთხვევაში დავძლევთ” – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რაც უფრო ახლოვდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ალბათობა, მით უფრო დაბალია რადიკალური პროცესების ტემპერატურა ქვეყანაში.

„ფაქტია, რომ რაც უფრო ახლოვდება კანდიდატის სტატუსის მიღების ალბათობა, მით უფრო დაბალია რადიკალური პროცესების ტემპერატურა. პარტნიორებს სწორედ ამას ვეუბნებოდით, რომ სტატუსის მიღება დეპოლარიზაციას შეუწყობდა ხელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობამ ვეტო უნდა დაძლიოს. დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც „პრეზიდენტმა საკონსტიტუციო მოწყობაზე უარი თქვა და ამ სივრციდან საერთოდ გავიდა, ხელისუფლებას მოუწია, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ნაცვლად აიღოს“.

„პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე როცა უარს ამბობს და ხელს არ აწერს კანონს, ბუნებრივია, ჩვენ ვეტოს დაძლევა გვიწევს. ვეტოს ყველა შემთხვევაში დავძლევთ.“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მონეტარული პოლიტიკის  შედარებით ნაკლები შერბილების მოლოდინი

ლარის განაკვეთის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ თემატური პუბლიკაცია თიბისი კაპიტალმა 17 ივლისს გამოაქვეყნა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან არაერთი, მონეტარული პოლიტიკის შედარებით უფრო ზომიერ შერბილებაზე მიუთითებს. სებ-ის განახლებული მოლოდინებითაც, შერბილების ციკლი გრძელდება, თუმცა უფრო ნაკლები ინტენსივობით.

ამ ვრცელი ჩამონათვალიდან, გასულ კვირას გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, წინა წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვა დაფიქსირდა. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ადგილი აქვს სავალუტო შემოდინებების სწორედ ნორმალიზებას და არა შემცირებას. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ისრაელის მოქალაქეების მიერ საქართველოში ტურისტული ხარჯები კვლავ შემცირებულია, თუმცა ოქტომბრის ჯამური ტურისტული შემოდინებები, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მზარდია. ასევე, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ისრაელიდან გზავნილების კუთხით ჯერჯერობით ნეგატიური ტენდენცია არ იკვეთება. ჯამური გზავნილების მხრივ კი, თიბისი კაპიტალის  პუბლიკაციებს მკითხველებს შევახსენებთ, რომ ანალიტიკური მიზნებისათვის, რუსეთიდან გადმორიცხვების მნიშვნელოვანი შესწორებაა საჭირო, რის შემდეგაც, არსებითად უფრო უკეთესი სურათი იკვეთება.

მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კვლავ კიდევ ერთი – 0.25%-იანი შერბილებაა მოსალოდნელი2024 წლის ბოლოს, საბაზო სცენარი, ნაცვლად ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული 8.25%-სა, სხვადასხვა სცენარის ალბათობების შეწონვით, დაახლოებით 8.6%-ით განისაზღვრება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა

მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა, რის გამოც, 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე რიყეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოძრაობა შეიზღუდება მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის კვეთიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან (რიყეზე გამავალი გვირაბიდან) იალბუზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ ევროპის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.

ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები სანქცირებულ პირთა სიაში მოხსენიებული არ არის დასანქცირებულ პირებთან კავშირის არარსებობის გამო- “ქართუ ჯგუფი”

„ქართუ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვასილიადესის დასაქნცირების მიზეზი იყო რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვთან მისი კავშირი – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, სანქცირებულ პირთა სიაში მოხსენიებული, რა თქმა უნდა, არ არის დასანქცირებულ პირებთან კავშირის არარსებობის გამო.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის და ამ პარტიის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მიერ, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ უპასუხისმგებლო და ცრუ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა აშშ-ს სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ, კვიპროსელი იურისტის, ქრისტოდულოს ვასიალიადესის სანქცირების ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას.

ქრისტოდულოს ვასილიადესი, დასანქცირებამდე, თავისი კომპანია Ledra – ს მეშვეობით იურიდიულ და სარეგისტრაციო მომსახურებას უწევდა ბიძინა ივანიშვილის კომპანია Krista-ს. აღნიშნული პიროვნება საკუთარი კომპანიებით ანალოგიურ მომსახურებას უწევდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედ ათასობით ბიზნეს სუბიექტს.

აშშ-ს სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვასილიადესის დასაქნცირების მიზეზი იყო რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვთან მისი კავშირი. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის სიაში მითითებულია ყველა ის კომპანია და ფიზიკური პირი, რომლის დასანქცირებაც მოხდა, მათ რიცხვში შევიდა ვასილიადესის კომპანია Ledra. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, სანქცირებულ პირთა სიაში მოხსენიებული, რა თქმა უნდა, არ არის დასანქცირებულ პირებთან კავშირის არარსებობის გამო.

მიუხედავად ამისა, TV პირველმა, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები წარმოაჩინა სანქცირებულ პირებად. ამავე გადაცემაში, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ განაცხადა, რომ Ledra მხოლოდ იურიდიულ მომსახურებას უწევდა Krista-ს. ამის მიუხედავად, სიცრუის მანქანამ განაგრძო მაყურებელის მიზანმიმართული მოტყუება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების თითქოსდა სანქცირების თაობაზე.

ასევე აბსურდულია „აგრო ქართუს“ აქტივების გადაცემის დაკავშირება სანქცირებულ ვასილიადესთან. „აგრო ქართუ“ არის კომპანია, რომელმაც განახორციელა ჯიღაურას სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უნიკალური პროექტი და იგი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. დღეს „აგრო ქართუ“ ახორციელებს კიდევ ერთ უნიკალურ და საშვილიშვილო საქმეს, რაც გულისხმობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გადარჩენას და შემდგომში მათ ბუნებაში გაშვებას. 2021 წელს, კომპანია Krista – მ ეკატერინე ხვედელიძეს გადასცა „აგრო ქართუს“ წილი, ვასილიადესის Ledra – ს სანქცირებამდე 2 წლით ადრე. ამის მიუხედავად, ცილისმწამებელი მედიასაშუალებები ამ ფაქტს ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა ეს რაიმე კავშირში იყოს სანქციებთან.

შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან. დეზინფორმაციის ეს კამპანია წარმოადგენს დისკრედიტაციის მორიგ, წარუმატებელ და უსუსურ მცდელობას, რითაც TV პირველი და ნაცმოძრაობის სხვა მარგინალური ტელევიზიები ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას. დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია, ისედაც იმყოფება დეფაქტო ფინანსური სანქციების ქვეშ და მასზე ვერანაირი შანტაჟი ზეგავლენას ვერ მოახდენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს „ფეიკ“ პოლიტიკურ კვლევას”

გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს „ფეიკ“ პოლიტიკურ კვლევას და უკვე ამ ფორმით გააგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას 1-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

„ისინი გამოიყენებენ გაყალბებული კვლევის მაჩვენებლებს და ამას ემსახურებოდა, მათ შორის ის ბოდვა, რაც შეეხებოდა საარჩევნო კოალიციებს, სადაც „ქოცები“ იძახდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველას 1-პროცენტიანი რეიტინგი აქვს და ახლა ამას ეცდებიან თავიანთი პროპაგანდისა და გაყალბებული კვლევების მეშვეობით, რომ საზოგადოებას თავს მოახვიონ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური საფრთხობელა, თუმცა ეს მათ ამ არჩევნებისთვის არ გამოუვათ,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ ვეტერანებისთვის მე-15 საქველმოქმედო აქცია გორში ჩაატარა

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, მე-15-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 75-მა ბენეფიციარმა. განხორციელდა 122 ვიზიტი, ვეტერანებზე და მათი ოჯახის წევრებზე, ასევე, უსასყიდლოდ გაიცა 120 სათვალე.

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი ზვიად საბაშვილი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 15 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1579 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 2331 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”ეგიდით, პალიასტომის ტბაზე თევზაობის ფესტივალი გაიმართა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახალგაზრდულმა მედია- კავშირმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”ეგიდით, პირველად, პალიასტომის ტბის ჯუნგლებში, გამართა ფესტივალი თევზაობაში.

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 32-მა ვეტერანმა, საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა და შშმ პირებმა, 2 დღის განმავლობაში, ერთად იცხოვრეს და მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს მოყვარულ მეთევზეთა კავშირის” მხარდაჭერით გამართულ თევზაობის ფესტივალში. მონაწილეებმა, ჯერ, პალიასტომის ჯუნგლებში ბორნით გაისეირნეს, შემდეგ კი, თევზაობის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. თევზაობის აქტივობაში, გამარჯვება, კახაბერ ჟორჟიკაშვილმა მოიპოვა და მედალი და დიპლომი სწორედ მას გადაეცა.

პროექტის გენერალური სპონსორი ”პლატფორმა ინიციატივა გახლავთ,”ხოლო მხარდამჭერები _კომპანია„სოკარი” და”ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი”; ასევე, გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიები, რომლებიც შშმ პირებს, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს, აქტიურ ცხოვრებაში დარჩენისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს.

წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, 30- მდე სპორტულ-კულტურული აქტივობა იმართება და, მათში, მონაწილეობას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 600-ზე მეტი შშმ პირი, ომის ვეტერანი და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები იღებენ.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა და ომის ვეტერანთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

“მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი, სადაც შეგვატყობინებენ ანტიქართულ გამოსვლებზე”

პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია და ევროკავშირს უწევს ცხვირზე ხელის მოჭერა, სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან დროს ხდება ყურადღების ისეთ მეორეხარისხოვან საკითხებზე გადატანა, როგორიც არის პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, არ ითამაშოს ოლიგარქისა და რუსეთის თამაშები.

„ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, სპეციალურად მთავარი თემებიდან მიდის ყურადღების გადატანა. ბატონ ოთარ ზურაბიშვილს მინდა დავესესხო, რომ შემოგდებული იყო იმპიჩმენტის თემა, სრულიად ხელოვნური თემა და იყო თამაში, რა თქმა უნდა, რომ ხალხს ორი და სამი კვირა ელაპარაკა იმპიჩმენტზე და მთელი მედია და ოპოზიცია გაჰყვა იმპიჩმენტზე. ახლა ოპოზიციას ალაპარაკებენ იმაზე, რომ სხვა ოპოზიციონერებს არ უნდა ევროკავშირის სტატუსი.

მეგობრებო, პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია და ევროკავშირს უწევს ცხვირზე ხელის მოჭერა, სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა, ეს პრობლემები პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რასაც დღეს ვიხილავთ. ეს პრობლემები იქნება შემდგომ გასაკეთებელი, იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ, ამასობაში როგორ გაუჭირდა ხალხს – 20-25 ლარი ღირს ხორცი, ლობიო გაიზარდა 8 ლარამდე, როდესაც ხარჯებზე ვლაპარაკობთ და პრეზიდენტის მიერ გაწეულ ხარჯებზე, ბურღულეული გაიზარდა 2-დან 5 ლარამდე, წიწიბურა გაიზარდა 8 ლარამდე რატომღაც, რომლის ფასმაც მთელს მსოფლიოში დაიკლო და ეს ყველაფერი ხდება და ამასობაში პრეზიდენტი იუშჩენკოს აბანოს მომსახურების თემებზეა დღეს ლაპარაკი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველო უნდა იყოს ძალიან მობილიზებული, რადგან რუსეთი ჩამოშლის პირასაა და საქართველო მზად უნდა იყოს, რომ ჩამოშლილი რუსეთის ქვეშ არ მოჰყვეს.

„მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები. მტაცებელს თუ აჩვენებ ზურგს, ის აუცილებლად გამოგეკიდება და შეგჭამს. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცედ, ჩვენ უნდა დავუდგეთ მათ და თვალებში შევხედოთ. ის, რომ მე არ გავიქეცი თავის დროზე, ის, რომ ჩვენ გვყავდა ანწუხელიძე და შინდისის გმირები, სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ საქართველო ბოლომდე ვერ გაანადგურეს მაშინ და ნელ-ნელა უხდებათ ასე განადგურება და დღეს მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე.

დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს, დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. ნახეთ როგორი არეულობებია რუსეთში, წკიპზე არის რუსეთი, რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება, იმიტომ, რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ყოველ დღე ვხედავთ ამას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს ეს ჩამოშლილი რუსეთი, პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ახლა არის არეულობები და უბედურებები.

იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ, მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დაგვირეკავს და შეგვატყობინებს იმის თაობაზე, რომ ანტიქართული გამოსვლებია, მათ შორის ჩემი ინფორმაციით, არიან დივერსიული ჯგუფი შემოსული, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღება და დესტაბილიზაცია, ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის პირს, რომელიც არის ამ ხალხს შორის.

ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ მთავარი თემიდან. იმიტომ, რომ ერთი კვირა გამოცხადდება ზურაბიშვილის სიძულვილის კვირად, მეორე კვირა გამოცხადდება სააკაშვილის სიძულვილის კვირად, მესამე კვირა გამოცხადდება ოპოზიციის სიძულვილის კვირად, მეოთხე კვირა გამოცხადდება შიშის კვირად, არეულობის შიშის კვირად და ყველა ვთამაშობთ ამ უზარო თამაშს. შევწყვიტოთ ოლიგარქისა და რუსეთის თამაშის თამაში, შევწყვიტოთ მათ ფაბულაში ჩაჯდომა და ეს სასამართლო პროცესიც, რა თქმა უნდა მათი ფაბულის ნაწილია“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცხინვალში „საქართველოში ეკონომიკური გზის გახსნის“ იდეა განიხილეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის წევრმა, ზაზა დრიაევმა ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა „საქართველოში ეკონომიკური გზის გახსნის“ შესახებ, – ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ე.წ. პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დრიაევმა იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ მის პოზიციას გზის გახსნასთან დაკავშირებით.

ამასთან, სხდომაზე ე.წ. „დეპუტატმა“ აცამაზ კასაევმა დასვა საკითხი რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს მრგვალ მაგიდასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ვლადიკავკაზში გაიმართა და რომელზედაც გაჟღერდა ინიციატივა რუსეთსა და საქართველოს შორის ცხინვალის გავლით ტრანზიტის გახსნის შესახებ. კასაევმა აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის“ პეტრე გასიევის განცხადებით, გზის გახსნის წინადადება „კერძო ინიციატივაა“.

„ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია და რაც უნდათ შეუძლიათ თქვან და მიიწვევენ თუ არა ვინმეს, ეს მათი საქმეა. მაგრამ ისინი რომ სახელმწიფოების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, საჭირო იყო შესაბამისი რეაგირება და იქ წასვლა“, – განაცხადა გასიევმა.

28 და 29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ”ყვავილების გამოფენა” გაიმართა

28 და 29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ”ყვავილების გამოფენა” გაიმართა
გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იყო წარმოდგენილი
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ჰქონდა/
“ყვავილების გამოფენაზე’’ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართა.
ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი აქტივობებიც დახვდათ ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

თურქეთი რეჯეფ ერდოღანის მმართველობის დროს – ისლამური, ავტორიტარული და ექსპანსიონისტური

როგორც ცნობილია, თურქეთის რესპუბლიკად დაარსებიდან ასი წელი შესრულდა – 1923 წლის 29 ოქტომბერს მუსტაფა ქემალმა „ახალი თურქული სახელმწიფოს“ შექმნა გამოაცხადა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ამ დღეებში უცხოურ პრესაში ბევრი მასალა გამოქვეყნდა. გთავაზობთ ერთ-ერთს – ავსტრიულ გაზეთ „დერ სტანდარდში“ (Der Standard) გამოქვეყნებულს სათაურით „თურქეთი რეჯეფ ერდოღანის მმართველობის დროს; ისლამური, ავტორიტარული და ექსპანსიონისტური“ (ავტორი – იოზეფ კირხენგასტი).

„თურქეთი – ეს მხოლოდ თურქეთი არ არის“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა 2016 წელს ერთ-ერთი გამოსვლის დროს. მისი აზრით, ქვეყანა, როგორც ოსმალეთის სამართალმემკვიდრე, პასუხისმგებელია ყველა იმ მიწებზე, რომლებიც ოდესღაც იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. პრეზიდენტი კონკრეტულად ასახელებს: ერაყი, სირია, ლიბია, ყირიმი, ჩერნოგორია და ბოსნია. თურქი ისტორიკოსები, რომლებიც ხელისუფლებასთან ახლოს არიან, ამ სიას ამატებენ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქებს – მოსულს, კირკუკს და ერბილს, საქართველოს შემადგენლობაში არსებულ ბათუმს, ბერძნულ სალონიკს, ბულგარულ ყირჯალს და ვარნას, კვიპროსს და ბერძნულ კუნძულებს ეგეოსის ზღვაში.

რეჯეფ ერდოღანის დოქტრინა

მართალია, რეჯეფ ერდოღანი ახალ საზღვრების დაწესებას ჯერ არ ცდილობს, მაგრამ მას აშკარად სურს თურქული უმცირესობებისა და ოსმანების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ასეთი მიდგომა ზალია ჰგავს რუსულ „ახლო საზღვარგარეთის“ დოქტრინას, რომელიც მეზობლებზე პირდაპირ გავლენასა და ზეწოლას გულისხმობს. ეს დასტურდება რუსეთ-უკრაინის ომითაც. სხვათა შორის, რეჯეფ ერდორანი დღემდე კატეგორიულ უარს აცხადებს კრემლის აგრესიული მოქმედების დაგმობაზე. მისი პოლიტიკური კურსი „ერდოღანის დოქტრინით“ არის ცნობილი, ხოლო კონცეფცია „ლურჯი მამული“ პრეტენზიულია და ითვალისწინებს ხმელთაშუა ზღვაში (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში) თურქეთის ეკონომიკურ ინტერესებს.

2018 წელს, რეფერენდუმიდან ერთი წლის შემდეგ, როცა თურქეთში ავტორიტარული საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა იქნა შემოღებული, იმ დროიდან რეჯეფ ერდოღანი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკიტხებში. ოპოზიცია დასუსტებულია, მთავრობის კრიტიკოსებს და ოპონენტებს „პირს უკრავენ“ და მათ წინააღმდეგ რეპრესიებს აწყობენ, მასმედია შევიწროვებულია. ისლამური ფასეულობები განსაზღვრავს სოციალურ და კულტურულ ორიენტირებს.

გარდაქმნა ერდოღანისებურად

თურქეთის პრეზიდენტის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა ხშირად ანტინატოურ ნიშნებს შეიცავს (ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 1952 წელს გაწევრიანდა). ანკარა ხშირად მოსკოვის საამებელ განცხადებებს აკეთებს, თუმცა რუსეთისაგან გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს. თურქეთი პირდაპირ სამხედრო ინტერვენციებს ახორციელებს სირიაში, ლიბიაში, დიპლომატიურად „აწვება“ აფრიკის ქვეყნებს, ოკუპირებული აქვს კვიპროსის ნახევარი.

იმავდროულად ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ინფლაცია ბატონობს, ეკონომიკა კრიზისში იმყოფება.  და ამ დროს, ყველასათვის საკმაოდ მოულოდნელად, რეჯეფ ერდოღანმა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა – მართალია, მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც. შეიძლება ითქვას, რომ იმ თურქეთისაგან, რომელზეც მუსტაფა ქემალ ათა-თურქი ოცნებობდა – საერო სახელმწიფოზე, დემოკრატიულზე და დასავლურზე – მხოლოდ გარე სიმბოლოებიღა დარჩა.

ამას წინათ გერმანელმა ექსპერტებმა გიუნტერ ზეფერტმა და ქრისტოფერ კუბასეკმა გამოსცეს წიგნი „დამშვიდობება ათა-თურქთან: ერდოღანისეული ახალი თურქეთის კრიზისები და კონფლიქტები“, რომელშიც ვრცლად არის აღწერილი და გაანალიზებული თურქეთის რესპუბლიკის მეტამორფოზები, თუმცა იმავდროულად ავტორები თავს იკავებენ საბოლოო დასკვნებისაგან.

ღრმა განხეთქილება

ავტორების აზრით, თურქული საზოგადოება დღეს ორადაა გაყოფილი – სეკულიარულ-დემოკრატიულად და ისლამისტურ-კონსერვატიულ ბანაკებად. სამხედროები, რომლებიც ოდესღაც ქვეყანაში გადამწყვეტ პოლიტიკურ ფაქტორს წარმოადგენდნენ და თურქეთის კურსს განსაზღვრავდნენ – ქემალისტების მემკვიდრეობას იცავდნენ, დღეს პოლიტიკოსების მკაცრ კონტროლქვეშ იმყოფებიან. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა 2016 წელს მომხდარი წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ (მისი ჭეშმარიტი მიზნები დღემდე გაურკვეველი რჩება). თურქეთში ამჟამად დასავლეთისადმი გაღიზიანება და მტრობაც იგრძნობა. ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება განსაკუთრებით ბოლო დღეებში გაღრმავდა ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების გამო. თურქეთს რეგიონში პრეტენზიები აქვს და ამ ყველაფერს პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ხელს უწყობს – მისთვის ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია ხელსაყრელია.

ევროკავშირისათვის თურქული პოლიტიკა გადაუჭრელი დილემის წინაშე ყოფნას ნიშნავს: როგორ ქვეყნად ჩათვალოს თურქეთი – ისეთად, რომელიც ახლოაღმოსავლელ ლტოლვილებს აკავებს, რომ ისინი ევროკავშირში არ შევიდნენ თუ ისეთად, რომელიც შეიძლება უკვე პოტენციურ მოწინააღმდეგედ იქნას განხილული?

ევროკავშირმა, უპირველეს ყოვლისა, თურქეთის მიმართ ერთი საერთო პოლიტიკური ხაზი უნდა იპოვოს. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ევროპელთა ცნობილი ტრადიციული აზრთა სხვადასხვაობა თურქების მიმართ კიდევ ერთი კოზირია დღევანდელი სულთნის ხელში, რომლის პოლიტიკას თანამედროვეობასთან არავითარი საერთო არ აქვს.

წყარო

„საქართველოში, იოსებ სტალინის ნაკვალევზე: გორის მუზეუმიდან წყალტუბოს აბაზანამდე“ – South China Morning Post

ჰონკონგის (ჩინეთი) უძველეს ინგლისურენოვან გაზეთ South China Morning Post-ში (დაარსებულია 1903 წელს) დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოში, იოსებ სტალინის ნაკვალევზე: გორის მუზეუმიდან წყალტუბოს აბაზანამდე“ (ავტორი – პიტერ ნევილ-ჰედლი, ჩინეთში მცხოვრები ინგლისელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ქართველების დამოკიდებულება თავიანთი ყველაზე სახელგანთქმული შვილის მიმართ საკმაოდ რთულია, მათ შორის მის მშობლიურ ქალაქ გორში, რომელიც თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს.

კავკასიის მიღმა არცერთი ქართველის სახელი არ არის ისეთი ცნობილი (ზოგიერთ მისი ეპოქის დროინდელ პიროვნებასთან ერთად), რომელიც დღეს საერთაშორისო პრესის ესოდენ დიდ ყურადღებას იპყრობდეს. ქართველი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირს 1924 წლიდან თავისი სიცოცხლის ბოლომდე მართავდა (გარდაიცვალა 1953 წელს), მსოფლიოს მოსახლეობაში იოსებ სტალინის სახელითაა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი საყოველთაოდ არის შეფასებული როგორც სასტიკი დიქტატორი და მილიონობით ადამიანის მკვლელი, გორისთვის ძალიან ძნელია დიქტატორის სახელზე უარის თქმა – იქ სხვა ასეთი ცნობილი პიროვნება ჯერ არ დაბადებულა.

საქართველოში იოსებ სტალინის მხარდამჭერი საკმაოდ ბევრია და ეს იმის მიუხედავად, რომ 1921 წელს, მოსკოვში მყოფმა ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარმა [და იმავდროულად საბჭოთა რუსეთის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრმა] ხელი შეუწყო საკუთარი დამოუკიდებელი სამშობლოს ოკუპაციას რუსეთის წითელი არმიის მიერ. შედეგი საქართველოს 70-წლიანი ყოფნით გამოიხატა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. სხვათა შორის, რუსეთის არმიის მაშინდელი თავდასხმა ძალიან ჰგავს 2008 წლის თავდასხმას, რომლის შედეგად კრემლმა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება განახორციელა.
სტალინი არასოდეს არ იქნება დავიწყებული, რასაც ქალაქ გორის ცენტრში მდებარე სტალინის სახელობის გამზირზე სტალინის სახლ-მუზეუმის არსებობა ადასტურებს.

ტურისტებისა და მოგზაურების ვიზიტი საქართველოში თბილისით იწყება, რომლის არქიტექტურაში მიმზიდველად და ელეგანტურად არის შერეული ნეოკლასიციზმი, პოსტსაბჭოური მოდერნიზმი და უძველესი, ფრესკებით დამშვენებული ეკლესიები.

საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ თუ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე, კერძო სახლების აივნებზე ევროკავშირის დროშები ფრიალებენ. ბევრი რამ მოწმობს იმას, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიღებას ესწრაფვის.

მაგრამ თბილისის ერთ-ერთ საკმაოდ ძველ რაიონში ვხედავთ დიდ ჭიშკარს, რომელზეც ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩაქუჩ-ნამგლიანი გერბია გამოსახული. აქ არის ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო სტამბა-მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთ სტალინურ „წმინდა ადგილს“ წარმოადგენს.
რევოლუციონერთა სტამბა მიწისქვეშ…

ინგლისურად შედგენილ „გზამკვლევში“ ცოტა გაურკვევლად არის მოცემული მუზეუმის მიზანი და დანიშნულება, თუმცა მთავარი გასაგებია: სტამბისათვის საბეჭდი დანადგარი რევოლუციონერებს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში 1893 წელს შეუძენიათ, შემდეგ დაუშლიათ და ჩუმად, ნაწილ-ნაწილ, საქართველოში ჩამოუტანიათ, მიწაში ვერტიკალურად ამოთხრილ შახტით საიდუმლო სათავსოში ჩაუშვიათ და შეუნახავთ. სტამბამ მუშაობა 1903 წელს დაიწყო. როგორც ამბობენ, 1979 წელს დაბადებული ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი სტამბაში 1903-1906 წლებში მუშაობდა. იგი და მისი ამხანაგები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე რევოლუციური იდეების ისეთ აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ, რომ შვეიცარიაში მყოფი რუსეთის ყველაზე დიდი რევოლუციონერის ვლადიმერ ლენინის ყურადღება მიიპყრეს. საბოლოოდ, სტამბის არსებობა პოლიციამ გაიგო და დაარბია, თუმცა რევოლუციონერებმა თავს უშველეს. მოგვიანებით ვლადიმერ ლენინი იოსებ ჯუღაშვილმა პირადადაც გაიცნო. იგი საქართველოს სხვადასხვა ადგილებში რევოლუციურ გამოსვლებს ხელმძღვანელობდა, რისთვისაც რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ ციმბირშიც გადაასახლა.

სტამბის რეკონსტრუქცია 1937 წელს მომხდარა და ალბათ, მაშინ დაიბადა იოსებ ჯუღაშვილის გმირული მუშაობის ლეგენდაც. თუმცა, სიმართლეა ეს თუ სიცრუე, ერთი რამ ცხადია: ვერტიკალურ ჭაში ჩასვლა ჟანგიანი რკინის კიბით საკმაოდ სიფრთხილეს მოითხოვს და ზოგიერთი სიგიჟედ თვლის. სტამბის ამჟამინდელი მომსახურე პერსონალიდან ერთ-ერთი ხანშიშესული ადამიანი, რომელიც მტკიცე სტალინისტია, გიდის როლს ასრულებს. იგი გვაჩვენებს, თუ როგორ იბეჭდებოდა პროკლამაციები. მუზეუმში არის იოსებ ჯუღაშვილის ხელნაწერები, გაზეთ „პრავდის“ ძველი ნომრები, რომლის რედკოლეგიის წევრად ქართველი რევოლუციონერი 1917 წელს აირჩიეს.

როგორიც არ უნდა იყოს „ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის“ ისტორია, მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს ფაქტი ჩინეთის სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოებშია შეტანილი. მართლაც, მნახველთა ჟურნალი სავსეა ჩინურ ენაზე დაწერილი შთაბეჭდილებებით და კომენტარებით. არის ინგლისურ ენაზეც: „გაუმარჯოს სტალინს!“, „გაუმარჯოს კომუნიზმს!“, გაუმარჯოს ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას!“.

გორში, სახლ-მუზეუმში…

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დიდებულად გამოიყურება. ის ღარიბული ქოხი, სადაც იოსები დაიბადა და 1883 წლამდე ხარაზი ბესოს ბიჭმა ბავშვობა გაატარა, 1937 წლიდან დიდი მემომრიალური მუზეუმის ნაწილი გახდა. ქოხი ნეოკლასკური სტილით აგებულ შენობის შიგნით არის მოთავსებული. მის უკან კი უფრო დიდ კორპუსს ვხედავთ, რომელშიც დიქტატორის ცხოვრება ფართოდ არის ასახული.

მუზეუმში საბჭოური ეპოქის სული ბატონობს: წითელი ხალიჩებით და ფიანდაზით მოგებული ბილიკით უზარმაზარი ჭაღის განათებულ ფართო მარმარილოს კიბეებზე ავდივართ, პირდაპირ იოსებ სტალინის ბიუსტთან, შემდეგ კი დარბაზებში საბჭოთა დიქტატორის ცხოვრების და ბიოგრაფიის დეტალებს ვეცნობით, რომლებისგანაცაა ბევრი არამეცნიერულად და სპეციალურად შერჩეულ-შელამაზებულადაა წარმოდგენილი.

მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა, როგორც გიდი ამბობს, 47 ათასს აღწევს. ექსპოზიცია იწყება პატარა იოსების პორტრეტით (აკვარელში შესრულებულით), მისი მასწავლებლების შესახებ და მისივე ხელით 1894 წელს დაწერილი განცხადებით, თბილისის სემინარიის რექტორის სახელზე, სასწავლებლად მიღების მიზნით. ბევრი ბიუსტები, პორტრეტები, ბრძანებების ასლები და ისტორიული ფოტოსურათები. გიდი ჰყვება სამხედრო კამპანიებზე, სტალინის პირად ნივთებზე, საფერფლის, ყალიონისა და ტანსაცმლის, აგრეთვე უცხოური საჩუქრების ჩათვლით,

მაგრამ გიდი არაფერს არ ამბობს იოსებ სტალინის მმართველობის წლებში მომხდარ უბედურებებზე – უკრაინულ „გოლოდომორზე“ 1932-33 წლებში, როცა ბოლშევიკების ხელმძღვანელობით განხორციელებული კოლექტივიზაციით გამოწვეული შიმშილობის შედეგად სამ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გიდი ასევე არ ახსენებს 1936-38 წლების პოლიტიკურ რეპრესიებს, როცა იოსებ სტალინმა თავისი კრიტიკოსები გაანადგურა და საბჭოთა ნეგატიური სინამდვილით უკმაყოფილო ადამიანები (მილიონამდე!) ციმბირში გადაასახლა და „გულაგის“ ბანაკებში ჩაამწყვდია.

მუზეუმის გიდის მლიქვნელურ მონაყოლში ერთადერთი უსიამოვნო და დისონანსური ფაქტი შეინიშნება, 1939 წელს ხელმოწერილი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომლის შედეგად ნაცისტურმა გერმანიამ და კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა, მეორე მსოფლიო ომის წინ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა გაიყვეს. აქვეა ის ქართველი ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომლებიც სტალინის მმართველობის დროს იყვნენ რეპრესირებულები.

იოსებ ჯუღაშვილის პოლიტიკური გვარი „სტალინი“ წარმოსდგება რუსული სიტყვისგან – „სტალ“ (сталь – ქართ. ფოლადი) და როგორც ჩანს, იგი ლოიალურ მიდგომას საკუთარი სამშობლოს მიმართაც არ იჩენდა. საქართველოს რეპრესირებულთა რიცხვი უპრეცედენტოდ მაღალი და არაპროპორციულია მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.

„მუზეუმში, შეიძლება ითქვას, ძირითადად 1979 წლის დროინდელი ექსპონატებია“, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი. ერთადერთი შედარებით ახალი ექსპოზიცია რეპრესიების შესახებ, კიბის ქვეშ არის განთავსებული – მნახველთა ყურადღება რომ არ მიიპყროს… მას თვითონ გიდებიც გვერდს უვლიან. თუმცა ამ გამოფენის ექსპონატებშიც კი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტები (არხებისა და რკინიგზების მშენებლობის დროს) და სადამსჯელო რაზმების მოქმედებები მხოლოდ ზოგადად არის გადმოცემული, მათ გასანეიტრალებლად მითითებულია ინდუსტრალიზაციის წარმატებები. საერთოდ კი, კიბის ქვეშ არსებულ გამოფენაში ბევრად უფრო მეტი ადგილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში რუსების სისასტიკეს აქვს დათმობილი.

მუზეუმის შენობიდან გარეთ გამოსვლისას იოსებ სტალინის პირადი რკინიგზის ვაგონიც შეიძლება ვნახოთ და ბევრი საკვირველი რამ ვნახოთ, მაგრამ უფრო მეტი საკვირველება დასავლეთ საქართველოში მდებარე წყალტუბოში გველოდება.

წყალტუბოს ბრწყინვალება და სიღატაკე

იყო დროს, როცა ყოველდღიურად ამ ბალნეოლოგიურ საკურორტო ქალაქს საბჭოთა კავშირის ცენტრიდან „მოსკოვი-წყალტუბოს“ ოთხი სწრაფი მატარებელი ემსახურებოდა – ათასობით კილომეტრის გავლას მატარებლები სულ რაღაც დღე ნახევარს უნდებოდნენ. წყალტუბოში 1930-1940-იან წლებში დამკვრელური ტემპით უამრავი მოდერნისტული სანატორიუმი და დასასვენებელი პანსიონატი აშენდა. აქვე იყო კონფორტაბელური სასტუმროები მაღალჩინოსნებისთვის და რასაკვირველია, პროლეტარიატისთვისაც.

1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წყალტუბოს ბრწყინვალების ეპოქა დასრულდა, დადგა სიღატაკის ჟამი. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ზოგიერთი მიტოვებული სანატორიუმის კარი ისევ გაიღო ლტოლვილებისათვის, რომლებიც აფხაზეთიდან 1992 წლის რუსულ ოკუპაციას გამოექცნენ. დღემდე ლტოლვილთა ნაწილი ოდესღაც დიდებულ, ამჟამად კი ბათქაშაცვენილ და საღებავგახუნებულ სანატორიუმებში ცხოვრობს.

თუმცა ბოლო დროს საქართველოს მთავრობა წყალტუბოს ძველი დიდების აღდგენას ცდილობს, კერძო ბიზნესის დახმარებით. რიგი შენობები ხარაჩოებით არის შემოსილი, მათი აღდგენის მიზნით, ზოგიერთი კი უკვე აღდგენილია – მაგალითად, ისტორიული „მეექვსე სანატორიუმის“ შენობა.

სტალინის აბაზანა

შევდივარ სანატორიუმში. კედელზე იოსებ სტალინის დიდი ჰორელიეფი ჩანს: იგი საბჭოთა ბედნიერი მუშებისაგან, გლეხი ქალებისაგან და ბავშვებისაგან ყვავილების თაიგულს იღებს. აქ თითქოს დიქტატორი ბანაობდა ხოლმე, მაგრამ რატომღაც კვალს ვერ ვამჩნევ. „მარჯვნივ წაბრძანდით“, – მეუბნება ადმინისტრატორი, – მედდა გაჩვენებთ“.

გავიარეთ სვეტებიანი ვესტიბიული, რომელიც ბრწყინვალე სასახლეს მოგვაგონებს, მივდივართ დერეფანში, მედდა აღებს ერთ-ერთ დიდ კარს და უეცრად შენობის ბრწყინვალება უკან რჩება – თითქოსდა რემონტისა თუ რეკონსტრუქციისათვის თანხები არ ეყოთ და საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. მისაღებში მასიური, მტვრიანი ტყავგადაკრული სავარძლები დგას… მარმარილოს კიბით ქვემოთ მივდივართ და დიდ აბაზანაში შევდივართ, თაღებიანი ფანჯრებით. იატაკი მოზაიკითაა მოხატული, ზღვის ცხოველების გამოსახულებებით. ეს უფრო ბავშვთა აბაზანას მოგვაგონებს, ვიდრე დიქტატორისთვის განკუთვნილ ადგილს….

ისევე როგორც იოსებ სტალინთან დაკავშირებულ სხვა ისტორიებში, ჭეშმარიტება აქაც გაურკვეველია. ამბობენ, რომ ბელადს აქაური თერმულ-რადონული მინერალური წყლებით 1931 წელს და შემდეგ 1951 წელს უსარგებლია. დღეისათვის აბაზანა აღდგენილი ჯერ არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მასაც ძველი ბრწყინვალება დაუბრუნდეს. სანატორიუმის თანამშრომლები რემონტის ვადებზე ვერაფერს ამბობენ.

ბათუმში სტალინი „არ აინტერესებთ“?

კაცმა რომ თქვას, იოსებ სტალინი წყალტუბოში უფრო მეტად ახსოვთ, ვიდრე ბათუმში, რომელიც დღეს საქართველოს მსხვილი საკურორტო ადგილია და სადაც 1900-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა იოსები რევოლუციურ გამოსვლებს აწყობდა. ამბობენ, რომ ბათუმში შემონახულია ძველი სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა, მაგრამ შენობა არცერთ რუკაზე და გზამკვლევში ნაჩვენები არ არის – მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოსდა ადგილობრივ სტალინურ „წმინდა ადგილად“ ითვლება. როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ძველ საცხოვრებელ უბანში არსებულ სახლში 1936 წლიდან მუზეუმი ყოფილა გახსნილი, ახალმშენებლობების დროს კი, 2013 წელს, დაუხურავთ [თუ დაუნგრევიათ], რადგან, საქართველოს ტელევიზიის ინფორმაციით, მოსახლეობა მის მიმართ „ინტერესს არ იჩენდა“.

წყარო