„საქართველოში, იოსებ სტალინის ნაკვალევზე: გორის მუზეუმიდან წყალტუბოს აბაზანამდე“ – South China Morning Post

170
spot_img

ჰონკონგის (ჩინეთი) უძველეს ინგლისურენოვან გაზეთ South China Morning Post-ში (დაარსებულია 1903 წელს) დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოში, იოსებ სტალინის ნაკვალევზე: გორის მუზეუმიდან წყალტუბოს აბაზანამდე“ (ავტორი – პიტერ ნევილ-ჰედლი, ჩინეთში მცხოვრები ინგლისელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ქართველების დამოკიდებულება თავიანთი ყველაზე სახელგანთქმული შვილის მიმართ საკმაოდ რთულია, მათ შორის მის მშობლიურ ქალაქ გორში, რომელიც თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს.

კავკასიის მიღმა არცერთი ქართველის სახელი არ არის ისეთი ცნობილი (ზოგიერთ მისი ეპოქის დროინდელ პიროვნებასთან ერთად), რომელიც დღეს საერთაშორისო პრესის ესოდენ დიდ ყურადღებას იპყრობდეს. ქართველი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირს 1924 წლიდან თავისი სიცოცხლის ბოლომდე მართავდა (გარდაიცვალა 1953 წელს), მსოფლიოს მოსახლეობაში იოსებ სტალინის სახელითაა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი საყოველთაოდ არის შეფასებული როგორც სასტიკი დიქტატორი და მილიონობით ადამიანის მკვლელი, გორისთვის ძალიან ძნელია დიქტატორის სახელზე უარის თქმა – იქ სხვა ასეთი ცნობილი პიროვნება ჯერ არ დაბადებულა.

საქართველოში იოსებ სტალინის მხარდამჭერი საკმაოდ ბევრია და ეს იმის მიუხედავად, რომ 1921 წელს, მოსკოვში მყოფმა ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარმა [და იმავდროულად საბჭოთა რუსეთის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრმა] ხელი შეუწყო საკუთარი დამოუკიდებელი სამშობლოს ოკუპაციას რუსეთის წითელი არმიის მიერ. შედეგი საქართველოს 70-წლიანი ყოფნით გამოიხატა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. სხვათა შორის, რუსეთის არმიის მაშინდელი თავდასხმა ძალიან ჰგავს 2008 წლის თავდასხმას, რომლის შედეგად კრემლმა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება განახორციელა.
სტალინი არასოდეს არ იქნება დავიწყებული, რასაც ქალაქ გორის ცენტრში მდებარე სტალინის სახელობის გამზირზე სტალინის სახლ-მუზეუმის არსებობა ადასტურებს.

ტურისტებისა და მოგზაურების ვიზიტი საქართველოში თბილისით იწყება, რომლის არქიტექტურაში მიმზიდველად და ელეგანტურად არის შერეული ნეოკლასიციზმი, პოსტსაბჭოური მოდერნიზმი და უძველესი, ფრესკებით დამშვენებული ეკლესიები.

საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ თუ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე, კერძო სახლების აივნებზე ევროკავშირის დროშები ფრიალებენ. ბევრი რამ მოწმობს იმას, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიღებას ესწრაფვის.

მაგრამ თბილისის ერთ-ერთ საკმაოდ ძველ რაიონში ვხედავთ დიდ ჭიშკარს, რომელზეც ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩაქუჩ-ნამგლიანი გერბია გამოსახული. აქ არის ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო სტამბა-მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთ სტალინურ „წმინდა ადგილს“ წარმოადგენს.
რევოლუციონერთა სტამბა მიწისქვეშ…

ინგლისურად შედგენილ „გზამკვლევში“ ცოტა გაურკვევლად არის მოცემული მუზეუმის მიზანი და დანიშნულება, თუმცა მთავარი გასაგებია: სტამბისათვის საბეჭდი დანადგარი რევოლუციონერებს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში 1893 წელს შეუძენიათ, შემდეგ დაუშლიათ და ჩუმად, ნაწილ-ნაწილ, საქართველოში ჩამოუტანიათ, მიწაში ვერტიკალურად ამოთხრილ შახტით საიდუმლო სათავსოში ჩაუშვიათ და შეუნახავთ. სტამბამ მუშაობა 1903 წელს დაიწყო. როგორც ამბობენ, 1979 წელს დაბადებული ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი სტამბაში 1903-1906 წლებში მუშაობდა. იგი და მისი ამხანაგები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე რევოლუციური იდეების ისეთ აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ, რომ შვეიცარიაში მყოფი რუსეთის ყველაზე დიდი რევოლუციონერის ვლადიმერ ლენინის ყურადღება მიიპყრეს. საბოლოოდ, სტამბის არსებობა პოლიციამ გაიგო და დაარბია, თუმცა რევოლუციონერებმა თავს უშველეს. მოგვიანებით ვლადიმერ ლენინი იოსებ ჯუღაშვილმა პირადადაც გაიცნო. იგი საქართველოს სხვადასხვა ადგილებში რევოლუციურ გამოსვლებს ხელმძღვანელობდა, რისთვისაც რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ ციმბირშიც გადაასახლა.

სტამბის რეკონსტრუქცია 1937 წელს მომხდარა და ალბათ, მაშინ დაიბადა იოსებ ჯუღაშვილის გმირული მუშაობის ლეგენდაც. თუმცა, სიმართლეა ეს თუ სიცრუე, ერთი რამ ცხადია: ვერტიკალურ ჭაში ჩასვლა ჟანგიანი რკინის კიბით საკმაოდ სიფრთხილეს მოითხოვს და ზოგიერთი სიგიჟედ თვლის. სტამბის ამჟამინდელი მომსახურე პერსონალიდან ერთ-ერთი ხანშიშესული ადამიანი, რომელიც მტკიცე სტალინისტია, გიდის როლს ასრულებს. იგი გვაჩვენებს, თუ როგორ იბეჭდებოდა პროკლამაციები. მუზეუმში არის იოსებ ჯუღაშვილის ხელნაწერები, გაზეთ „პრავდის“ ძველი ნომრები, რომლის რედკოლეგიის წევრად ქართველი რევოლუციონერი 1917 წელს აირჩიეს.

როგორიც არ უნდა იყოს „ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის“ ისტორია, მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს ფაქტი ჩინეთის სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოებშია შეტანილი. მართლაც, მნახველთა ჟურნალი სავსეა ჩინურ ენაზე დაწერილი შთაბეჭდილებებით და კომენტარებით. არის ინგლისურ ენაზეც: „გაუმარჯოს სტალინს!“, „გაუმარჯოს კომუნიზმს!“, გაუმარჯოს ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას!“.

გორში, სახლ-მუზეუმში…

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დიდებულად გამოიყურება. ის ღარიბული ქოხი, სადაც იოსები დაიბადა და 1883 წლამდე ხარაზი ბესოს ბიჭმა ბავშვობა გაატარა, 1937 წლიდან დიდი მემომრიალური მუზეუმის ნაწილი გახდა. ქოხი ნეოკლასკური სტილით აგებულ შენობის შიგნით არის მოთავსებული. მის უკან კი უფრო დიდ კორპუსს ვხედავთ, რომელშიც დიქტატორის ცხოვრება ფართოდ არის ასახული.

მუზეუმში საბჭოური ეპოქის სული ბატონობს: წითელი ხალიჩებით და ფიანდაზით მოგებული ბილიკით უზარმაზარი ჭაღის განათებულ ფართო მარმარილოს კიბეებზე ავდივართ, პირდაპირ იოსებ სტალინის ბიუსტთან, შემდეგ კი დარბაზებში საბჭოთა დიქტატორის ცხოვრების და ბიოგრაფიის დეტალებს ვეცნობით, რომლებისგანაცაა ბევრი არამეცნიერულად და სპეციალურად შერჩეულ-შელამაზებულადაა წარმოდგენილი.

მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა, როგორც გიდი ამბობს, 47 ათასს აღწევს. ექსპოზიცია იწყება პატარა იოსების პორტრეტით (აკვარელში შესრულებულით), მისი მასწავლებლების შესახებ და მისივე ხელით 1894 წელს დაწერილი განცხადებით, თბილისის სემინარიის რექტორის სახელზე, სასწავლებლად მიღების მიზნით. ბევრი ბიუსტები, პორტრეტები, ბრძანებების ასლები და ისტორიული ფოტოსურათები. გიდი ჰყვება სამხედრო კამპანიებზე, სტალინის პირად ნივთებზე, საფერფლის, ყალიონისა და ტანსაცმლის, აგრეთვე უცხოური საჩუქრების ჩათვლით,

მაგრამ გიდი არაფერს არ ამბობს იოსებ სტალინის მმართველობის წლებში მომხდარ უბედურებებზე – უკრაინულ „გოლოდომორზე“ 1932-33 წლებში, როცა ბოლშევიკების ხელმძღვანელობით განხორციელებული კოლექტივიზაციით გამოწვეული შიმშილობის შედეგად სამ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გიდი ასევე არ ახსენებს 1936-38 წლების პოლიტიკურ რეპრესიებს, როცა იოსებ სტალინმა თავისი კრიტიკოსები გაანადგურა და საბჭოთა ნეგატიური სინამდვილით უკმაყოფილო ადამიანები (მილიონამდე!) ციმბირში გადაასახლა და „გულაგის“ ბანაკებში ჩაამწყვდია.

მუზეუმის გიდის მლიქვნელურ მონაყოლში ერთადერთი უსიამოვნო და დისონანსური ფაქტი შეინიშნება, 1939 წელს ხელმოწერილი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომლის შედეგად ნაცისტურმა გერმანიამ და კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა, მეორე მსოფლიო ომის წინ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა გაიყვეს. აქვეა ის ქართველი ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომლებიც სტალინის მმართველობის დროს იყვნენ რეპრესირებულები.

იოსებ ჯუღაშვილის პოლიტიკური გვარი „სტალინი“ წარმოსდგება რუსული სიტყვისგან – „სტალ“ (сталь – ქართ. ფოლადი) და როგორც ჩანს, იგი ლოიალურ მიდგომას საკუთარი სამშობლოს მიმართაც არ იჩენდა. საქართველოს რეპრესირებულთა რიცხვი უპრეცედენტოდ მაღალი და არაპროპორციულია მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.

„მუზეუმში, შეიძლება ითქვას, ძირითადად 1979 წლის დროინდელი ექსპონატებია“, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი. ერთადერთი შედარებით ახალი ექსპოზიცია რეპრესიების შესახებ, კიბის ქვეშ არის განთავსებული – მნახველთა ყურადღება რომ არ მიიპყროს… მას თვითონ გიდებიც გვერდს უვლიან. თუმცა ამ გამოფენის ექსპონატებშიც კი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტები (არხებისა და რკინიგზების მშენებლობის დროს) და სადამსჯელო რაზმების მოქმედებები მხოლოდ ზოგადად არის გადმოცემული, მათ გასანეიტრალებლად მითითებულია ინდუსტრალიზაციის წარმატებები. საერთოდ კი, კიბის ქვეშ არსებულ გამოფენაში ბევრად უფრო მეტი ადგილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში რუსების სისასტიკეს აქვს დათმობილი.

მუზეუმის შენობიდან გარეთ გამოსვლისას იოსებ სტალინის პირადი რკინიგზის ვაგონიც შეიძლება ვნახოთ და ბევრი საკვირველი რამ ვნახოთ, მაგრამ უფრო მეტი საკვირველება დასავლეთ საქართველოში მდებარე წყალტუბოში გველოდება.

წყალტუბოს ბრწყინვალება და სიღატაკე

იყო დროს, როცა ყოველდღიურად ამ ბალნეოლოგიურ საკურორტო ქალაქს საბჭოთა კავშირის ცენტრიდან „მოსკოვი-წყალტუბოს“ ოთხი სწრაფი მატარებელი ემსახურებოდა – ათასობით კილომეტრის გავლას მატარებლები სულ რაღაც დღე ნახევარს უნდებოდნენ. წყალტუბოში 1930-1940-იან წლებში დამკვრელური ტემპით უამრავი მოდერნისტული სანატორიუმი და დასასვენებელი პანსიონატი აშენდა. აქვე იყო კონფორტაბელური სასტუმროები მაღალჩინოსნებისთვის და რასაკვირველია, პროლეტარიატისთვისაც.

1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წყალტუბოს ბრწყინვალების ეპოქა დასრულდა, დადგა სიღატაკის ჟამი. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ზოგიერთი მიტოვებული სანატორიუმის კარი ისევ გაიღო ლტოლვილებისათვის, რომლებიც აფხაზეთიდან 1992 წლის რუსულ ოკუპაციას გამოექცნენ. დღემდე ლტოლვილთა ნაწილი ოდესღაც დიდებულ, ამჟამად კი ბათქაშაცვენილ და საღებავგახუნებულ სანატორიუმებში ცხოვრობს.

თუმცა ბოლო დროს საქართველოს მთავრობა წყალტუბოს ძველი დიდების აღდგენას ცდილობს, კერძო ბიზნესის დახმარებით. რიგი შენობები ხარაჩოებით არის შემოსილი, მათი აღდგენის მიზნით, ზოგიერთი კი უკვე აღდგენილია – მაგალითად, ისტორიული „მეექვსე სანატორიუმის“ შენობა.

სტალინის აბაზანა

შევდივარ სანატორიუმში. კედელზე იოსებ სტალინის დიდი ჰორელიეფი ჩანს: იგი საბჭოთა ბედნიერი მუშებისაგან, გლეხი ქალებისაგან და ბავშვებისაგან ყვავილების თაიგულს იღებს. აქ თითქოს დიქტატორი ბანაობდა ხოლმე, მაგრამ რატომღაც კვალს ვერ ვამჩნევ. „მარჯვნივ წაბრძანდით“, – მეუბნება ადმინისტრატორი, – მედდა გაჩვენებთ“.

გავიარეთ სვეტებიანი ვესტიბიული, რომელიც ბრწყინვალე სასახლეს მოგვაგონებს, მივდივართ დერეფანში, მედდა აღებს ერთ-ერთ დიდ კარს და უეცრად შენობის ბრწყინვალება უკან რჩება – თითქოსდა რემონტისა თუ რეკონსტრუქციისათვის თანხები არ ეყოთ და საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. მისაღებში მასიური, მტვრიანი ტყავგადაკრული სავარძლები დგას… მარმარილოს კიბით ქვემოთ მივდივართ და დიდ აბაზანაში შევდივართ, თაღებიანი ფანჯრებით. იატაკი მოზაიკითაა მოხატული, ზღვის ცხოველების გამოსახულებებით. ეს უფრო ბავშვთა აბაზანას მოგვაგონებს, ვიდრე დიქტატორისთვის განკუთვნილ ადგილს….

ისევე როგორც იოსებ სტალინთან დაკავშირებულ სხვა ისტორიებში, ჭეშმარიტება აქაც გაურკვეველია. ამბობენ, რომ ბელადს აქაური თერმულ-რადონული მინერალური წყლებით 1931 წელს და შემდეგ 1951 წელს უსარგებლია. დღეისათვის აბაზანა აღდგენილი ჯერ არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მასაც ძველი ბრწყინვალება დაუბრუნდეს. სანატორიუმის თანამშრომლები რემონტის ვადებზე ვერაფერს ამბობენ.

ბათუმში სტალინი „არ აინტერესებთ“?

კაცმა რომ თქვას, იოსებ სტალინი წყალტუბოში უფრო მეტად ახსოვთ, ვიდრე ბათუმში, რომელიც დღეს საქართველოს მსხვილი საკურორტო ადგილია და სადაც 1900-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა იოსები რევოლუციურ გამოსვლებს აწყობდა. ამბობენ, რომ ბათუმში შემონახულია ძველი სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა, მაგრამ შენობა არცერთ რუკაზე და გზამკვლევში ნაჩვენები არ არის – მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოსდა ადგილობრივ სტალინურ „წმინდა ადგილად“ ითვლება. როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ძველ საცხოვრებელ უბანში არსებულ სახლში 1936 წლიდან მუზეუმი ყოფილა გახსნილი, ახალმშენებლობების დროს კი, 2013 წელს, დაუხურავთ [თუ დაუნგრევიათ], რადგან, საქართველოს ტელევიზიის ინფორმაციით, მოსახლეობა მის მიმართ „ინტერესს არ იჩენდა“.

წყარო