Home Blog Page 1980

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის: შეხვედრები რეგიონებში გრძელდება

ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის შემდეგ პროექტის „TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“ შეხვედრები გორსა და თელავში გაიმართება.

პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა თიბისისა და მის პარტნიორ  ტექნოლოგიურ კომპანიებში.

თუ გსურს გაიგო მეტი პროექტზე და გასცე პასუხი კითხვებს: რა შესაძლებლობებს გაძლევს პროექტი? როგორ უნდა მოხვდე სრულად დაფინანსებულ ტექნოლოგიურ კურსებზე? რას ისწავლი, როგორ ისწავლი და სად შეძლებ დასაქმებას?  შემოგვიერთდი პროექტის საინფორმაციო შეხვედრებზე გორსა და თელავში გაიმართება:

  • გორი | 3 ნოემბერი, 15:00 | ჭავჭავაძის ქ. #53, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული) |დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/AXd7pN3rW7
  • თელავი | 6 ნოემბერი, 15:00 | რუსთაველის გამზ. #11, თელავის ტექნოპარკი | დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/czQnf0JBa8

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია, საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია!

პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული მიმართულებებში.

R

“სააკაშვილი და მისი ბანდა დაინტერესებული არიან, ქვეყანაში არეულობა და სისხლისღვრა იყოს” – ალუდა ღუდუშაური

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს თუ გადავხედავთ, სრულიად ნათელია, რომ ეს არის ადამიანი, ვინც აშკარად გამოხატავს სურვილს, ზრახვას, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, არეულობა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, სწორედ სააკაშვილია ის, ვინც ამ მიზნისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა.

„სააკაშვილმა უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას: რა მიზანს ემსახურებოდა ქვეყანაში იმ ფორმით შემოსვლა? მისი მიზანი იყო, არეულობა და დესტაბილიზაცია მოეწყო, უფრო მეტიც, ქართველი ხალხის სისხლისღვრა. მათი მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება. ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მივცემთ. ქვეყანას არეულობა და დაპირისპირება არ სჭირდება, სჭირდება სტაბილურობა და მშვიდობა. თუ ფიქრობენ, რომ თავიანთი განცხადებებით თავს გადაიზღვევენ, ვერავინ დააღწევს თავს იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა ჰქვია. სააკაშვილი და მისი ბანდა დაინტერესებული არიან, რომ ქვეყანაში არეულობა და სისხლისღვრა იყოს. ეს ადამიანები ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და მათ ცოცხლად დაწვას ამართლებდნენ. ესენი არიან ამის წამახალისებელები“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურის განმარტებით, როგორც ჩანს, საქართველო სამართლიანად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამიტომ არის მცდელობა, ეს პროცესი გააუბრალოონ და ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას.

„კარგად გვახსოვს მათი ზრახვა, რომ სტატუსის არმოცემის შემთხვევაში აპოკალიფსს მოაწყობდნენ. ახლა ცდილობენ, რომ ეს პროცესი გააუბრალოონ. სააკაშვილი უღირსად და ამორალურად იქცევა. არ მგონია, რომ დედამიწაზე დარჩენილია ვინმე, ვინც მას ღირსებისა და მორალის მქონე პირად აღიქვამს. ეს არის ადამიანობისგან დაცლილი, ფარჩაკი და ბოროტი ადამიანი, რომელიც საქართველოს განვითარებას პირდაპირ ებრძვის. ეს გვაძლევს კიდევ მეტ მოტივაციას, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს. ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს და არა ისეთი, როგორიც სააკაშვილს, ადეიშვილს უნდათ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს.

სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს − საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე – ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.

ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.

სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე ასევე იმსჯელეს 75 დევნილი ოჯახისთვის (196 პირი) საერთო სარგებლობაში არსებული ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. გადასაცემი ქონება თბილისსა და დაბა წყნეთში მდებარეობს. საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი უპირველესია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება, რომ არცერთი დევნილი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.

გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს ხუთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი, რომელთა განხორციელებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უნდა ჩატარდეს. მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ჰიდროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 118 მგვ-ზე მეტია, ხოლო ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 167 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ − ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

“მაჰაჩყალას აეროპორტში განვითარებული მოვლენები გარე ჩარევის შედეგია” – პესკოვი

მაჰაჩყალას აეროპორტში განვითარებული მოვლენები გარე ჩარევის შედეგია, მათ შორის საინფორმაციო გავლენის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საყოველთაოდ ცნობილია და აშკარაა, რომ მაჰაჩყალას აეროპორტის ირგვლივ გუშინდელი განვითარებული მოვლენები, მეტწილად, გარე ჩარევის შედეგია, მათ შორის გარედან ინფორმაციის გავლენის შედეგი“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „სატელევიზიო კადრების ფონზე, რომლებშიც ნაჩვენებია საშინელება, რაც ხდება ღაზiს სექტორში – ადამიანების, ბავშვების, მოხუცების, ექიმების დაღუპვა, არაკეთილსინდისიერებისთვის ძალიან ადვილია სიტუაციის ბოროტად გამოყენება, მისი პროვოცირება და ხალხის აღელვების გამოწვევა“.

შეგახსენებთ, კვირას დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს. მომხდართა დაკავშირებით, სამართალდამცავებმა, 60 პირი დააკავეს.

უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში ომი შესაძლებელია- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი საზოგადოებას ახალი მენტალობის შექმნისკენ მოუწოდებს ისეთი კრიზისების ფონზე, როგორიც ახლო აღმოსავლეთშია.

მისი თქმით, ევროპაში ომის საშიშროება არსებობს.

„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ევროპაში ომის საშიშროება შეიძლება იყოს“, – განაცხადა პისტორიუსმა.

მისივე თქმით, გერმანიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა. ეს ეხება როგორც ბუნდესვერს, ასევე საზოგადოებას.

„ჩვენ უნდა გავხდეთ ომისთვის შესაფერისად მომზადებულები“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია არ გამოიწვევს უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის შემცირებას.

“თუ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე უარის ეტყვის, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება” – პრეზიდენტი

აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის უფრო მეტად საჯაროდ აღიარებაა საჭირო – თუ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე უარის ეტყვის, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა:

“ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, საკმარისად რეაგირებს და მხარს უჭერს საქართველოს, პრეზიდენტმა უპასუხა.

„არა მგონია და ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. მე უკვე ხუთი წელია პრეზიდენტი ვარ და ვერ მოვახერხე ჩემს დონეზე, პრეზიდენტის, ან ვიცე-პრეზიდენტის დონეზე შეხვედრის რაიმე ფორმა, თუნდაც სატელეფონო ზარის საშუალებით. მესმის, რომ უფრო გადაუდებელი საკითხები არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო.“

კითხვაზე, თუ რა აღიარებას გულისხმობდა, პრეზიდენტმა უპასუხა:

„იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ასე ესაუბრება, მაგრამ უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა ბედი ეწევა საქართველოს, თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს გაწევრიანებაზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს იქნება დიდი გამარჯვება რუსეთისთვის.

პრეზიდენტს ინტერვიუს დროს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა, კერძოდ, თუ როგორ აისახება უკრაინის ომი საქართველოს ცხოვრებაზე.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ყველაფერ იმის შეხსენება, რაც საქართველომ გამოიარა და ის ფაქტი, რომ რუსეთი ყოველთვის არის უშუალო საფრთხე. რეალობის ნაწილია, რომ რუსეთი ამოწმებს ნიადაგს საქართველოში. აქ მათი გზა, მათი მარტივი გზა, არის ჰიბრიდული ომი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ სახლში არიან -სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.

კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.

„სამწუხაროდ, მე აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოვადგენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

“სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენის სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება” – ირაკლი ქარსელაძე

რამდენიმე თვის წინ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდზე დაზიანდა ბურჯი, რომელმაც გამოიწვია ორი მალის ჩამოშლა, ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, მიზეზებს კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, – ამ განცხადებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა აღდგეს აღნიშნული ხიდი.

„ამავდროულად, მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შესაბამისი შეფასებები იქნება“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, შესწავლის შედეგად დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით, დაიგეგმება როგორც შემდგომი გადაწყვეტები, ასევე პასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

თიბისის მხარდაჭერით ხვალ ტექნოლოგიური ღონისძიება, Agile Summit გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

გამომსვლელებს შორის „ეჯაილ მანიფესტოს” თანაავტორი ალისტერ ქობერნი და ანტონ მარკი, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი იქნებიან. ადგილობრივ გამოცდილებას მსმენელს გუკა კიტია, თიბისის ეჯაილ მწვრთნელი, ჯგუფის ლიდერი გაუზიარებს.

„ეჯაილს ტექნოლოგიურ მიმართულებებში ჩაეყარა საფუძველი და, შესაბამისად, ალესტერისა და მარკისთვის სპიკერისთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანულია. არატექნოლოგიურ მიმართულებებში ეს მიდგომა ახალია და ჩვენ — თიბისი ჩვენს ახალ გამოცდილებებს გაგიზიარებთ, როგორ შევძელით პრაქტიკაში დაგვენერგა ეჯაილ მიდგომები ჩვენს სამუშაო პროცესებში არატექნოლოგიური მიმართულებით”- გუკა კიტია.

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დისტანციურად დაუსვან შეკითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორს, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.

 

R

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე ვეტოს ყველა შემთხვევაში დავძლევთ” – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რაც უფრო ახლოვდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ალბათობა, მით უფრო დაბალია რადიკალური პროცესების ტემპერატურა ქვეყანაში.

„ფაქტია, რომ რაც უფრო ახლოვდება კანდიდატის სტატუსის მიღების ალბათობა, მით უფრო დაბალია რადიკალური პროცესების ტემპერატურა. პარტნიორებს სწორედ ამას ვეუბნებოდით, რომ სტატუსის მიღება დეპოლარიზაციას შეუწყობდა ხელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობამ ვეტო უნდა დაძლიოს. დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც „პრეზიდენტმა საკონსტიტუციო მოწყობაზე უარი თქვა და ამ სივრციდან საერთოდ გავიდა, ხელისუფლებას მოუწია, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ნაცვლად აიღოს“.

„პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე როცა უარს ამბობს და ხელს არ აწერს კანონს, ბუნებრივია, ჩვენ ვეტოს დაძლევა გვიწევს. ვეტოს ყველა შემთხვევაში დავძლევთ.“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მონეტარული პოლიტიკის  შედარებით ნაკლები შერბილების მოლოდინი

ლარის განაკვეთის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ თემატური პუბლიკაცია თიბისი კაპიტალმა 17 ივლისს გამოაქვეყნა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან არაერთი, მონეტარული პოლიტიკის შედარებით უფრო ზომიერ შერბილებაზე მიუთითებს. სებ-ის განახლებული მოლოდინებითაც, შერბილების ციკლი გრძელდება, თუმცა უფრო ნაკლები ინტენსივობით.

ამ ვრცელი ჩამონათვალიდან, გასულ კვირას გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, წინა წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვა დაფიქსირდა. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ადგილი აქვს სავალუტო შემოდინებების სწორედ ნორმალიზებას და არა შემცირებას. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ისრაელის მოქალაქეების მიერ საქართველოში ტურისტული ხარჯები კვლავ შემცირებულია, თუმცა ოქტომბრის ჯამური ტურისტული შემოდინებები, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მზარდია. ასევე, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ისრაელიდან გზავნილების კუთხით ჯერჯერობით ნეგატიური ტენდენცია არ იკვეთება. ჯამური გზავნილების მხრივ კი, თიბისი კაპიტალის  პუბლიკაციებს მკითხველებს შევახსენებთ, რომ ანალიტიკური მიზნებისათვის, რუსეთიდან გადმორიცხვების მნიშვნელოვანი შესწორებაა საჭირო, რის შემდეგაც, არსებითად უფრო უკეთესი სურათი იკვეთება.

მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კვლავ კიდევ ერთი – 0.25%-იანი შერბილებაა მოსალოდნელი2024 წლის ბოლოს, საბაზო სცენარი, ნაცვლად ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული 8.25%-სა, სხვადასხვა სცენარის ალბათობების შეწონვით, დაახლოებით 8.6%-ით განისაზღვრება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა

მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა, რის გამოც, 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე რიყეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოძრაობა შეიზღუდება მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის კვეთიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან (რიყეზე გამავალი გვირაბიდან) იალბუზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ ევროპის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.