Home Blog Page 1980

“ზურაბიშვილი არის კოჭლი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი” – გიორგი ვაშაძე

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი არის კოჭლი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად გადასადგმელი აქვს ნაბიჯი, თუ უნდა, რომ გაემიჯნოს „ქართულ ოცნებას.“

„მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად გადასადგმელი აქვს ნაბიჯი, მას თუ უნდა, რომ გაემიჯნოს „ქართულ ოცნებას“, ასე უნდა გააკეთოს. ევროპულ რეზოლუციებშია ეს მიმართვები სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში. „ალდეს“ რეზოლუციაშია შეტანილი ჩვენი ეს მიმართვა, რომ მან შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. პირადი საუბრის დროს, როცა სალომე ზურაბიშვილი შეხვდა მაკრონს, ზუსტად ვიცით, რომ ამ საკითხზე იყო საუბარი და სალომე ზურაბიშვილი როცა არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ამით ასრულებს ვის დავალებას, ვის ინტერესებს ასრულებს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. აგერ, ამერიკიდან ჩამოვედით და გეუბნებით, ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის რუსეთის ინტერესებში. გეოპოლიტიკა შეიცვალა, ეს უნდა გავიგოთ. პირველივე დღიდან რაც ვთქვით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ის მოხდა იმპიჩმენტთან დაკავშირებით, როცა გეუბნებოდით რომ ამის საბოლოო შედეგი არის ფიასკო. ეს იყო მთავარი შეცდომა და ახლა ბოდიში მოუხადოს ყველამ ნაცმოძრაობას ამის გამო. სალომე ზურაბიშვილი, ვფიქრობ, რომ არის კოჭლი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი, პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი პირდაპირი არჩევნებით ახალი პრეზიდენტის არჩევნებს კი არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს იმას, რომ ხმოსნებით ქოცებმა უნდა აირჩიონ ვიღაცა სხვა. აბა, პირდაპირი არჩევნები იყოს, თუ წავიდოდა იმპიჩმენტზე ოცნება?! ვერც გაბედავდა, რადგან იცის, 2018 წელს ძლივს ძალადობით რომ წაიღეს არჩევნები, ახლა აღარ გამოუვათ, ამაშია რეალობა, სიმართლე თუ გაინტერესებ. ამიტომ, არ გაგვივლია იოტისოდენა აზრიც კი, რომ ამ თემაზე გვევაჭრა ან რამე გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ვაშაძემ.

უცხოური ვალუტის კურსი 2 ნოემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7149 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7149 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8650 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8877 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0227 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პროდასავლელ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება”

ახლა აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პროდასავლელ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით, რომ დღევანდელი ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„თუ ამ დრომდე არსებობდა კითხვები ხელისუფლების საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით, ახლა ეს კითხვები პასუხგაცემულია და განსაკუთრებით პასუხგაცემულია რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ახლა აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პროდასავლელ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზების შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, აშშ ფორმალურად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღების გადაწყვეტილების ნაწილი, ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაა, თუმცა აშშ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ საუბრების და მოლაპარაკებების, რომელიც წინ უსწრებს ამ გადაწყვეტილებას. აქაც, რა თქმა უნდა, ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ შეასრულოს ეს რეკომენდაციები, არ განახორციელოს რეფორმები „რუსულმა ოცნებამ“ და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიზანმიმართული საბოტაჟირება მოახდინონ. ჩვენ აშშ-ის დედაქალაქსა და ევროპულ დედაქალაქებშიც გავიმეორეთ ის გზავნილი, რომ ამ ისტორიულ მომენტში აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია და საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ასევე, ჩვენ შეხვედრებზე ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნების წინ საქართველოში მაღალი დონის დელეგაციები, რეზოლუციები და მოსმენები.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მას დააკვირდნენ გრძელვადიანი დამკვირვებლები. მივიღეთ პირობა, რომ არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი იქნება საქართველოში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლითაც მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება – პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ერთხმად, მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება როგორც მოქალაქეების, ისე უწყების დრო და რესურსები; გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება, გადააბაროს გამოცდა შეუზღუდავად. გამოცდის ჩაბარებისას მისი შედეგები ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდება; მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება, რითაც სრულად შესრულდება გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, პატიმრის ოჯახის წევრებმა საწვავი გადაისხეს და ცეცხლი წაიკიდეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, პატიმრის ოჯახის წევრებმა საწვავი გადაისხეს და ცეცხლი წაიკიდეს.

ირაკლი და მარინა გაბელაიებს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მათ შორის სახეზე მიიღეს.

ისინი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის პატიმრობას აპროტესტებენ. მათი თქმით, არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა, თუმცა ამის მიუხედავად, მოსამართლემ უმკაცრესი გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი გაბელია დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

“აშშ-ში მივიღეთ გარანტია, რომ არჩევნებს ყველა დააკვირდება” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, ამერიკელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება, გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, იოტისოდენადაც არ შემცირებულა.

აღნიშნული შესახებ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, აშშ-ში, 5 დღის განმავლობაში უმაღლეს დონეზე გამართეს შეხვედრები, მათ შორის სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ანალიტიკურ წრეებში. მისივე თქმით, მიიღეს გარანტია, რომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები ჩამოვლენ და არჩევნებს ყველა დააკვირდება.

„წარმოუდგენლად მაღალია საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის მხრიდან ინტერესი პოლიტიკური თუ ექსპერტული წრეების მხრიდან და ამის კონკრეტული დადასტურება არის შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი, რომელზეც ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში იყო კიდევ მსჯელობა, მათ შორის საქართველოს კონტექსტში. შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი მოიცავს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური კუთხით სრულიად ახალი მექანიზმების შექმნას აშშ-ის მხრიდან. ვგულისხმობ იმას, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულიად ახალი მიდგომა იქნება, რომ მშვიდობა გარანტირებული იყოს, მათ შორის საქართველოში და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში. ეკონომიკური კუთხით, ფაქტობრივად, აშშ-ის ბიუჯეტი ან სხვა მექანიზმები შეიძლება იქნეს მოძიებული, რომ ამერიკული ინვესტიციები შემოვიდეს მთლიანად შავ ზღვაში და საქართველოში, რაც ახლო მომავალში სრულიად ახალ პერსპექტივას ნიშნავს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველოს აშშ განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს შავი ზღვის რეგიონში, ოღონდ სწორედ საზოგადოების განწყობის გამო. „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება, გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, იოტისოდენადაც არ შემცირებულა. ამას აფასებენ და სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით აქტიურები იქნებიან“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, არჩევნების თემა მთავარი განხილვის საგანი იყო.

„ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები ჩამოვლენ საქართველოში და არჩევნებს ყველა დააკვირდება. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ მოვუწოდებ, ის სიყალბე, რისთვისაც ემზადებით, არ გამოგივათ არცერთ შემთხვევაში, რადგან მთელი დასავლური სამყარო აშშ-თან ერთად არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

“ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და კვირაში ორჯერ სააკაშვილი უნდა იწყალოს?”

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ ბრალი, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა და სასჯელი არ არის, მასზე პრეზიდენტი შეწყალებას ვერ გასცემს.

„მიხეილ სააკაშვილი სამი საქმიდან ერთ საქმეზეა მისჯილი, ორზე სასჯელი არ არის. როგორც კი ერთ საქმეზე შეიწყალებს პრეზიდენტი, მეორეზე შეაბრუნებენ ციხეში. მერე მესამეზე შეიწყალოს? ანუ, სალომე ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და კვირაში ორჯერ სააკაშვილი უნდა იწყალოს? ამას ნიკა გვარამია როგორ ამბობს, გაოგნებული ვარ, რადგან კვალიფიციური იურისტია. წინმსწრებად ხომ არ შეიწყალებს? შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია ხომ არ არის, ინდულგენციებს რომ გასცემდნენ? ეს ასე არ ხდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ნიკა გვარამიას დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მას გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, გვარამიამ აღნიშნა, რომ „ფსიქიკური არასტაბილური პრობლემის გამო, მას რაღაც მოსრიალებები ჰქონია“.

„ამ განცხადებით, გვარამია ცდილობს, თავისი დღევანდელი ფსიქიკური პრობლემების რაღაცნაირად გადაფარვას. გვარამიას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, სხვანაირად ის, იმ ბინძურ საქმიანობაში ვერ იქნებოდა ჩართული და ვერ იქნება ჩართული, რაშიც დღემდე არის ეს ადამიანი ჩართული. რა თქმა უნდა, მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს ფსიქიკური პრობლემები დღესაც აქვს და ეს არის შემდგარი ფაქტი, საკმარისია, მის განცხადებებს მოუსმინო დღემდე და შესაბამისი დასკვნის გაკეთება არ გაუჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ნიკა გვარამია პოლიტიკიდან არასდროს წასულა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სახეა.

„გვარამია პოლიტიკიდან არასდროს წასულა, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე, შესაბამისად, შეიძლება ვიხილოთ მომავალშიც ამ პოლიტიკურ პარტიაში, როგორც დღეს არის, არსად წასულა, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სახე მთელი ამ წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გააგრძელებს ამ როლის შესრულებას მომავალშიც. განახლებაზე რომ საუბრობს გვარამია, რომელიც თავის დროზე ადეიშვილის, გენპროკურორის მოადგილე იყო, როცა „იმედში“ შეიჭრა მისი პოლიტიკური პარტია, განახლებაზე საუბრობს ყველაზე ნაფტალინიანი პოლიტიკოსი საქართველოში – გვარამია. აქედან ჩანს, როგორი რესურსი აქვს განახლების, ამ პოლიტიკურ პარტიას, რა თქმა უნდა, არავითარი განახლების რესურსი არ აქვს, ამიტომ ზის „ნაცმოძრაობის“ სახელით დღეს პარლამენტში სალომე სამადაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ხაბეიშვილი და ა.შ. ეს არის მათი განახლება, ამის იქით მათ განახლების რესურსი არ აქვთ, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა, რადგან არც ერთ კეთილსინდისიერ ადამიანს „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოება არ უნდა, თუ განახლდებიან, ისევ ძველი სახეებით. გვარამია წლების მანძილზე „ნაცმოძრაობაში“ მეორე კაცი იყო, როცა „ნაცმოძრაობამ“ მძიმედ წააგო ყველა არჩევნები, რა თქმა უნდა, გვარამიაც იქნება ფაქტორი, მორიგი მარცხისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

“სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და ის არ შეგვიცვლია” – მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

სინოდმა გადაწყვეტილება მივიღეთ და ის არ შეგვიცვლია – ქრისტე იყო მიმტევებელი და ჩვენც თუ ქრისტიანები ვართ, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენც მიმტევებლები უნდა ვიყოთ,- ასე უპასუხა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება, თუ არა წმ. სინოდის 2 ნოემბრის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი.

მეუფე იაკობს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე იმსჯელებენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები სხდომაზე და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ სინოდის სხდომა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებითაა მოწვეული.

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, პატრიარქის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდის სხდომა. არც მეუფე შიოს და არც ჩვენ, არცერთ არ გვაქვს უფლება, რომ სინოდი მოვიწვიოთ, პატრიარქის გარდა ვერავინ მოიწვევს“, -განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის „სხვა სახით შეღავათის მიცემას“ ემხრობა.

„გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”. ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

“ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს” – კარასინი ზურაბიშვილზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ CBS NEWS-თან ინტერვიუში, რუსეთის მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას „ბოდვას“ უწოდებს.

კარასინის თქმით, „ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები ანერვიულებს”.

„სალომე ზურაბიშვილი რუსული თემით პარაზიტირებს. ახლა ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც „მტრის ენაზე ლაპარაკობენ“, ანერვიულებს. პრეზიდენტი ამაში წინაპირობას ხედავს, რომლითაც რუსეთი სრულფასოვანი ომის გამოცხადებას შეძლებს და იგი მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თბილისსაც ესმის“, – წერს გრიგორი კარასინი „ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, „ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.

თიბისი ტექ გუნდი საერთაშორისო კონფერენციას, NDC Porto-ს დაესწრო

თიბისი თანამშრომლების კომფორტზე, განათლებისა და გამოცდილების მაღალ ხარისხზე აქტიურად ზრუნავს. კომპანიამ საკუთარ ტექ გუნდზე ზრუნვის ახალი ეტაპი დაიწყო, რაც წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მათ დასწრებასა და მიღებული ცოდნის თიბისიში  იმპლემენტაციას გულისხმობს.

თიბისის .Net დეველოპერები პორტოში, ტექნოლოგიების სფეროს ენთუზიასტების ერთ-ერთ საყვარელ კონფერენციას, NDC Porto-ს დაესწრნენ. NDC ნორვეგიული კონფერენცია, რომელიც დეველოპერებისთვის 2008 წლიდან ტარდება. გამოცდილების დაგროვებისა და ნდობის მოპოვების შემდეგ კონფერენციის მასშტაბები ეტაპობრივად გაიზარდა — ის სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ტარდება, რათა დასწრება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეძლოს.

კონფერენციის ფორმატი ძალიან საინტერესოა. მოწვეული მსოფლიო დონის სპიკერები, რამდენიმე დღის განმავლობაში, საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გიზიარებენ. ამასთან ერთად, ახალ ტექნოლოგიურ სიახლეებს გვაცნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სპიკერების გარდა, კონფერენციაზე ბევრ საინტერესო ვორქშოფს შეხვდებით” – ნინო ჩოგოვაძე, თიბისი ტექ გუნდის წევრი.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს თანამშრომლების ტექნოლოგიურ განვითარებას და შეძენილი საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.

“თუ პარლამენტში ვინმეს ზრდილობა ეშლება, ეს სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პარლამენტში ვინმეს ზრდილობა ეშლება, ეს სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ბოდიში“ თეონა აქუბარდიას, ირაკლი ბერაიასგან განსხვავებით, კაცი დეპუტატებისთვის არასდროს მოუხდია.

მისივე თქმით, ირაკლი ბერაიას ბოდიშის მოხდა არ გასჭირვებია, რადგან ის არის ღირსეული ადამიანი.

„ირაკლი ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა. როდესაც ეს ადამიანები, მათ შორის, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები საუბრობენ ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მათ ამის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი სწორედ ეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან. ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობასა და ეთიკას მიხედონ, სადაც სერიოზული პრობლემები და ხარვეზები აქვთ. ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატს „პატარა კაცებს“ რომ ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? თქვენ „ბოდიში“ თეონა აქუბარდიასგან გახსოვთ, რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა? ამიტომ ორმაგი სტანდარტები არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი – სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება, იქ არ გვიჭირს ხოლმე და არც ირაკლი ბერაიას გაუჭირდა სინანულის გამოხატვა.

ჩვენ „ბოდიშიც“ კი არ მოგვისმენია ამ კონკრეტული დეპუტატებისგან, როცა ისინი უზრდელობდნენ, არღვევდნენ ეთიკის სტანდარტებს. ეს არ გაუჭირდა ირაკლი ბერაიას, იმიტომ, რომ ის არის ღირსეული ადამიანი. როგორ შეიძლება ქალი დეპუტატი იქცეოდეს ისე, როგორც ესენი იქცევიან?! ისინი ახდენენ, მათ შორის, გენდერული კვოტების დისკრედიტაციას, რაც ჩვენ შემოვიღეთ. როცა ამ დეპუტატებს ვუყურებ, აშკარად ხდება ამ კვოტების დისკრედიტაცია. თუკი ვინმე ამ პარლამენტში ახდენს პოლარიზაციას ხელოვნურად, ესენი არიან სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. მინდა მანდ მოვუწოდო, პატივი სცენ საკუთარ საპარლამენტო სტატუსს, იმას, რომ არიან ქალი დეპუტატები და მოიქცნენ სხვანაირად! მათ აქვთ ორმაგი, შვიდმაგი სტანდარტი, ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი, რომ უნდა იყოს ეთიკური წესები დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.