Home Blog Page 1980

პარტია „ლელო“ პარლამენტთან სოლიდარობის აქციას მართავს

ოკუპირებულ აფხაზეთში, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად პარტია „ლელო“ პარლამენტის უკანა შესასვლელთან სოლიდარობის აქციას მართავს.

მათ ხელში უჭირავთ ბანერი, წარწერით, „სოლიდარობა ირაკლი ბაბუას”.

„ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ირაკლი ბებუას გათავისუფლება ეროვნული ინტერესის და ღირსების საქმეა.

„ჩვენ, „ლელო”, ირაკლი ბებუასა და დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის იზოლატორებში იმყოფებიან, სოლიდარობას ვუცხადებთ. ირაკლი ბებუას და ქრისტინა თაკალანძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და სასწრაფოდ საჭიროებს რეაგირებას. სახელმწიფოს, ხელისუფლებას შეუძლია, რომ ძალისხმევა საერთაშორისო დონეზე გააძლიეროს. ბებუას გათავისუფლება ეროვნული ინტერესის, ღირსების საქმეა. საჭიროა, რომ ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენონ, ამის ბერკეტები აქვთ განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს. თუ ისურვებენ, იქნება სახელმწიფოებრივი მიდგომა და პატრიოტული სულისკვეთება, ეს ადამიანები სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს”, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მან გალის რაიონში „აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა“ დაწვა. ის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის”, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების” და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის” მუხლებით გაასამართლა. მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის: კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

„TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“, სრულად დაფინანსებულ, ტექ-პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

iOS Development, კიბერუსაფრთხოება, DevOps, ინფორმაციული უსაფრთხოება, Python, React, Blockchain – ეს ის პროგრამებია, რომელთა შესწავლას, 18 წელს ზევით ყველა მსურველს, თიბისი USAID-თან პარტნიორობით გთავაზობთ. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

1-დან 25 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე:

  1. DevOps – https://forms.office.com/e/C97JLKgStY
  2. Blockchain – https://forms.office.com/e/7eepMNKH26
  3. კიბერუსაფრთხოება – https://forms.office.com/e/Lnu5mKR7YB
  4. ინფორმაციული უსაფრთხოება – https://forms.office.com/e/RQkn5wMcRn

 

ნოემბრის ბოლოდან კი მსურველები შეძლებენ დარეგისტრირდნენ შემდეგ პროგრამებზე:  iOS Development; React; პროგრამირების საფუძვლები (Python); Advanced Python (Django);

კურსები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით. სწავლების ხანგრძლივობა, კურსების მიხედვით, 3-6 თვეა. სწავლა 2024 წლის თებერვალში დაიწყება.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა თიბისისა და მის პარტნიორ  ტექნოლოგიურ კომპანიებში.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

„თიბისიმ IT აკადემია 2019 წელს შექმნა. აქ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს  შესაძლებლობა აქვთ ტექ. პროფესიონალები გახდნენ. ამ პერიოდის მანძილზე 1,000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს და რაც ძალიან გვახარებს, 300-ზე მეტი წარმატებული კურსდამთავრებული დღეს თიბისისა და შვილობილ კომპანიებში მუშაობს. USAID-თან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში საშუალება გვაქვს კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი გავზარდოთ და გავაძლიეროთ საქართველოში IT ეკოსისტემა” – თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.

(R)

რაზე იმსჯელებს დღეს სინოდი – ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რა საკითხებზე იმსჯელებენ სინოდის წევრები დღევანდელ სხდომაზე, წინასწარ უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ზოგადად მიმდინარე ომის საკითხს გამოეხმაურონ.
„ომი ისეთი თემაა, რომ გლობალურია, ძალიან მასშტაბური და ყველას გვეხება. არ არის გამორიცხული, რომ ამას გამოეხმაუროს სინოდი”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მან უპასუხა შეკითხვას, თვითონ მეუფე შიოს ჰქონდა თუ არა სურვილი, რომ ყველა ეპისკოპოსი დასწრებოდა სინოდის დღევანდელ სხდომას, მათ შორის საზღვარგარეთ მოღვაწე უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები.
„მე არ მესმის, რისი მომტანია ეს სპეკულაციები. მთავარი თემა არის ის, რომ პატრიარქი იწვევს სინოდს და არა მეუფე შიო და თუ იწვევს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა უნდა მოვიდეს, სადაც არ უნდა იყოს. სინოდის სხდომაზე არდასწრება უნდა იყოს საპატიო მიზეზით განპირობებული. არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, თუკი პატრიარქის მოწვევა მიიღეს და ჩათვალეს, რომ უნდა ჩამოვიდნენ. ბუნებრივი ამბავია, მაგრამ მეუფე შიოს არ მოუწვევია”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება ცალკეული თეოლოგების განცხადებებს, ჯაღმაიძის თქმით, მათი განცხადებები არ არის საინტერესო, რადგანაც მუდმივად ისმის სპეკულაციები.
“სულ რაღაცა პროგნოზებია, რომელიც რაღაც სკანდალს ემსახურება, სხვა არაფერს”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.b

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიას მიმართავენ

170-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით, ევროკომისიას მიმართავს, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

მათივე განცხადებით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სჯერათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ქართველ ხალხს დაეხმარება, უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია. ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაერთიანებს საერთო მისია – დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები.

ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად – მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში.

ამიტომაც, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა. დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს.

ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ, და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს. 2023 წლის მარტში ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.

ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს.

მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ტაილანდმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა

ტაილანდმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაილანდის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტაილანდის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ კვირას ტაილანდის პარლამენტის სპიკერის მიერ შექმნილმა სამკაციანმა გუნდმა თეირანში მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა.

„მე მათ მძევლების გათავისუფლება ვთხოვე, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან. დამარწმუნეს, რომ მათზე კარგად ზრუნავენ, მაგრამ გათავისუფლების თარიღი ვერ მითხრეს, ისინი შესაფერის დროს ელოდებიან“, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, არიპენ უტარასინმა.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად ტაილანდის 32 მოქალაქე დაიღუპა და 19 დაიჭრა.

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, „ბოკო ჰარამის“ ექსტრემისტებმა ორი სხვადასხვა თავდასხმა განახორციელეს და სულ მცირე 37 ადამიანი მოკლეს. „ბოკო ჰარამის“ სამიზნეს იობეს შტატის გეიდამის რაიონი წარმოადგენდა.

მოწმეების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მოგვიანებით 20 ადგილობრივი, რომელიც მათ დაკრძალვაზე მიდიოდა, ნაღმზე აფეთქდა.

ცნობისთვის, „ბოკო ჰარამის“ ისლამურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში აჯანყება 2009 წელს დაიწყო, რათა რეგიონში შარიათის კანონის რადიკალური ინტერპრეტაცია დააწესოს. მათი შეტევების შედეგად სულ მცირე 35,000 ადამიანია დაღუპული და 2 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება.

ყირიმში რუსმა სამხედროებმა 6 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

ყირიმში რუსმა სამხედროებმა 6 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხუთი კი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ობიექტებზე თავდასხმის მცდელობისას უკრაინამ თვითმფრინავის ტიპის დრონები გამოიყენა.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება -ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება. ამის შესახებ ბაიდენმა მინესოტაში განაცხადა. მან ღონისძიებაზე აუდიტორიაში მყოფ ქალს უპასუხა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს მიმართა, მოუწოდოს ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ.

„ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს, რომ დრო დავუთმოთ მძევლების გამოყვანას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და 240 მძევალის გათავისუფლებას, რომლებიც „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია „წარმოუდგენლად რთულია“ როგორც ისრაელელებისთვის, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის.

„მე მხარი დავუჭირე ორი სახელმწიფოს პრინციპებზე დაყრდნობით გამოსავლის მოძებნას. საქმე ის არის, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

“მივესალმებით ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ღაზიდან ევაკუაციას”- ევროკომისია

ევროკავშირი მიესალმება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების, ასევე დაშავებულების ევაკუაციას ღაზასა და ეგვიპტეს შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით, – ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ეგვიპტის ხელისუფლებას მადლობას უხდის ძალისხმევისთვის, რის შედეგადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის ევროპელ მოქალაქეებს, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს და მათ ოჯახებს საშუალება ეძლევათ უსაფრთხოდ შევიდნენ თავიანთ ქვეყნებში.

„უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნას ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელიც და აცხადებს, რომ ევროკავშირის პრიორიტეტს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და მძიმე სიტუაციის შემსუბუქება წარმოადგენს.

„მადლობას ვუხდით ეგვიპტეს ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის, რათა ადამიანებს, მათ შორის დაშავებულებს, ღაზას დატოვების საშუალება მიეცეთ. ასევე მადლობას ვუხდით აშშ-სა და კატარს, რომ შუამავლობდნენ ამ ჰუმანიტარულ შეთანხმებას. ჩვენი მხრიდან, სრულად მობილიზებული ვართ და ვთავაზობთ მხარდაჭერას ღაზაში ტანჯვის შესამსუბუქებლად. მოვუწოდებთ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და პაუზების გამოცხადებისკენ, გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და მზარდი მძიმე სიტუაციის შემსუბუქება ჩვენი პრიორიტეტია“, – აცხადებს ბორელი.

BBC-ის ინფორმაციით, ღაზას დატოვება და ეგვიპტეში გადასვლა გუშინ 400-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო. რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ღაზის სექტორიდან გასვლის საშუალება დღეს, დაახლოებით, 500 ადამიანს მიეცემა.

მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს – სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს -ჯოზეფ ბორელი

მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია იმის ფონზე, რომ 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა.

მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს.

ჩვენი დახმარება გრძელდება, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა”, – წერს ბორელი.

ბრძნული გამოსავალი არსებობს: ორი ხალხი, ორი სახელმწიფო -რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტას.

“ორი ხალხი, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ. ბრძნული გამოსავალი არსებობს: ორი ხალხი, ორი სახელმწიფო, ოსლოს შეთანხმების თანახმად: ორი ძალიან შეზღუდული სახელმწიფო და იერუსალიმი განსაკუთრებული სტატუსით”, – აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტა ათწლეულებია საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანს წარმოადგენს. ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ეს კონფლიქტის ერთადერთი გამოსავალია.

ხვალ ენტონი ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში ჩავა

ხვალ, 3 ნოემბერს, ისრაელსა და იორდანიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩავა. ამის შესახებ შტატების საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენი, ორივე ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, პირველწყაროდან გაეცნობა.

„სახელმწიფო მდივანი პარასკევს ისრაელსა და იორდანიაში მიემგზავრება. შეხვდება ისრაელის პრემიერ მინისტრს, ნეთანიაჰუს და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რათა განახლებული ინფორმაცია მიიღოს მათი სამხედრო მიზნებისა და ოპერაციის შესახებ. ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს ისრაელის მხარდაჭერას და ქვეყნის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების გათვალისწინებით. ასევე იმსჯელებს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებისა და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის აუცილებელი ზომების შესახებ. სამოქალაქო პირების დაცვა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა იქნება იორდანიაში დაგეგმილი შეხვედრების დღის წესრიგშიც. იმსჯელებენ მძევლების გათავისუფლების საკითხზეც“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.