Home Blog Page 1979

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საჰაერო განგაში მიზეზი რუსეთში ავიაგამანდგურებლების აფრენა გახდა.

„მთელ უკრაინაში სარაკეტო საფრთხეა, დაფიქსირებულია მიგ-31კ-ს აფრენა „მოზდოკის“ აეროდრომიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

“მელიამ თავი დაიტოვა პარტიის მიღმა” – თინა ბოკუჩავა

მელიამ თავი დაიტოვა პარტიის მიღმა – ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და როცა ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს, რომ ისაუბრონ გაუთავებლად მის წასვლა-არ წასვლაზე, როცა ადამიანი წასულია, მგონი ცხადია უკვე, ვის მიზნებს ემსახურება,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მელიას უახლოეს მომავალში სხვა პარტიაში ან პლატფორმაზე იხილავენ.

„მან არ გამოიყენა ერთობის მანიფესტზე ხელმოწერის შესაძლებლობა და პრეზიდენტი სააკაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, თავი დაიტოვა პარტიის მიღმა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას ვიხილავთ ან სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან სხვა პლატფორმაზე და ეს მისი არჩევანია. ბუნებრივია, მე იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ყველა პროდასავლელი ჩაერთვება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ეს არის მთავარი ამოცანაა და ამით უნდა იხელმძღვანელოს ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც თავს რეჟიმის მოწინააღმდეგედ მოიაზრებს.

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება [პარტიიდან გასვლის თაობაზე] თავად ნიკა მელიამ მიიღო, როცა მან პრეზიდენტი სააკაშვილის შემოთავაზებაზე უარი თქვა და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს, რომელიც იქნებოდა შანსი მისი რეინტეგრაციისთვის პარტიაში, რომელსაც დიდი ხანია მძიმე ბრალდებებს უყენებს.

10 წუთია ვპასუხობ კითხვას, რომელიც ვფიქრობ, არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო, ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და როცა ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს, რომ ისაუბრონ უსაგნოდ და უსაზღვროდ და გაუთავებლად მის წასვლა-არ წასვლაზე მაშინ, როცა ადამიანი წასულია და ამას თავად ამბობს, მგონი, ცხადია უკვე, ვის მიზნებს ემსახურება,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში – ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ -პრემიერი

1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა.

„რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური დინამიკა. მინდა გამოვეხმაურო საქსტატის მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს. წელს, ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა, ამიტომ, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების მაღალ ტემპს “, – განაცხადა პრემიერმა.

“მოქალაქე საარჩევნო უბანზე მეორედ თუ მივა, ელექტრონული მანქანა ხმის მიცემის საშუალებას არ მისცემს” – არჩილ თალაკვაძე

ეს არის შეტევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის ადმინისტრირებაზე. არაფერი უნდოდა იმის გარკვევას, რომ მოქალაქე, რომელიც არჩევნებზე პირადობის მოწმობით მივა, ერთ საარჩევნო უბანზე იმ შემთხვევაში მისცემს ხმას, თუ ელექტრონულ მანქანაში მისი სახელი და გვარი, მისი პირადი ნომერი იქნება დარეგისტრირებული,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ISFED-ის მიერ საარჩევნო ელექტრონული აპარატების შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მოქალაქე საარჩევნო უბანზე მეორედ თუ მივა და იმავე პირადობის მოწმობას აჩვენებს, ელექტრონული მანქანა მას ხმის მიცემის საშუალებას არ მისცემს.

„ერთ უბანზე ხმის მიცემის შემდეგ თუ სხვა უბანზე მივა და ხმის მიცემას ხელმეორედ შეეცდება, ელექტრონული მანქანა არც ამის საშუალებას იძლევა, რადგან სხვა საარჩევნო უბანზე მისი სახელი და გვარი არ არის რეგისტრირებული. ამის გარკვევა უმარტივესია, ვიდრე ანგარიშს გამოაქვეყნებ და დეზინფორმაციას გაავრცელებ. რა თქმა უნდა, ავტორიტეტისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია ასეთ ნიუანსებს უნდა ამოწმებდეს. შეიძლება, საქმე გაცილებით უარეს ამბავთან გვაქვს, როცა მათ ეს გადამოწმებულიც აქვთ, იციან კიდეც, მაგრამ დეზინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ. შეიძლება, ეს იმ შავი კამპანიის ნაწილი იყოს, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ცესკო-სა და ელექტრონული სისტემის წინააღმდეგ ვხედავთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ ეს არის საიმედო სისტემა, რვა-ცხრა არჩევნებზე იმუშავა, აჩვენა, რომ საიმედოა და ნდობას იმსახურებს, რის შემდეგაც გააქტიურდა ასეთი სახის საინფორმაციო ხაზი. შეიძლება, ეს იყოს ამ ხაზის ნაწილიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას -ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც ისედაც განსაზღვრული იყო და არის შემადგენელი 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე 9 ნაბიჯის. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცებაზე. 15:00 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა პარტიაში და პარლამენტარებთანაც გავიარეთ ეს საკითხები – ე.წ. 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ“, – აღნიშნა პრემიერმა.

“ისრაელი უკმაყოფილოა „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელ პირთა სიით, რომელიც მან დღეს მიიღო” – „როიტერსი“

ისრაელი უკმაყოფილოა „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელ პირთა სიით, რომელიც მან დღეს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელი აპროტესტებს გასათავისუფლებელ პირთა სიის შემადგენლობას. ამასთან, იმავე წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ თავად „ჰამასიც“ პრობლემურად მიიჩნევს იმ პირთა სიას, რომელთა გათავისუფლებას ისრაელი შეთანხმების ფარგლებში აპირებს.

„როიტერსის“ ცნობით, კატარი ჩართულია მედიაციის პროცესში, რათა დღეს მძევალთა გაცვლის პროცესი არ გადაიდოს.

მდაბიო საქციელი ვიხილეთ ხაბეიშვილის მხრიდან -გიორგი პატარაია

მდაბიო საქციელი ვიხილეთ ხაბეიშვილის მხრიდან. წარმოუდგენელია, ადამიანმა, ვინც პარტიაში გასტროლიორად იყო წარმოდგენილი, ხან მიდიოდა, ხან მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის ადამიანები გარიცხოს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის და ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი პატარაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თავად პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

„სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან. ანალოგი თუ მოიძებნება, ეს გახლავთ, ალბათ, საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლებს რომ ადამიანებს პარტიიდან რიცხავდნენ და სასჯელს უწესებდნენ. წარმოუდგენელია, ადამიანმა ვინც პარტიაში გასტროლიორად იყო წარმოდგენილი, ხან მიდიოდა, ხან მოდიოდა და სეირნობდა აქეთ-იქით „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის ადამიანები გარიცხოს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და პარტიის წარმატებისთვის იბრძოდნენ. სამწუხარო და მდაბიო საქციელია მისი მხრიდან. რაც შეეხება მე მივდივარ თუ არა პარტიიდან, მე ნამდვილად არსად წავსულვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არასდროს – უკვე 22 წელია ამ პარტიაში ვარ და არც ახლა ვაპირებ წასვლას. თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული პიროვნება, ვიხილავთ. რაც ყველაზე მთავარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო, რომ შიდაპარტიულ პროცესებში მუდმივად იყო კამათი, განსხვავებული აზრები და არასდროს არავის მოსვლია აზრად ვინმეს გარიცხვა, გამორიცხვა თუ გაგდება. სამწუხაროა ის ფაქტი, რაც გუშინ „ფორმულას“ ეთერში ვიხილეთ,“- განაცხადა პატარაიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პენიტენციურ სამსახურს რეკომენდაციებით მიმართავს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში პენიტენციური სამსახურისთვის გაცემულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ როგორც ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას გამოვლინდა, პრაქტიკაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები არ ახორციელებენ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უშუალო მონიტორინგს.

„მიზანშეწონილია სამართლებრივ აქტებში მკაფიოდ დარეგულირდეს საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა ქცევაზე ზედამხედველობის, მეთვალყურეობის წესები და დაევალოს პენიტენციურ სამსახურს ასეთი ტიპის პატიმრებზე ზედამხედველობის განხორციელება“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში საუბარია კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, კერძოდ, სუიციდის პრევენციის პროგრამის ეფექტიანობის ხარისხზე. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა გამოვლენა და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.

„მიზანშეწონილია, პროგრამით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად – სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირება და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, დაიხვეწოს სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასებისას ქულების მინიჭების სქემა, რათა არ მოხდეს ისეთი პატიმრებისთვის დაბალი რისკის განსაზღვრა (რაც ნიშნავს პატიმრის დარჩენას სუიციდის პრევენციის პროგრამის მიღმა), რომლებიც ობიექტურად არიან საშუალო ან/და მაღალი რისკის მატარებელნი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის მიხედვით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებული ხარვეზები.

მიზანშეწონილია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად შეიმუშაონ და გააუმჯობესონ მათი კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების წესები. სასურველია ინსპექტორის თანამდებობაზე მყოფ პირს გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება და სამართლებრივი აქტით მკაფიოდ გაიწეროს მისი ფუნქცია-მოვალეობები.

მიზანშეწონილია, პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა.

„რეკომენდებულია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებაში განხორციელდეს ცვლილებები, ან დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოიცეს სამართლებრივი აქტი და მკაფიოდ განისაზღვროს ამავე დეპარტამენტში შემავალი ინფრასტრუქტურული განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობები და პასუხისმგებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაკონტროლებასთან დაკავშირებით. ასევე, სასურველია სამმართველოში გამოიყოს კონკრეტული პირი, რომელსაც დაევალება აღნიშნული ფუნქციის შესრულება, რასაც იგი განახორციელებს გარკვეული პერიოდულობით“, – ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ქმედება სამწუხაროა” – აკაკი მინაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე გამართული კონფერენცია და მანიფესტიც არა ერთიანობას, არამედ პარტიის გაყოფას ემსახურებოდა.

მინაშვილის თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება ძალიან სამწუხაროა.

ამასთან, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ახალი მენეჯმენტის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ ზიანდება.

„„ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონფერენცია გამართა „ვარდების რევოლუციაზე“ და მანიფესტი გამოიტანა, ეს მანიფესტიც და კონფერენციაც, საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა არა ერთიანობას, არამედ პარტიის გაყოფას, იმას, რაც გუშინ დადასტურდა – პარტიიდან ადამიანების გაგდებას, რაც არასწორი, ძალიან მძიმე და სამწუხარო საქციელია. ეს არ მოუტანს პარტიას წარმატებას. ჩემი პოზიცია იგივე რჩება, კრიტიკულად ვიყავი განწყობილი ამ მენეჯმენტის მიმართ და რვა თვის განმავლობაში რა ნაბიჯებიც გადადგეს და რა გზავნილებიც ჰქონდათ, ამან კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტის მიმართ. ჯერ ერთი, პარტიიდან გარიცხვა ასე არ ხდება. ადამიანები, ვინც პარტიში ჯერ მოვიდნენ, შემდეგ წავიდნენ, შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ „სიკვდილს“ ეძახდნენ წლების წინ, ვიღაცები მიხეილ სააკაშვილზე შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, სინამდვილეში, ის ადამიანები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვერავის გარიცხავენ. ფორმალურად რა ხდება, როგორ ხდება, რა ცვლილებები შეიტანეს იმ იდუმალ პოლიტსაბჭოზე, რომელიც ჩატარდა 8 თვის წინ, ამაზე მე ვერ მოგახსენებთ, მენეჯმენტს უნდა ჰკითხოთ. მთავარი არის, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ ზიანდება, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. თუ გვინდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებას მიაღწიოს, მენეჯმენტში ცვლილებები უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

“ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ვიზა მიეღო, დეკემბერში სტატუსს ველოდებით”

დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითიც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით კარგად გამოჩნდა, რამდენად შედეგიანი იყო რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი გუნდის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი.

„რამდენად „ფარსი“ იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ბოლოს კარგად გამოჩნდა, როცა საქართველოს ევროკომისიამ მწვანე შუქი აუნთო სტატუსის მისაღებად. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ წარმართული სამუშაო პროცესი შედეგიანი იყო და ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებასა და ევროკავშირთან ერთად შეძლო, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ვიზა მიეღო. დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითიც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. გეგმის შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველო მწვანე შუქს მიიღებს გაწევრიანებაზე. სტატუსის მიღების შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის საგზაო რუკა სწორედ ის გეგმა იქნება, რითიც ევროკავშირში მივალთ და ევროპული ოჯახის წევრები გავხდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“მთავარი პრეტენზია მათ წინააღმდეგ უნდა იყოს, ვინც ომში მიგვატოვა” – ალექსეი არესტოვიჩი

მთავარი პრეტენზია და მთავარი ტვირთი მათ წინააღმდეგ უნდა იყოს, ვინც დიდ ომში მიგვატოვა, სრულ მხარდაჭერას დაგვპირდა და ამის გარეშე დაგვტოვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მთავრობამ სისულელით და კორუფციით ბევრი ფორმალური და არაფორმალური მიზეზი შექმნა უკრაინის მიტოვებისთვის.

ალექსი არესტოვიჩი წერს, რომ დავით არახამიას ინტერვიუ არის ომის გაგრძელებისთვის პასუხისმგებლობის გადატანა ბორის ჯონსონზე.

არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ზელენსკის ოფისში გადაწყვიტეს პასუხისმგებლობის განაწილება ჯონსონსა და ზალუჟნის შორის.

„ჩვენ მოვიგეთ ჩვენი ომი. ჩვენ გავტეხეთ რუსეთის ფედერაციის საკადრო არმია და შემოჭრის გეგმა დასავლეთის მინიმალური დახმარებით: პირველი რამშტაინი – უკვე 26 აპრილს, პირველი სერიოზული მიწოდება – ივნისის ბოლოს. ჩვენი ომი შეიძლება დაგვირგვინებულიყო სტამბოლის ხელშეკრულებებით და რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცოცხალი ყოფილიყო. და შემდეგ დაიწყო კიდევ ერთი ომი. ჩვენ ვერ მოვიგებდით ამ მეორე ომს თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების,, სახმელეთო ჯარების ხუთჯერ მეტი მარაგის გარეშე. არცერთი ეს არ მომხდარა. ჩვენ ამაში დიდი ფასი გადავიხადეთ, მაგრამ ეს მაინც პრობლემის ნახევარია. მეორე ნახევარი არის ახალი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ჩვენთვის დაწესებას შეეცდებიან. „გარიგების“ ზოგადი მონახაზები ასეთი იქნება: იმდენი ინვესტიცია ჩავდეთ თქვენში, თქვენ კი ისეთი კორუმპირებული და სულელები ხართ, არ გამოგივიდათ, ახლა პუტინს დაუტოვეთ ოთხი რეგიონი და – კარგი“, – დაწერა ალექსეი არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ზელენსკის რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა ბორის ჯონსონმა ურჩია, რომელიც კიევში რუსეთ-უკრაინის სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა.

„როცა სტამბოლიდან დავბრუნდით, კიევში ჩამოვიდა ბორის ჯონსონი და თქვა, რომ ჩვენ მათთან საერთოდ არაფერს მოვაწერთ ხელს და მოდით უბრალოდ ვიომოთ“, – აღნიშნა არახამიამ.

„ქართული ოცნების“ ტყუილებით სიამოვნების მიღებას და სამუშაო ჯგუფებში შესვლას არ ვაპირებთ”

როდესაც მოგატყუებენ პირველად, შემდეგ მეორედ, მესამე მოტყუება იმას ნიშნავს, რომ გსიამოვნებს როცა გატყუებენ – „ქართული ოცნების“ ტყუილებით სიამოვნების მიღებას და სამუშაო ჯგუფებში შესვლას არ ვაპირებთ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით, ევრორეკომანდაციების თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებული წინა გამოცდილება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან არაფრის დათახმებას არ აპირებს.

„დაახლოებით ცხრა სამუშაო ჯგუფი იყო და არც ერთ ჯგუფს ოპოზიციასთან შეთანხმებით გადაწყვეტილება არ მიუღია – ასეთი არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს. თუ ვინმე ერთობა და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სამუშაო ჯგუფში ჯდომა უხარია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.