Home Blog Page 1979

“არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ პურის ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით ვიფიქროთ” – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, პურის ფასის გაძვირების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ, თვეების წინ, მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით გარკვეული საფასურის შემოღებაზე, იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ხელი შეგვეწყო და ასევე, ხელი შეგვეწყო წისქვილკომბინატების ამუშავებისთვის. ესენი არიან ხორბლის პირველი მომხმარებლები, რომლებსაც ჩვენი ფერმერები აწარმოებენ. ეს პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად – ყოველთვიურად, დაახლოებით 25 -30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი ხორციელდება, ამას ემატება ადგილობრივი ხორბალი. 40 ათას ტონაზე მეტი ადგილობრივი ხორბალი იქნა, მხოლოდ წისქვილების მიერ გადამუშავებული, შესაბამისად, პროცესი ძალიან თანმიმდევრულად მიდის და პურის გაძვირებაზე საუბარი არაა. არც მარაგებთან დაკავშირებულ პრობლემაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. შესაბამისი მარაგებიც არსებობს და ფქვილის იმპორტიც ხორციელდება, ნაკლები ოდენობით, მაგრამ გრძელდება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ პურის ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით ვიფიქროთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რამდენიმე ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი მმართველი გვყოლია, მაგრამ ზედიზედ 9 წელიწადი წარმატებული მმართველობის პერიოდი მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო-სააკაშვილი

რამდენიმე ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი მმართველი გვყოლია, მაგრამ ზედიზედ 9 წელიწადი წარმატებული მმართველობის პერიოდი მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო – „ვარდების რევოლუციამ“ შეძლო შეუძლებელი და ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და დაასახელა მოვლენები, რომელიც, მისი თქმით, „ვარდების რევოლუციასთან“ ბრძოლას ემსახურებოდა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომი 9 წელი იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში. დედაჩემი კარგი ისტორიკოსია და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე. რამდენიმე ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი მმართველი გვყოლია, მაგრამ ზედიზედ 9 წელიწადი წარმატებული მმართველობის პერიოდი მოხდა მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც „ვარდების რევოლუციაზე“ ვსაუბრობთ, „ვარდების რევოლუციას“ შეხვდა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა. შეხვდებოდა, როდესაც ამხელა ზრდა იყო ეკონომიკაში, ბრძოლა იყო კორუფციის წინააღმდეგ. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ვებრძოდით კორუფციონერებს, კრიმინალებს, გვებრძოდნენ კორუფციონერები და გვებრძოდნენ კრიმინალები; ვებრძოდით რუსეთის არაფორმალურ გავლენებს, რუსეთი გვებრძოდა მთელი ძალით. მინდა, გავიხსენო, რამდენი ეტაპი გავიარეთ და როგორ გვებრძოდნენ წარმატებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც ჩაბნელებული საქართველო გაანათა. კორუფცირებული საქართველო გაიწმინდა კორუფციისგან და ყველას დავანახეთ, რომ არ ვიყავით განწირულები და ქრთამის აღება ჩვენი დნმ-ის ნაწილი არ იყო, როგორც რუსები გვარწმუნებდნენ, რომ მეხინკლე ხალხი ვართ, რომელსაც სახელმწიფოს შენება არ შეუძლია – მხოლოდ მაგიდაზე უნდა ვუცეკვოთ, ელარჯი ვუწელოთ და ქრთამი აგვეღო და მიგვეცა. ნურას უკაცრავად!“,- განაცხადა სააკაშვილმა.

“ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის, ომი ფილმი არ არის და ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც უკრაინას სურს, მაგრამ ქვეყანა დანებებას არ აპირებს.

„რატომღაც ადამიანები ამას ისე ექცევიან, როგორც ფილმს და ელიან, რომ მოვლენებში ხანგრძლივი პაუზები არ იქნება, რომ სურათი ყოველთვის შეიცვლება მათ თვალწინ, რომ იქნება სიურპრიზები ყოველდღე. მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის, ეს არ არის ფილმი. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ეს არის ყოველდღიური მძიმე შრომა და ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ არ გვაქვს უფლება, დავნებდეთ და არ გავაკეთოთ ეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის მიმართ მსოფლიოს ყურადღების შენარჩუნება.

“საქართველოში უნდათ იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენ ქვეყანაში” – ირაკლი კობახიძე

საქართველოში უნდათ იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია, ვერც მისი დის შვილი, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თემურ ალასანიას განცხადებას, რომლის თანახმად, ვის უნახავს, „წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება“.

კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების გამოცდილებისგან განსხვავებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობა და დემოკრატია და „ქართული ოცნების“ სულისკვეთებაც ეს არის.

„მისმა დისშვილმა ერთხელ სცადა ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთის ოკუპაცია, სამაჩაბლოს ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ალსანიას და მისი დის შვილის გამოცდილების გამეორება, ეს წარმოუდგენელია, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სხვა პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ამით არიან გაღიზიანებული. ერთი, რომ საკუთარი ცოდვები აწუხებთ და მეორე, საქართველოში უნდათ იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია, ვერც მისი დის შვილი და გარდა ამისა, როდესაც საუბარია დემოკრატიაზე, ესეც ენატრებათ ამ ადამიანებს, ენატრებათ ის დრო, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ამ ქვეყანას, როდესაც ის იყო დიქტატორი ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ამ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, როლებიც კეთდება ალასანიას მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის ბიძის მხრიდან. მათი გამოცდილებისგან განსხვავებით საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობა და დემოკრატია, ეს არის ჩვენი სულისკვეთებაა, ჩვენი პოლიტიკა განსხვავებით ამ რეჟიმის ლიდერების პოლიტიკისგან.

პერიოდულად მათ აქვთ ხოლმე წამოცდენები და საზოგადოებას აღიარებით ჩვენებას აძლევენ და ეს იყო მორიგი წამოცდენა, რაც თემურ ალასანიას ჰქონდა. რა თქმა უნდა, მათი სურვილი, მიზანი არის რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივება ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს უბრალოდ წამოსცდათ. ისინი ამას ხომ აკეთებენ მთელი ამ წლების განმავლობაში. რასაც მთელი ეს წლები აკეთებენ ამ რეჟიმის და ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ის, უბრალოდ, კიდევ ერთხელ წამოსცდა თემურ ალასანიას“,-აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ აშშ-ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე წართმეული ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე ისაუბრა.

„სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება.

გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები“, – განაცხადა თემურ ალასანიამ, რომლის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

“მელიას დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი პარტიიდან” – ლევან ხაბეიშვილი

მელიას, დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობიდან, ფაქტობრივად, თავისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მელიამ მანიფესტის ხელმოწერაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მთავარი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია ერთობა. ჩვენც ამას ვსაუბრობთ ამ თვეების განმავლობაში. კონკრეტული დისკომფორტი თუ ვინმეს ჰქონდა, მათ შორის, პოლიტიკურ საბჭოში კონკრეტულ ადამიანებს პრობლემა თუ ჰქონდათ და აქვთ, სააკაშვილმა თქვა, რომ ის უხელმძღვანელებს და თავად იქნება ჩართული პროცესში. რაც შეეხება კონკრეტულ ერთ ადამიანს, ამ თვეების განმავლობაში ყბადაღებული თემა გახდა მისი ჭირ-ვარამი, წუწუნი და რაღაც ვერშეგუებლობა. ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ თავის პრობლემებს მოთქვამს. ეს ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს ხელს მანიფესტს, რომელსაც სააკაშვილი აუცილებლად გაასაჯაროებს, ან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. ამ დროისთვის უკვე საკუთარი თავი გარიცხული ჰყავს მელიას თავისივე პოზიციებით. მელიას, დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობიდან, ფაქტობრივად, თავისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც.

რაც შეეხება იურიდიულ პროცედურას, მელია თუ მოგვმართავს ამასთან დაკავშირებით და თავის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად მიიღებს ადეკვატურ პასუხს მას შემდეგ, თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას [მანიფესტზე]. შესაძლოა, მანიფესტთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხელს აწერს, არანაირი პრობლემა არ მაქვს, მობრძანდეს, თუ ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა. სხვა მიზნები და ამოცანები თუ აქვს, ის, უკვე დიდი ხანია, გარიცხულია. რა აინტერესებს, იურიდიულად „მგლის ბილეთი“ დააინტერესებს? მოგვწერს და გავცემთ შესაბამის პასუხს, იურიდიულად არის თუ არა წევრი“, – განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ“.

“ლელო” პარლამენტში განსახილველად შეიტანს “საქართველოს დაცვის აქტს”, 9-პუნქტიან გეგმას -მამუკა ხაზარაძე

ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს „საქართველოს დაცვის აქტს“, დროა, მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება

დღეს საქართველოში კრიზისია, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მაღალი ფასების გამო ვეღარ ინახავენ საკუთარ ოჯახებს, ვერ შოულობენ სამუშაო ადგილებს და ამის გამო ტოვებენ ქვეყანას, მაგრამ უმთავრესად ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, რადგან საქართველოს ხელისუფლება კომფორტს უქმნის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს საქართველოს და ქართველ ხალხს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მთავრობა მუდმივად წინ აყენებს რუსეთს.

„სწორედ საქართველოს მთავრობამ დასვა პარლამენტის სპიკერის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. სწორედ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა გაეტანა „რუსული კანონი“, რომ ჩვენი ხალხი დაედუმებინა. მათ გააუქმეს სავიზო რეჟიმი და აღადგინეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, რითაც ხელი შეუწყვეს რუსების შემოსევას საქართველოში. რუსები დღეს თავისუფლად ყიდულობენ ჩვენს მიწას, იტაცებენ სამუშაო ადგილებს, ავითარებენ რუსულ ბიზნესებს, ხელს უწყობენ ფასების ზრდას. „ქართული ოცნება“ აკეთებს ფულს მოსკოვში, იღებს რჩევებს პუტინისგან და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ მოემსახუროს ქართველ ხალხს. „ლელოში“ ჩვენ გვჯერა, რომ დროა, მოვიდეს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს და მისი ხალხის მსახურება. დღეს „ლელო“ აცხადებს ცხრაპუნქტიან გეგმას, რათა წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი – საქართველოში რუსეთისა და რუსების გავლენის დასრულების მიზნით, იმისათვის რომ საქართველოს ხალხის ხმა და საჭიროებები იქნას გაგონილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ხვალ „ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს „საქართველოს დაცვის აქტს“, ცხრაპუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში“.

„საქართველოს დაცვის აქტი“ მოიცავს 9 მთავარ ნაბიჯს.

1. სავიზო რეგულაციის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისათვის – საქართველო ერთადერთი ოკუპირებული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოკუპანტები პრაქტიკულად იგივე უფლებებით სარგებლობენ რითაც ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ღია ტურისტებისთვის და არა ოკუპანტებისთვის.

2. დასაქმების ბაზრის დაცვა. დღეს საქართველოში უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. ამის ერთერთი მთავარი მიზეზი სწორედ რუსების შემოსევაა, რომლებმაც ქართველები ჩვენსავე ქვეყანაში შემოსავლიან სამსახურებში ჩაანაცვლეს. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტის“ მეორე პუქტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისათვის მუშაობის უფლების მიცემას.

3. მიწის გაყიდვის შეზღუდვა. არაფერი ისე არ გამოხატავს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც ჩვენი მიწა. მიწა ჩვენი ხალხის საკუთრებაა და არა ოკუპანტის. დაუშვებელია, ოკუპანტს უფლება ჰქონდეს შემოვიდეს და თავისუფლად იყიდოს ჩვენი მიწები. შესაბამისად, „საქართვეკის დაცვის აქტის“ მესამე პუნქტი მიწის გაყიდვის სრულ აკრძალვას ეხება.

4. რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა. „საქართველოს დაცვის აქტი“ აკრძალავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლას. ასეთი კანონმდებლობა უკვე მოქმედებს ევროკავშირის ბევრ ქვეყნაში.

5. რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა. ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი ფული არ უნდა აღმოჩნდეს რუსების ჯიბეში. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტი“ რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობას აუკრძალავს. დროა შეწყდეს „ქართული ოცნების“ მიერ რუსების გამდიდრება. ლელოს უნდა, რომ საქართველოს ფული ქართველების ჯიბეში მიდიოდეს.

6. რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება. ჩვენ გვსურს ყველა მუნიციპალიტეტში დავაწესოთ ,,საოკუპაციო მოსაკრებელი“ ეს იქნება მოსაკრებელი, რომლის გადახდაც რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ რუსულ ბიზნესს მოუწევს, მოსაკრებლიდან შემოსული თანხები კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხმარდება.

7. ფრენების აკრძალვა. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას, რადგან ეს ფრენები ემსახურება რუსეთის მოქალაქეების კომფორტს და არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან.

8. რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა. აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების უკონტროლოდ მაუწყებლობა საქართველოში.

9. რუსული ფონდების აკრძალვა. აიკრძალოს რუსული ფონდების საქმიანობა საქართველოში, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან. „საქართველოს დაცვის აქტი“ სწორედ იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ემსახურება „ლელო“ საქართველოს და როგორ უნდა დასრულდეს სამარცხვინო და საშიში პრო-რუსული ხელისუფლება! კმარა პუტინის ჯიბის მთავრობა! დროა მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

“თემურ ალასანიას განცხადება მიუღებელია, ადამიანებს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებს, რაც გამაოგნებელია”

თემურ ალასანიას განცხადება მიუღებელია, ადამიანებს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებს,რაც გამაოგნებელია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

ეკა სეფაშვილის თქმით, ასეთი განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერების რაოდენობა შეუმცირდება.

„თემურ ალასანიას განცხადება იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არამარტო მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, გამაოგნებელია. პირდაპირ საუბრობს ომზე და ადამიანებს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებს. ეს გამაოგნებელია, არ ვიცი, ამას რა სახელი დავარქვა. აბსოლუტურად მიუღებელია და, ვფიქრობ, ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. დარწმუნებული ვარ, მათ მომხრეებს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ საქართველოს გაერთიანება, უბრალოდ, სხვა გზას ხედავენ ამაში და ომი მათთვისაც ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც ჩვენთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

თემურ ალასანიასნაირი დამცველი, დემოკრატი მსოფლიოში არ არსებობს -გიული ალასანია

თემურ ალასანიასნაირი დამცველი, დემოკრატი მსოფლიოში არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

„რომ ეძებო, თემურისნაირი დამცველი, დემოკრატი მსოფლიოში არ არსებობს. რაზე ლაპარაკობთ, ვერ გავიგე. ომი გინდათ? მაინც და მაინც ომი გინდათ?“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

 საკუთარი ცოდვები აწუხებთ და უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე 

თემურ ალასანიას დისშვილმა სცადა ერთხელ ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთის ოკუპაცია, სამაჩაბლოს ოკუპაცია. ჩვენ არ გვინდა ალასანიას და მისი დისშვილის გამოცდილების გამეორება, ეს წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

კობახიძის თქმით, თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი და სხვები გაღიზიანებული არიან იმ პოლიტიკით, რომელიც მმართველ პარტიას აქვს.

„საკუთარი ცოდვები აწუხებთ და უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია, ვერც მისი დისშვილი. ამ ადამიანებს ენატრებათ ის დრო, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ქვეყანას, როცა ის იყო დიქტატორი ამ ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, იმ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ალასანიას მხრიდან. საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობა და უნდა ჰქონდეს დემოკრატია, ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი პოლიტიკა, განსხვავებით ამ რეჟიმის ლიდერების პოლიტიკისგან. პერიოდულად მათ აქვთ ხოლმე წამოცდენები და საზოგადოებას აძლევენ ხოლმე აღიარებით ჩვენებას, ეს იყო მორიგი წამოცდენა, რაც ჰქონდა თემურ ალასანიას. მათი სურვილი, მიზანი არის რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს, უბრალოდ, წამოსცდა, თორემ ამას ხომ აკეთებენ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში. რასაც აკეთებენ მთელი ეს წლები, ამ რეჟიმის და ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ის, უბრალოდ, წამოსცდა“, – განაცხადა კობახიძემ.

“თუ ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება  გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ყოფილმა ხელისუფლებამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანა.

„ვფიქრობ, ზოგადად, არავის დაკავება და ციხეში ყოფნა არ უხარია ნორმალურ ადამიანს, მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანეს ცხრა წლის განმავლობაში, ისეთი რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი და ამ ყველაფრის შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის გუნდთან ერთად. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს, იყო ხელისუფლებაში და შენი ქვეყნის მოსახლეობას აკადრო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თავის ხალხს. ხომ არ გგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას? არა, პირიქით, დღესაც იგივეს განაგრძობენ, უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ, ყველაფერს იყენებენ – თავიანთ ტელევიზიებს სიძულვილისთვის,  ადამიანების დაპირისპირებისთვის, შანტაჟი, ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, ეს არის მათი ხელწერა. შესაბამისად, თუ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ვიდრე არ ჩატარდება, იქამდე ცხრა დათქმის შესრულება შეუძლებელია” – ვახტანგ მეგრელიშვილი

ვიდრე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, იქამდე ცხრა დათქმის შესრულება, უბრალოდ, შეუძლებელია, – ამის შესახებ  პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველის პირველ არხს განუცხადა.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიანად ჩატარება. ისე, რომ ეს იყოს მისაღები როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომელიც გვაკვირდება, რომ ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი ევროკავშირის წევრი მართლა გახდეს. ჩვენ თუ ის გიჟური არჩევნები ჩავატარეთ კიდევ ერთხელ, ცხრა პუნქტიდან მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარება იქნება. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ სამუშაო ჯგუფები უნდა შევქმნათ და 12 პუნქტზე რა პროცესიც იყო, იგივე უნდა იყოს, როცა ეს ფორმალობა იყო და იქ არანაირი მსჯელობა არ იყო. ამის მეორედ გაკეთება ცხრა პუნქტზე, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება და ახალი კონფიგურაცია არ გვეცოდინება, როგორი იქნება ამ ქვეყნის ხელისუფლების, მგონია, რომ სამუშაო ჯგუფების შექმნა თავის მოტყუება იქნება. დათქმებზე მუშაობა საკუთარი თავის მოტყუება იქნება, რომ იმ პროცესში მეორედ შევიდეთ, რომელშიც უკვე ვიყავით“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

“ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის სახით” – კახა კალაძე

2025 წლამდე ჩემს ქალაქს და თბილისელებს ვემსახურები, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას მის სავარაუდო პრემიერობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის წყარო მიხეილ სააკაშვილია.

მისივე თქმით, დასასრულებელია დედაქალაქში მიმდინარე არაერთი რეფორმა და პროექტი.

„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი. უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.