Home Blog Page 1979

“საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი განაპირობებს რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას”

რიკოთის გზის პროექტის განხორციელებისას დაცული საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი, უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების ადამიანური რესურსი განაპირობებს რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც, – ამის შესახებ რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გავხსენით რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის, 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი ხევი-შორაპნის მონაკვეთი, იყო ყველაზე გამომწვევი მონაკვეთი რელიეფიდან გამომდინარე, რომელზეც აშენებულია 65 ხიდი და 38 გვირაბი. შესაბამისად, მის თქმით, ამ მონაკვეთზე აშენებულია რიკოთის მთელი პროექტით გათვალისწინებული გვირაბების 75% და ხიდების 67%.

მისი თქმით, ახალი 27 კმ-იანი მონაკვეთით 8 კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის მონაკვეთის მანძილი და 25 წუთით შემცირდა გადაადგილების დრო.

„საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 261 კმ უკვე გახსნილია და სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 81 კმ-ზე, კერძოდ: ოსიაური-ჩუმათელეთის; ჩუმათელეთი-ხევის; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებზე; სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 ლოტზე, პირველ ლოტზე კი, მიმდინარე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა ხიდის აღდგენის მიზნით; გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის 5 კმ-ზე მოძრაობა 2022 წელს გაიხსნა, წელს გაიხსნება გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი, 3 კმ-იანი მონაკვეთი კი, მომავალ წელს დასრულდება; ბათუმის შემოვლით გზაზე, სადაც პროექტის ფიზიკური პროგრესი არის 83% და მომდევნო წელს დასრულდება“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რიკოთის გზის უსაფრთხოებას და აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზის პროექტირებაზე, წინასაპროექტო კვლევებზე, მშენებლობასა და ხარისხის ზედამხედველობაზე იმუშავეს და დღესაც მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციისა და დიდი გამოცდილების უცხოური და ადგილობრივი კომპანიები და ასობით უცხოელი და ქართველი სპეციალისტი. მისი თქმით, მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, ამერიკული, იტალიური, თურქული და ქართული კომპანიებიდან, ხოლო ზედამხედველობაში ჩართულია 146 უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტი. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი განაპირობებს რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას.

,,როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე ვსაუბრობთ, უმნშვნელოვანესია ვახსენოთ შუა დერეფანი, რომლის აქტუალობაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა 27 კმ -იანი მონაკვეთი. მიმდინარე მშენებლობები უმნიშვნელოვანესია შემდგომი მიზმიდველობის გაზრდისა და პოტენციალის სრული გამოყენებისათვის’’-განაცხადა ქარსელაძემ.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.

„სამუშაოები დარჩენილ 2 მონაკვეთზე ინტენსიურად გრძელდება. ამ დროისათვის, რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და 97 ხიდიდან აშენებულია 83 ხიდი. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე, მთლიანად რიკოთის პროექტი 2024 წელს დასრულდება“,-აღნიშნავენ სამინისტოში.

 “2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 საგზაო პროექტი, საიდანაც 120 დასრულდა” – ირაკლი ქარსელაძე

მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რისთვისაც 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 პროექტი, საიდანაც დასრულდა 120 პროექტი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე.

„რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოები მიმდინარეობდა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის ისტორიულ პროექტზეც, სადაც, 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის გაყვანა სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული TBM-ის დანადგარით გრძელდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი იქნება კომპლექსური პასუხი იმ მრავალ გამოწვევაზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ზამთრის სეზონზე ჩაკეტილ გზას და სამედიცინო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებს მოწყვეტილ 10 სოფელს უკავშირდება.

მისი თქმით, პროექტი შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს რეგიონში, ხოლო სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს. პროექტის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში.

რაც შეეხება კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქარსელაძის განცხადებით, 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები ამ მიმართულებით.

„2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩაქროსნულ მაგისტრალზე, 2023 წელს პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდა. მიმდინარეობს სამუშაოები 2 ლოტზე, სადაც სამუშაოების 40%-მდე შესრულებულია და შედეგად, მომდევნო წელს სამუშაოები დასრულდება 31 კმ-ზე ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვადების დაცვით. ასევე, 2023 წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2025 წელს დასრულდება. შესაბამისად, კახეთის მაგისტრალის 52 კმ-იან ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნება.

ასევე, კახეთის მიმართულებით, გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტი. უკვე მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90%, 12კმ-ზე მოწყობილია საფარი, სამუშაოები გრძელდება და 2024 წელს დასრულდება. დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ომალოს მიმართულებით, რომელიც დაყოფილია 8 მონაკვეთად. სამუშაოები მიმდინარეობს პირველ 5 მონაკვეთზე, დარჩენილ 3 მონაკვეთზე კი, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

2022 წელს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი 4 ზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, ეგრეთ წოდებული მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„მიუხედავად გამოწვევებისა, პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოხერხდა და 2024 წელს გათვალისწინებული გვაქვს თბილისი-რუსთავის 17კმ-იანი გზის დასრულება, კერძოდ, როგორც იცით, გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთი უკვე გახსნილია და დაიწყება ფონიჭალის 3.5 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

„საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ გზაზე. აქედან, სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე. 2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია-პრევენციის და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი.

საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ გზაზე. აქედან, სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე. 2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია-პრევენციის და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი. საერთო ჯამში, 2022 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა 16.5 კმ-ზე.

მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი პროექტების განხორციელების შედეგად, 2022 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი 105%-ით შეასრულა, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 955 მილიონი შეადგინა. 109%-ით არის შესრულებული დეპარტამენტის მიმდინარე წლის სამი კვარტლის ბიუჯეტიც, რომელიც შეადგენს 1,497 ლარს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკა მელია ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას, რომლისთვისაც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომად არის მიჩნეული -სარჯველაძე

ნიკა მელია ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას თუ მიმხრობას, რომლისთვისაც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომად არის მიჩნეული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახლა ცდილობდნენ, პარლამენტიდან გაიყვანონ ოპოზიცია და პროცესები ქუჩაში გადაიტანონ, ეს არის კვლავ ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის მცდელობა.

„მორიგ ჯერზეც მელიას არასწორი მსჯელობაა. არ მგონია, მელია ვერ ხვდებოდეს, რომ ეს არასწორი მსჯელობაა. ის ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას თუ მიმხრობას, რომლისთვისაც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომად არის მიჩნეული. როგორც ჩანს, ახლა მელია ცდილობს, რომ სწორედ ამ კატეგორიის ელექტორატზე და მათ მიმხრობაზე იმუშაოს. ის, რომ აბსურდულია ეს მსჯელობა, ყველას კარგად მოეხსენება. იმ ფონზე, როდესაც მიზეზი აღარ დარჩა არავის სათქმელად არჩევნების ავკარგიანობასთან დაკავშირებით, ახლა ისხდნენ და საუბრობდნენ ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება. დეპოლარიზაციის რეკომენდაცია გვაქვს მიღებული, სხვას თავი რომ დავანებოთ, ქვეყანას და ამ ფონზე ცდილობდნენ, რომ პარლამენტიდან გაიყვანონ ოპოზიცია და პროცესები ქუჩაში გადაიტანონ, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის კვლავ ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის მცდელობა. ამას არამც და არამც საერთო არაფერი აქვს ცივილიზებულად პოლიტიკის კეთების პროცესთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.

“გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება”

გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ „ქალიან-კაციანად უზრდელობენ“ და არც „ბოდიშს“ იხდიან.

„ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არის აბსოლუტურად არასერიოზული. მან გამოხატა სინანული იმ განცხადების გამო, რომელიც გააკეთა. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი, მათ უმრავლესობის წევრებისთვის, ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად. უბრალოდ არ აქვთ ღირსება, რომ ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური, შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული აკეთებდნენ. ღირსება არ აქვთ და ამ განცხადებებისთვის ვერ მოიხდიან ბოდიშს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იუზრდელოს?! პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ…

ზოგადად, პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია და ა.შ. ესეც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს გარკვეული წვლილი ამაში შეტანილი, რაც ძალიან ცუდია“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს ამ ქვეყანაში აგრესიის, პოლარიზაციის გაღვივება, ესაა ოპოზიცია.

„განსაკუთრებით სამწუხარო არის ის, რომ ამ ყველაფერში, პარლამენტის შიგნით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. ორივე სუსტია. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა. როცა აქუბარდია, სამნიძე და სხვები უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. უზრდელობა არის სისუსტის გამოხატულება და პლუს ამას „ბოდიშს“ როცა არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა. უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სავსეა უზრდელებით ეს პოლიტიკური პარტია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“არ მოვეშვები მანამ, ვიდრე უღირსი და არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს – ამოარტყან „პანჩური“ და გააგდონ!” – ალეკო ელისაშვილი

“ქართული ოცნების” წევრები დადგებიან და ყანწებით ქართველ ქალებს ადღეგრძელებენ. ეს როგორ უნდა გააკეთონ, ვიდრე ეს სამარცხვინო ბერაია არის აქ. ამოარტყან „პანჩური“ და გააგდონ, – ამის შესახებ ” მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, არ აპირებს გაჩერდეს მანამ, ვიდრე ირაკლი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს.

„ვიდრე პარლამენტიდან არ გამაგდებენ, მანამ ამ ამბავს არ მოვეშვები. მეორე დღეა სხდომიდან მაძევებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ქალს ამაზრზენი შეურაცხყოფა მიაყენა მთელი საქართველოს გასაგონად, საზიზღრობები ილაპარაკა უღირსმა კაცმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენს გარშემო ერთმანეთს ბომბებს ესვრიან და ამ პოზიციაზეა ბერაია, რომელსაც ორი გრამი კაცობა არ აქვს, რომ თანამდებობიდან წავიდეს. გუშინ ვთქვი, რომ თუ თანამდებობიდან არ წავა, მე წავალ კომიტეტიდან-თქო. თავდაცვის კომიტეტში ვრჩები და არ მოვეშვები მანამ, ვიდრე ეს უღირსი და არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს. არაერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრეს, რომ ჩემს პოზიციას იზიარებენ. უმრავლესობაშიც არიან კაცებიც და ისინი თავს უხერხულად გრძნობენ. ბერაიამ თან თავისი თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა მის გუნდს, რომელიც იძულებულია ღობე-ყორეს მოედოს და დაიცვას. ამ ამბავს რაც უფრო დიდი ხანი გაწელავენ, მით უფრო ცუდი მათთვის. და, დედა და ცოლი მყავს. თეონა აქუბარდია უპატრონია? მის ოჯახის წევრ ქალს ასე რომ უთხრან, სწორია? “ქართული ოცნების” წევრები დადგებიან და ყანწებით ქართველ ქალებს ადღეგრძელებენ. ეს როგორ უნდა გააკეთონ, სანამ ეს სამარცხვინო კაცია აქ. ამოარტყან პანჩური და გააგდონ,”- განაცხადა ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, სესიაზე, ორი დღის წინ გააკეთა.

დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პირველი განსახილველი საკითხი „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იყო.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სამარცხვინოა, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები იმ ფონზე იხილებოდეს, როცა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტს ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს. მან ბერაიას სამარცხვინო უწოდა.

შალვა პაპუაშვილის მითითებით მანდატურებმა ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს

კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს. დაკავებულია ერთ-ერთი გაქცეული პატიმარიც.
კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით, გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო. მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1-ელ ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

თიბისის მხარდაჭერით „შავი ლომი“ ახალ სეზონს იწყებს

თიბისის მხარდაჭერით, პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ახალ, ისტორიულ სეზონს იწყებს. თიბისი ქართული რაგბის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრობის შემდეგ კვლავ აქტიურად აგრძელებს ამ სპორტის ხელშეწყობას და ამჯერად „შავ ლომს“ ევროპის საკლუბო ტურნირზე დაუჭერს მხარს.

„შავი ლომი“ წელს ზედიზედ ორ ევროპის საკლუბო ტურნირს ითამაშებს. გუნდი ევროპის სუპერ თასის ორგზის გამარჯვებულია და წელს გამარჯვებისთვის მესამედ იბრძოლებს, რის შემდეგაც, პირველად ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთვება. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩართვა ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისს ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა უძლიერესი სარაგბო კლუბი ეწვევა. მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში, თიბისი გუნდს აქტიურად უგულშემატკივრებს და მორიგი მსოფლიო აღიარების მოპოვებაში დაეხმარება.

სუპერ თასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. თამაში განახლებული ფორმატით ჩატარდება. ტურნირის სადებიუტო თამაში 9 დეკემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ქართული გუნდი ინგლისს დაუპირისპირდება.

მომდევნო ორი თამაში უელსსა და საფრანგეთთან შედგება, ტურნირი კი 20 იანვარს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასკვნითი ეტაპით დასრულდება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

„რა ვნახე და რა ვისწავლე უკრაინაში 650-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ყოფნის დროს“ – რას წერს ჟურნალისტი კოლინ ფრიმენი

 „უკრაინის არმიის კონტრშეტევას შთამბეჭდავს ვერ ვუწოდებ“, – წერს ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ჟურნალისტი კოლინ ფრიმენი, რომელმაც სამი კვირა გაატარა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის წინა ხაზზე. სტატიაში სათაურით „რა ვნახე და რა ვისწავლე უკრაინაში 650-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ყოფნის დროს“, იგი აღწერს თავის შთაბეჭდილებებს და ხაზს უსვამს:უკრაინელი ჯარისკაცები ჯერ კიდევ „სულით ძლიერნი“ არიან, მაგრამ თუ რიგი მიზეზების გამო მათი სულის ძლიერება შესუსტდება, ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის არმიის 80-ე სადესანტო ბრიგადის ლეიტენანატი ნიკოლაი სტრიგუნოვი გასული ზაფხულის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა – ნატოს სართვნელ ბაზაში, კემპ-ნუკში, დასავლური სტანდარტებით მომზადების მიზნით. მას დრო არ ჰქონდა რაიმე დაეთვალიერებინა, რადგან უკრაინის არმიის კონტრშეტევას სასწრაფოდ ჭირდებოდა ნატოს ყაიდაზე მომზადებული ოფიცრები. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ იგი მძიმე ბრძოლებში მონაწილეობდა – სოფელ კლეშჩევკასთან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმ ნიკოლაი სტრიგუნოვს და სხვა მებრძოლებს სოფლის დაკავებისათვის მადლობა გადაუხადა. მაგრამ მომდევნო წარმატება, ალბათ, მალე აღარ იქნება – დონბასში წვიმიანი შემოდგომა მოვიდა, ტყეებში ხეებს ფოთლები დასცვივდა, ანუ უკრაინელი მებრძოლები და სამხედრო ტექნიკა რუსების შეუმჩნევლად ვეღარ დაიმალებიან, უგზოობის დროს კი ტანკებიც კი ღრმა ტალახში ჩაეფლობიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალას დაკარგავს –  არავითარი გარღვევა ამ წლის დარჩენილ დროში აღარ მოხდება.

არადა, რა დიდი იმედი და რა მტკიცე რწმენა იყო ივნისში, რომ დასავლური იარაღით მომარაგებული უკრაინის კარგად გაწრთვნილი არმია, მაღალი საბრძოლო სულისა დთ და ნატოს იარაღით, რუსეთის ტთვდაცვის ზღუდეებს გაარღვევდა, მტერს სწრაფად შემუსრავდა და აზოვის ზღვისაკენ გაიჭრებოდა. მართალია, გამოცდილი გენერლები კიეველ პოლიტიკოსებს აფრთხილებდნენ, რომ ბრძოლები გაჭიანურდებოდა, შეიძლება თვეებით და წლობითაც, მაგრამ მათ ცოტა ვინმე თუ უსმენდა.

მაგრამ საკითხავია, დაელოდებიან თუ არა ამდენ ხანს კონტრშეტევის შედეგებს უკრაინის დასავლელი მოკავშირეები? ამერიკაში და ევროპაში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება: აშშ-ში ახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს, ის კი უკრაინისადმი დახმარების წინააღმდეგია. ევროპულ მხარდაჭერაშიც ბზარები გაჩნდა: უნგრეთზე რომ არაფერი ვთქვათ, სლოვაკეთის ხელისუფლებაში პრორუსულად განწყობილი პოპულისტები მოვიდნენ რობერტ ფიცოს მეთაურობით. ახლო აღმოსავლეთში გაჩენილმა ომის დიდმა ხანძარმა კი უკრაინის მოვლენები საერთაშორისო ყურადღების ფოკუსიდან განზე გასწია… მსოფლიოში კი კიდევ ბევრი ფეთქებადსაშიში კონფლიქტი ღვივის…

მაინც როგორია უკრაინის წარმატებები? ჩვენმა კორესპონდენტმა სამკვირიანი მივლინების დროს ფეხით გაიარა 650 კილომეტრი ფრონტის ხაზზე – არტემოვსკიდან ზაპოროჟიემდე და ხერსონამდე. შორეულ და გრძელ გზაზე იგი ბევრ მებრძოლს ხვდებოდა -ტანკისტებს, არტილერისტებს, მერაკეტეებს… ფაქტების ერთ მთლიანობად დაკავშირება ძნელი საქმეა. ყოველი ჯარისკაცი ბრძოლის დროს მხოლოდ იმ მიწას ხედავს, რომელიც მის წინ არის, ოფიცრები კი, რომლებმაც სიტუაცია უფრო მეტად იციან, დუმილს ამჯობინებენ.

და მაინც სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ უკრაინის არმიის ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ოფიცერიც კი ვერ უწოდებს კონტრშეტევას წარმატებულს. გეგმის მიხედვით, ივნისის დასაწყისში მთავარი დარტყმა რუსების პოზიციებზე ზაპოროჟიეს ოლქიდან, ორეხოვოდან უნდა განხორციელებულიყო, უკრაინელები წინ 80 კილომეტრით სწრაფად წაიწევდნენ, დაიკავებდნენ ქალაქ მელიტოპოლს და ბერდიანსკის ნავსადგურთან აზოვის ზღვის ნაპირზე გავიდოდნენ. ამით „გადაიჭრებოდა“ ის სახმელეთო დერეფანი, რომელიც ყირიმს და დონბასს ერთმანეთთან აკავშირებდა.

მაგრამ ოპერაციამ „ბუქსაობა“ პირველივე კვირიდან დაიწყო:  რუსების მიერ აგებულ და ნაღმებით სავსე თავდაცვის ზღუდეზე – „სუროვიკინის ხაზზე“ – ბევრი გერმანული „ლეოპარდი“ და ამერიკული „ბრედლი“ განადგურდა. ხუთთვიანი ბრძოლების შემდეგ ზოგიერთ ადგილზე უკრაინის არმიამ  წინ წაიწია, მაგრამ მხოლოდ 16 კილომეტრით და შეჩერდა: დანაკარგები ძალიან დიდი აღმოჩნდა.

ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან, მაგრამ მტერიც არ თვლემს. ფრონტის ხაზზე მდებარე სოფლების უმეტესობა ნანგრევებადაა ქცეული. ანუ სოფლის დაკავება პრაქტიკულად მხოლოდ ნანგრევების დაკავებას ნიშნავს, სადაც სახლიც კი აღარ არის დარჩენილი, დროშა რომ აღმართო. ზოგჯერ კი დროშის აღმართვაც საშიშია – რუსული დრონები არემარეს განუწყვეტლივ ზვერავენ.

ბრიტანელი სამხედრო ექსპერტის ჯასტინ კრამპის თქმით, „უკრაინის წარმატებები ესოდენ ძლიერად გამაგრებულ თავდაცვის ხაზზე საკმაოდ არსებითია“, მაგრამ იგი აღიარებს: „რუკაზე ასეთი წინსვლა შთამბეჭდავად არ ჩანს.  დასავლეთი ამას ვერ ხედავს“.

ამასთან, კიევის ხელმძღვანელობა თვლის, რომ „ნახევარი ძალით იბრძვის, რადგან ერთი ხელი ზურგსუკან გაკრული აქვს“. საქმე მხოლოდ იმაში არაა, აქვს თუ არა უკრაინას თანამედროვე „მოდური“ დასავლური ჯავშანტექნიკა. როგორც ერთ-ერთი უკრაინელი ტანკისტი, საბჭოური ძველი Т-64-ის ეკიპაჟის წევრი ალექსანდრე ამბობს, „ტანკით ბრძოლის დროს მთავარია მოხერხებულობა და უნარიანობა გამოიჩინო. ტანკი ახალიც რომ იყოს, თუ მისი მართვა არ იცი, თუ ჯავშანს და ძრავას არ გრძნობ, მაინც ვერაფერს გააკეთებ“. კიევი კონტრშეტევის დაყოვნებას ავიაციის უქონლობასაც აბრალებს: თუ ჰაერიდან დაცული არ ხარ, ხმელეთზე შეტევის განხორციელება რთულდება.

უკრაინა უფრთხილდება თავისი ყოველი ჯარისკაცის სიცოცხლეს, რუსებისათვის კი სამხედრო პირის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. კრემლს შეუძლია შტურმის დროს ბატალიონის ნახევარი დაკარგოს და დაღუპულები სხვებით ჩაანაცვლოს. მათთვის ჯარისკაცი საზარბაზნე ხორცს წარმოადგენს“.

უკრაინელი სამხედროები ჩივიან – „დასავლეთს რომ იარაღი ჩვენთვის დროზე მოეწოდებინა, რუსები „სუროვიკინის ხაზის“ აგებას ვერ შეძლებდნენო. გარდა ამისა, კიევის შტაბში უკმაყოფილონი არიან დასავლეთის საყვედურებით – „რატონ არის შენელებული კონტრშეტევის ტემპიო“. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები აზრზეც კი არ არიან, თუ რაოდენ რთულია თანამედროვე ბრძოლა. „დასავლეთს ამგვარი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამოცდილება არ აქვს. აქ ისეთივე მძიმე ბრძოლებია, როგორც პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს. თუ ვინმეს ჩვენზე მეტად სურს წარმატების მიღწევა, კეთილი ინებოს, ფრონტის ხაზზე მოვიდეს და თვითონ სცადოს ბრძოლა. რუსები იარაღით ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ მათ დაბალი სულისკვეთება აქვთ. ეს კი ომის დროს ყველაზე მთავარია“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

დიახ, უკრაინელები ამტანები არიან, მაგრამ ყველზე გამძლე ჯარისკაცსაც გაუჭირდება ბრძოლა ზამთარში. საქმე მხოლოდ იმაშია არაა, რომ მძიმე ტექნიკას გადაადგილების დროს თოვლი და ტალახი ხელს უშლის. ბრიტანელი ინსტრუქტორის დენიელ რიდლის თქმით (იგი წინა ზამთარს უკრაინის ფროტზე იბრძოდა), 20-25 გრადუსიან ყინვაში ნორმალურად არაფერი აღარ მუშაობს – არც ტექნიკა და არც ჯარისკაცები. „ასეთი ყინვის პირობებში ტრანშეიდან ამოსვლას არავინ არ მოისურვებს, შტურმის განხორციელებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ძლიერი სიცივის დროს თანამედროვე ელექტრონული აპარატურა პარალიზებულია. მინუს 20 გრადუსი ყინვის დროს დრონების აკუმულატორები წუთიერად განიმუხტებიან, თბოვიზორები კი არ მუშაობენ. თვით ტრანშეებიც კი ყინულით იფარება. თუ ცივი ზამთარი იქნება, რაიმე შეტევა არც უკრაინელებისაგან და არც რუსებისაგან მოსალოდნელი არ არის“, – ამბობს დენიელ რიდლი.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ გარღვევის ვადებმა გადაიწია – ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულისათვის. ამ მომენტისათვის კონფლიქტს უკვე ორი წელი შეუსრულდება. როცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გასული წლის თებერვლაში, ომის პირველ წლისთავზე კითხვა დაუსვეს, როგორ განწყობაზე იქნებით, თუ ომი კიდევ ერთი წელი გაგრძელდებაო, მან უპასუხა, რომ ასეთ დრამაზე ფიქრიც კი არ სურს.

დღეს ასეთი დრამა რეალურია. ამიტომაც ალბათ, არავისთვის მოულოდნელი სიურპრიზის არ იქნება, რომ შეიძლება უკრაინელი ჯარისკაცების მორალური სულისკვეთების დონე დაეცეს. არაოფიციალური შეფასებით, უკვე დაიღუპა 70 ატასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე – დაახლოებით ათჯერ მეტი, ვიდრე ტერორიზმთან დასავლეთის 20-წლიანი ომის განმავლობაში. ასევე არაოფიციალურად, რუსებმა 120 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, მაგრამ კრემლს რესურსები აქვს და ამიტომ ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს.

„რა თქმა უნდა, ჯარისკაცები ომით დაიღალნენ, – ამბობს მაქსიმ არტემჩუკი, რომელმაც მომზადება „სამკბილას“ („ტრეზუბეცის“) პროგრამით გაიარა, – მაგრამ თუ ჩვენ მოლაპარაკებაზე დავთანხმდებით, მტერი იფიქრებს, რომ უკრაინის არმია სუსტდებაო. ცხადია, რომ ომის დროს მსხვერპლი გარაუვალია, მაგრამ ადამიანისთვის მთავარი თავისუფლებაა, რომლის გარეშეც ცხოვრებას აზრი არ აქვს“.

წყარო

“რუსეთ -უკრაინის ომი ჩიხში შევიდა“ – ვალერი ზალუჟნი

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის არმიის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, თუ რა არის აუცილებელი რუსეთზე გამარჯვებისათვის, მაგრამ აღიარებს, რომ ომი ჩიხში შევიდა“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ხუთთვიანი კონტრშეტევის შედეგად უკრაინის ჯარებმა წინ მხოლოდ 17 კილომეტრით წაიწიეს. რუსეთი მთელი ათი თვის განმავლობაში იბრძოდა ბახმუტისათვის, რათა ქალაქის ექვსკილომეტრიანი სიგრძის მქონე ტერიტორია დაეკავებინა“, – უზიარებს The Economist-ს თავის შთაბეჭდილებებს ინტერვიუში უკრაინის არმიის მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი. იგი ამბობს, რომ ბრძოლის ველი ასი წლის წინათ მომხდარ დიდი ომის სურათებს ახსენებს: „ზუსტად ისევე, როგორც პირველი მსოფლიოს ომის დროს იყო – ჩვენ ტექნოლოგიის ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომელსაც ჩიხში შევყავართ“, – ამბობს მთავარსარდალი. იგი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად საჭირო გახდება მასშტაბური ტექნოლოგიური ნახტომის განხორციელება. გარდა ამისა, იგი ასკვნის, რომ სავარაუდოდ, ისეთი ღრმა და შთამბეჭდავი გარღვევა ფრონტზე არ იქნება, როგორსაც ელოდნენ,“.

კონტრშეტევის მსვლელობამ დასავლეთს იმედები გაუცრუა. დასავლეთს ეგონა, რომ უკრაინას შეეძლო ეჩვენებინა რუსეთისათვის, რომ კრემლი ომს ვერ მოიგებს და აქედან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინს გათვლების კორექტირება მოუწევდა – კიევი აიძულებდა მოსკოვს მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო. კონტრშეტევამ ასევე აჩვენა თვითონ გენერალ ვალერი ზალუჟნის რწმენის მცდარობაც, რომ მას შეუძლია რუსეთის არმია სისხლისგან დაცალოს, ბრძოლისუუნარო გახადოს და შეაჩეროს. „ეს ჩემი შეცდომა იყო“, – აღიარებს გენერალი, – „რუსეთმა არანაკლებ 150 ათასი მეომარი დაკარგა. ნებისმიერი ქვეყანა ასეთი მსხვერპლის გამო შეჩერდებოდა“. მაგრამ არა რუსეთი, სადაც ადამიანის სიცოცხლე არ ფასობს და სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ორიენტირებს პირველი და მეორე მსოფლიო ომები წარმოადგენს, რომლებშიც რუსეთმა ათობით მილიონი ჯარისკაცი დაკარგა.

უკრაინის დონის არმიას, როცა რუსეთის თავდაცვის ზღუდეების გარღვევა დაიწყო, წინსვლა დღეში 30 კილომეტრით მაინც უნდა განეხორციელებინა: „თუ თქვენ ნატოს სახელმძღვანელოებში ჩაიხედავთ, რომლებიც ჩვენ კარგად შევისწავლეთ [კონტრშეტევის დაგეგმვის დროს], მათი მიხედვით, ოთხი თვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ყირიმში ჩვენი ოთხჯერ შესვლისათვის“, – სარდონისებური მწარე ღიმილით ამბობს ვალერი ზალუჟნი, – სინამდვილეში კი მე ვხედავდი, თუ როგორ ფეთქდებოდა ჩვენთვის დასავლეთის მიერ მოწოდებული ტექნიკა რუსების ნაღმებზე, როგორ გვბომბავდა მძიმე არტილერია და ავიაცია“.

„ჯერ მე ვიფიქრე, რომ ჩვენი მეთაურები ბრძანებებს კარგად ვერ ასრულებენ-მეთქი და ზოგიერთი თანამდებობიდან გავათავისუფლე. ჯარისკაცებიც ჩავანაცვლე, მაგრამ როცა საქმეს მაინც არ ეშველა, მაშინ გამახსენდა, რომ აკადემიაში სწავლის დროს ვნახე წიგნი სახელწოდებით „თავდაცვის ზღუდეების გარღვევა“, რომელიც 1941 წელს საბჭოთა გენერალ-მაიორ პ.სმიროვის ავტორობით გამოქვეყნდა. ჩვენ სწორედ მისი შესწავლა გვჭირდებოდა“, – ამბობს გენერალი.

ვალერი ზალუჟნი „ეკონომისტთან“ საუბრის დროს ასახელებს უკრაინის არმიის ოთხ პრიორიტეტს:

ჰაერში გაბატონება

რასაკვირველია, საარტილერიო ჭურვები და რაკეტები უკრაინის არმიას ჭირდება, მაგრამ უპირველესად დღეს ავიაციიაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებაა აუცილებელი. „ყოველი სახმელეთო ოპერაციის წარმატებას ჰაერიდან მხარდაჭერა უზრუნველყოფს, უკრაინას კი ომის დასაწყისში მხოლოდ 120 საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავდა, თუმცა მათ მესამედს ჰაერში აფრენა არ შეეძლო“. დღეს რუსული ავიაცია უკრაინის ცაში ბატონობს, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ უკრაინის თვითმფრინავები თითქმის სულ ჩამოყარა.

სხვათა შორის, ამერიკული თვითმფრინავები „ფალკონები“ (F-16-ები), რომელიც ჩვენ გაისად უნდა მივიღოთ, შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი ომის განმავლობაში სწრაფად აუმჯობესებს თავის ფრონტულ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, უკვე იყენებენ ექსპერიმენტული საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული საპასუხო ზომები მივიღეთ – დრონების წარმოების გაზრდის სახით. დღეს ჩვენთვის უპილოტო საფრენ აპარატებს დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვისარგებლოთ ახალი შემტევი დრონებით და მიზანს ამცდენი საფრენი აპარატებითაც“.

რადიოლექტრონული ბრძოლა

ომის განმავლობაში უკრაინამაც გააუმჯობესა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და რუსეთმაც. ეს ძირითადად ეხება დრონებისა და რაკეტების, აგრეთვე მართვადი საარტილერიო ჭურვების (ასევე საავიაციო ბომბების) გაუვნებლობას მცდარი რადიოსიგნალების მეშვეობით. რუსეთის აქტიურად სარგებლობს შემტევი და სადაზვერვო დრონებით, რომლებიც, დიდი რაოდენობით შეისყიდა ირანში და მათ მოდერნიზებას ახდენს.  „მართალია, ზოგიერთი ანალიტიკოსი დამცინავად ლაპარაკობს რუსეთზე, მაგრამ უკრაინის არმიამ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული შეიარაღებისა და დაზვერვის ეფექტურობა, ამიტომ მტრის უპირატესობა არ უნდა შევამციროთ და ვეცადოთ მის გაუვნებლობას“, – ამბობს ვალერი ზალუჟნი.

ბრძოლა რუსული არტილერიის წინააღმდეგ

მესამე პრიორიტეტად ვალერი ზალუჟნი ასახელებს ბრძოლას მტრის არტილერიის წინააღმდეგ, ანუ კონტრსაბატარეიო ბრძოლას. იგი ხაზს უსვამს, რომ საბრძოლო დავალებების შესრულება ხშირად 80%-ით არის დამოკიდებული არტილერიის (ჰაუბიცების – სტაციონარული და თვითმავალი სახით) წარმატებით გამოყენებაზე. ასევე საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე. დღეს უკრაინას აქვს როგორც საკუთარი („ბუკები“), ასევე დასავლეთის მიერ მიწოდებული (ATCAMS, Patriot და ა.შ.).

დანაღმული ველების გადალახვა

მესამე პრიორიტეტი დანაღმული ველების გადალახვის საშუალებების შეძენა. ომამდე უკრაინას ჰქონდა მსგავსი მოწყობილობები, მაგრამ მათი უმრავლესობა ან მოძველებული იყო, ან არ მუშაობდა. როცა დასავლეთის მიერ მიწოდებული ტანკები ბრძოლის ველზე იქნენ გაყვანილი, ისინი დანაღმულ ველებზე აფეთქდნენ. არსებული ნაღმსაწინააღმდეგო ტრალები არაფექტურები აღმოჩნდნენ, მით უმეტეს, რომ რუსეთმა ჰაერიდან დაიწყო ადგილების დანაღმვა. უკრაინას ჭირდება რადარები, რომლებიც დამალულ ნაღმებს იპოვიან თვალით უხილავი იმპულსური გამოსხივებით, ჭირდებათ წყალსატყორცნები და ნაღმების ამფეთქებელი კასეტური საბრძოლომასალები, ახალი ტიპის სამხედრო ექსკავატორები.

სამხედრო მოსამსახურეების რეზერვი

მეხუთე და ბოლო პრიორიტეტად უკრაინის არმიის მთავარსარდალი ასახელებს ადამანთა (სამხედრო მოსამსახურეთა) რესურსების შექმნას. რუსეთმა ვერ გამოიყენა სრულყოფილად თავისი უპირატესობა ცოცხალი ძალის თვალსაზრისით – ვლადიმერ პუტინმა ვერ გარისკა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, რადგან ამით პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა. მაგრამ არც უკრაინელები არ გამოირჩევიან დიდი წარმატებით არმიის ახალწვეულებით განმტკიცების სფეროში. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არის გაქცეული, ხოლო ვისაც ჯარში იწვევენ, მათი მომზადებაც პრობლემატურია – უკრაინის არმიას არ შეუძლია ფრონტიდან ზურგში ინსტრუქტორები გაგზავნოს ახალწვეულთა მხედრულად „აღსაზრდელად“. აუცილებელია აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაც.

მოკლედ, გენერლის თქმით, რუსეთის სათანადოდ შეუფასებლობა დიდი შეცდომა იქნება. კრემლმა დიდი ზარალი განიცადა და უამრავი საბრძოლო მასალა დახარჯა, მაგრამ სიმართლე უნდა ვაღიაროთ: რუსეთს კიდევ დიდხანს ექნება უპირატესობა შეიარაღებაში, ტექნიკაში, რაკეტებში და ავიაციაში. რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა, სანქციების მიუხედავად, გამალებული ტემპებით მუშაობს და დიდი ხანია საომარ რელსებზეა გადაყვანილი. რასაკვირველია, ნატოს წევრი ქვეყნებიც სამხედრო მრეწველობაც მატულობს, ხდება მისი „გასამხედროებაც“, მაგრამ, რუსეთისაგან განსხვავებით,  ალიანსს ამისათვის დრო ჭირდება.

წყარო

“ზოგს სკოლები, ზოგს კი – რეპრესიები. როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობები?” -BBC

აზერბაიჯანის ქალაქი კახი საქართველოსთან საზღვრის ახლოს მდებარეობს, სადაც ქართველები ცხოვრობენ.ქართულ სკოლებში სწავლობენ და ქართულ ეკლესიებში დადიან (BBC Russian-ის წარწერა)

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის” რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ მასალას სათაურით „ზოგს სკოლები, ზოგს კი – რეპრესიები. როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობები?” (ავტორი – მაგერამ ზეინალოვი). პუბლიკაციაში ქართველების (ინგილოების) მდგომარეობაც არის მიმოხილული.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანის მოსახლეობაში ეროვნული უმცირესობების წილი მხოლოდ 5%-ს შეადგენს (ზოგიერთი აზერბაიჯანელი ექსპერტი მიუთითებს, რომ 2019 წელს მოსახლეობის აღწერა არაკეთილსინდისიერად ჩატარდა და ამიტომ ოფიციალური მონაცემების სისწორე საეჭვოაო), თანაც ზოგიერთებს – მაგალითად, რუსებს და ქართველებს, სხვებთან შედარებით, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ საკუთარ ენაზე ისწავლონ და თავიანთი კულტურა განავითარონ.

რუსებს აზერბაიჯანის მოსახლეობის ეროვნულ უმცირესობებში რაოდენობით მესამე ადგილი უკავიათ, ლეზგებისა და თალიშების შემდეგ, (0,7% ანუ დაახლოებით 71 ათასი).
ქართველები შედარებით ცოტანი არიან – 8,4 ათასი ქართველი და 1,8 ათასი ინგილო (ინგილოები ქართველების ეთნოგრაფიულ ჯგუფია, რომლებიც საკუთარ თავს ასე უწოდებენ და ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე ლაპარაკობენ). როგორც რუსებს, ისე მათაც აქვთ თავიანთ ენაზე სკოლები და სასწავლო სახელმძღვანელოები, რომლებითაც ისინი საქართველოდან მარაგდებიან.

ბაქოს თითქმის ყველა სკოლაშია დაშვებული რუსული ენის სწავლება, არსებობენ რუსულენოვანი უმაღლესი სასწავლებლები, მოსკოვის “ემგეუს” ფილიალი და კულტურული ცენტრები.

მიდგომებში განსხვავება იმით აიხსნება, რომ ქართველებს და რუსებს “პატრონი სახელმწიფოები” ჰყავთ, რომლებთანაც ბაქოს კარგი ურთიერთობები აქვს, ამიტომაც არ არსებობს პოლიტიზების რისკი ეთნიკური ნიშნით.

წყარო

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვნის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით, 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა.

უწყების ცნობით, დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, არ ვიცი რაიმე ისეთი ფაქტორი, რომელზე დაყრდნობითაც მან შეიძლება, ახსნას მომავალში მისი პოზიციის ტრანსფორმაცია-სარჯველაძე

სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, ცნობილია სხვა პოლიტიკური დაჯგუფებების დამოკიდებულებებიც საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მკაფიოდ და არაორაზროვნად თქვა, რომ ის არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, „არა და არასდროს“ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამ საკითხზე ნაფიქრი და ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არცერთი ვითარების შემთხვევაში, ის სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა.

„არ ვიცი რაიმე ისეთი ფაქტორი, რომელზე დაყრდნობითაც მან შეიძლება, ახსნას მომავალში მისი პოზიციის რაიმე ტრანსფორმაცია. თუმცა, მესმის ისიც, რომ ოპოზიციაში იქნებიან ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც ეს თემა აქტუალობას არ დაკარგავს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ცდილობს სააკაშვილის ელექტორატი რაღაც ფორმით საკუთარ მომხრეთა რიგში ჩააყენოს. ამიტომ, სააკაშვილის გულშემატკივრობის დემონსტრირება მათთვის შეიძლება, აქტუალური იყოს. ის პოლიტიკური ძალები, ვის მოსაზებასაც შეიძლება, ახმოვანებდეს ბატონი გვარამია, ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ არის. რა თქმა უნდა ეს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი და მისი გულშემატკივრებია“, – განაცხადა სარჯველაძემ.