Home Blog Page 1978

გამოცხადდა „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის“ საბოლოო შედეგები

გამოვლინდნენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები. კონკურსში  35-მა პროექტმა გაიმარჯა.

კონკურსის მიზანია,  ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების ( მონოგრაფიის სახით) შერჩევასა  და მათ გამოქვეყნებას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

https://shorturl.at/dgDIT

 

 

“დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე”

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, რატომ დადგა ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში.

მისივე თქმით, დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, ამავდროულად, დაიცავს ბუნებას.

„ჩვენ წელს, მაისში განვაცხადეთ, რომ კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ ერთი წლის განმავლობაში უნდა წარმოედგინა მართვის გეგმა და სხვა კვლევებზე ინფორმაცია. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა გააკეთა რეაგირება და განცხადებაც გავრცელდა, რომ ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ოქმიც იქნა შედგენილი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ და მას შემდეგ კიდევ არაერთი განცხადება გაკეთდა სააგენტოს მხრიდან, სამინისტროს მხრიდან და ჩემი მხრიდან. ამ პროცესებთან მიმართებაში დავიწყეთ მუშაობა, რომ ამ ტერიტორიაზე შეიქმნას დაცული ტერიტორიები. უშუალოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, ექსპერტების ჩართულობით დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას ისეთი ტიპის დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და, რა თქმა უნდა, დაიცავს უნიკალურ ბუნებას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ის დრო, დიდი ხანია დამთავრდა ბიძია თემურ, თქვენი ბრძანებით, როცა ხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა” – ვატო შაქარიშვილი თემურ ალასანიას

დღეს, ნაც-მოძრაობის მთავარმა იდეოლოგმა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდმა მტერმა, თემურ ალასანიამ საკუთარი პირით დაადასტურა, რომ მათ სურთ ომი და ბოღმისგან სკდებიან იმის გამო, რომ საქართველო უარს ამბობს ომის სცენარზე! – წერს ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ აშშ-ში ემიგრანტებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადების თაობაზე.

შაქარიშვილის თქმით, ის დრო დასრულდა, როდესაც თემურ ალასანიას ბრძანებით ხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა.

„წელიწადზე მეტია, მთელი ოპოზიცია თავის საგარეო პატრონებიანად ჯიუტად ამტკიცებს, რომ ბუნებაში არ არსებობს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი და გეგმა.
დღეს, ნაც-მოძრაობის მთავარმა იდეოლოგმა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდმა მტერმა, თემურ ალასანიამ საკუთარი პირით დაადასტურა, რომ მათ სურთ ომი და ბოღმისგან სკდებიან იმის გამო, რომ საქართველო უარს ამბობს ომის სცენარზე! თურმე უკვირს 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შემოქმედს, რატომ ვამბობთ უარს ჩვენს ძმებთან ომზე და რატომ ვირჩევთ მშვიდობას…
რატომაც არა, კიდევ ერთხელ იომონ ერთმანეთში, დაიხოცოს ახალგაზრდობა, დაინგრეს ქვეყანა… თვითონ მილიარდებს ხო იშოვნიან, უფროსების დავალებას რომ შეასრულებენ ხომ დაჯილდოვდებიან..?! შესაძლოა ძალაუფლებაც დაიბრუნონ… მერე რა, რომ მიწასთან გასწორებული და სისხლით მორწყული იქნება… მთავარია, რომ მათი იქნება…
ის დრო, დიდი ხანია დამთავრდა ბიძია თემურ, თქვენი ბრძანებით, როცა ხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა! ჩვენ ქვეყანას ცეცხლს ვეღარ მოუკიდებთ!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის, ნურას უკაცრავად, არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი -სააკაშვილი

საქართველოს მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის. არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

„საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის. ნურას უკაცრავად, არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი. რა თქმა უნდა, უნდა აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6981 ლარი ეღირება, ევრო – 2.9482 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3653 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6985 ლარი ღირდა, ევრო – 2.9327 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3545 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 ნოემბერს ამოქმედდება.

სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი – მისი შეწყალება სამართლიანია და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, იქნება სწორი -რომან გოცირიძე

სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი – მისი შეწყალება არის სამართლიანი და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება სწორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ მისი პერსონალური საკითხი, არამედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ქვეყნის მომავლისა და დეპოლარიზაციისთვისაც.

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, არ არის მხოლოდ მისი პერსონალური საკითხი. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამ საქმეს აქვს მსოფლიო რეზონანსი, მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და მისი შეწყალება არის ქვეყნის მომავლის, ევროპაში ინტეგრაციის, ასევე, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი. რაც მთავარია, მისი შეწყალება არის სამართლიანი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, გადადგამს ძალიან სწორ ნაბიჯს, ის იქნება მართალი სააკაშვილთან, მის ოჯახთან, ასევე, მთლიანად საქართველოსთან. ამით კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ქვეყანაში პოლარიზაციის თუნდაც მცირეოდენი განმუხტვისთვის”, – განაცხადა გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს საქართველოში პოლიტიკური ბალანსი“.

“2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად, წინასწარ უნდა იყოს ნებართვა აღებული”

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე, შესაბამისად საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად და ასევე უკანონო მშენებლობის რისკების სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში მასიურადაა აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომლებზეც არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა ან არ არსებობს სამშენებლო დოკუმენტაცია, სწორედ ამიტომ საჯარო რეესტრის ახალ ამონაწერებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზიანია და ეს ობიექტები ვერ იქნება სრული მოცულობით ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში.

„გარდა ამისა, ამ პრობლემას ასევე უკავშირდება დაჯარიმების ან დემონტაჟის რისკი, რაც მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე, შესაბამისად საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად და ასევე უკანონო მშენებლობის რისკების სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ის გავრცელდება 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ეს შენობა-ნაგებობები უნდა იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, „ასეთ სახლებში მცხოვრებლებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურების გავლა, მათ აღარ ექნებათ დაჯარიმების ან დემონტაჟის რისკი, ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დაცვის კიდევ ერთი ნათელი დასტური იქნება“.

„ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, ხელისუფლება ადამიანებს როგორ უწყობს ხელს უფლებების რეალიზაციაში. ინიციატივა მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება და ეს ინიციატივა გავრცელდება იმ ინდივიდუალურ საცხოვრებლებზე, რომელიც 2024 წლის პირველ იანვრამდე იქნება აშენებული. ამ პერიოდის შემდგომ აშენებული საცხოვრებელი სახლები აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, ისინი ვეღარ ჩაეშვება ეკონომიკურ ბრუნვაში და ინფორმაცია მუნიციპალიტეტს მიეწოდება. ეს არამხოლოდ ამნისტიაა, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს. 2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ უნდა იყოს ნებართვა აღებული, შეთანხმებული უნდა იყოს პროექტი და მხოლოდ ასეთ სახლებზე განხორციელდება რეგისტრაცია“, – განაცხადა ბრეგაძემ.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რაჭაში ტყე არ გაყიდულა, არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შეუძლებელია” – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა.

ოთარ შამუგიას თქმით, ლიცენზიის გაცემისას გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პროცედურა დაიცვა.

„გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ 2022 წლის მარტში საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც გაიმარჯვა კონკრეტულმა კომპანიამ – „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“. პროცესს თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები. აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე და სხვა საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და იმ კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც საკითხს არეგულირებს ქვეყანაში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიცვა ყველა პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად; აბსოლუტურად საჯაროდ გამოცხადდა აუქციონი და შესაბამისად გაიცა ლიცენზია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიას განცხადებით, რაჭაში ტყე არ გაყიდულა და არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის.

„მინდა, კიდევ ერთხელ ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე, ტყე ნამდვილად არ გაყიდულა. არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, ლიცენზიით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და უფლებამოსილებაზე საუბრისას, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ კომპანიას, რომელზეც ლიცენზია გაიცა, მიეცა უფლებამოსილება, ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის დროს არანაკლებ ხუთი მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განეხორციელებინა, მოეწყო შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა.

მისივე თქმით, დასაქმებული ადამიანების 80%-ზე მეტი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა და ტერიტორიაზე გადაადგილების დროს ლიცენზიის მფლობელს ხელი არ უნდა შეეშალა მოსახლეობისთვის, ასევე, არამერქნული რესურსების მოპოვებისთვის.

„ლიცენზიაში კონკრეტულად არის გაწერილი, რომ სოციალური ჭრის ნაწილში, სატყეო სააგენტოსთვის ხელი არ შეეშალა საშეშე მერქნის მოპოვებაში. ლიცენზიანტს ჰქონდა ვალდებულება, მოსახლეობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად შეედგინა მართვის გეგმა, განეხორციელებინა შესაბამისი კვლევები, მათ შორის, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე. ინფრასტრუქტურული ნაწილის დაგეგმვის, შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა და მათი ინტერესები ყოფილიყო გათვალისწინებული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

“თქვენ ხართ ფარისევლები, რომლებიც თქვენს მიერ აწყობილ ჯარში საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებს არ უშვებთ”

თქვენ ხართ ფარისევლები, რომლებიც თქვენს მიერ აწყობილ ჯარში საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებს არ უშვებთ – Let’s play, ვნახოთ ვინ მოიგებს! – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩია უმრავლესობის წევრებს ბიუროს სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირება მოხდა.

ცვლილებები, დაჩქარებული წესით, პარლამენტის მიერ სექტემბრის თვეში მიღებულ „თავდაცვის კოდექსში“ ხორციელდება. როგორც იაგო ხვიჩიამ განმარტა, კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო დაადგენს, ადამიანი ნამდვილად მორწმუნეა თუ – არა.

„ახალი „თავდაცვის კოდექსის“ ამოქმედების შემდეგ, რომელიმე თქვენგანის ოჯახის წევრი ჯარში წავიდა? მაგალითად, ისრაელში გასაჯაროებულია, სად მსახურობენ თანამდებობის პირების შვილები – ნახავთ, ამ წუთას რამდენი თანამდებობის პირის შვილია ჯარში და საბრძოლო მოქმედებაში ჩართული. თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი ამ პერიოდის განმავლობაში ამ კოჰორტას შეემატა?! – არავინ შემატებია! მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრები ამ კოჰორტას შეემატა?! – არ შემატებია! ბიბლიური თავისუფლების მღვდელთმსახურები წაიყვანეთ ჯარში? – ვერ წაიყვანეთ! ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მაგრები, არამედ იმიტომ, რომ ხალხს ისეთ ჯარში წასვლა არ უნდა, რომელიც თქვენ ააწყვეთ, სადაც თქვენი ოჯახის წევრები გასაშვებად არ გემეტებათ და არავინ არ უშვებთ – კარგი რომ იყოს, თქვენი ოჯახის წევრები და თქვენი შვილები რიგში იქნებოდა!“ – მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს იაგო ხვიჩიამ.

მგონი ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე -მამუკა მდინარაძე

ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სააკაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ თავის თავზე იღებს პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელობას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესებში სააკაშვილის ჩართვაც ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად კანონმდებლობის სერიოზული დარღვევაა.

მგონი ავიწყდება მას [სააკაშვილს], რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი. ახლა რომ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში ესეც სერიოზული დარღვევაა ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად კანონმდებლობის. ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მე მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“სააკაშვილი ცდილობს, პარტიის ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს, არ მგონია, ამით რაიმე გამოუვიდეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

სააკაშვილი ცდილობს, პარტიის ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს. არ მგონია, ამით რაიმე კონკრეტული გამოუვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილის სახელი პარტიაში სიმბოლოდ სჭირდებათ, რეალური ბერკეტები კი სხვადასხვა ჯგუფს უნდა, რომ ჰქონდეს.

„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია ისტორიაში არიან ჩარჩენილი. ჯერჯერობით ისეთი ელექტორალური რესურსი აქვთ, რაც მათ პოლიტიკურად აცოცხლებთ. ალბათ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ასეთი შეძახილები მიმართულია იქითკენ, რომ ის ელექტორატი მაინც შეინარჩუნონ, რაც მათ ჯერ კიდევ აქვთ. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ახლის თქმის საშუალება არ აქვს, თუმცა პარტიის შიგნით ბრძოლის ნიუანსებს ფლობს. ხედავს, რომ პარტიაში მისი საჭიროება დიდად არ არის. მისი სახელი სიმბოლოდ სჭირდებათ, ხოლო მმართველობა და რეალური ბერკეტები სხვადასხვა ჯგუფს უნდა, რომ ჰქონდეს. სააკაშვილი ცდილობს, თავისი, როგორც პარტიის ლიდერის, ფუნქცია დაიბრუნოს. არ მგონია, ამით რაიმე კონკრეტული გამოუვიდეს.

როგორც ჩანს, ნიკა მელია მაინც ცალკე გავა და ელოდება, ეს მაშინ გააკეთოს, როცა მაქსიმალურად მეტი პარტიული შიდა რესურსის გატანა შეეძლება გარეთ. ის ნაწილი, რომელიც ხაბეიშვილს აცოცხლებს, ფიქრობს, რომ ეს პარტია და მისი ამომრჩეველი ერთი კუთხით იყოს დაკავშირებული სააკაშვილთან და ლოზუნგად ჰყავდეთ, ხოლო საარჩევნო სია და ფინანსები მათი ნება-სურვილით გადანაწილდეს. როგორც სააკაშვილის პერსონას იყენებს მისი პარტია, ისიც შეეცდება, თავი ადვილად არ გამოაყენებინოს. მისი განცხადებები ნიშნავს, რომ ამ პარტიაში თუ არ იქნება განმსაზღვრელი ძალა, ზურგს შეაქცევს და ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლის დიდ ნაწილს დააკარგვინებს, რადგან ვინც ხუთ ნომერს ხაზავს, მაინც სააკაშვილის ამომრჩეველია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საერთო ენის გამონახვა უნდა შეძლონ და სწრაფი ტემპით იარონ წინ. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა პარტიის პოლიტსაბჭოს შესახებ: „ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ“.