ირაკლი ღარიბაშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა – დეტალები
“იმედი მაქვს, დასავლეთში იქნება კანდიდატის სტატუსისთვის პოლიტიკური მზაობა”- ჰერმან საბო
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან საბოს განცხადებით, იმედი აქვს, რეფორმების გაუტარებლობის მიუხედავად, მზაობა იქნება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.
მისი თქმით, ამით შეიძლება, ჰქონდეთ შეცდომის გამოსწორების მცდელობა, რაც 2008 წელს საქართველოს მიმართ დაუშვეს.
„დიდი იმედი მაქვს, რეფორმების გაუტარებლობის მიუხედავად, რაც გვაფერხებს ევროკავშირთან მოძრაობაში, რაღაცნაირი პოლიტიკური მზაობა იქნება დასავლეთში, რათა კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. ისინი ხვდებიან, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ შეცდომა დაუშვეს და სტატუსის მოცემით ამის გამოსწორების მცდელობა შეიძლება, ჰქონდეთ. გამოკითხვა ცალსახად აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს ევროპა უნდა და ამის ფონზე, იმედია, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, თუმცა ეს იქნება ბევრი დათქმით და შეპირებით. ბევრი რეფორმა გვექნება გასატარებელი“, – განუცხადა საბომ საქართველოს პირველ არხს.
“დონალდ ტრამპი დოკუმენტებთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდება” – რას წერს უცხოური პესა
ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი” (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „როცა დანაშაულის დაფარვა იმაზე უარესია, ვიდრე თავად დანაშაული“: დონალდ ტრამპი დოკუმენტებთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდება“ (ავტორი – ჯეკ ქუინი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ბრალდების იურიდიული და პრაქტიკული მხარე – დააპატიმრებენ თუ არა დონალდ ტრამპს და გაგზავნიან თუ არა საპყრობილეში?
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე დონალდ ტრამპს თავის დაცვა ძალიან გაუჭირდება. ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის, რომ ბრალდების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი ჩადენილი დანაშაულის დაფარვას ცდილობდა. ექსპერტების აზრით, ახლანდელი მოცემულობით, არც ფაქტები და არც კანონი მის მხარეს არ ჩანს.
დონალდ ტრამპმა სამშაბათს, 13 ივნისს გამართულ სასამართლოზე, სადაც მას ფედერალური ბრალი წაუყენეს, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. პრეზიდენტობის შემდეგ სახელმწიფო საიდუმლოთა შემცველი 300-ზე მეტი დოკუმენტის შინ უკანონოდ წაღების საქმეში, მისდამი წაყენებულ 37 ბრალდებას შორის დასახელებულია: სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება და ჯაშუშობის აქტის დარღვევა.
ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის ექსპერტები ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტის მამხილებელი მტკიცებულებები ძალზე ბევრია, იქნება ეს დოკუმენტები, ფოტოები, სატელეფონო ტექსტური შეტყობინებები, აუდიოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები. ეს საკმარისზე მეტია იმის დასამტკიცებლად, რომ მან დოკუმენტები შინ არალეგალურად წაიღო. თუმცა, მათი აზრით, შემდეგ ამ დოკუმენტების გადამალვის მცდელობა და სამართალდამცავებთან გაკეთებული ცრუ განცხადებები ბრალდებას გაცილებით უფრო ამძიმებს.
„დეტალები საკმაოდ შოკისმომგვრელია იმ უგულისყურობის გათვალისწინებით, რომლითაც ეს დოკუმენტები იყო შენახული, და გამოძიების ფედერალური ბიუროსგან მათი გადამალვის გამიზნული მცდელობის ფონზე” – ამბობს ელისაბედ გოიტეინი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპეციალიზებული იურისტი, ბრენანის სამართლის ცენტრიდან.
ტრამპის ადვოკატებს სასამართლოს შემდეგ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამ სასამართლო ბრალდებასთან დაკავშირებითაც კვლავ “კუდიანებზე ნადირობაზე” საუბრობს, რომელსაც მისი პოლიტიკური ოპონენტები მის წინააღმდეგ მიმართავენ.
“დანაშაული არ იყო, იმის გარდა, რასაც იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო ჩემს წინააღმდეგ უკვე წლებია აკეთებს” – დაწერა დღეს, 14 ივნისს, საკუთარ სოციალურ ქსელზე “თრუს სოუშალ” ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა.
ფედერალური კანონმდებლობით, სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის, რომ ბრალდების მიხედვით, ტრამპი დოკუმენტების დაბრუნებაზე თვეების მანძილზე უარს ამბობდა, ცრუობდა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და ამის გაკეთებას აიძულებდა თავის ადვოკატებსაც, “სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლის ამაზე გამოკვეთილ ნიმუშს ვერც კი წარმოიდგენ” – ამბობს კლარკ ნეილი, კატონის ინსტიტუტის ექსპერტი იურისპრუდენციის საკითხებში.
“ეს ის შემთხვევაა, როცა [დანაშაულის] დაფარვა იმაზე უარესია, ვიდრე თავად დანაშაული… ეს რომ უბრალოდ მისი მხრიდან დაუდევრად შენახვა ყოფილიყო, ბრალდებას არ წაუყენებდნენ”, – აღნიშნავს ელისაბედ გოიტეინი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპეციალიზებული იურისტი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შეთქმულების ელემენტს კიდევ უფრო განამტკიცებს ის თანმიმდევრულობა, რომლითაც ტრამპი დოკუმენტების შენახვის თაობაზე ცრუობდა.
ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან დოკუმენტებს შინ წაღებამდე საიდუმლო კლასიფიკაციები მოუხსნა. თუმცა, კანონმდებლობის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მას დამოუკიდებლად ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა.
იურისტების აზრით, ეს არც კი ამართლებს ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლოს შემცველი დოკუმენტების შენახვას. მათ კანონი იმის მიუხედავად იცავს, საიდუმლო კლასიფიკაცა აქვს თუ არა. “მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ დოკუმენტებს კლასიფიკაცია მოხსნილი ჰქონდა. ჯაშუშობის აქტისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს” – ამბობს ტოდ ჰანტლი, იურისპრუდენციის პროფესორი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ტრამპის ადვოკატების განახლებულ გუნდს შეუძლია თითოეული მოწმის ჩვენება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ადვოკატებს შეუძლიათ დააბრალონ დანაშაული სხვებს და თქვან, რომ ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ ადვოკატთა რჩევებს მიჰყვებოდა და კანონის დარღვევა მიზნად არ ჰქონია.
ამას გარდა, დაცვის გუნდს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სასამართლო პროცესის გაჭიანურებაც შეუძლია. ექსპერტები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ტრამპს, არჩევნების მოგების შემთხვევაში, საკუთარი თავის შეწყალება.
“აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა სრული ბლოკადით დაიწყო” – ნიკოლ ფაშინიანი
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა სრული ბლოკადით დაიწყო, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ლაჩინის დერეფანში 15 ივნისიდან გზა დაიხურა და მთიანი ყარაბაღისთვის აუცილებელი საკვები პროდუქტების მიწოდებაც კი შეჩერებულია.
„მთიან ყარაბაღს გარე სამყაროდან საკვები ვერ მიეწოდება. ასევე, აკრძალულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეების გადაადგილება. ეს ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს შიშს, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს ეთნიკური წმენდის პოლიტიკას მთიან ყარაბაღში. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს უკვე აღარ არის შიში, არამედ უკვე მოქმედებების დაწყებაა. რა არის ეს, თუ არა ეთნიკური წმენდა? მთიანი ყარაბაღის სომხებს შეუწყდათ საკვების მიწოდება, გაზი, ელექტროენერგია. სროლის სამიზნე არიან ფერმერები, რომლებიც ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. გადაადგილების შესაძლებლობა იბლოკება კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებისთვისაც კი. ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის დიალოგი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში ძალზე მნიშვნელოვანია მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა
“საქართველო ლიდერია არა მხოლოდ სამეულში, არამედ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც დიდი ხანია, კანდიდატები არიან”
საქართველოში გატარებული რეფორმები და ქვეყნის განვითარების დონე ობიექტური საზომებით თუ გაიზომება, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ სამეულში, არამედ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც დიდი ხანია, კანდიდატები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ობიექტური შეფასებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
„მეტიც, საქართველო წინ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. ამიტომ, ქვეყანა ობიექტური საზომით თუ შეფასდება, ის დიდი ხნის წინ, შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიცემას, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ იმას, რომ არსებობს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები, მოსაზრებები ამა თუ იმ პოლიტიკური ვითარების გარშემო, მაშინ მოლოდინებზე სიფრთხილე შენარჩუნებული გვაქვს. დასავლეთში პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ექნებათ, ყველა საზომით და ყველა კრიტერიუმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სტატუსის მინიჭებას იმსახურებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ძალიან მძიმე ბრძოლები იქნება“ – რას ამბობენ უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესახებ“
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „იქნება ძალიან მძიმე ბრძოლები“: რას ამბობენ უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესახებ“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინის არმიის კონტრშეტევა გრძელდება და როგორც კიევი იტყობინება, 14-15 ივნისის ბრძოლების შედეგად, ცენტრალურ ფრონტზე (იგულისხმება ზაპოროჟიედან ბერდიანსკის ნავსადგურის მიმართულებით, ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის გადაჭრის მიზნით) წინ კიდევ ერთი კილომეტრით წაიწიეს (ანუ ოკუპაციისაგან უკვე 103 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორია გაათავისუფლეს), თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, უკრაინის არმიის შეტევა რუსეთის ჯარების სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ოფისის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად, მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა, ეს ბრძოლები მხოლოდ ძალების მოთელვა/ტესტირებას წარმოადგენს, მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების გამოვლენის მიზნით, სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, დიდი ხნის დაპირებისა და მოლოდინის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ აქტიური საომარი მოქმედებები დაეწყოთ.
უცხოელი სამხედრო დამკვირვებლები აღნიშნავენ, უკრაინის არმიას სრულფასოვანი კონტრშეტევისათვის ბევრი რამ აკლია, უპირველესად კი შეიარაღება – ავიაცია, შორსმსროლელი ქვემეხები, ტანკები და ა.შ. რადგანაც უკვე თითქმის დახარჯული რეზერვების შევსება დასავლეთიდან ოპერატიულად და სწრაფად ვერ ხდება, უკრაინელებს უწევთ რუსების თავდაცვის ხაზების ნელი „ღრღნა“. ეს პროცესი შეიძლება თვეები გაგრძელდეს.
აშშ-ის ყველაზე მაღალი სამხედრო თანამდებობის მქონე გენერალმა, არმიის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ კომენტარი გაუკეთა უკრაინის არმიის კონტრშეტევის მიმდინარეობას. მისი თქმით, უკრაინელები ნელ-ნელა წარმატებას აღწევენ, მაგრამ შეტევის ფასი, სავარაუდოდ, ძალიან მაღალი იქნება – ბრძოლები ძალიან მძიმე, დანაკარგები კი დიდი. „ჩვენ ძალიან მძიმე და სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ბრძოლების მოწმენი ვხდებით… მიზნის მიღწევას დრო დაჭირდება, ბრძოლაში ბევრი დაიღუპება“, – განაცხადა მარკ მილიმ. გენერლის შეფასებით, უკრაინის არმია ოფიცრების კარგი მომზადებით გამოირჩევა, ჯარისკაცებს მაღალი მოლარული სულისკვეთება აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის არმიის პირად შემადგენლობაზე: „რუსი მეთაურები ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოქმედებენ, რუსი ჯარისკაცების საბრძოლო სული დაქვეითებულია და ისინი „ყრუ თავდაცვაში“ არიან. ბევრ მათგანს არცკი ესმის, თუ რატომ აღმოჩნდნენ ისინი ასეთ სიტუაციაში“, – ამბობს ამერიკელი გენერალი რუსული არმიის შესახებ.
14 ივნიის გავლენიანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის – გაერთიანებული თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტმა ჯეკ უოტლინგმა გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით – „უკრაინის არმიის კონტრშეტევა დაიწყო – აჩვენებენ თუ არა ლეოპარდები თავიანთ ძალას?“, რომელშიც მან მიმდინარე საომარი მოქმედებები შეაფასა და შეეცადა კონტრშეტევის განვითარების პროგნოზის გაკეთებას.
როგორც ანალიტიკოსი თვლის, უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა თითქმის ათდღიანი ბრძოლების შედეგად შეძლეს რუსეთის არმიის თავდაპირველი ხაზის გარღვევა ფრონტის ფართო უბანზე, მაგრამ მთავარი გამაგრებული ხაზიდან ჯერ კიდევ შორს არიან. „კიევს ჯერ არ აქვს გამოყენებული თავისი ძალების ძირითადი ნაწილი. მისი მოწინავე ქვედანაყოფები ცდილობენ, რომ გარღვევისათვის პირობები შექმნან. მიუხედავად იმისა, რომ რუსების თავდაცვის პირველი ხაზი, მთავარისგან განსხვავებით, ძირითადად ხელით გათხრილ სანგრებს და ბლინდაჟებს წარმოადგენს, დანაღმული ველებით, უკრაინელ ჯარისკაცებს მაინც მძიმე ბრძოლები მოუწიათ. მეორე ანუ მთავარი გამაგრებული ხაზი პირველისაგან 15-20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და შედგება სამხედრო ხელოვნებით აგებული ტრანშეებისგან, ბეტონის საცეცხლე წერტილებისგან, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებისაგან, მათი გადალახვა ძალიან რთული იქნება. მეორე ხაზს მესამე მოჰყვება, შემდეგ კი რიგი სარეზერვო პოზიციებია მოწყობილი“, – განმარტავს ექსპერტი.
ჯეკ უოტლინგი წინასწარმეტყველებს, რომ რაც უფრო ღრმად შეაღწევენ უკრაინელები რუსების პოზიციებში, მათთვის ბრძოლები კიდევ უფრო მძიმე იქნება. რუსების არტილერია, უკრაინულისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს, რუს არტილერისტებს ჭურვების დიდი მარაგი აქვთ. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ რუსებმა ტერიტორია თითქმის ყველგან დანაღმეს. ასევე ყურადსაღებია რუსული ავიაციის მოქმედების გააქტიურებაც.
ჯეკ უოტლინგის აზრით, ამჟამად უკრაინის არმია სამი მთავარი მიზნის მიღწევას ცდილობს:
პირველი – უკრაინული ქვედანაყოფები ეწევიან ინტენსიურ ბრძოლას რუსეთის არმიის პირველი თავდაცვითი ხაზის სამეთაურო და ლოჯისტიკური ცენტრების, საარტილერიო დანადგარების გასანადგურებლად (იგივეს აკეთებენ რუსებიც);
მეორე – უკრაინელები ცდილობენ, რომ რუსები იძულებული გახადონ რეზერვებით ისარგებლონ, ანუ მესამე თავდაცვითი ხაზის ძალები ფრონტის სხვა უბნებზე გადაისროლონ. შესაბამისად, უკრაინელები იოლად მიხვდებიან, თუ სად გაჩნდა სუსტი წერტილები და სანამ „ცარიელ ადგილებს“ რეზერვი შეავსებს, მანამ კიევი ოპერატიულად იმოქმედებს.
მესამე – უკრაინის არმია წინასწარგანზრახულად უტევს მთელ ფრონტზე, რომ რაც შეიძლება მეტად მოიცვას პირველი თავდაცვითი ხაზის ზონა. ამით ის რუსეთის არმიის სარდლობაში გაურკვევლობას ქმნის – მათ არ ეცოდინებათ, თუ რომელი მიმართულებით მზადდება მთავარი დარტყმა. გარდა ამისა, ფართო ფრონტით შეტევა ხელს უშლის რუსული არმიის კონცენტრაციას და ზღუდავს მის შესაძლებლობას ეშელონირებული თავდაცვის შექმნაში.
როგორც ჯეკ უოტლინგი აღნიშნავს, რაღაც მომენტში კიევმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მთავარი დარტყმის განხორციელების შესახებ. სწორედ ამ დროს დადგება ოპერაციის გადამწყვეტი ფაზა. „კონტრშეტევით თავდაცვის ხაზები უნდა გაირღვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კრახი ელოდება. ამიტომ კიევმა მთელი ძალისხმევა უნდა უნდა მოახმაროს იმას, რომ გარღვევის ალბათობა მაღალი იყოს“, – წერს ექსპერტი.
იმ შემთხვევაში, თუ გარღვევა მოხდება, მთავარი საკითხი ხდება ის, თუ რა რეზერვებით ისარგებლებს უკრაინა თავისი წარმატების სრულყოფილად გამოყენებისათვის. ამ დროს მოქმედების სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რუსები დაასწრებენ და რეზერვების გადასროლას სწრაფად მოახერხებენ, უკრაინის არმიისათვის ეს წამგებიანი იქნება.
ექსპერტი წინასწარმეტყველებს, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისათვის ეს ზაფხული ძალიან რთული იქნება: დანაკარგები გაიზრდება, მიღწევებს კი დრო ჭირდება. მაგრამ თუ დასავლეთი ინტენსიურად გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების გაწვრთნა-მომზადებას და იარაღით მომარაგებას, მაშინ წარმატებისთვის მეტი საფუძველი იქმნება.
„რამდენი ტერიტორიაც არ უნდა გათავისუფლდეს კონტრშეტევის დროს, კრიტიკულად მაინც მნიშვნელოვანია კიევმა კრემლს აჩვენოს, რომ რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, თუნდაც მას რამდენიმე ეტაპი დაჭირდეს“, – ასკვნის ექსპერტი.
ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო, შესაბამისად, მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, ჭექა-ქუხილის დროს, ელვით მიიღო დაზიანებები. მეხის დარტყმას რასაც ეძახიან, ეს არის მისი დიაგნოზი. დამწვრობითი შოკია საკმაოდ სერიოზული. როგორც წესი, ჭექა-ქუხილის დროს მეხის დაცემა საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას იწვევს“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.
საუბრები ფოტოგრაფიაზე თიბისი კონცეპტში
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 20 და 24 ივნისს, უმასპინძლებს გურამ წიბახაშვილის და მირიამ გრიგალაშვილის შეხვედრებს ფოტოგრაფიის შესახებს. შეხვედრები, თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეებში მიმდინარე, ნესტან აბდუშელიშვილის და დავით სულაქველიძის გამოფენების ფარგლებში გაიმართება.
20 ივნისი | 19:00
შეხვედრა კურატორ მირიამ გრიგალაშვილთან.
თემა: როგორ შევქმნათ ფოტო ისტორიები და გავიტანოთ საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე.
შეხვედრაზე განხილული იქნება ფოტო პროექტებზე მუშაობის ეტაპები – როგორ იქცევა იდეა ფოტო ისტორიად, როგორია მზადება გადაღებისთვის, რა უნდა გაითვალისწინოს ფოტოგრაფმა გადაღებისას და რა ხდება გადაღების დასრულების შემდეგ – ფოტოების შერჩევისა და ე.წ. სიქუენსის შექმნის მეთოდები.
გარდა შემოქმედებითი მუშაობისა, თანამედროვე ფოტოგრაფიულ სამყაროში, ავტორს საკუთარი ნამუშევრების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის ვალდებულებაც ეკისრება. სწორედ ამიტომ, შეხვედრაზე დრო დაეთმობა იმ შესაძლებლობების განხილვას, რაც ფოტოგრაფებს პროექტების პოპულარიზებისთვის ეძლევათ, ასევე, სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს.
24 ივნისი | 17:00 საათი
შეხვედრა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან
თემა: დავით სულაქველიძის შემოქმედება „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები”
ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი შეხვედრაზე ისაუბრებს დავით სულაქველიძის შემოქმედებაზე.
დავით სულაქველიძე უშუალო მონაწილე იყო და მან ფოტო ფირზე აღბეჭდა მოვლენები, რომლებიც 80-იანი წლების საქართველოში ვითარდებოდა. შემოგვინახა ისტორიული ფაქტები, რომლებიც ეპოქის დასასრულს, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. დღეს, თიბისი კონცეპტში, წარმოდგენილი გამოფენა, არის საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს არის ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნება.
შეხვედრებზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას.
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის 7.
(R)
“ლუკაშენკო კრემლს ბელარუსზე სულ უფრო მეტ კონტროლს უთმობს” – სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებული ვითარების მონიტორინგს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მიზეზს საკუთარი ბირთვული ძალების პოზიციების კორექტირებისთვის ისევე, როგორც ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.
ამასთან, მილერმა აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლს ქვეყანაზე სულ უფრო მეტ კონტროლს აძლევს.
„რაც შეეხება ბელარუსს, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ლუკაშენკო აკეთებს უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ არჩევანს და კრემლს ბელარუსზე მეტ კონტროლს უთმობს, ბელარუსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. რუსეთისთვის კი ეს კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, 14 ივნისს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო.
16 ივნისის ამინდის პროგნოზი
16 ივნისს ქუთაისში +26 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +24, ღამის ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
გორში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.
გურჯაანში დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
რუსთავში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.