Home Blog Page 1977

,,12-ზე მეტი პარტია შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ დეპოლარიზაცია არ მოხდა, პირიქით ”- ოდიშარია

რა რესურსია აქვს ოპოზიციას, საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომელ ოპოზიციურ პარტიებს რა მხარდაჭერა აქვს, ესეც, ჩვენც ძალიან კარგად ვიცით მათი შესაძლებლობების შესახებ,, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარია თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შეშინებულია ხუთპროცენტიანი ბარიერის გამო.

„სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები, კონკრეტულად ყველა, ვინც ახლა ფიგურირებს პოლიტიკურ ველზე, იბრიქებოდა, რომ მათ არ აქვთ პრობლემა ბარიერის და ისინი უპირობოდ გადალახავენ ხუთპროცენტიან ბარიერს, ახლა რამ შეაშინა, რამ დააფრთხო, არ ვიცი. ალბათ შექმნილმა მდგომარეობამ და საზოგადოების ძალიან ძლიერმა მხარდაჭერამ „ქართული ოცნების“ მიმართ. მე მოვუწოდებდი მათ, ჭკუას წიხლი დააჭირონ და გაერთიანდნენ, მოძებნონ ერთმანეთთან საერთო ენა, მაინც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ, ჩვენთვის ისინი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, მათთვისაც პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღონ, როგორც ეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გააკეთა და შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინაიდან და რადგანაც მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ გადალახონ ცალკე ყოფნის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი. გახარიას პარტიას რომ უთანამშრომლია რაიონებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ფაქტია, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ისაუბრა კიდეც, რომ მათ უკვე აქვთ გარკვეული ალიანსი სხვადასხვა რაიონში. შესაბამისად, არაფერი გაგვიკვირდება, რომ არჩევნების მოახლოებისას გარკვეულმა შიშმა იმისა, რომ ცალკე ყოფნის შემთხვევაში ისინი ვერ გადალახავენ ბარიერს, გაერთიანდებიან ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ახლა უარყოფენ ერთმანეთს ძალიან მკაფიოდ. რაც შეეხება ბარიერის დაწევის შინაარსს, ჩვენ ვნახეთ, რომ 2020 წლის არჩევნებში მიღებულმა ჩვენმა გადაწყვეტილებამ და იმან რომ, 12-ზე მეტი პარტია შემოვიდა თუ არ ვცდები პარლამენტში, არანაირი დეპოლარიზაცია არ მოიტანა, არანაირი სახალხო და პოლიტიკური კონსენსუსი არ მოიტანა, პირიქით გააღრმავა დაპირისპირება, სიძულვილის ენა და ჩემი აზრით, ამ მიზნით ბარიერის დაწევა მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ოდიშარიამ.

,,სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდმაზე მიწვევა სწორი იქნებოდა”- ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდმაზე მიწვევა სწორი იქნებოდა. ამის შესახებ ავსტრიელმა დიპლომატმა გამოცემა Die Presse-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ სერგეი ლავროვის მიწვევა სწორი იქნებოდა. ეს ორგანიზაცია აუცილებელია მომავლისთვის“, – განაცხადა შალენბერგმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ლავროვთან მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ევროპა საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრაგმატული მიდგომით უნდა ხელმძღვანელობდეს.

ეუთო-ს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბერს გაიხსნება.

„სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა“- ბექა ოდიშარია

ქართველი ხალხის ევროპული გზის ლიდერი ამჟამად არის ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ამ ტრიუმვირატმა და ზოგადად ჩვენი გუნდის ძალისხმევამ მოიტანა შედეგი და მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ რომ არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ამასთან, ოდიშარიას თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა“.

„სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა, ეს რას ემსახურება? ბუნებრივია არ ემსახურება პირად და საოჯახო ინტერესებს, ეს ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ სამომავლო გეგმებს, თუმცა მე არ ვუწყი ამის შესახებ, არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენთვის ეს ტრაგედია არ იქნება, ვისთან ერთადაც არ უნდა დადგეს, მაინც დამარცხდება „ქართულ ოცნებასთან“ და „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ გზას სტატუსის მინიჭების შემდეგ, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე“, – განაცხადა ოდიშარიამ.

„ჰამასის“ ლიდერი არაბული და მუსლიმი ქვეყნების ლიდერებს შეხვედრისკენ მოუწოდებს

„ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიე არაბული და მუსლიმი ქვეყნების ლიდერებს შეხვედრისკენ მოუწოდებს.

„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისმაილ ჰანიემ სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონულ და საერთაშორისო ლიდერებთან და მათ ღაზის სექტორში მიმდინარე აგრესიის შეჩერებისა და ანკლავის ალყის გარღვევასთან დაკავშირებით სასწრაფო შეხვედრის აუცილებლობაზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს საუდის არაბეთის დედაქალაქში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილეობით სამიტი გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაცია 57 უმეტესად მუსლიმური სახელმწიფოსგან შედგება და მას არაბული ლიგის ქვეყნებიც მიეკუთვნებიან.

თბილისში მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს

თბილისში სატელევიზიო შოუ „პრაიმჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, მომღერალი და მსახიობი კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში ყოფნისას დაჭრეს.

შემთხვევა 19 ნოემბერს გამთენიისას მოხდა. სანიკიძის ახლობლის ცნობით, ის მუცლის არეშია დაჭრილი და მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდარ ფაქტზე 1 პირი დააკავეს.

ცნობისთვის, ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, სანიკიძე მედიასთან მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობდა და გამოძიებას ჩვენებაც მისცა. 2 ნოემბერს მან განაცხადა, რომ თავდამსხმელი შეცდომით მის მეზობელს შეუვარდა და ამბობდა: „სად არის კოსტა სანიკიძე უნდა დავბრიდოო“. ამის შემდგომ კი სანიკიძის თქმით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. წალენჯიხის მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად ხეები და ელექტროენერგიის ბოძებია წაქცეული.

ფოცხო-ეწერის დასახლებაში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ასევე სოფელ საჩინოში ელექტროენერგიის ბოძებია წაქცეული, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა.
ქალაქ ჯვარში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა.

ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. დაზარალებულ მოსახლეობას წყალგაუმტარი ტენტები დაურიგეს.

“სანჩესი – მოღალატე”, “ნუ გაყიდი ესპანეთს”- დემონსტრანტთა რეკორდული რაოდენობა მადრიდის ქუჩებში

ესპანეთის დედაქალაქში, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების ამნისტიასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადების შემდეგ, პროტესტი არ წყდება. ამჯერად, მადრიდის ქუჩებში დაახლოებით 170 000 ადამიანი გავიდა, – წერს Reuters-ი.

სააგენტოს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში გამართული დემონსტრაციებისას, ამდენი ადამიანი ქუჩაში ჯერ არ გასულა.

მსვლელობის მონაწილეებს ეჭირათ ესპანეთის დროშები და ბანერები ტექსტებით: “სანჩესი – მოღალატე”, “ნუ გაყიდი ესპანეთს”…

Reuters-ის ცნობით, სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ მსვლელობას ასევე შეუერთდნენ ოპოზიციური კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნეს ფეიჰო და ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი.

პროტესტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების ამნისტია დააანონსა. მომიტინგეები მთავრობას, პირადი სარგებლის გამო, ქვეყნის ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებენ. პრემიერს მთავრობის ფორმირებისთვის სეპარატისტული პარტიის მხარდაჭერა სჭირდება.

“ლელო” თბილისის ორგანიზაციას აფუძნებს

“ჩვენ ვიწყებთ მზადებას გადამწყვეტი ბრძოლისთვის” – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს თბილისის ორგანიზაციას დააფუძნებენ.

ასევე, აირჩევენ მის თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს. მისი თქმით, პარტიას მმართველი საბჭოს წევრობის 20 კანდიდატი ჰყავს, თავმჯდომარეობის კანდიდატი კი თავადაა. “ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს საქართველოში და, აი, ამ სიავის შედეგი ყველაზე მეტად საკუთარ თავზე სწორედ თბილისმა იწვნია. თბილისი, ფაქტობრივად, თავდაყირა დადგა.

რამდენიმე ათეული ათასი რუსის მუდმივად აქ ცხოვრებით და შემოსევით გაძვირდა ქირის ფასები, გაძვირდა პროდუქტებზე ფასები, მომსახურების ფასები… ამ ყველაფრის საპასუხოდ ჩვენ ვიწყებთ მზადებას გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ვაფუძნებთ თბილისის ორგანიზაციას და თბილისის ორგანიზაციის დაფუძნებით, ვაპირებთ დავუპირისპირდეთ როგორც ამ პრობლემას, ასევე სხვა ყველა პრობლემას, რომელიც გამოწვეულია ხალხის სამსახურში არმყოფი ხელისუფლებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ ურბანულ გენოციდზე, რომელიც ისევ და ისევ რუსული ფულით კეთდება. ვაპირებთ, რომ დავუპირისპირდეთ მწვანე სივრცეების განადგურებას…ვაპირებთ ვიმუშაოთ სატრანსპორტო პრობლემებზე, შშმ პირების პრობლემებზე, ქალაქის ეკონომიკის გაძლიერებაზე და გაჯანსაღებაზე,” – ამბობს ბუაძე.

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები, სავარაუდოდ, მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია

„თეგეტა მოტორსში“ უკვე EURO 6-ის სტანდარტის სატვირთოებისა და მიკროავტობუსების შეკეთებაც შესაძლებელია

„თეგეტა მოტორსის“ „დიზელ-ცენტრის“ ლაბორატორიას კიდევ ერთი, თანამედროვე, DAYEL-ის ბრენდის  EURO 6 -ის სტანდარტის დანადგარი შეემატა. უახლესი აღჭურვილობით ახლა უკვე  EURO 6 სტანდარტის საწვავის მფრქვევანებისა და ტუმბოების შემოწმება/შეკეთების სერვისიც ხელმისაწვდომი გახდა.

EURO 6-ის სერტიფიკატი გარემოსდაცვითი სტანდარტების სისტემაა, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებების გამოყოფის მოთხოვნებს არეგულირებს. ემისიების შემცირების მიზნით თანამედროვე ავტომწარმოებლები ცდილობენ, შექმნან და დანერგონ ახალი ტექნოლოგიები.

EURO 6-ის სტანდარტის სატვირთოები და მიკროავტობუსები საქართველოში უკვე ოპერირებენ. მათი საწვავის მიწოდების სისტემა განსხვავებული, უფრო ეფექტური მფრქვევანებისა და სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. შეცვლილია  პროგრამული უზრუნველყოფაც. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტის ავტომობილების დიაგნოსტიკა/შეკეთებას სპეციალური დანადგარი სჭირდება. DAYEL EURO 6 კი სწორედ „ევრო სტანდარტის“ დადგენილების შესაბამისი სატვირთოებისა და მიკროავტობუსების შეკეთებას უზრუნველყოფს.

ჯონი ბარიშვილი, დიზელების სერვისცენტრის მენეჯერი: „თეგეტა მოტორსი“ ყოველმხრივ ცდილობს, ფეხი აუწყოს ეკოლოგიაზე ზრუნვის ინოვაციებს და დანერგოს ევროპული სტანდარტები. სწორედ  მათ შორისაა  სერვისი EURO 6 სტანდარტის მქონე სატვირთოებისა და მიკროავტობუსებისთვის,  რომელიც საგრძნობლად ამცირებს გამონაბოლქვში მავნე აირების რაოდენობას.

ახლა უკვე ვფლობთ დანადგარს, რომელიც სრულად გადაჭრის აღნიშნულ ძრავასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას. უახლესი აღჭურვილობით Euro 6-ის სტანდარტის საწვავის მფრქვევანებისა და ტუმბოების შემოწმება/შეკეთების სერვისს მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს. გვყავს გუნდი, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს და მზად ვართ, EURO 6 -ის სტანდარტის ავტომობილებსაც მოვემსახუროთ. ახალი დანადგარი „თეგეტა მოტორსმა“ 2 თვეა, რაც შეიძინა და შესაბამისი სერვისი უკვე დაახლოებით 500-ამდე მომხმარებელს გავუწიეთ“.

დიზელის ძრავიანი ავტომობილების თანამედროვე სერვისის მიღება „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალშია შესაძლებელი – წლებია, რაც ეს ფილიალი დიზელზე მომუშავე მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას ემსახურება. სერვისცენტრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. მეზობელ ქვეყნებში მისი ანალოგი არ არსებობს და ამიტომაც ის ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებსაც ემსახურება.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

“2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებში სარჩელს შეიტანს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

“2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ დავტოვებთ მას შუა გზაზე. ფასი გადახდილი იქნება”, – აღნიშნა ერდოღანმა.

იმავე გამოსვლაში ერდოღანმა, რომელიც სამი წლის განმავლობაში პირველი სამუშაო ვიზიტით 17 ნოემბერს გერმანიაში ჩავიდა, განაცხადა, რომ ანკარა ეცდება გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლები, თუ ბერლინი გადადგამს ნაბიჯს ისრაელის ხელში მყოფი 10 000 მძევლის გასათავისუფლებლად.

სააგენტო „dpa“ წერს, რომ სრულიად გაუგებარია, რა იგულისხმა ერდოღანმა რიცხვ 10 000-ში.

„გაერო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, ისრაელის ციხეებში 1 500 პალესტინელი იმყოფებოდა“, – განმარტავს სააგენტო.

„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი არსებული მდგომარეობის შესაფასებლად”- სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე საშემოდგომო შეხვედრაში მონაწილეობს. სიტყვით გამოსვლისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოში ეუთო-ს პრეზიდენტის პია კაუმას და დელეგაციის ვიზიტზე და ასევე, ჩვენი ქვეყნის რეგიონულ როლზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის მიერ საოკუპაციო ხაზის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება. იმ პირების, რომლებიც რუსული ოკუპაციის გამო უკვე 15 წელზე მეტია (ზოგიერთი – 30 წელია) ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს ხელი შეუწყოს. ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ თბილისი, როგორც მოლაპარაკებების ადგილი და ვიმედოვნებთ, რომ იმ ვალდებულებით, რომელიც ორივე მხარემ საჯაროდ გამოთქვა და აიღო, ჩვენ შევძლებთ უახლოეს თვეებში აღვნიშნოთ გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენს ორ მოძმე მეზობელ ქვეყანას შორის. ჩვენი მხრიდან, საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა გამოეხმაურა.

„ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოში სტუმრობა. ახლა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველამ ვიცით, რომ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად რამდენიმე კვირაში, დეკემბერში გამოცხადდება“, – განაცხადა პია კაუმამ და აღნიშნა, რომ ეუთო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის კუთხით.

„ჩვენ ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე, გავეცანით არსებულ ვითარებას. ვნახეთ როგორია, როდესაც სხვა ქვეყანა უკანონოდ ახდენს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, ვესაუბრეთ მოსახლეობას. იქ საკუთარი თვალით ვნახეთ ვითარება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მისაღები. ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ასევე, სრულად გიჭერთ მხარს რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში. თქვენ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების მხარდაჭერის კუთხით“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

შეხვედრაში ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა.