Home Blog Page 1977

ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის – თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან – ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ცნობილი ქართველი მსახიობის − თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი მსახიობი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

ვახშამი პუტინთან ერთადო, ისე საუბრობენ, თითქოს დავითაშვილი და პუტინი ისხდნენ ერთი-ერთზე და ვახშმობდნენ- მამუკა მდინარაძე

ვახშამი პუტინთან ერთადო, ისე საუბრობენ, თითქოს დავითაშვილი და პუტინი ისხდნენ ერთი ერთზე და ვახშმობდნენ, საუბრობდნენ გემრიელად რაღაცაზე, როდესაც ათეულობით და ასეულობით ქვეყანა იღებს გარკვეულ ფორმატში მონაწილეობას, როგორც ჩანს, მოგვიწოდებენ, რომ ამ ფორმატებიდან გამოვიდეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ლევან დავითაშვილის დაბარება თუ გადაწყდება პარლამენტში, ის კანონით დადგენილი წესით უპასუხებს დეპუტატების კითხვებს.

„სპეკულაციის დონეა, დავითაშვილი ბოლომდე იჯდა, ყურადღებით უსმენდაო. ყურადღებით უსმენდა თუ არაყურადღებით, გაფანტული ჰქონდა იმ დროს ადამიანს გონება თუ სხვა რამეზე ფიქრობდა, სპეკულაციაა. მანამდე იყო შეხვედრა, სადაც ბლინკენი და ლავროვი ერთად ისხდნენ. როგორ არის, ამერიკელებს და დასავლელებს ჩვენი არაფერი აინტერესებთ?! ჩინეთი რომ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ნეტავ, ბევრი ქვეყანა უცხადებდეს ისე. დავითაშვილის დაბარებას რაც შეეხება პარლამენტში, სპეკულაციური დაბარებაა, მაგრამ რეგლამენტით დადგენილი წესით თუ იქნება, ბუნებრივია, მოსვლა მოუწევს ნებისმიერ მინისტრს. ჩვენ არ გვეშინია ამის, არც მინისტრებს ეშინიათ და არც ჩვენ გვეშინია, მაგრამ სპეკულაციას თავი უნდა დავანებოთ. მაგ ლოგიკით, უნდა გამოვიდეთ ყველა საერთაშორისო ფორმატიდან, სადაც შეიძლება მოხვდეს პუტინი, ლავროვი და ა.შ. გინდათ, რომ ფორმატებიდან გამოვიდეთ, სადაც არის რუსეთი, ეს არ გამოვა. სხვათა შორის, ჰააგაში ვართ თანამონაწილეები იმ საჩივრის, სადაც რუსეთი ომის დამნაშავედ უნდა გამოცხადდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო არცერთ ორგანიზაციას არ დატოვებს იმის გამო, რომ იქ რუსეთიც იმყოფება.

„ჩვენ არცერთ ორგანიზაციას, იმის გამო, რომ იქ რუსეთია, არათუ დავტოვებთ, არამედ შევეცდებით, რომ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის, მათ შორის დეოკუპაციის და მათ შორის ზეწოლის“, – განაცხადა მდინარაძემ.

“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს” – დავით კირკიტაძე

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს, ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის ხიდების აღდგენაზე, – ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით კირკიტაძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

კირკიტაძის თქმით, გასულ წელს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი იმის გამო არ მისცეს, რომ პირობები არ შესრულდა.

„ევროპა გვინდაო, რამდენჯერმე გაიმეორეთ და დადიხართ ჩინეთში, ესწრებით სამიტებს, სადაც ჰააგის სასამართლოს მიერ ბრალდებული ადამიანია, ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი და ამაზე რეაქცია არ გაქვთ, ხოლო, ვინც ევროპულ დედაქალაქებში დადის, იმ ადამიანს იმპიჩმენტს უცხადებთ. კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საინტერესო რაღაც თქვა, ახალ ფორმატებს იგონებთო და მართლა მაინტერესებს, ეს 3+3 რა ფორმატია, რატომ უნდა ვიყოთ იქ, ირანთან ან რუსებთან ერთად? ეს საკითხავია. თუ ასეთი წარმატებულები ხართ, შარშან, როცა მოლდოვას და უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ქვეყანას რატომ არ მისცეს, შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ წარმატებული კი არა, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ და ჩვენი ხალხისთვის, ის პირობები ვერ შეასრულეთ, რაც გვქონდა. კიდევ ერთი საინტერესო რაღაც გავიგეთ, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს, ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნდობის ხიდების აღდგენაზე“, – განაცხადა კირკიტაძემ.

მან ასევე ისაუბრა დედაქალაქში შექმნილ საცობებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.

„ის საცობები და ის გაუსაძლისი ყოფა, რაც ჩვენს დედაქალაქში და მთლიანად ქვეყანაში ხდება, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თქვენ არ გაქვთ ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ჰარმონიულად და როგორ არ უნდა ხარჯავდნენ ადამიანები ყველაზე ძვირფას დროს იმ საცობებში, რომელიც დიახ, იმის გამოა შექმნილი, რომ ხშირ შემთხვევაში, არასწორად მოხდა ჩარევა და ხშირ შემთხვევაში, რაც უნდა გაგეკეთებინათ, რა პროექტებიც იყო, ის არ განახორციელეთ, დააკონსერვეთ. მართლა დანევროზდა ხალხი ამ საცობებში, რომელიც ხელოვნურად შექმენით, არ იაზრებთ, არ გაინტერესებთ და არ გადარდებთ, რადგან თქვენ „ბასლაინებში“ დადიხართ, არ დადიხართ? მთელმა საქართველომ იხილა რარიტეტული მანქანით როგორ გადაადგილდებოდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა „ბასლაინში“, – განაცხადა კირკიტაძემ.

“წელიწადზე მეტია, ვხედავთ ოპოზიციის და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართულ დაუღალავ კამპანიას”

წელიწადზე მეტია, ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსის მოლოდინზე. ახლოვდება იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრო, რომელმაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნაბიჯით წინ უნდა წასწიოს, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, იმისათვის, რომ საქართველო პირნათელი იყოს შემდგომი, დეკემბრის გადაწყვეტილების მოლოდინში.

„წელიწადზე მეტია, ვხედავთ ოპოზიციის და ე.წ.სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართულ დაუღალავ ძალისხმევას და კამპანიას, მათ შორის ლობისტური საქმიანობით მიმხრობილი უცხოელი აქტორების მონაწილეობით. ეს ყველაფერი კულმინაციას უახლოვდება. ოპოზიციის მიერ დაგებულ მახეებში, როგორც მოსალოდნელი იყო, თავად ოპოზიცია გაიხლართა და ახლა ზოგიერთები ამაოდ, ცდილობენ საზოგადოების თვალში სახის შენარჩუნებას, თუმცა არა შეცდომების აღიარებით, არამედ ერთმანეთის მიმართ ბრალდებების კორიანტელით. ბრალი საქართველოს წინაშე ყველას ერთიანად მიგიძღვით, ვინც კანდიდატის სტატუსი ბრძოლის იარაღად აქციეთ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეთ და ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ კამპანიებში იღებთ მონაწილეობას. კარგად გვახსოვს, როგორ მონათლეთ საკუთარი სამშობლო ,,მაჩანჩალად”, მაშინ როდესაც 2014 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველო დამსახურებულად ყოფილიყო ლიდერი ასოცირებულ სამეულს შორის. კარგად გვახსოვს, როგორ დადეთ ბრალი საკუთარ ქვეყანას და უწოდეთ ,,შავი ხვრელი”, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს ევროკავშირს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების აღსრულებაში. ვნახეთ, როგორ იხდით ფულს საკუთარი ქვეყნის ,,გაშავებაში.“ სურათის მეტი სიმძაფრისთვის, საკუთარი ბელადიც კი აშიმშილეთ, სცადეთ საკუთარი სამშობლოს ხან ,,ბელარუსიზაცია”, ხან ,,პუტინიზაცია” და ხანაც ,,გარუსება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მცირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრები და მატულობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების სამართლიანობაზე მიუთითებენ.

„მაშინ, როდესაც რუსეთს დავარქვით ,,ოკუპანტი” არა შეძახილებით, არამედ საერთაშორისო სასამართლოში საქმეების მოგებით და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. იმასაც ვხედავთ, როგორ ეთამაშებით ცეცხლს პირდაპირი გაგებით, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში. მშვიდობა, რომელიც ყველაზე სანატრელია უახლოეს ისტორიაში, რამდენიმე ომს გამოვლილი ქვეყნისთვის. ვხედავთ, როგორ ცდილობთ ქართველი ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ ამ წარუმატებელი იდეის ავტორებს დაავიწყდათ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება ხალხის რჩეულია.

„ისევ საზოგადოებას მოუწია მიეჩინა თქვენთვის საკადრისი ადგილი, როდესაც სცადეთ ხალხის სახელით სპეკულირება, გიორგი ვაშაძესაც ემახსოვრება ეს ამბავი კარგად. ალბათ, ამ წარუმატებელი იდეის წარუმატებელი გაგრძელებაა პრეზიდენტის ფრთის გადაფარება ოპოზიციის ბუდეზეც. იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის მცდელობას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში (გახსოვთ ალბათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა, სულ ცოტა ხნის წინ აშშ-სა და ევროკავშირის სამიტის დოკუმენტშიც აისახა), „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტამ სასწრაფოდ გადალახა ატლანტიკის ოკეანე და ახალი ტყუილების გუდა ჩაიტანა ვაშინგტონში. იქნებ მიხვდეთ, რომ ბრიუსელში და ვაშინგტონში შეიძლება, კიდევ ვინმე შეიყვანოთ შეცდომაში, თქვენი დაქირავებული მხარდამჭერების მეშვეობით, მაგრამ ამ ყველაფრის შემხედველი ქართველ ხალხს ვერ მოატყუებთ. მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებასაც. ხალხის სახელით მოვაჭრე ოპოზიციას კი ისევ ქართველი ხალხი გაგცემთ საკადრის პასუხს ყველა იმ მავნებლობისთვის, რასაც ქვეყნის წინაშე ჩადიხართ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

“ენაწყლიანობით ცდილობთ შეფუთოთ, როგორ თამაშობთ “ნაციონალური მოძრაობის” თამაშს – პაპუაშვილი ხვიჩიას

ბატონო იაგო, თქვენ ძალიან ოსტატურად, ენაწყლიანობით ცდილობთ შეფუთოთ ის, თუ როგორ თამაშობთ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს. გუშინაც და დღესაც ამას სიცილ-სიცილ, კისკის-კისკისში აკეთებთ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან “ვივამედის” კლინიკაში დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამიტომაც ზის ციხეში.

„გასაგებია, თქვენთვის სასაცილოა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმე დანაშაულებში დამნაშავე. თქვენ რომ ამას აბაიბურებთ და პოლიტიკაზე საუბრობთ, ადამიანმა სიკვდილამდე აცემინა პარლამენტის წევრი. უბრალოდ, სპორტსმენი იყო ის ადამიანი და გადარჩა. ამის გამო ზის ციხეში და მისჯილი აქვს. მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი და ხელი დააფარა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავეები გარეთ გამოეშვა. ამისთვის ზის ადამიანი ციხეში. რა პოლიტიკაზე საუბრობთ ვერ გამიგია, აბსურდის თეატრია. ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის და დღემდე არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, რა პოლიტიკაზე საუბრობთ? სირცხვილი იცით რა არის? საერთოდ როგორ საუბრობთ ამაზე? სისხლის სამართლის დამნაშავეზე საუბრობთ, რომელ პოლიტიკაში ჩართულობაზეა საერთოდ საუბარი, კიდევ შესვლას და პოლიტიკურ პაემნებს ითხოვთ. ხომ აბსურდია, რომ დამნაშავეები გინდათ იყოთ პოლიტიკაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2022 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 124 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 5 703.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 123.9 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი – 3 028.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 66.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, 2022 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 2 674.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია 2021 წლის სავაჭრო ბალანსზე.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 3 516.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 61.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 201.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 597.2 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 1 891.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 62.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 408.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურებაა 200.8 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 65.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები არიან რუსეთი – 981.2 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 688.5 მლნ. აშშ დოლარითა და უკრაინა – 327.9 მლნ. აშშ დოლარით. იმპორტის მიმართულებით კი, 2022 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 52.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია არიან თურქეთი – 482.0 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 204.9 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 204.8 მლნ. აშშ დოლარით.

“USAID-ის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ბევრს სცოდავენ” – მამუკა მდინარაძე

„როდესაც, ნებისმიერი ორგანიზაცია იქნება თუ ადამიანი, ეუბნება პოტენციური დამნაშავეს ან სამართალდამრღვევს, რომ შენ თუ რამეს ჩაიდენ და ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ავიღებ ჩემს თავზე, ეს იქნება ფინანსური თუ სხვა – ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის პირდაპირი და არა ირიბი მცდელობა, ამას აკეთებენ ორგანიზაციები, რომლებიც ფულს უხდიან სამართალდამრღვევს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ USAID-ის ადგილობრივ წარმომადგენლებს, ცენტრალური ოფისიდან არ აქვთ მითითება საქართველოში რევოლუციური პროცესების დაფინანსების შესახებ.

„სასჯელის, გარკვეული სახდელის, ნებისმიერი სანქციის პრევენციული მხარე თუ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა პირადად არ უნდა იფიქროს სამართალდარღვევაზე და დანაშაულზე, იმიტომ, რომ დაეკისრება გარკვეული სანქცია, ამ სანქციის მოხსნა, ამ შემთხვევაში კი, ჯარიმის გადახდა, კანონების და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფას და პირდაპირ მტრობას ნიშნავს. ამიტომაც არის, რომ უკვე რამდენი დღე გავიდა, კიდევ არ ვიცით, ვისი ფულია ზუსტად, ხან USAID –ს დააბრალეს. USAID-შიც ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც ჩანს და იკვეთება ამის ბევრი ნიშანი, ამას შემთხვევით არ ვამბობ, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ბევრს სცოდავენ, იმიტომ, რომ გარკვეული ლოგიკაც და ინფორმაციაც არის იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური ოფისიდან მათ არ აქვთ ისეთი მითითებები, რომ აქ ძალადობრივი რევოლუციის ხელშეწყობაზე იფიქრონ – კარგია, რომ ეს ნელ-ნელა ირკვევა.

თუ ჩვენი რომელიმე თანამემამულე, ქართველი ადამიანი ფიქრობს, რომ ამერიკელი ხალხის, ამერიკელი გადამხდელის, ევროპელი გადამხდელის, ევროპელი ხალხის ფული გამოიყენოს საქართველოში არეულობაში, ქაოსში, ძალადობაში და ა.შ. – ეს არის ყველაზე ანტიევროპული, ანტიამერიკული და ზოგადად, ანტიდასავლური ქმედება რასაც, როგორც ჩანს, დიდი სიამოვნებით ახორციელებენ ამ ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”

„საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ჩვენი ისტორიული თვითმიზანი არის გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც იქნება გარანტი საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლების და საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„კანდიდატის სტატუსის მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიც არ უნდა იყოს რუსული ოცნების მცდელობა, რომ ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც უკრაინელების თავგანწირულმა ბრძოლამ მოიტანა, ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა არ უნდა დაკარგონ. ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობა არის რეგიონში უსაფრთხოების გარანტი.

„ევროპას და აშშ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სჭირდებათ ძლიერი საქართველო, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება მისი თანაბარი და სრულფასოვანი პარტნიორი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

თიბისიმ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის Global Finance-სგან ჯილდო მიიღო

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-ი, თიბისი  საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

ეს ჯილდო თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ უკვე მეოთხედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციისა და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.

„თიბისიმ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რითაც ძალიან ვამაყობთ.  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებაა. სწორედ ამ ღირებულებისა და გამოცდილების შექმნისთვის მივიღეთ აღნიშნული ჯილდო, რომელიც დაგროვილი კაპიტალის მართვისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით ჩვენი მოწინავე პოზიციების აღიარებაა,“ –  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„პერსონალური საბანკო მომსახურება არის ხელოვნება და ასევე მეცნიერება, რომელშიც ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების ცოდნა  შერწყმულია მომხმარებლის საჭიროებებზე დეტალურ და მუდმივ დაკვირვებასთან“, – ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია. მათი ყურადღების ქვეშ ის ორგანიზაციები მოხვდნენ, რომლებიც საუკეთესოდ პასუხობენ მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.

Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ შედეგები  ბანკების მიერ წარდგენილი ჩანაწერების, ინდუსტრიის ინსაიდერებისგან მოპოვებული ინფორმაციის  და დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების შედეგად გამოავლინა.

Global Finance-ის 2024 წლის საბანკო რეიტინგები 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 30 პერიოდის შესრულებას ეფუძნება.

(R)

“მსოფლიოში ალბათ რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, როგორც სააკაშვილის”

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრობის პერიოდში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა დაახლოებით 2 700-მდე ვიზიტორმა.

ამასთან, ბრაგაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ წელიწადზე მეტია, დეპუტატებს არ ეძლევათ სააკაშვილის მონახულების უფლება და არის თუ არა ეს კანონდარღვევა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ალბათ მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, როგორც მიხეილ სააკაშვილის.

„სამართლებრივად, ნებისმიერ დავაში – სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გამართლდა საქართველო. მე თქვენგან პირადადაც, ასევე თქვენი ტელევიზიისა და სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებისგანაც, ოპოზიციის წარმომადგენლებისგანაც ბევრჯერ გამიგია, რომ ირღვეოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის უფლებები, ხდებოდა კანონდარღვევა, მაგრამ ეს არასოდეს დასტურდება. ეს არის სუბიექტური აღქმები, სამართალი კი ამ შემთხვევაში საუბრობს აბსოლუტურად სხვა რამეზე და სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული. ალბათ, რთულად თუ მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან ერთად უკვე აქვს ახალი შესაძლებლობა, რომ შეასრულოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქცია -არჩილ თალაკვაძე

საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან ერთად უკვე აქვს ახალი შესაძლებლობა, რომ შეასრულოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქცია. ეს არის რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობა და განმტკიცება და უდავოდ, ეს ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია, როლი და ინიციატივა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის სახელით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებისთვის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და სწორედ ხელისუფლებამ, საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერით, შეძლო თერთმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა უმთავრეს ეროვნულ მიზანს – მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

„საქართველო დღეს მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან სტაბილური რეგიონი მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი ტრანსნაციონალური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის. ამისათვის საქართველო, ცხადია, გახდა საიმედო და თანასწორი პარტნიორი ჩვენი რეგიონის ორი მნიშვნელოვანი წევრის – სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, საქართველომ აშშ-თან ერთად უკვე აჩვენა მსოფლიოს წარმატებული მედიაციის მაგალითი 2022 წელს, როცა ჩვენი მედიაციით მიღწეული შეთანხმებით, შესაძლებელი გახდა პატიმრების გადაცემა და დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. წელს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ აიღო ჩვენი ხელისუფლების სახელით პოლიტიკური ინიციატივა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა მოლაპარაკებების საქართველოში გამართვა. პროცესი დაიწყო და იმედი გვაქვს, წარმატებით დასრულდება. სტაბილური რეგიონი მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი ტრანსნაციონალური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველო იძენს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ფუნქციას – რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და განმტკიცების ფუნქციას, ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო აძლიერებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო „ნაცმოძრაობის“ მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას”

რობინ დანიგანი და სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ „ნაცების“ ვასალების „საბულინგო“ იყვნენ,“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

გია აბაშიძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მდიდარი „ენჯეობის“ მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობის შენარჩუნებაა. აბაშიძემ აღნიშნა, რომ “ნაცმოძრაობის” მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დამუნათებას.

„აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო „ნაცმოძრაობის” მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას. თუმცა, რობინ დანიგანი და არც სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ “ნაცების” ვასალების „საბულინგო“ იყვნენ,“ – წერს გია აბაშიძე.