“S&P-ის მიმოხილვა ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა მდგრადად ვითარდება და სექტორის მიმართ ნდობა მაღალია” – ნათია თურნავა

75
spot_img

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნების საბანკო სექტორის არსებული ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკებია შეფასებული.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კვლავაც შეუნარჩუნდა არსებული მაჩვენებელი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება – 7 ქულა აქვს.

S&P-ის შეფასება მოიცავს ექვს კატეგორიას, მათ შორისაა ეკონომიკური მდგრადობა, ეკონომიკური დისბალანსი, ეკონომიკაში დაკრედიტების რისკები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საბანკო სისტემის პოზიცია გაუმჯობესდა და შეფასება მაღალი რისკიდან საშუალო რისკამდე შემცირდა.

ანგარიში ასევე აფასებს საბანკო სექტორის ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებს.

საქართველოს საბანკო ინდუსტრიის ძლიერ მხარედ დასახელებულია ფინანსური სექტორის მდგრადობა, რომელსაც მხარს უჭერს მაკროეკონომიკური გარემო და რაც აისახა კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის დონეში, ასევე მომგებიანობასა და დაბალ საკრედიტო დანაკარგებში.

„რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია. 2023 წლის ივლისში, ლარის გამყარებისა და სასაქონლო პროდუქტებზე ფასების შემცირების ფონზე, შემცირდა ინფლაცია, რის შედეგადაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დაწია. ინფლაცია წელს საშუალოდ 2.4% იქნება და 2024 წელს მიზნობრივ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. 2023-2024 წლებში მოსალოდნელია სესხების 5-10%-მდე ზრდა“, – ნათქვამია S&P-ის შეფასებაში.

ამასთან, შეფასება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სექტორში მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი დოლარიზაცია რჩება.

აღსანიშნია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა დოლარიზაციის შემცირების კუთხით და სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში 45%-ს შეადგენს.

„მისასალმებელია, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული არასტაბილური გარემოსი, სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ბოლო შეფასებაში საქართველოს უცვლელად შეუნარჩუნდა ქულა, ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში კი გაუმჯობესდა. S&P-ის მიმოხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა მდგრადად ვითარდება და სექტორის მიმართ ნდობა კვლავ მაღალია. რა თქმა უნდა, ასევე ვაცნობიერებთ მიმოხილვაში მოყვანილ ისეთ გამოწვევას, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია. ამ მხრივ, აქტიურად ვმუშაობთ და ვგეგმავთ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.