Home Blog Page 1977

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის 70-ე სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

“სამოქმედო გეგმის მომზადებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაუწია კოორდინაცია. გეგმა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით მომზადდა. მასში გაწერილია რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები.

კომისიის გადაწყვეტილებით სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს მიმართავს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს ღია წერილით მიმართავს, რომელიც 20 ნოემბერის სასამართლო პროცესზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიცემულ ჩვენებას ეხება.

“ჯორჯიან თაიმსი”გოგა ხაინდრავას ღია წერილს  უცვლელად გთავაზობთ:

“ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს”

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო! ა.წ. 20 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა და ამჟამად ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო კოლეგიისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, მისი ბრძანებით, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებული სასტიკი დარბევა, განპირობებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის მიზნით.
ამავე ჩვენებაში, ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინფორმაცია საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ, მან შეიტყო, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ის მიერ, ქართული მხარისთვის გამოგზავნილი წერილიდან (აღსანიშნავია, რომ ამერიკული სპეცსამსახური, მან რუსული დასახელებით ФБР-ით მოიხსენია). სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება, რუსეთის დავალებით, ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა დააბრალა, აწ განსვენებულ, ცნობილ ქართველ მეცენატს, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელს ბადრი პატარკაციშვილს.

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ 2007 წელს, საქართველოში, ყველა საპროტესტო გამოსვლა, აქცია თუ დემონსტრაცია, ორგანიზებული და წარმართული იყო, ჩვენი, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების – “ეროვნული საბჭოს“ მიერ. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილს, ის ამ გაერთიანების წევრი არ ყოფილა, ამიტომ ბუნებრივია, ვერც აქციების ორგანიზებაში და ვერც მათ წარმართვაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას. ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბერს ის საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბრალდებულ სააკაშვილის ჩვენება, სახელმწიფო გადატრიალების მომზადების და 2007 წლის 7 ნოემბერს, მისი განხორციელების მცდელობის შესახებ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წერილი, რომელიც ქართულ მხარეს ატყობინებდა ამ დანაშაულის შესახებ, თუ ასეთი ბუნებაში არსებობს, უთუოდ გვეხებოდა ჩვენ, ანუ ოპოზიციური „ეროვნული საბჭოს“ წევრებს, შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ხაინდრავა – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი; სალომე ზურაბიშვილი – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი; დავით უსუფაშვილი – შემდგომში პარლამენტის თავმჯდომარე; ზვიად ძიძიგური – შემდგომში პარლამენტის ვიცე-სპიკერი; თინათინ ხიდაშელი – შემდგომში პარლამენტის დეპუტატი და თავდაცვის მინისტრი; გუბაზ სანიკიძე – შემდგომში პარლამენტის დეპუტატი, კომიტეტის თავმჯდომარე; ეკა ბესელია – შემდგომში პარლამენტის დეპუტატი, კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. შემდგომში პარლამენტის დეპუტატი; დავით ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. შემდგომში პარლამენტის დეპუტატი; ლევან გაჩეჩილაძე – შემდგომში პარლამენტის დეპუტატი და პრეზიდენტობის კანდიდატი; შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის უცვლელი თავმჯდომარე;

ჯონდი ბაღათურია – შემდგომში პარლამენტის დეპუტატი; კობა დავითაშვილი – „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე, 2007 წლის 7 ნოემბერს გატაცების და სასტიკი მოპყრობის შედეგად მიღებული ტრავმების გამო, აწ გარდაცვლილი და სხვა…

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო დენიგან! მოგმართავთ ოფიციალური თხოვნით, ან დაადასტუროთ ან უარყოთ, 2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ, ქართული მხარისთვის, მსგავსი წერილის გამოგზავნის ფაქტი.

ანალოგიური თხოვნით მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელ ელჩს საქართველოში, ბატონ ჯონ ტეფტს. აუცილებელია ნათელი მოეფინოს ამ გარემოებას. ქართულ მართლმსაჯულებას და საქართველოს საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი 2007 წლის 7 ნოემბერს, საქართველოში, რუსეთიდან ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და აფრთხილებდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI), ქართულ მხარეს, ამ ფაქტის შესახებ; თუ ეს არის ბრალდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, სასამართლო პროცესზე, განზრახ გაჟღერებული ცრუ ჩვენება, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დისკრედიტაციის მიზნით.

როგორც გაუწყეთ, ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილი პერსონა, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის ყოფილი ან ამჟამინდელი პირი გახლავართ. ჩვენი მონაწილეობა, ოკუპანტი ქვეყნის მიერ ინსპირირებულ სახელმწიფო გადატრიალებაში, განსაკუთრებით მძიმე სახელმწიფო დანაშაულია, რაც საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად ისჯება.

იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ გამოიჩენთ, ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისთვის დაკისრებულ მაღალ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას, გაითვალისწინებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს შეუწყობთ, როგორც ქართულ სასამართლოს და გამოძიებას, ისე საქართველოს მოქალაქეებს, ჭეშმარიტების დადგენაში”, – პატივისცემით გიორგი ხაინდრავა 2023 წელი 26 ნოემბერი, თბილისი

ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის და საარჩევნო გარემოს დაზიანების მორიგი მცდელობა დაფიქსირდა

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის და საარჩევნო გარემოს­ დაზიანების მორიგი მცდელობა დაფიქსირდა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა არარსებული საუბნო საარჩევნო კომისიების არარსებული წევრების შესახებ.

„საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა – ამჯერად არასწორი ინფორმაცია არარსებული საუბნო საარჩევნო კომისიების არარსებული წევრების შესახებ ვრცელდება.

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში, ავტორი არაერთხელ აღნიშნავს, რომ მისი რესპონდენტების ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ან წევრები არიან, ხელისუფლებამ მის სასარგებლოდ მუშაობის სანაცვლოდ სხვადასხვა პოზიციაზე დაასაქმა. მათ ნაწილს კი დაუმსახურებლად სოციალური დახმარებაც დაუნიშნა.

პირველ რიგში, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებული არ არის. საარჩევნო კოდექსის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიები მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ კომპლექტდება. საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. აღნიშნული უფლებამოსილებები წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე. (საარჩევნო კოდექსი. მუხლი 25. პ.14).

შესაბამისად, ჟურნალისტის მხრიდან კონკრეტული პირების კომისიის წევრებად მოხსენიება სრული აბსურდია, არ შეესაბამება სინამდვილეს და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი კარგად არის ცნობილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, აღნიშნული სიუჟეტი ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ასევე გამოიყენა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის. ამავე არხის ეთერში მან გაიმეორა რეპორტაჟის ნარატივი და განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ კომისიის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმა. აქვე მან გაავრცელა მეორე სიცრუე, თითქოს კომისიების შემადგენლობაში „ქართულ ოცნებას“ 8 წევრი ჰყავს. ცხადია, არარსებული კომისიის არარსებულ წევრებზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, კონკრეტული პოლიტიკოსები კი ამ გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენას.

პარლამენტის არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიზნით სრული დატვირთვით მუშაობს. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა მხარის ჩართულობას და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. ამიტომ, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს – პოლიტიკოსებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს – ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, ილონ მასკი, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, ერთ-ერთ კიბუცს ეწვია, რომელსაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები დაესხნენ თავს.

კიბუცში ილონ მასკმა მოისმინა ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის და ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ბრიფინგები „ჰამასის“ მიერ დასახლებაში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში ვიზიტამდე ილონ მასკი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს.

“S&P-ის მიმოხილვა ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა მდგრადად ვითარდება და სექტორის მიმართ ნდობა მაღალია” – ნათია თურნავა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნების საბანკო სექტორის არსებული ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკებია შეფასებული.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კვლავაც შეუნარჩუნდა არსებული მაჩვენებელი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება – 7 ქულა აქვს.

S&P-ის შეფასება მოიცავს ექვს კატეგორიას, მათ შორისაა ეკონომიკური მდგრადობა, ეკონომიკური დისბალანსი, ეკონომიკაში დაკრედიტების რისკები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საბანკო სისტემის პოზიცია გაუმჯობესდა და შეფასება მაღალი რისკიდან საშუალო რისკამდე შემცირდა.

ანგარიში ასევე აფასებს საბანკო სექტორის ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებს.

საქართველოს საბანკო ინდუსტრიის ძლიერ მხარედ დასახელებულია ფინანსური სექტორის მდგრადობა, რომელსაც მხარს უჭერს მაკროეკონომიკური გარემო და რაც აისახა კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის დონეში, ასევე მომგებიანობასა და დაბალ საკრედიტო დანაკარგებში.

„რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია. 2023 წლის ივლისში, ლარის გამყარებისა და სასაქონლო პროდუქტებზე ფასების შემცირების ფონზე, შემცირდა ინფლაცია, რის შედეგადაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დაწია. ინფლაცია წელს საშუალოდ 2.4% იქნება და 2024 წელს მიზნობრივ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. 2023-2024 წლებში მოსალოდნელია სესხების 5-10%-მდე ზრდა“, – ნათქვამია S&P-ის შეფასებაში.

ამასთან, შეფასება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სექტორში მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი დოლარიზაცია რჩება.

აღსანიშნია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა დოლარიზაციის შემცირების კუთხით და სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში 45%-ს შეადგენს.

„მისასალმებელია, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული არასტაბილური გარემოსი, სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ბოლო შეფასებაში საქართველოს უცვლელად შეუნარჩუნდა ქულა, ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში კი გაუმჯობესდა. S&P-ის მიმოხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა მდგრადად ვითარდება და სექტორის მიმართ ნდობა კვლავ მაღალია. რა თქმა უნდა, ასევე ვაცნობიერებთ მიმოხილვაში მოყვანილ ისეთ გამოწვევას, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია. ამ მხრივ, აქტიურად ვმუშაობთ და ვგეგმავთ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

“რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს”

რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთს მეზობლების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და ამის შესახებ დასავლეთში განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა პირადად არაერთხელ განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას არ დაუჭერს მხარს, რუსეთი გაიმარჯვებს და თავს დაესხმება მეზობელ ქვეყნებს.

სერგეი ლავროვმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს როლზეც და თქვა, რომ შესაძლებელია მცდელობა ეუთო-ს, როგორც დიალოგის პლატფორმის გადასარჩენად, მაგრამ შანსი მცირეა.

ლავროვის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას მეორე ცივი ომი არ უნდა ეწოდოს, რადგან ფუნდამენტური განსხვავება იყო კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების სურვილი, გაენადგურებინათ საერთაშორისო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და გამოეყენებინათ უკრაინა რუსეთთან ღია კონფრონტაციისთვის.

ამას როგორ აპირებთ მადამ პრეზიდენტო? -გოგა ხაინდრავა სალომე ზურბიშვილს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს “ასოცირებული ტრიოდან” – უკრაინას და მოლდოვას! – სალომე ზურაბიშვილი.

ამას როგორ აპირებთ მადამ პრეზიდენტო? მანქანით, სირბილით, თუ ასკიკნკილით, როგორც ეს სახალხო დამცველის მ.შ. – მა გვირჩია? ჰოდა, თუ დავეწევით, მერე რა გვეშველება?“, – წერს ხაინდრავა.

ევროინტეგრაციის კომისიამ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის კომისიამ დღევანდელ სხდომაზე, ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

როგორც მან კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქმედო გეგმის შესაბამისად ისინი გააგრძელებენ კოორდინაციას ევროკომისიასთან.

„დღეს გაიმართა საქართველოს ევროინტეგრაციის რიგით 70-ე კომისიის სხდომა. როგორც ცნობილია, ევროინტეგრაციის კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ კომისიის შემადგენლობაში არიან იმ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობას იღებენ.

ევროინტეგრაციის კომისია, როგორც იცით, არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი. ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად შევძლოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც დგას დღის წესრიგში ევროკავშირთან. შესაბამისად, დღეს იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებით, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან და ჩვენ უკვე ამ დღის წესრიგის და ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად გავაგრძელებთ კოორდინაციას ევროკომისიასთან. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია კონკრეტული თარიღები და პერიოდები, რომლის დროსაც ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ერთ-ერთი მთავარი სულისკვეთება ამ დოკუმენტის არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას ძალიან აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმები, გაგრძელდება ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში გახსნილი დისკუსიის პლატფორმებზე მუშაობა, იმისთვის, რომ საერთო ინტერესები დაახლოვდეს, იმისთვის, რომ შეჯერდეს პოზიციები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეფორმების მიმართებით, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ამ პლატფორმებში მუშაობის შედეგად განხორციელდეს რეფორმები, რათა მაქსიმალურად იყოს ინკლუზიურობა დაცული. ინკლუზიურობა იყო საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით, დღემდე გვაქვს მზაობა და ინტერესი იმის, რომ ეს რეფორმები მაქსიმალურად ინკლუზიურობით განხორციელდეს, რადგან ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ჩვენ ამ დღის წესრიგის და იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდა, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, კომუნიკაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი გაგრძელდეს, რადგან ჩვენ გვწამს, რომ ეს არის განგრძობადი, მნიშვნელოვანი პროცესი, რადგანაც ერთ წელიწადში რეფორმები არ ტარდება, ეს არის გრძელვადიანი ძალისხმევა ხელისუფლების იმისთვის, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად, როგორც ინსტიტუციურად, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს და ეს არის ჩვენი ამოცანა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც დღის წესრიგში გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

დარჩიაშვილის თქმით, ასევე, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციასთან მიმართებითაც.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა, ეს დოკუმენტი ჩვენ შევქმენით რამდენიმე კვირის წინ, ასე ვთქვათ, ევროკომისიის რეკომენდაციებამდე, ეს დოკუმენტი არის ძალიან მასშტაბური და სიღრმისეული, რომელიც განსაზღვრავს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით წყება რეფორმების განხორციელების თანმიმდევრობას, მათ შორის, დროის თვალსაზრისითაც, ვიცით, რომ ამ კანონმდებლობის და ამ რეფორმის უკან დგას ძალიან ბევრი კომპლექსური პროცესები. ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემას, ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო სივრცის გაუმჯობესებას, კონკურენციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას და ბევრი სიღრმისეული, კომპლექსური რეფორმები. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობაზე მიღებული ეს დოკუმენტიც იქნება მორიგი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შევინარჩუნებთ ძალიან აქტიურ დინამიკას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

“მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმი არ მოიხსნება” – გია ვოლსკი

მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმი არ მოიხსნება, მუშაობაში ჩართვა იმას გულისხმობს, რომ არგუმენტი და შენი ხედვა უნდა წარმოადგინო და გაამჟღავნო ის, საერთოდ გინდა თუ არა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის ფორმატში პოზიციებს იძლიერებდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ვისაც სტრატეგიულ გეგმად სპეკულაციები აქვს არჩეული, მისთვის ასეთი მუშაობა ძალიან ძნელი იქნება.

„იმედია, პროცესში მონაწილეობას ყველა მიიღებს და პროცესი მაინც განვითარდება. ოპოზიცია მუშაობას არ აპირებს, რადგან ხელიდან არგუმენტი გამოეცლება. ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ ყოფილა ის, ვინც ასოცირების ხელშეკრულებას ან გეგმას მოაწერა ხელი. ისინი ამბობენ იმასაც, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მხრიდან სანქციების თავიდან ასარიდებლად გამტარია, თუმცა ეს ასე აღმოჩნდა. უამრავ სიცრუეს ამბობენ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მათი გეგმაა დესტაბილიზაცია და ამ გეგმას მიჰყვებიან. თუ მიზანს სტატუსის თემით ვერ მოაღწიეს, ახლა უკვე საარჩევნო თემას გამოიყენებენ იმისათვის, რომ სახელმწიფო მმართველობის დისკრედიტაცია მოახდინონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7113 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7113 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9697 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9594 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0103 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მთლიანად ოპოზიციას აზიანებს” – რომან გოცირიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აზიანებს, არამედ მთლიანად ოპოზიციას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ეს პროცესები კომიკურ ფორმაში გადაიზარდა.

„„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები იმდენად მაინტერესებს, რამდენადაც ის ძალიან აზიანებს ოპოზიციას. დანარჩენი მხარე ჩემი ინტერესების სფერო არ არის. სწორედ იმიტომაც დავტოვე ეს პარტია, რა პროცესებიც იქ ხდებოდა და, სამწუხაროდ, გრძელდება. რაც ხდება, ამას მარტივად ჰქვია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თვითგვემა გრძელდება, რომელიც ერთ პერიოდში რაღაც ფორმას, ტანჯვის ფორმას თუ იღებდა, რასაც ახლა ვაკვირდებით, უკვე კომიკურში გადაიზარდა. ასე გაგრძელება აზიანებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მთლიანად ოპოზიციას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ოპოზიციამ კითხვები კი არ უნდა დასვას, შემოთავაზება მიიღოს და სამუშაო ჯგუფებში ჩაერთოს” – ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთონ.

როგორც მან ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მოწოდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო სივრცეში იმ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩაერთონ, რომელიც რეფორმებთან მიმართებით არის შექმნილი.

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი აქტივობების დღის წესრიგს, თითოეულ რეკომენდაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პოზიციონირება, თუ როგორ ვხედავთ ამ რეკომენდაციის შესრულებას, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში იგულისხმება 2024 წლის ბოლომდე. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და გავხსნით დისკუსიას. რაც შეეხება ინკლუზიურობას, კითხვები კი არ უნდა დასვას ოპოზიციამ, უნდა მიიღოს შემოთავაზება, რომელიც არაერთხელ გაკეთებულა მმართველი გუნდის მხრიდან, მიიღონ მონაწილეობა სამუშაო რეჟიმში საპარლამენტო სივრცეში იმ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც შექმნილია რეფორმებთან მიმართებით. თუკი ისინი ამ პროცესში ჩაერთვებიან, ინკლუზიურობა დაცული იქნება“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.