Home Blog Page 1977

თიბისის მხარდაჭერით, ზესტაფონში საქკაბელის მოდერნიზებული საწარმო და ახალი შოურუმი გაიხსნა

სს „საქკაბელმა”, თიბისის მხარდაჭერით, ზესტაფონში საწარმოს რიგით მე-3 გადაიარაღებული სივრცე და ახალი შოურუმი გახსნა.

ახალი საწარმოო ხაზი პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში განხორციებული ინვესტიციით ამოქმედდა. მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ, მოდერნიზებულ საწარმოში ენერგოეფექტური პროდუქცია იქმნება, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„საქკაბელი” მომხმარებელს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. ჩვენი პროდუქციის წარმადობა მზარდია და ტექნოლოგიურად განვითარებადი. ამჯერად აქცენტი განახლებად და მწვანე ენერგიების საკაბელო პროდუქციაზე გვაქვს, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოლარ კაბელების ევროპული სტანდარტებით წარმოება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. დღეს ევროპული სერტიფიკატიც ავიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ პროექტის წასახალისებლად სახელმწიფო მხარდაჭერითაც ვისარგებლეთ. ვფიქრობ, სოლარ კაბელების წარმოებით, ჩვენი კომპანიაც შეიტანს თავის წვლილს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაში. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია, გავზარდოთ „საქკაბელის” მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რაც ქვეყანაში დამატებით სავალუტო შემოსავლებს ნიშნავს. ამასთანავე, ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვანია იმერეთის, კერძოდ კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და მისი ეკონომიკის განვითარებისთვის”, – დავით კაპანაძე, „საქკაბელის” მმართველი დირექტორი.

„თიბისისა და „საქკაბელის” პარტნიორობა 22 წელიწადს ითვლის და მოხარული ვარ, რომ ორ ათწლეულზე მეტია კომპანიის ზრდისა და განვითარების მხარდამჭერები ვართ. „საქკაბელთან” პარტნიორობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას – რეგიონულ განვითარებას, ადგილობრივების დასაქმებას, ეროვნულ წარმოებასა და ქართული პროდუქციის ექსპორტს ვუჭერთ მხარს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რაც განახლებადი და მწვანე ენერგიის მოხმარებას უწყობს ხელს და საქართველოში ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ამაღლებს. მოხარული ვარ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არა მარტო ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი, არამედ ენერგოეფექტური კაბელები და მასთან ერთად, საქართველოს სახელიც გადის”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ღონისძიებაზე კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. აღნიშნული სტატუსი „საქკაბელს” ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს.

ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციაც გაიმართა, სადაც „საქკაბელის” მენეჯმენტმა დამსწრე საზოგადოებას კომპანიის გეგმები და სიახლეები, მათ შორის, სოლარ კაბელების წარმოების შესახებ ინფორმაციაც გაუზიარა.

,,საქკაბელი” დღეისთვის აერთიანებს:

საწარმოს ზესტაფონში, სადაც როგორც საკაბელო ისე საიზოლაციო მასალები და გოფრირებული მილები იწარმოება;
საქართველოს მასშტაბით 8 ოფიციალურ შოურუმს;
30-მდე სადილერო და 300-მდე პარტნიორ მაღაზიას.
კომპანიის სამომავლო გეგმები მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენაა მიმართული.

 

R

აშშ-მა სანქციები დააწესა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში ეხმარებიან

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი დაამტკიცა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში.

სანქცირებული კომპანიების მეშვეობით თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან რუსეთს მიეწოდებოდა ტექნოლოგია, აღჭურვილობა და სხვა მარაგი, რაც საჭიროა მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდასაჭერად და შესანარჩუნებლად.

სანქციები ასევე მოიცავს პირთა ქსელს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქე არტურ პეტროვთან. პეტროვი მიმდინარე წლის დასაწყისში კვიპროსში შეერთებული შტატების მოთხოვნით დააკავეს. როგორც ამერიკელი გამომძიებლები აღნიშნავენ, მან შექმნა რთული სქემა სანქციების გვერდის ავლით რუსული კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების ელექტრონული ტექნოლოგიების შესაძენად.

აშშ-ის ხაზინის ახალი სანქციების ცალკეული ბლოკი მოიცავს რუსეთის ფედერაციის ათეულობით სამხედრო-სამრეწველო კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ იმპორტს, ასევე ყიდიან სამრეწველო აღჭურვილობას.

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა სანქციები რუსული საბანკო სექტორების წინააღმდეგ.

“აშშ-ის მადლობელი ვართ ახალი და ძლიერი სანქციების გადაწყვეტილების გამო” – ზელენსკი

მადლობელი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი და ძალიან ძლიერი სანქციების გადაწყვეტილების გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების ძალა მსოფლიოს ძალაა.

„რუსული და არა მხოლოდ რუსული სუბიექტები, რომლებიც აგრესიაზე მუშაობენ, ახლა აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. ეს არის ის, რაც საჭიროა. სანქციების ძალა მსოფლიოს ძალაა. ამ მიზნით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ერთიანი სამყარო უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ სანქციებმა უნდა იმუშაონ ისე, რომ რუსეთს არ ჰქონდეს გვერდის ავლის შესაძლებლობა.

აშშ-მა სანქციები დააწესა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში ეხმარებიან.

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, დაასრულოთ ის, რაც წინსვლის და განვითარების საშუალებას არ გაძლევთ. ეს შეიძლება იყოს მოძველებული ურთიერთობა ან უინტერესო პროექტი. საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ. გირჩევთ საღამო ერთად გაატაროთ და ერთმანეთი პატარა სიურპრიზით გაახაროთ.

კურო

ახალი დღე დატვირთული იქნება – საინტერესო შეხვედრები და სასიამოვნო თანამოსაუბრეები გელით. გირჩევთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეინახოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით. დღის მეორე ნახევარში წესების დარღვევა კატეგორიულად გეკრძალებათ – როგორც მოძრაობის, ასევე ჰიგიენის წესების.

ტყუპები

მოემზადეთ რთული და კონფლიქტებით სავსე დღისთვის. დილიდან არაკეთილმოსურნე ადამიანების თავდასხმების მოგერიება და საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. ასევე მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, ამიტომ ეცადეთ, დამატებითი შემოსავლის წყაროს მიაგნოთ. გახსოვდეთ, რომ დროებითი პრობლემები მოწყენის მიზეზი არ უნდა გახდეს, ამიტომ პირქუში აზრები განდევნეთ და გახალისდით.

კირჩხიბი

ამ დღეს გუნდური მუშაობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, კოლეგებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. პირად ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები კი ნამდვილად არსებობს – თანამოსაუბრის განწყობის ამოცნობა და მისი აზრების გაგება გიჭირთ, ამიტომ ჯობს, საღამო მარტოობაში გაატაროთ.

ლომი

ლომებო, გირჩევთ დრო არ დაკარგოთ და აქტიური მუშაობისთვის განეწყოთ. დილიდან მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, ასევე პროფესიული მოვალეობების შესრულება მოგიწევთ. უპირატესობა იმ აქტივობებს მიანიჭეთ, რომლებშიც საუკეთესო ხართ. ეს თქვენს თვითშეფასებას გაზრდის და განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ქალწული

ხალისიანი განწყობა რთული დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომელსაც ბედისწერა გიმზადებთ. ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედეთ და ხელსაყრელი გარემოებებით ისარგებლეთ. გაიხსენეთ დაპირება, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით – იქნებ, მისი შესრულების დროა?

სასწორი

თავს დილიდან ძალაგამოცილად გრძნობთ და მუშაობა გიჭირთ. შესაძლოა, ამის გამო დაგეგმილი საქმეების განხორციელება ვერ შეძლოთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, ამიტომ გირჩევთ, საქმეები, რომლებიც დიდ დანახარჯებს უკავშირდება, სხვა დროისთვის გადადოთ. სავარაუდოდ, თავში საინტერესო იდეა მოგივათ, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ.

მორიელი

ამ დღეს მცირე სურვილები აგისრულდებათ, რომლებსაც საგანგებო მომზადება და დიდი ფინანსური ხარჯი არ სჭირდება. სავარაუდოდ, უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობისას გაურკვევლობას და დაძაბულობას იგრძნობთ. გირჩევთ, თავისუფალი დრო მარტოობაში გაატაროთ და ყველა საზრუნავისგან დაისვენოთ.

მშვილდოსანი

წინ მშვენიერი დღე გელით, რომელიც ფინანსურ შემოსავალს ან კარიერულ წინსვლას გპირდებათ. ეცადეთ პრიორიტეტები განსაზღვროთ და პერსპექტიულ საკითხებსა და პროექტებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შეიძლება, საქმეში ძველი ნაცნობი გამოგადგეთ.

თხის რქა

დილიდან ენერგიულად იქნებით, რაც აქტიურ მუშაობაში და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ყველაზე რთული საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. დილით უსიამოვნო თემებზე საუბარი მოგიწევთ, თუმცა შედეგი იმდენად სასიამოვნო იქნება, თავადაც გაოცდებით. მოინახულეთ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ და მოგენატრათ.

მერწყული

3 ნოემბერს დღის მეორე ნახევარი, დილასთან შედარებით, გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნის განმავლობაში იმუშაოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. ეცადეთ, ურთიერთობის დროს ტაქტი და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

თევზები

გირჩევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საქმეები დილას დაგეგმოთ. პროექტმა, რომელზედაც დიდ გეგმებს ამყარებდით, შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, თუმცა მალე უკეთესი შანსი მოგეცემათ. საღამოს ვარჯიში ან სეირნობა სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

“მოვუწოდებ გერმანიის მთავრობას, გამოასწოროს პოზიციები” – „ჰამასის“ წარმომადგენელი

„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მხარდაჭერის გამო ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია ღაზაში „სისხლისღვრის პარტნიორები“ გახდნენ.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მედიასთან საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობებში „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ოსამა ჰამდანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ნუსეირატსა და ჯაბალიაზე თავდასხმების შედეგად 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა.

„ღაზის სექტორში პოლიტიკურ რუკას ვერავინ შეცვლის, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. შეერთებული შტატები მუშაობს, რათა ისრაელს მეტი დაცვა, თავშესაფარი და უსაფრთხოება მისცეს. ისინი არ ზრუნავენ პალესტინის ინტერესებზე, არ ზრუნავენ პალესტინელი ხალხის ეროვნულ უფლებებზე, ისინი არიან პარტნიორები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებში“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

ამასთან, ჰამდანის განცხადებით, ფიქრობდნენ, რომ „გერმანია დანაშაულის მონაწილე არ იქნებოდა“.

„ეს ქმედება გვაიძულებს, დავსვათ კითხვა, გულისხმობს თუ არა გერმანული პოლიტიკური მენტალიტეტი ჰოლოკოსტის მენტალიტეტს ყველა ხალხის წინააღმდეგ და არა მხოლოდ ამა თუ იმ მხარის? ჩვენ ვფიქრობდით, რომ გერმანიამ ისწავლა წარსულიდან გაკვეთილები და არ იქნებოდა ამ დანაშაულის თანამონაწილე“, – განაცხადა ჰამდანმა.

„ჰამასის“ წარმომადგენელი გამოეხმაურა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გერმანია ქვეყანაში ორგანიზაცია „პალესტინელი პატიმრების სოლიდარობის ქსელის“ საქმიანობას კრძალავს.

„მინისტრსა და გერმანიის მთავრობას მოვუწოდებ, გამოასწორონ პოზიციები, ნაცვლად იმისა, დაწერონ ახალი ჰოლოკოსტი პალესტინელების წინააღმდეგ“, – აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

“რუმინეთისა და სლოვენიის მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა, ამ გადამწყვეტ მომენტში, იმედისმომცემია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში რუმინეთისა და სლოვენიის პარლამენტების სპიკერებს მადლობას უხდის, ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, მათი ქვეყნების ოფიციალური პირების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ სლოვენია და რუმინეთი დეკემბერში საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, მხარს დაუჭერენ.

„ძალიან იმედისმომცემია, ამ გადამწყვეტ მომენტში, რუმინეთისა და სლოვენიის მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ასეთი სერიოზული მხარდაჭერა. ნამდვილი მეგობრობა ასეთი უნდა იყოს.

ბატონო ნიკოლაე ჩუკა და ქალბატონო ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩ, ვაფასებთ თქვენს თანადგომას,” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „X“-ში.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები მამა-შვილი არიან.

არსებული ცნობით, მამა-შვილი მეზობელმა დაჭრა.

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე, პარკინგის ადგილის გამო დაიწყო და, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეზობელმა მამა-შვილს დაზიანებები დანით მიაყენა.

დაჭრილები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

“ყველა ადამიანი, ვინც ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით პროგრესს, არის უტიფარი”

„ნორჩი ნაციონალები“ სიმართლეს გთხოვდნენ. იმაზე, რაც ხდებოდა 2012 წელს, საერთოდ სალაპარაკო არ აქვთ,  სიმართლე ის არის, რომ ამ პერიოდზე საუბრისას, მათ უბრალოდ მოკაკულებმა უნდა იარონ, საარჩევნო პერიოდს რომ იხსენებენ, უნდა გაიხსენონ ის პირობები და ის ვითარება, რა პირობებში გვიწევდა „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის ჩატარება და საერთოდ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში, –  განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მოსმენის შემდეგ.

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი არა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით როგორი ყაჩაღობა იყო და სახელმწიფო ბიუჯეტის მახრებად როგორ იყვნენ გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერები“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისვე თქმით, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლები პოპულისტური იყო.
დეპუტატმა ყურადღება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ  ზუგდიდში აუცილებლად აშენდება სტადიონი.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რეგიონებში ინფრასტრუქტურული გამოწვევები არსებობს, თუმცა ამავე დროს შესამჩნევია პროგრესიც.

„მე შორს ვარ იმ აზრისგან და დარწმუნებული ვარ თქვენც, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაფერი გვაქვს მოგვარებული. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ ყველა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, არა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დიდი ამოცანები დგას ჩვენს წინაშე, მაგრამ ამავდროულად ყველა ადამიანი, ვინც ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს იმ პროგრესს და იმ პროგრესის ტემპს, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენ გაგვაჩნია, არის უბრალოდ უტიფარი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

“საქართველომ ამ პერიოდში მოახდინა ინფრასტრუქტურული გარღვევა” – ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველომ ამ პერიოდში მოახდინა ინფრასტრუქტურული გარღვევა და საუბარს ამ ინფრასტრუქტურულ გარღვევაზე დავიწყებ სოფლიდან. სოფელში აღარ რჩება გზა, რომლის მოასფალტებაც არ ხდება. ყველა სოფელში მისასვლელი გზა არის ასფალტირებული და მიმდინარეობს შიდა მნიშვნელოვან გზებზე ასფალტის საფარის დაგება. ამავდროულად, ყველა დასახლებულ სოფელში, ძალიან პატარა და ძალიან მოშორებულ სოფლებზე თუ არ ვისაუბრებთ, გაზიფიცირება უკვე დასრულებულია ან ეს პროექტი ბოლო ეტაპამდეა მისული. აღარაფერს ვიტყვი ელექტროენერგიით მომარაგებაზე, იმიტომ, რომ შეიძლება სადღაც მთაში ერთეული, მარტო დარჩენილი მოსახლის გარშემო არსებობდეს ასეთი პრობლემა, თუმცა ესეც მოსაგვარებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა,სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მოსმენის შემდეგ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს უკვე ის პროექტები, რომლითაც წყალმომარაგება გახდება მუდმივი, ხარისხიანი და შესაბამისი სტანდარტის მქონე. მისივე თქმით, ყველა სოფელში მიმდინარეობს ან ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ან საბავშვო ბაღების რემონტი და კაპიტალური მოწესრიგება.

„რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ 90-იანი წლებიდან რა სამუშაოებიც არ ჩატარებულა, დაახლოებით 25 წლის განმავლობაში, ყველა ამ სამუშაოს ჩატარება ახლა გვიწევს”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“ქალაქი ღაზა სრულიად ალყაშია, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშია მოქცეული, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

“ჩვენმა ძალებმა სრულიად მოაქციეს ალყაში ქალაქი ღაზა, „ჰამასის“ აქტივობების ცენტრი”, – განაცხადა ჰაგარიმ.

მან აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში ვიზიტს გეგმავს.

“ისინი ღაზიდან ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ, [მაგრამ] ჩვენ ფოკუსირებული ვართ ჰამასზე…

ტერმინი “ცეცლის შეწყვეტა” ამ მომენტში არ განიხილება,” – განაცხადა ჰაგარიმ.

“კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ” – ილია დარჩიაშვილი

სტატუსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ. მომავალი კვირისთვის უკვე ველოდებით ევროკომისიის დასკვნას, რომელიც იქნება ბილეთი მომავალში, დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის განცხადებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან, მინისტრის თქმით, საქართველოს ამისთვის კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს.

„ოპტიმიზმის წყარო არის ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა – კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რომლებიც კიდევ ერთხელ იქნა განხილული ბორელის საქართველოში ვიზიტის დროს, დამატებითი, შიდა ტექნიკური საკითხები, რომლებზეც ვიზიტის დროს ვისაუბრეთ. კონკრეტული ვიზიტის შემდეგ რა ნაბიჯებიც გადავდგით, ძალიან ძლიერ სიგნალებს გვაძლევს ბრიუსელიდან. შესაბამისად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და იმედი გვაქვს, ევროკავშირი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. დღევანდელ განხილვებშიც ძალიან ბევრს საუბრობენ პარტნიორები, რომ ევროკავშირის მხრიდან გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და, რა თქმა უნდა, დამსახურებაზე დამყარებული გადაწყვეტილებები. ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და იმედით ველოდებით დასკვნას, რომელსაც სულ მალე ყველა ერთად ვიხილავთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

“ისრაელს ღაზის სექტორისთვის საწვავის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს ღაზის სექტორისთვის საწვავის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„მე განვმარტე, რომ საწვავის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. მე არ გამიცია არანაირი უფლებამოსილება და ომის კაბინეტს არ გაუცია რაიმე უფლება საწვავის მიწოდების შესახებ.

ჩვენ ვეხმარებით აუცილებელი ჰუმანიტარული საჭიროებების მიღებაში, ეს არის საკვები, მედიკამენტები, წყალი. საწვავზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.