Home Blog Page 1973

“მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა”

მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა. აშკარაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვიღაცისთვის თავის ტკივილია და სურთ დაგვავიწყონ ან უარი გვათქმევინონ ამაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

მან სამარცხვინო უწოდა სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას და განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაში დღესაც არ ყოფილა მთავარი თემა – საქართველოს გამთლიანება.

„ისტორიულად სამარცხვინო იყო დღეს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ ლაფი დაასხა თავზე საქართველოს, იმ სამხედროებს, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით გულანთებულნი მის წინ იდგნენ. მჯერა, ყველა სამხედროს სტკიოდა ის, რომ ასეთი მთავარსარდალი ჰყავთ. უკვე მერამდენედ ეს პიროვნება ჩვენი ქვეყნის ღირსებას ლახავს.

პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა ანწუხელიძის და ოთხოზორიას ოჯახებს იმისათვის, რაც საქართველოში ხდება. მე კი შევახსენებ მას, რომ გიორგი ანწუხელიძემ, შინდისის გმირებმა, გზირიშვილიმა და სხვებმაც საქართველოს ერთიანობისთვის გაწირეს თავი. ამ გმირების ხსოვნისადმი პატივისცემა კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაა. საქართველოს პრეზიდენტი კი არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. არც დღეს ყოფილა მის სიტყვაში მთავარი თემა საქართველოს გამთლიანება. როგორც ჩანს, ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ პრეზიდენტია და უპირველეს ყოვლისა, ამაზე უნდა ზრუნავდეს.

მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა. აშკარაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვიღაცისთვის თავის ტკივილია და სურთ დაგვავიწყონ ან უარი გვათქმევინონ ამაზე. სწორედ ამას აკეთებს დღეს სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს წითელი ხაზი გადაკვეთა ქართველ ხალხთან. თუკი მას ჰგონია, რომ რომელიმე ქართველი, გაყიდული სულების გარდა, აფხაზეთს და სამაჩაბლოს რამეზე გაცვლის, ძალიან ცდება. ამაზე მკაცრ პასუხს მიიღებს ხალხისგან“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $926 მილიონის გადახდა დაეკისრა

სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ დაასრულა ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა. ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს ყოფილი პრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული.

აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა.

სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

248-გვერდიან ვერდიქტში მოსამართლე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი პასუხისმგებელია პირადი ბანკირის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ქმედებებზე და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. 2020 წლის ზაფხულში ლესკადრონმა თავი მოიკლა.

თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ეს უკანასკნელი 3 მილიარდ შვეიცარულ ფრანკად შეიძინა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.

“სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

„გილოცავთ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელი და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ერთობლივი ძალისხმევით სომხეთი და საქართველო განვითარებას გააგრძელებენ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებისთვის.

სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასეთად დარჩება,“ – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

“ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ – ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები” – პაპუაშვილი

ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის შენობაზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა არ არის გამოფენილი და აღნიშნა, რომ „ვისაც არ უნდა, რომ დაინახოს, მას რაც არ უნდა დროშები უფრიალო წინ, მაინც ვერ დაინახავს“.

„ეს არის ხალხი, რომელსაც არ აქვს აღქმა, რა არის დამოუკიდებლობა, რა არის თავისუფლება, რა არის სამშობლო, რა არის იყო პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, პოლიტიკოსი. ეს არის პასუხისმგებლობისგან და სამშობლოს განცდისგან დაცლილი ადამიანები. ამიტომ, არც კი ღირს ამ ადამიანებთან კამათში შესვლა. დღეს ჩვენი ქალაქი სავსეა ქართული დროშებით. ეს უხარია ქართველ ხალხს. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები. ვისაც არ უნდა რომ დაინახოს, მას რაც არ უნდა დროშები უფრიალო წინ, მაინც ვერ დაინახავს. მთავარი საკითხია, რომ მათ უნდათ რამენაირად ეს დღე ჩააშხამონ ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, ყველას ვულოცავ ამ დღეს. ბოლომდე ვიზეიმოთ, ეს დღე ჩვენია, არავის წავართმევინებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“სრული დამოუკიდებლობის მიღწევა ადვილი არ არის იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ”

ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ, – ამ სიტყვებით ულოცავს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

„გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გილოცავთ!” – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

1 დაღუპული, 15 დაშავებული – რუსული რაკეტა უკრაინაში სამედიცინო ცენტრს მოხვდა

უკრაინის აღმოსავლეთში, დნიპროს საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმის შესახებ გავრცელებული დაადასტურა.

მისი თქმით, სამაშველო მისიაში ყველა საჭირო ორგანოა ჩართული.

მანამდე რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა განაცხადა, რომ ქალაქს თავს რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ.

“თუ დასავლეთი უკრაინას ატომურ იარაღს მიაწვდის, რუსეთი პრევენციულ დარტყმას განახორციელებს” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და ყოფილი პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი პრევენციულ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ დასავლეთი უკრაინას ატომურ იარაღს მიაწვდის.

ევროპასა და აშშ-ზე საუბრისას, მედვედევმა არ გამორიცხა, რომ შექმნილ ვითარებაში კიევის რეჟიმს საკმაოდ საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავები მისცენ და მეტიც, შესაძლოა, ატომურ იარაღიც მიაწოდონ .

„მაგრამ მაშინ ეს ნიშნავს, რომ ბირთვული მუხტის მქონე რაკეტები მათკენ მიფრინდება. არსებობს ომის შეუქცევადი კანონები. თუ საქმე ბირთვულ იარაღს ეხება, აუცილებელი იქნება პრევენციული დარტყმის განხორციელება”, – აღნიშნა მედვედევმა.

“დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას, ხელისუფლება სადაა?”

საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება – საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა – დღეს როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას, ხელისუფლება სადაა? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, დრო აღარ ითმენს – ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გაცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა.

„ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში, დღეს ჩვენი საზოგადოება ისევე, როგორც ხელისუფლება, გზაგასაყარზეა. საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება-საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა. ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია. ქართველ ხალხს ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა, დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა და მეტიც, კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას, ხელისუფლება სადაა? ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა. ხელისუფლებამ ამ დარჩენილ დროში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რისი შესრულება შეუძლია, არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია. დღეს საზოგადოებისთვის სასოწარკვეთილებისა და უიმედობის დრო ნამდვილად არ არის. ქართული საზოგადოება ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დასაცავად უკან არასდროს იხევდა და ეს უახლოესმა ისტორიამაც გვაჩვენა, ახლა მთავარია, ყველამ ერთად დავინახოთ და გავიაზროთ ეს გარდაუვალი ცვლილებები, ვირწმუნოთ საკუთარი თავის და არავის მივცეთ უფლება, ჩვენი გზიდან გადაგვიყვანოს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის 31 მაისს ბრიუსელში, სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ჩავა.

„31 მაისს სწორედ ამ ევროპული მომავლისთვის ჩავალ ბრიუსელში, თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა დავიცვა ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა გაიგებს ქართველი ხალხის ხმას, იმ ხალხის ხმას, რომელიც ერთგულია 26 მაისის სულისკვეთების და რომელიც განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ერთიანდება ერთი იდეის ირგვლივ- ჩვენი დამოუკიდებლობის და იმის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე ევროპაა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! გილოცავთ 26 მაისს! გაუმარჯოს საქართველოს!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, თითოეულ მოქალაქეს, მშვიდობას, კეთილდღეობას, გამარჯვებას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს”- პრემიერი

ჩემო ძვირფასებო, ათასწლეულების განმავლობაში, ისტორიის სცენაზე ჩნდებოდნენ ძლევამოსილი იმპერიები, რომელთაგან დღეისთვის მხოლოდ სახელები შემორჩა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, იმპერიათა შორის ბრძოლების ეპიცენტრში მდებარე ჩვენი პატარა ქვეყანა, მაგრამ დაუმარცხებელი და გაუტეხელი ქართველი ერი, მცირერიცხოვანი, მაგრამ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ყოველდღიური შრომით, ცოდნისა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით, საჭირო დროს – მოთმინებით, საჭირო დროს – თავდადებული ბრძოლით და რაც მთავარია – უფლის რწმენითა და სამშობლოს სიყვარულით უწყვეტად ქმნიდა მსოფლიოს უძველესი ერების ისტორიათა შორის ერთ-ერთ საოცარ, ამაღელვებელ და საამაყო გმირულ ისტორიას.

„ამ ისტორიის გაგრძელება, ჩვენს დიდ წინაპართა მემკვიდრეობის, ჩვენი შვილებისთვის გადაცემა და ქართველთა მრავალი თაობის ოცნების ასრულებისკენ, გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა დღევანდელ თაობებს გვაკისრია. 26 მაისს ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი სამშობლოს ისტორიის გამგრძელებელნი, მისი აწმყოს, მისი ერთიანობისა და ძლიერების შემოქმედნი ვართ. ამ პროცესში თითოეული თქვენგანის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის როლი უნიკალური და შეუცვლელია.

მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობას, კეთილდღეობას, გამარჯვებას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას”-პრემიერი

ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად, საქართველო დღეს სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო მიმოსვლით.

„გასულ წელს ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი გავაკეთეთ და ევროკავშირისგან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ეს ყველაფერი სწორედ ბოლო ათ წელიწადში  ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია, ჩვენი მონაპოვარია; მაგრამ ჩვენ კვლავაც არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს.

დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას“ , – განაცხადა პრემიერმა.

“შეურაცხმყოფელია, როცა ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“ – ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!” – პრეზიდენტი

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არ არის მიღებული რუსეთისგან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის.

„დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება. ესაა სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამიტომ, გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არ არის მიღებული რუსეთისგან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა. ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპას გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა, სად გაქრა სიტყვები-„ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“. ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც დახმარების ხელის გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობასა და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ, კი მათ, ვინც დღეს ჩვენ ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით. ჩვენმა წინაპრებმა დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, თუმცა, ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასდროს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება, რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს, ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, გავიხსენოთ „იმედზე“ გასული ომის მოდელირებული ქრონიკა. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

“დღეს თუ რამე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ”- პრემიერი

დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სრულფასოვანი თავისუფლება – უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს.

„მე ღრმად მწამს, რომ სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესითა და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის. მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისთვის აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.