Home Blog Page 1970

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ” – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ და მე კონკრეტული ინიციატივით დღეს, 16:00 საათზე პარტიის პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტს, იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში.

„დღეს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური საბჭო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ექნება ინფორმაციები ამ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდებიან მანიფესტს, შესაბამისად, იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები. კიდევ ერთხელ მინდა, შევთავაზო პოლიტიკური საბჭოს ყოფილ წევრებს, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამ არის საჭირო, გაიზიარონ პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტი და, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში და გაიზიარებს ერთობის მანიფესტს, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, გააფართოოს კიდევ უფრო პოლიტიკური საბჭო. კონკრეტული ადამიანები, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, დაემატებიან პოლიტიკურ საბჭოს. მე მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“სააკაშვილი თუ ჯანმრთელია, მაშინ საპატიმროში გადაიყვანონ” – ბექა ლილუაშვილი

სააკაშვილი თუ ჯანმრთელია, მაშინ საპატიმროში გადაიყვანონ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ ხდება ის, რომ სააკაშვილს პარტიის მართვის საშუალება აქვს.

„„Ნაცმოძრაობაში“ რაც ხდება, ეს ზედაპირზე ჩანს – ფორმალურ და არაფორმალურ მმართველობას შორის დაპირისპირებაა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან „ნაცმოძრაობის“ დარეკლამება და სააკაშვილისგან როგორ იქმნება ბუა, რომელიც სასამართლო დარბაზიდან სამთავრობო მედიების საშუალებითაც წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავს და საშუალება აქვს, პარტია მართოს. ეს კაცი ჯანმრთელია? თუ ჯანმრთელია, მაშინ საპატიმროში გადაიყვანონ. ჯანმრთელი თუ არ არის, მაშინ როგორ, საარჩევნო კამპანიას წარმართავს, პარტიას მართავს და თავმჯდომარეების პარტიიდან გარიცხვა-არგარიცხვას არეგულირებს. შეიძლება, ამ კაცმა ახალი წელი ეთერიდან მოგვილოცოს, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს დაასწროს და გარეთ გამოუშვას. რატომ არის ეს ადამიანი პრივილეგირებულ მდგომარეობაში, სხვა პატიმრების მიმართ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება აქვთ? ის კონსილიუმი სად წავიდა, რომელიც ამბობდა, რამდენიმე დღე დარჩაო და ის ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილის გარდაცვალებას ყოველდღე აანონსებდა? ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, დამნაშავეა და რატომ არის პრივილიგირებულ მდგომარეობაში?“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

“წყლის ნაყვის დრო ჩვენ არ გვაქვს” – სალომე სამადაშვილი

რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ევროკავშირის მნიშვნელოვანი მოთხოვნები არ შეასრულეს და დღესაც სიმულაციური პროცესების გაგრძელებას აპირებენ, წყლის ნაყვის დრო ჩვენ არ გვაქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის 9 პირობის შესასრულებლად ხელისუფლების მიერ მიღებული სამოქმედო გეგმის და სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ სამოქმედო გეგმა დახურულ კარს მიღმა მიიღო.

„აბსოლუტურად მიუღებელია დოკუმენტის დახურულ კარს მიღმა მომზადება და შემდეგ განცხადება, რომ თუ გინდათ, მიიღეთ ეს დღის წესრიგი. ცხადია, არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება, რომელმაც ჩააგდო ევროკავშირის ყველა მოთხოვნის შესრულება, ამ ჯერზე რაიმე საინტერესოს შესთავაზებს საზოგადოებას. „ლელომ“ პირველივე დღიდან „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, იცოდა, რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად. ამ დღის წესრიგის ამსახველი კანონპროექტები გვაქვს დაინიცირებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყოს მათი განხილვა. მოჩვენებითი პროცესის შექმნა, რომელიც დასრულდება იმით, რომ მოთხოვნები ისევ იქნება შეუსრულებელი, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. წყლის ნაყვის დრო, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებმაც შეუსრულებელო დატოვეს ევროკავშირის ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა და დღესაც აპირებენ სიმულაციური პროცესების გაგრძელებას, ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას დაესწროს ეუთო-ს მინისტერიალს, რომელსაც ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება და აღნიშნა, რომ სწორი იქნებოდა საქართველო უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად მინისტერიალზე წარმოდგენილი არ ყოფილიყო.

სამადაშვილო მიიჩნევს, რომ მინისტრმა, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საკუთარი გადაწყვეტილების მოტივაცია უნდა დაასაბუთოს.

„ყველაზე ცოტა, რაც უნდა გაეკეთებინა არის ის, რომ დაეწია მონაწილეობის დონე, თვითონ უშუალოდ არ მიეღო მონაწილეობა ამ ფორუმში. თუმცა, ვფიქრობ, რომ უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის ტერიტორიაც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, არ უნდა ესწრებოდეს ამ ფორუმს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

“ის სისტემა, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თვითონ შექმნეს, ახლა ჭამს „ნაციონალურ მოძრაობას”- გურამ მაჭარაშვილი

ის სისტემა, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თვითონ შექმნეს, ახლა ჭამს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სავარაუდოდ 2024 წლის არჩევნებისთვის ან მივლენ ან არა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერავინ გადააყენა, ყოველ წელს რიგგარეშე არჩევნებს, რევოლუციასა არეულობას გვიანონსებდნენ და ეს ყველაფერი საკუთარ პარტიაში მიიღეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ამჯერად საკრებულოები აუჯანყდნენ. პარტიის წევრები რეგიონებიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.

“ადამიანს სინდისი უნდა გეყოს, როცა ისრაელის პრემიერის ციტირებას ახდენ, ეს მაინც არ გაასაღო საკუთარ იდეებად” – სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალურ მოძრაობას” მისი მმართველობის დროს განათლების სფეროში არსებული პრობლემები შეახსენა.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენისას სუბარმა აღნიშნა, რომ რადიკალების ბრალდებები პასუხგაუცემელი ვერ დარჩება.

„ძალიან ბევრი რამ არის სალაპარაკო, მაგრამ აქ მარცხენა ფლანგიდან რომ გაიპარებიან [ოპოზიციის წარმომადგენლები] და ისეთ რაღაცებს იტყვიან ხოლმე, იძულებული ხარ პასუხი გასცე. ამბობენ, თქვენი პრიორიტეტი განათლება არ არისო, ლაპარაკობენ უფასო კვებაზე და ა.შ. კარგად გვახსოვს ამათი პრიორიტეტები – საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანა იყო ფასიანი, კვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენ გავხადეთ კვება უფასო და ახლა იმაზეა საუბარი, როგორი უნდა გავხადოთ კვების ხარისხი; საბავშვო ბაღები დახურეს და შიგ ნაციონალური მოძრაობის ოფისები გახსნეს და დღემდე ოფისებია. დღეს რომ დავათვალიეროთ როგორი ბაღები შენდება თბილისსა და რეგიონებში, ვნახავთ, რომ აბსოლუტურად სხვა კლასი და სხვა დონეა; კარგად გვახსოვს, რომ პროფესორ-მასწავლებლების დაახლოებით 70% გაყარეს უნივერსიტეტებიდან და ჩარეცხილები დაარქვეს. აი ეს არის თქვენი პრიორიტეტი და განათლებისადმი ყურადღების მიქცევის მაჩვენებელი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანვე სკოლებში განხორციელებულ რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხელისუფლებაში მოსვლისას “ქართულ ოცნებას” უწევდა ელემენტარული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის სკოლებში სველი წერტილების მოწყობა.

„ყველა სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობებია დაგეგმილი. სხვათა შორის, როცა მოვედით ხელისუფლებაში, პირველი მიზანი იყო, ყველა სკოლაში სველი წერტილი ყოფილიყო გამართული და იქ შესვლა შესაძლებელი, იმიტომ, რომ არც თბილისში და არც რეგიონში სველი წერტილი არ იყო სკოლაში, სადაც ბავშვი შევიდოდა. ეს იყო სამარცხვინო რამ და ერთ-ერთი პირველი რაც გაკეთდა, ელემენტარულ დონეზე ეს მოგვარდა. 33 სკოლა გარემონტდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და ყველა ეს სკოლა შეკეთდა და მათი რეაბილიტაცია მოხდა ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით. 100-ზე მეტი სკოლის აღჭურვა მოხდა „ირმის ნახტომის“ პროგრამით. მოხდა მათი განახლება მერხებით, კომპიუტერებით და ეს იყო ჩვენი ზრუნვა. თქვენ კი, არაფერი გაგიკეთებიათ და აქ ჩანდა რა იყო თქვენი პრიორიტეტი განათლებასთან დაკავშირებით და რომ ბრძანა ბატონმა ვაშაძემ, ჯარისკაცი, ექიმი და მასწავლებლის დაფინანსება იქნება ჩვენი პრიორიტეტიო, ადამიანს სინდისი უნდა გეყოს, როცა ისრაელის პრემიერის ციტირებას ახდენ, ის მაინც არ გაასაღო საკუთარ იდეებად და არ თქვა, რომ აი, რა იდეები მომდის თავშიო. ამაშიც ჩანს თქვენი მორალური სახე, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს 28 ნოემბერს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

მედიის ცნობით, ისრაელმა 30 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელის პენიტენციურმა სამსახურმა (IPS) დაადასტურა, რომ, ზავის პირობების გათვალისწინებით, 30 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ყველა პატიმარი გათავისუფლებულია ოფერის ციხიდან და იერუსალიმის დაკავების ცენტრიდან.

ისრაელის პენიტენციური სამსახურის ცნობით, გათავისუფლებულ 30 მძევალს შორის არიან მამაკაცები და ქალები.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასმა“ წითელ ჯვარს ისრაელში გადასაყვანად 12 მძევალი გადასცა.

29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

29 ნოემბერს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +9 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით -1 გრადუსი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ითოვებს, ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი. ახალციხეშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +3, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი, სადაც დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე და -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -3, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

“დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს”

დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. მესმის, გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა.

„რაში მდგომარეობს სტრატეგიული ჩიხი? დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს და პეკინს არ გაუჩნდეს ბირთვული სატელიტი მოსკოვის სახით, რასაც ისინი შესაძლებლად მიიჩნევენ რუსეთის სრული მარცხის შემთხვევაში. მესმის, გასაგები მიზანია, მაგრამ ამის მისაღწევად სხვა გზებიც არსებობს, ხოლო უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია. მეორე მიზეზია ჩვენი პოლიტიკური კლასის და ხელმძღვანელობის სიბრიყვე და კორუფცია, მესამე კი პატრიოტული სურათი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს და რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში − ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში − ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ნორვეგიელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
განიხილეს საქართველოსა და  ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახლადდანიშნული ელჩის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად მაღალ დონეზე აყვანას.
პრემიერმა ნორვეგიის სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე − არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ნორვეგიის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მრავალწლიან ჩართულობას საქართველოში.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების დინამიკას, განსაკუთრებით − პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გუნდი Agile Prague-ის კონფერენციას დაესწრო

Agile Prague ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენციაა, რომელიც უკვე 16 წელია ტარდება. თიბისიდან კონფერენციას 23 ადამიანი დაესწრო, მიზანი ერთმანეთისთვის წარმატების ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება, ცოდნის მიღება, აზრების გაცვლა და ახალი იდეების ჩამოტანაა.

 თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. სწორედ ამ გეგმისკენ მიმავალი გზის ნაწილია კონფერენციები, რომლებსაც Agile ექსპერტიზის ცენტრის გუნდი ეტაპობრივად ესწრება.

 “ჩვენი გუნდი მსგავს ღონისძიებებს აქამდეც დასწრებია, თუმცა, ამჯერად Agile Prague-ზე პრაქტიკულად მთელი შემადგენლობით ვიმყოფებოდით. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა – იყო სხვადასხვა ვორქშოფი, სემინარი, Agile-თან დაკავშირებული აქტივობები და სხვა. ჩვენ ყველაფერში აქტიურად ვიყავით ჩართულნი და მაქსიმალურად ვცდილობდით კოლეგების გაცნობასა და მათთან აზრების გაცვლას”- კონსტანტინე კევლიშვილი, თიბისის Agile ქოუჩი.

 თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, არამხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო მაგალითებსაც აქტიურად აკვირდება და ახალ გადაწყვეტილებებამდე სწორედ მათზე დაყრდნობით მიდის.  თიბისის გუნდის წევრები Agile Prague-ზე სხვა ორგანიზაციების ქეისებს გაეცნენ და სწორი მიმართულებით განვითარება გააგრძელეს, რაც წინსვლისთვის გადამწყვეტია.

 (R)

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები, მათ შორის 7 წლის გოგონა

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის რაიონზე 22 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის 7 წლის გოგონა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სუმის რაიონში სულ 106 აფეთქება დაფიქსირდა. დაბომბვები ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან განხორციელდა.

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი – 1983 წელს დაბადებულ გ.მ., ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ა.მ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.