“წყლის ნაყვის დრო ჩვენ არ გვაქვს” – სალომე სამადაშვილი

37
spot_img

რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ევროკავშირის მნიშვნელოვანი მოთხოვნები არ შეასრულეს და დღესაც სიმულაციური პროცესების გაგრძელებას აპირებენ, წყლის ნაყვის დრო ჩვენ არ გვაქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის 9 პირობის შესასრულებლად ხელისუფლების მიერ მიღებული სამოქმედო გეგმის და სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ სამოქმედო გეგმა დახურულ კარს მიღმა მიიღო.

„აბსოლუტურად მიუღებელია დოკუმენტის დახურულ კარს მიღმა მომზადება და შემდეგ განცხადება, რომ თუ გინდათ, მიიღეთ ეს დღის წესრიგი. ცხადია, არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება, რომელმაც ჩააგდო ევროკავშირის ყველა მოთხოვნის შესრულება, ამ ჯერზე რაიმე საინტერესოს შესთავაზებს საზოგადოებას. „ლელომ“ პირველივე დღიდან „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, იცოდა, რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად. ამ დღის წესრიგის ამსახველი კანონპროექტები გვაქვს დაინიცირებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყოს მათი განხილვა. მოჩვენებითი პროცესის შექმნა, რომელიც დასრულდება იმით, რომ მოთხოვნები ისევ იქნება შეუსრულებელი, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. წყლის ნაყვის დრო, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებმაც შეუსრულებელო დატოვეს ევროკავშირის ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა და დღესაც აპირებენ სიმულაციური პროცესების გაგრძელებას, ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას დაესწროს ეუთო-ს მინისტერიალს, რომელსაც ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება და აღნიშნა, რომ სწორი იქნებოდა საქართველო უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად მინისტერიალზე წარმოდგენილი არ ყოფილიყო.

სამადაშვილო მიიჩნევს, რომ მინისტრმა, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საკუთარი გადაწყვეტილების მოტივაცია უნდა დაასაბუთოს.

„ყველაზე ცოტა, რაც უნდა გაეკეთებინა არის ის, რომ დაეწია მონაწილეობის დონე, თვითონ უშუალოდ არ მიეღო მონაწილეობა ამ ფორუმში. თუმცა, ვფიქრობ, რომ უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის ტერიტორიაც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, არ უნდა ესწრებოდეს ამ ფორუმს“, – განაცხადა სამადაშვილმა.