Home Blog Page 1967

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ამზადებენ სხვისთვის”- ირაკლი ზარქუა

ანალიზი მარტივი გასაკეთებელია – „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც დიდი პარტია დასრულებულია. იმ პერიპეტიებს, რაც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განვითარდა, საჩუქარსაც ვერ დაარქმევ, გვეუხერხულება კიდეც კომენტარების გაკეთება. მე ერთი პირადი თემა მაქვს, რომ არ უნდა დაიჩაგროს ჩემი „ხაბე“, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ბელადი რომ იქიდან გამოსცემს ხან ბრძანებებს და ხან მანიფესტს, მერე განსხვავებული ინტერპრეტაციით საუბრობენ პარტიაში არსებული დაჯგუფებები. რეალობა ისაა, რომ ჩემი „ხაბე“ გამოიყენეს. ის, რომ შენს პარტიაში, როდესაც მთელი ეს წლები ერთად მოდიხართ, მიტინგებზე, დარში თუ ავდარში, და ამის შემდეგ ფარულად ჩამოაგდებ [თავმჯდომარეს], ეს რაზე მეტყველებს? ამაზე ხელი მოაწერინეს „ხაბეს“. მეორე თემა ეხება ნიკა მელიას: „ხაბე“ რომ ჩამოგაგდებს და მაინც იმ პარტიაში იქაჩები და არ ანებებ თავს, აქ შენი, როგორც პოლიტიკოსის ამბავი, დამთავრებულია. რეალურად ხომ ვიცით, რატომ კეთდება ეს – „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ამზადებენ სხვისთვის, სავარაუდოდ, პეტრე ცისკარიშვილისთვის. პეტრემ ამის გაკეთება ვერ იკადრა და „ხაბემ“ მოაწერა ხელი ამას. ერთმანეთს რაც მოუწყვეს: დასმენები, „ჩაშვებები“, კომპრომატების ომი – ეს ხომ „ნაციონალების“ ხელწერაა. ეს ორ თვეში მოხდება, სამ თვეში თუ 2024 წლის იანვარში, გარდამავალ ეტაპზე იყო ჩემი „ხაბე“ ამ თანამდებობაზე“, – აღნიშნა ზარქუამ.

“კინკლაობა კი არ გავაგრძელოთ, მივყვეთ იმ გზას, რასაც გვირჩევს მიხეილ სააკაშვილი” – გია ბარამიძე

შეცდომა იყო და ამ შეცდომის აღიარებაა მათ შორის ეს მანიფესტი. ვისაც სამართლიანი გულისწყრომა ჰქონდა პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ახლა ეს პრობლემა რეალურად მოიხსნება. კინკლაობა კი არ გავაგრძელოთ, მივყვეთ იმ გზას, რასაც გვირჩევს მიხეილ სააკაშვილი, რომლის დარი ავტორიტეტი ამ პარტიაში არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ყოფნა შესთავაზა ყველას, ვინც ძველ პოლიტსაბჭოში იყო.

„გარკვევით თქვა პარტიის თავმჯდომარემ, ყველა ადამიანი, ვინც იყო ძველ პოლიტსაბჭოში. ყველაში იგულისხმება ყველა. არავინ არ გაურიცხია პარტიას. ნიკა მელია არ ირიცხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმიტომ, რომ იქამდე თავად გააკეთა განცხადება, არ ვარ პარტიის წევრიო“, – აღნიშნა ბარამიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება. პარტიამ პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.

“საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა – არ დაემორჩილა „ანტირუსულ ისტერიას”- რუსეთის დუმა

რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ამჟამინდელ მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ აქებს და წერს, რომ „ანტირუსული სანქციების პოლიტიკა საქართველოში ძალიან ზუსტად იქნა აღწერილი, როგორც თავის მოტყუება და სიგიჟე“.

„აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დაემორჩილა „ანტირუსულ ისტერიას“ და იხელმძღვანელა, პირველ რიგში, ეროვნულ ინტერესებზე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით.

ამ პრიორიტეტებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი მოაქვთ ქვეყანაში“, – აღნიშნულია რუსეთის დუმას განცხადებაში.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მაღალჩინოსნები საქართველოს მთავრობას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისთვის აქებენ. მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით, მიუხედავად დასავლეთის მოწოდებისა, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ.

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრები წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ადამიანი დაემატება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, დღეს შედგა პოლიტსაბჭოს სხდომა და მიიღეს გადაწყვეტილება საბჭოს გაფართოების შესახებ.

„გამარჯვების კოალიციის „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, ვგულისხმობ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, რომელმაც თქვა, რომ ის ჩაერთვება პოლიტსაბჭოს ფორმირებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას. ცხადია, მანიფესტის შესაბამისად, ვგულისხმობ, რომ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ივანიშვილის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ის, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, მივიღოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამ იდეალებზე, 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეალებს ვინც იზიარებს იმ ადამიანებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს კარი არის ღია. მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც დაემატებიან პოლიტსაბჭოს.

ბევრი ვიმუშავეთ ერთმანეთთან და მათ შორის პოლიტიკური საბჭოს წევრები, რომლებიც ირიცხებოდნენ წინა პოლიტიკურ საბჭოში და ამ პოლიტსაბჭოს არ წარმოადგენდნენ, დღეიდან ეს ადამიანები იქნებიან პოლიტიკური საბჭოს წევრები და ცხარე დისკუსია გაგრძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ასევე არიან ახალი ადამიანები, რომლებიც პირველად შემოდგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ოჯახში ფეხს.  ესენი არიან – ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიგი კუბლაშვილი, სევდია უგრეხელიძე, ნიკა ჭურაძე, მაია ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, ალექსანდრე კრევო ასათიანი, ნატალია მჭედლიშვილი, ბესო ქათამაძე, მამუკა ყურაშვილი, იგორ ნარმანია, ალიკა კუპრავა, ლევან ფერაძე, ბაკურ მგელაძე, თემურ ცამციშვილი, ნიკა ობოლაძე, ირაკლი გიორგობიანი.  20 ადამიანი დაემატება „ნაციონალური  მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“აშშ-ის შემდეგ, აგენტების შესახებ „რუსული“ კანონის მიღება უკვე ევროკავშირმაც გადაწყვიტა” – სოზარ სუბარი

აშშ-ის შემდეგ, სადაც მოქმედებს აგენტების შესახებ „რუსული“ კანონი, უკვე ევროკავშირმაც გადაწყვიტა „რუსული“ კანონის მიღება და ეს არის დემოკრატიის დაცვა ევროკავშირისთვის, ისევე როგორც აშშ-სთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„თავი რომ დავანებოთ ამ ირონიას რუსულ კანონთან დაკავშირებით, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის იღებს იმ კანონს, რაც ძალიან დიდი ხანია მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადაში, ბრიტანეთში და არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში“, – აღნიშნა სუბარმა.

ევროკომისია უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს. ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო EURACTIV-ი ავრცელებს. სტატიაში წერია, რომ საკანონმდებლო წინადადება თავდაცვის პაკეტის ნაწილია, რომელიც საჯარო 12 დეკემბერს გახდება. EURACTIV-ის ინფორმაციით, ევროკომისიაში განმარტავენ, რომ კანონის მიზანია მესამე სახელმწიფოების მხრიდან იმ ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომლებიც საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ.

“პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი” – Reuters

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში და არ მოაწერს ხელს სამშვიდობო შეთანხმებას იქამდე, ვიდრე 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პრესისასთვის გამართულ დახურულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ პუტინი არ მოაწერს ხელს სამშვიდობო შეთანხმებას იქამდე, ვიდრე არ გახდება ცნობილი, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, ეს არის არა მხოლოდ მისი პირადი აზრი, არამედ პოზიცია, რომელსაც პირთა ფართო წრე იზიარებს.

“გაოცებული ვარ იმ რეფორმებით, რომლებსაც უკრაინა ატარებს” – იენს სტოლტენბერგი

გაოცებული ვარ იმ რეფორმებით, რომლებსაც უკრაინა ატარებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმდნენ სამუშაო პროგრამაზე და სტრუქტურაზე, რათა შემდგომი რეფორმების განხორციელებაში დარწმუნებულები იყვნენ.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე მომავალი რეფორმების განხორციელების ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.

„ნატო და უკრაინა უკვე ერთად მუშაობენ და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის თავსებადობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინოვაციებისა და კიბერთავდაცვის შესახებ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 ნოემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7129 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7129 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9705 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0064 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება მომავალი თაობის საქმეა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება მომავალი თაობის საქმეა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

კითხვაზე: ფიქრობს თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი ოდესმე კვლავ შეუერთდება ევროკავშირს? – ურსულა ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ ეს მომავალი თაობის საქმეს წარმოადგენს.

„ჩემს შვილებს გამუდმებით ვეუბნები, ეს თქვენ უნდა გამოასწოროთ. ყველაფერი რაც ჩვენ დავაშავეთ, თქვენ უნდა გამოასწოროთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ბრიტანელებმა რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი, რომელიც ძალაში 2020 წლის 1-ელ იანვარს შევიდა.

“ოპოზიციას ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოადგათ, ასეთ დროს ნაკლები სამუშაო აქვთ” – იაგო ხვიჩია

რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი თუ იქნება, ვიქნებით ჩართული, მაგრამ თუ სხვა ჯგუფი იქნება, იქაც შევივლი და ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რა ხდება ჯგუფში, რომელსაც მოფერებით სამუშაოს ეძახიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია სამუშაო პროცესში თუ არ ჩაერთვება, „ქართულ ოცნებას“ ექნება საშუალება, თქვას, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია.

„ჩვენ ამ შენობაში ყველა ოთახში დავდივართ, რაც არ უნდა შეხვედრა იყოს და აქაც შევივლით. როგორ გითხრათ, სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები-მეთქი, როცა არ ვიცით, სამუშაო ჯგუფი ჰქვია თუ არა იმას, რაც უნდა გაკეთდეს. რასაკვირველია, თუ სამუშაო ჯგუფი იქნება, ვიქნებით ჩართული, მაგრამ თუ სხვა ჯგუფი იქნება, იქაც შევივლი და ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც მოფერებით სამუშაოს ეძახიან. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, როგორც ვიცი, ოპოზიციას და „ნაცმოძრაობას“ ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოადგა და თუ რაღაც გადგება, ხშირად უნდა გაიმეორო. მგონი, ასეთ ნარატივში არიან. ბოიკოტიც გამოადგათ, რაში? – ნაკლები სამუშაო აქვთ. ბოიკოტში როცა არიან, ნაკლები სამუშაო აქვთ. თუ სამუშაო პროცესში არ ჩაერთვებიან, „ქოცებს“ ექნებათ საშუალება, იძახონ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ” – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში, გასული წლის მარტში ვიყავი მოწამლული, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ.

„ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, რომ 2008 წელს იმავე ნივთიერებებით მოწამლეს უკრაინის იარაღის ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი, რომელიც ძალიან გვეხმარებოდა უკრაინიდან თავდაცვის საშუალებების მიღებაში. მაშინ მე ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დავაჯილდოვე”, – წერს სააკაშვილი.

„ლელო“ 4 წელიწადში შექმნის მდიდარ, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს” – საბა ბუაძე

„ლელო“ 4 წელიწადში შექმნის მდიდარ, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს. ჩვენი მეგაპროექტები ამის გარანტიაა, – ამის შესახებ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძემ „ლელოს“ ოფისის მიმდებარედ, რკინიგზის ბაქანზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დაპირებები.

„ჩვენ ახლა ვდგავართ საქართველოს დედაქალაქის მთავარ სატრანსპორტო კვანძში. ესაა მილიონიანი ქალაქის ცარიელი ბაქანი, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს თუ როგორია ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა. ესაა სიცარიელე, ესაა წინა საუკუნის ინფრასტრუქტურა, ესაა განუხორციელებელი პროექტების სახელმწიფო.

„ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რომ თბილისს ექნებოდა მეტროს მიწისზედა ხაზი და თბილისი ამ ხაზით დაუკავშირდებოდა რუსთავს. ეს პროექტი 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ჩვენ მოგვატყუეს.

„ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რომ ამ ბაქნიდან ივლიდა მატარებელი კახეთის მიმართულებით. ჩვენ მოგვატყუეს. „ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რომ იპოდრომის ტერიტორია იქნებოდა ახალი მწვანე სივრცე თბილისისათვის. ჩვენ მოგვატყუეს.

ჩვენ მოგვატყუეს როცა დაგვპირდნენ ხულო-ზარზმის დამაკავშირებელ გზას, როცა დაგვპირდნენ აყვავებულ წყალტუბოს. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაასრულა ვერცერთი მეგაპროექტი, რომელიც გააუმჯობესებდა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას.

„ლელო“ არის წარმატება. „ლელო“ განახორციელებს ყველა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს და შექმნის ქვეყანას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი მართლა ოცნებობს.

ჩვენ ვაქცევთ ქუთაისს ლოგისტიკურ ცენტრად, ჩვენ შევქმნით საფონდო ბირჟას, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვაქცევთ ცოდნას შემოსავლის მიღების საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომ გზად.

„ლელოს“ მეგაპროექტები არის საქართველოს სწრაფი გამდიდრების საფუძველი.

დღეს, „ლელო“ მოუწოდებს ყველას, შემოგვიერთდით და ერთად დავიწყოთ მუშაობა ამ პროექტების ისე მომზადებაზე, რომ მათი განხორციელების დაწყება ხელისუფლებაში მოსვლის პირველ კვირაშივე გახდეს შესაძლებელი.

„ლელო“ 4 წელიწადში შექმნის მდიდარ, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს. ჩვენი მეგაპროექტები ამის გარანტიაა“, – განაცხადა ბუაძემ.