შეცდომა იყო და ამ შეცდომის აღიარებაა მათ შორის ეს მანიფესტი. ვისაც სამართლიანი გულისწყრომა ჰქონდა პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ახლა ეს პრობლემა რეალურად მოიხსნება. კინკლაობა კი არ გავაგრძელოთ, მივყვეთ იმ გზას, რასაც გვირჩევს მიხეილ სააკაშვილი, რომლის დარი ავტორიტეტი ამ პარტიაში არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ყოფნა შესთავაზა ყველას, ვინც ძველ პოლიტსაბჭოში იყო.
„გარკვევით თქვა პარტიის თავმჯდომარემ, ყველა ადამიანი, ვინც იყო ძველ პოლიტსაბჭოში. ყველაში იგულისხმება ყველა. არავინ არ გაურიცხია პარტიას. ნიკა მელია არ ირიცხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმიტომ, რომ იქამდე თავად გააკეთა განცხადება, არ ვარ პარტიის წევრიო“, – აღნიშნა ბარამიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება. პარტიამ პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.