ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მას წელს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.
„ჩვენ 12 პუნქტი გვქონდა შესასრულებელი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს დეტალური გეგმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, წარვუდგინეთ. მას შემდეგ დავიწყეთ ამ დეტალურ გეგმაზე მუშაობა. ჩვენგან არსებითად იყო შესასრულებელი ის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობის მიღებას, ყველა შესაბამისი კანონი იქნება ამ თვის ბოლომდე მიღებული. არის გარკვეული პუნქტები, რომელზეც ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერა, ეს არის, პირველ რიგში, დეპოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას დეპოლარიზაციაზე. ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობითა და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული. ჩვენს ანგარიშს ქართულ საზოგადოებასა და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ წარვუდგენთ. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველი. იმედი გვაქვს, რომ წელს შარშანდელი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ახალი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება,“- განაცხადა კობახიძემ.