Home Blog Page 1966

“დროა” 100% წახვიდეთ სახლში” – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

სოციალურ ქსელ ტვიტერში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერს: “Edison Research-მა საქართველოში, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებში კვლევა ჩაატარა. ელჩ დეგნანთან კონსტრუქციული კონსულტაციების შედეგად ამომრჩევლების აზრი შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნება”37% “ენმ” 25% “გირჩი-შარვალჩახდილები” 5% “ლელო” 4% და ბოლოს “დროა” 100% წახვიდეთ სახლში”.

“უძილობა მეხსიერების დაქვეითებას იწვევს” – ქეთი შავლიაშვილის სამედიცინო ბლოგი

უძილობა მეხსიერების დაქვეითებას იწვევს, – ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.

მისი განმარტებით, ნეირომეცნიერების ბოლოდროინდელი კვლევები ხაზს უსვამენ ძილის და უძილობის მნიშვნელოვან გავლენას მეხსიერების ფუნქციაზე. მაშინ, როცა ძილი და სიზმარი მეხსიერების გამყარებას ემსახურება, ძილის დარღვევა და უძილობა უარყოფითად მოქმედებს და აზიანებს მეხსიერებას.

“ძილი გადამწყვეტ როლს თამაშობს მეხსიერების გამყარებაში, შერჩევითად ინარჩუნებს მნიშვნელოვან მეხსიერებას და უმნიშვნელო მეხსიერებას შლის. ძილის დარღვევებმა, უძილობამ, ძილის აპნოემ და მოუსვენარი ფეხების სინდრომმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ეს პროცესი და გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება.

სიზმარიც მეხსიერების ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული. სიზმრების შინაარსი შეიძლება პირდაპირ ასახავდეს ნერვულ აქტივობას, რომელიც ბოლოს განცდილ ამბავთან არის დაკავშირებული, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს ძილის როლს მეხსიერების კონსოლიდაციაში.

ქრონიკული უძილობა მეხსიერების დამუშავებაში ჩართული ტვინის რეგიონების მოცულობის შემცირებას იწვევს, რაც მეხსიერების დაქვეითების ნეიროანატომიურ საფუძველზე მიუთითებს.

ძილის აპნოე, რომელიც ძილის დროს სუნთქვის ხანმოკლე შეფერხებით ხასიათდება, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მეხსიერებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ ძილის აპნოეს მქონე პირებს მეხსიერების დაქვეითება აღენიშნებათ და ამ დროს განსაკუთრებით ეპიზოდური ვერბალური მეხსიერება ზიანდება.

ძილის დარღვევამ ნევროლოგიური პრობლემების გარდა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისრეგულაცია, იმუნური, მეტაბოლური დარღვევები, ნაწლავის დისფუნქცია”, – წერს ექიმი.

ქეთი შავლიაშვილის განმარტებით, ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომედებულია შემდეგი:

✅ჩამოაყალიბეთ ძილის თანმიმდევრული რუტინა, თქვენი ორგანიზმის შიდა საათის დასარეგულირებლად დაიძინეთ და გაიღვიძეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

✅შექმენით ძილისთვის ხელსაყრელი გარემო. ეცადეთ საძინებელში შეინარჩუნოთ გაჯეტებისგან თავისუფალი, გრილი, მშვიდი და ბნელი გარემო, რაც ხელს შეუწყობს რელაქსაციას და ღრმა ძილს.

✅განსაკუთრებულად მოერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლს და შაქარს ძილის წინ. ჩართეთ თქვენს დიეტაში ძილის ხელშემწყობი საკვები ნივთიერებები, როგორიცაა მაგნიუმი, ტრიპტოფანი და ვიტამინი D (ხორცი, რძე, თხილეული, შავი შოკოლადი, ავოკადო, თევზი, იოგურტი, სოკო).

✅რეგულარულად ივარჯიშეთ, რაც ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში და ძილ-ღვიძილის ბუნებრივი ციკლის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

✅ ჩართეთ სტრესის შემცირების ტექნიკა, როგორიცაა ღრმა სუნთქვა, მედიტაცია, იოგა თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, რათა ხელი შეუწყოთ რელაქსაციას და გააუმჯობესოთ ძილის ხარისხი”, – წერს ქეთი შავლიაშვილი.

“უკრაინამ შეძლო ევროკავშირის ისეთი გაერთიანება, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა, ველოდებით მოკავშირეების გამბედაობას” – ზელენსკი

უკრაინა ევროპის თავდაცვის საკვანძო ელემენტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე და აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე არის ევროპის თავდაცვის მთავარი ელემენტი და ის ელოდება მოკვშირეების გამბედაობას ამის აღიარებისთვის.

„უკრაინამ შეძლო ევროკავშირის ისეთი გაერთიანება, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ჩვენ უბრალოდ ველოდებით მოკავშირეების გამბედაობას, რომ აღიარონ ეს რეალობა“, – განაცხადა ზელენსკიმ ლონდონში გამართულ უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაზე.

კონფერენცია დიდი ბრიტანეთის ორგანიზებით, 21-22 ივნისს იმართება. მონაწილეებს შორის არის არაერთი ევროპელი ლიდერი, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ძალადობის და მუქარისთვის, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის სექტემბერში, ბრალდებული ქუთაისში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მის მიმართ ძალადობა განახორციელა. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა მას.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის „თ”, „კ” ,,მ” ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა; ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და მუქარა) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

“არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას არ ექნება”- ჯუანშერ ბურჭულაძე ვაზიანში აეროპორტის მშენებლობაზე

არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე – სამხედრო ბაზაზე ვამბობთ თუ არა უარს – მინისტრმა უპასუხა, რომ არა.

„რაც კი ეს საკითხი წამოიჭრა იმ დღიდან ჩართულები ვართ – უწყება, კომპეტენტური ქვედანაყოფები, ასევე უწყების ხელმძღვანელობა და ჩვენ არანაირი პრობლემა ამაში არ დაგვინახავს. არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. არც ერთი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფართო ჯგუფის ფორმატში განგვეხილა ეს საკითხი“, – განახადა მინისტრმა.

ის ასევე გამოეხმაურა შეფასებებს აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის პოლარიზაციის საწყისი.

„რას ნიშნავს მოღალატეობრივი?! ზოგადად ამ ტერმინს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ. ჩვენის მხრივ იგივე იქნება ახლა, ვთქვა, რომ მოღალატეობრივი პოზიციაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკის წინსვლას ჩვენი ოპოზიცია ცდილობს ხელი შეუშალოს. არანაირი რისკი არ წარმოიქმნება არც სწავლებებისთვის და არც ბაზისთვის. არანაირი საფრთხე ბაზის ფუნქციონირებას და სწავლებას არ ექნება“, – განაცხადა მინისტრმა.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა 4-მა მაღაროელმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა 4-მა მაღაროელმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უვადო შიმშილობა დაიწყო.

ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებით, შიმშილობა მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანიის მხრიდან მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნები არ შესრულდება.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ისინი ხელფასების 20%-ით ზრდას ითხოვენ.

ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დღეს 19:00 საათზე მივიდნენ პარლამენტის შენობასთან, რათა ერთად დაიცვან შრომითი უფლებები.

მოუთმენლად ველით თქვენთან, როგორც თანასწორ პარტნიორებთან მუშაობას ევროკავშირის გაძლიერების საქმეში – ირლანდიის პარლამენტის სპიკერი

ჩვენ აქ ვართ, რათა შემოგთავაზოთ და დაგარწმუნოთ ჩვენ ენთუზიაზმით სავსე მხარდაჭერაში თქვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, – ამის შესახებ ირლანდიის პარლამენტის სპიკერმა, შონ ო ფარელმა ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს.

„ძალიან მოხარული ვართ საქართველოში ყოფნით. ჩვენ აქ ვართ, რათა შემოგთავაზოთ და დაგარწმუნოთ ჩვენ ენთუზიაზმით სავსე მხარდაჭერაში თქვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ“, – აღნიშნა შონ ო ფარელმა.

მან ევროკავშირში ირლანდიის გაწევრიანების გამოცდილებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ 50 წლის წინ, როდესაც ირლანდია ბლოკს შეუერთდა, მის წევრებს შორის უღარიბესი ქვეყანა იყო, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა.

„მოუთმენლად ველით თქვენთან, როგორც თანასწორ პარტნიორებთან მუშაობას ევროკავშირის გაძლიერების საქმეში”, – აღნიშნა შონ ო ფარელმა.

“რა თავისუფლებაზეა საუბარი, როცა უკრაინის ხელისუფლებამ ეს თავისუფლება სრულად “გლობალური ომის პარტიას” მიჰყიდა”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

“გლობალური ომის პარტია” – ამ ტერმინის “საავტორო უფლება” ჩვენს მმართველ პარტიას, “ოცნებას” ეკუთვნის; ეს ტერმინი, რომელიც უცხოურ პუბლიკაციებში არც შემხვედრია, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ღრმა სინამდვილეს ასახავს – ეს არის მსოფლიო პოლიტიკური ძალა, რომელიც ომით იკვებება და იღებს იმ ენერგიას, რის დიდ ნაწილსაც კვლავ ომის საწარმოებლად იყენებს; ამით ქმნის მანკიერ წრეს და ამ ჯოჯოხეთური წრეების სპირალზე ტრიალით განაპირობებს აღმავალ მსოფლიო ესკალაციას, წარმოშობს ისეთ ბოროტ “ენერგეტიკულ მორევს”, რამაც შეიძლება პლანეტაც კი შთანთქას;

ზოგიერთი მისტიკური თუ რელიგიური შეხედულებებით, ეს “ომის მორევი” პრაზიტირებაა იმ “ბნელ” ენერგიაზე, რასაც ძველ ენებში “გავახი” ეწოდება. “გავახი” – ინდოევროპულ, ასევე ძველ სემიტურ ენებში არის “ტანჯვის ენერგია”; იგი წარმოიქმნება ცოცხალი ორგანიზმის მოკვდინებისას, მისთვის ფიზიკური და სულიერი ტკივილის მიყენებისას; დიდი რაოდენობით გამოიყოფა მაგ. ძველი, წარმართული, სასტიკი რიტუალებისას – ადამიანის ანდა ცხოველის სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დროს, საერთოდ – სისხლისღვრებისას; ხოლო განსაკუთრებით – ცხადია, ომებში. მკვლელობა, ტკივილი, ტანჯვა, შეურაცხყოფა, ე.წ. ფობიები, ზიზღი, შიში, ძრწოლა, რისხვა და ა.შ. გავახის გენერირების წყაროებია;

“გლობალური ომის პარტიის” არსი ეს არის – იგი გავახისტური მსოფლიო ორგანიზაციაა; ომის სამსხვერპლოზე უკრაინის მიტანით ემსახურება სწორედ “გავახის”, ამ ნეგატიური ენერგიის უდიდესი ოდენობით წარმოქმასა და შეკრებას; ძველი ვედური ან კაბალისტური შეხედულებებით “გავახისტები”, რომელთა ვნებებს და ბოროტ ნებასაც ბნელი არსებები, “ლიავრები” წარმართავენ, მსხვერპლის მიტანის გზით ლიავრებისგან თავიანთი ვნებების დროებით დაკმაყოფილებას, რაც მათ “შიმშილს” კიდევ უარესად აღვივებს, იღებენ; ისინი სხვათა სიკვდილისა და ტანჯვის, ძრწოლის მოგვრის გზით გავახის მოპოვებაზე პარაზიტირებენ, კვებენ ამ “ლიავრებს” და საკუთარ ვნებებსაც .

ცხადია, ეს ყველაფერი დიდწილად წარმართული შეხედულებებია და დიდად არ უნდა გჯეროდეს, მაგრამ სისხლი, ტკივილი ცრემლი, ტანჯვა და ვაება, ძრწოლა რაც ამ ომს მოაქვს – სავსებით რეალურია. ხოლო “გავახის” წარმოებისა და მასზე პარაზიტირების ეს ვედური თუ კაბალისტური მექანიზმი კარგად ხსნის “გავახისტური პარტიის” – ე.ი. “გლობალური ომის პარტიის” ნამდვილ არსს. იგი კონკრეტულ და გრანდიოზულ , ამაზრზენად დანაშაულებრივ სარგებელს პოვებს სხვათა მსხვერპლშეწირვით. პარაზიტირებს და გარდა ნეგატიური ენერგიისა, რითაც იკვებება, გავახისტური პარტია სხვას არაფერს, არანაირ პოზიტივს არ წარმოშობს. რასაკვირველია, იტყუება და სრული ილუზიაა, რომ იგი უკრაინას იცავს.

ბუნებრივია, უკრაინა თავისუფლებისთვის ღვრის სისხლს, მაგრამ: რა თავისუფლებაზე შეიძლება საუბარი, როცა უკრაინის ხელისუფლებამ ეს თავისუფლება სრულად”გლობალური ომის პარტიას” მიჰყიდა, საფასურად სისხლიანი ფული და კიდევ მეტი სიკვდილის თესვის იარაღი, ანუ – “გავახის” გენერაციის უკეთესი ინსტრუმენტები აიღო, თავად იქცა რა გავახისტური ძალის ნაწილადაც და ამ გავახის ერთ დიდ გრანდიოზულ წყაროდაც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა რუსული იმპერიალიზმი, რამაც თავის მხრივ სწორედ გავახის დიდი დოზით გამოკვება და დასაბამი დაუდო კიდეც ამ “გლობალური ომის პარტიას”; ეს ორივე გავახისტური ძალა: რუსული იმპერიალიზმიცა და “გლობალური ომის პარტიაც”; ისინი სიტუაციური მოკავშირეები არიან და უკრაინას იყენებენ, რათა სწორედ ეს – ბნელი ენერგია, გავახი რაც შეიძლება მეტი დაითესოს და გამრავლდეს, რათა მერე გავახის უფრო დიდი მოსავალი აიღონ და არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს მსოფლიოშიც. ამისათვის კი გავახისტების ფილიალები მთელს მსოფლიოშია გახსნილი. ნაცი – გავახისტების აქაური ფილიალია. იგიც სწორედ ამით – სხვათა ტანჯვითა და ტკივილით, სისხლითა და ცრემლით, ზიზღითა და ძრწოლით, აფექტებით, უწინარესად ბრაზითა და მრისხანებით საზრდოობს. არსებობის სხვა წყარო კი არა აქვს.

მზიურის ამფითეატრის სცენაზე,  სასკოლო თეატრალური ფესტივალი “არტსკოლა” 2023 საზიმოდ დაიხურა

19 ივნისს, მზიურის ამფითეატრის სცენაზე,  სასკოლო თეატრალური ფესტივალი “არტსკოლა” 2023 საზიმოდ დაიხურა. აღნიშნული ფესტივალი 2014 წლიდან ხორციელდება და ამ ხნის განმავლობაში ფესტივალმა მოიარა რუსთავი, წარმატებით ხორცილედება დღემდე თბილისში და წელს უკვე ბოლნისიც შემოუერთდა.

 

ფესტივალი მოიცავს 25 – 45 სპექტაკლს, რომლისთვისაც სპეციალურად უნდა დაიწეროს პიესა, ეტიუდი, ჩანახატი, მოთხრობა მოსწავლის, მასწავლებლის მიერ. ფესტივალისთვის სპეციალურად იქმნება სკოლებში თეატრალური დასები. ფესტივალს ჰყავს 5 კაციანი ჟიური და აქვს ნომინაციები_ საუკეთესო პიესის ავტორი, საუკეთესო მსახიობი გოგონა, ვაჟი, გოგა ოსეფაშვილის პრემია_საუკეთესო ქორეოგრაფიული გადაწყვეტა და გრან_ პრი.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია საჯარო, კერძო სკოლებს და დამოუკიდებელ თეატრალურ დასებს (ასაკობრივი ზღვარი 7 კლასიდან 12 კლასის მოსწავლეები).

პროექტის მხარდამჭერები არიან:

ქალაქ თბილისის მერია
გამომცემლობა “ინტელექტი”
ეროვნული ბიბლიოთეკა
პანტომიმის თეატრი
ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრი.

2023 წლის ჟიურის წევრები არიან:

პოეტი, დრამატურგი _ ნინო სადღობელაშვილი
მსახიობი_ ქ_ ნი ნელი ბადალაშვილი
მსახიობი ბ_ნი ზაზა კოლელიშვილი
მსახიობი ბ_ ნი დავით დარჩია.

წელს, თბილისის ფესტივალში 11 კონკურსანტი თეატრალური დასი მონაწილეობდა.
სასკოლო თეატრალური ფესტივალი ” არტსკოლა” კულტურულად განათლებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

სასკოლო თეატრალური ფესტივალი არტსკოლის ავტორი და ორგანიზატორია-სოფიო კალანდაძე.

“სააკაშვილი არის პატიმარი და როცა შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება მისი გადაყვანა”

მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია და არაფორმალურ მმართველობას ნაჩვევი „ნაციონალური მოძრაობა“ რას გააკეთებს, მათი გადასაწყვეტია და საერთოდ არაა საინტერესო, გულწრფელად რომ გითხრათ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

„თუ პირს უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ქართულ პოლიტიკაში, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ მიიღებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ამიტომ, თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, უნდა მიიღოს საქართველო მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იღებს. შესაბამისად, მე ამ საკითხზე გამიჭირდება სამართლებრივი კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება ჩემს პიროვნულ დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად გეტყვით, რომ როდესაც ადამიანი არის სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას დატოვებს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მიიღებს და სხვა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგება, მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, რომ ის იყოს მხოლოდ იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის სამსახურშიც ჩადგა,“ – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, როდესაც ექიმები რეკომენდაციას გასცემენ, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

„ეს ადამიანი არის პატიმარი და შესაბამისად, როდესაც შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება [გადაყვანილი]. აქ არაფერი გასაკვირი არ არის,“ – განაცხადა მინისტრმა.

“ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში”

ჩვენ ჩვენი შეფასებით გავაკეთეთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

„თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს იყო საბოტაჟი. ამაზე უნდა დაუსვათ კითხვები თქვენი გუნდის წევრებს, თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციას. ამიტომ, მინდა გითხრათ შემდეგი, რომ თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხი, რატომ ახდენდნენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ 11 რეკომენდაცია შევასრულეთ, მე-12-ს რაც შეეხება, პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება. რა შუაშია პოლარიზაციის დასრულება თუ შესრულება ცალკეულ კრიმინალურ ქეისთან, არავითარი კავშირი არ არის”, – განაცხადა პრემიერმა.

თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა, რომელსაც ავარიულობის მეოთხე ხარისხი მიენიჭა.

„ეს სახლი არის მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია – მინიჭებული აქვს ავარიულობის მეოთხე ხარისხი. ამ სახლის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ბოლო პერიოდში გაჩენილმა ხანძარმა. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 11 მლნ ლარს, ხოლო შესრულების ვადა 30 თვეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში დარგის სპეციალისტები და სათანადო გამოცდილების მქონე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისს კიდევ ერთი ლამაზი სახლი შეემატება. მოგეხსენებათ, ეს შენობა თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს არა მარტო საცხოვრებლად ვარგისი, არამედ შევინარჩუნოთ, მეტიც, გავზარდოთ მისი ისტორიულ-კულტურული თუ მატერიალური ღირებულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრი შენობა-ნაგებობა რთულ მდგომარეობაშია, რომელთა რეაბილიტაციისთვის „თბილისის განვითარების ფონდთან“ ერთად ბიზნესსექტორის ჩართვაც იგეგმება.

„დიდი ყურადღება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლებს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ცუდ მდგომარეობაშია. მხოლოდ „თბილისის განვითარების ფონდი“ ვერ შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც ითვალისწინებს აღნიშნულ პროცესში ბიზნესის ჩართულობას. სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესების შემთხვევაში, ბიზნესს, რომელსაც პარალელურად სხვა უბანში ექნება მშენებლობა, კოეფიციენტის გადამეტების საშუალებას მივცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.