Home Blog Page 1965

უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება-Washington Post

უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

გამოცემის ცნობით, თანხის უდიდესი ნაწილი იხარჯება ახალი შეიარაღების წარმოებისთვის, ან ამერიკული მარაგებიდან უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების ჩასანაცვლებლად.

კერძოდ, უკრაინისთვის შეიარაღების წარმოება მიმდინარეობს 117 საწარმოო ხაზზე, 31 შტატის 71 ქალაქში.

ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ 31 კონგრესმენი, რომელთა შტატებიც ან ოლქებიც ამ თანხებს იღებენ, უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვას ან შეწყვეტას უჭერს მხარს.

„მაშინ როდესაც რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთს ელექტორატის ხმებისთვის და აშშ-ის საწარმოო ბაზის გაძლიერებაზე საუბრობენ ებრძვიან, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფით სწორედ ეს კეთდება – ქარხნებში მიდის ფინანსური ნაკადები, რასაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ამერიკელებისთვის, იქმნება სამუშაო ადგილები და ა.შ.“ – აღნიშნულია სტატიაში.

„ჰამასი“ და ისრაელი ზავის კიდევ ერთი დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

„ჰამასი“ და ისრაელი ზავის კიდევ ერთი დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Al Jazeera ორივე მხარეს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ისრაელის არმიაში ტელეკომპანიის წყარომ განაცხადა, რომ დროებითი ზავი გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტი მძევალი გათავისუფლდეს.

შეთანხმებას ადასტურებს შუამავალი ქვეყანა კატარიც.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი 24 ნოემბერს ამოქმედდა. გასული 6 დღის განმავლობაში ისრაელმა გატაცებული 70 ისრაელელი მძევალი, „ჰამასმა“ კი 210 პალესტინელი პატიმარი დაიბრუნა.

გარდა ამისა, „ჰამასმა“ გაათავისუფლა ტაილანდის 21, რუსეთის 3 და ფილიპინების 1 მოქალაქე.

“ნაცმოძრაობა” ფაქტობრივად დაშლის პირასაა, რაც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტიურია -გივი მიქანაძე

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად დაშლის პირასაა, რაც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტიურია.

„გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებით სხვა არაფერია თუ არა ის, რომ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. 20 კაცს დაიმატებენ პოლიტსაბჭოში და შექმნიან უაზრო სტრუქტურას, თუ რა ნაბიჯს გადადგამენ, ფაქტია, რომ ეს პროცესი, რომელიც წლებია გრძელდება, მივიდა პიკურ მდგომარეობამდე. ეს პარტია ფაქტობრივად დაშლის პირასაა, რაც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტიურია“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

29 ნოემბერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.

ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გარდაცვალების ფაქტი კისინჯერის კონსალტინგურმა კომპანიამ დაადასტურა. კისინჯერი კონექტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

1968 წელს კისინჯერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მრჩევლად დაინიშნა. ის მუშაობდა აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის შემცირებაზე, რასაც 1972 წელს მოჰყვა ნიქსონის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში. მოგვიანებით კისინჯერი აწარმოებდა მოლაპარაკებებს სამხრეთ ვიეტნამიდან ამერიკული ჯარების გაყვანის საკითხზე, რისთვისაც მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.

კისინჯერის დიპლომატიური საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდა 1973 წლის იომ-ქიფურის ომში ზავის მიღწევა.

1973-1977 წლებში ჯერ ნიქსონის, შემდეგ კი ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში ჰენრი კისინჯერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 ნოემბერს ქუთაისში +18 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია არაა მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ითოვებს, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით თოვლი და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +10, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი, სადაც დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით +1, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

,,აქედან ივანიშვილი და მისი „ოცნება“ ხრავს ქვეყანას და იქიდან დედა უტირა სააკაშვილმა ”- ალეკო ელისაშვილი

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში. ციხეშია ჩასასმელი! ერთი წელია ბაირამობს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს და ამიტომ ის ციხეში უნდა დაბრუნდეს.

„თაღლითი და მავნებელია მიხეილ სააკაშვილი. ახლა ხომ გამოჩნდა, რომ არანაირი დემენცია, კახექსია… რა უქნა ერთი წელი ქვეყანას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მოვკიდებდი კისერში ხელს და წავიყვანდი, ან გლდანის ციხეში, ან რუსთავში. ციხეშია ჩასასმელი! ერთი წელია ბაირამობს. რა კახექსია და დემენცია. ვკვდები, ერთი კვირა დამრჩა… ეს კაცი არის მავნებელი!

ლევან იოსელიანი არაფერ შუაშია. ნინო ლომჯარიამ შექმნა კომისია და ერთი წელი „გვაბოლებდნენ“, რომ კვდებაო. სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი სჭირს მიხეილ სააკაშვილს. წამოწვა იქ ორ ოთახიანში და დედა უტირა ამ ქვეყანას. აქედან ბიძინა ივანიშვილი და მისი „ოცნება“ ხრავს ამ ქვეყანას და იქიდან დედა უტირა სააკაშვილმა! ერთი წელი აჯანჯღარა ეს ქვეყანა და მარტო თავის ჯანმრთელობაზე ალაპარაკა. საჩუქარი გაუკეთა „ქართულ ოცნებას“, ერთი წელი სხვა სალაპარაკო თემა არ ჰქონდა.

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ, თქვენი გეგმები და იდეები კოლეგებს გაუზიაროთ – შესაძლოა, ვიღაც თქვენი პროექტით დაინტერესდეთ და მოგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზოთ. 30 ნოემბერს რთული სამუშაო გელით – ეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და საკუთარი ვალდებულებები დროულად შეასრულოთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, თვალი ადევნოთ თქვენ გარშემო რა ხდება და ყურადღებით უსმინოთ, რას ამბობენ ახლობელი ადამიანები. სიტუაციის კონტროლი დაგეხმარებათ, რომ საბედისწერო შეცდომა თავიდან აიცილოთ. კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით.

ტყუპები

გეგმის განხორციელება გაგიადვილდებათ, თუ ყველა წვრილმანს კარგად შეისწავლით და არც სათადარიგო ვარიანტის შესახებ დაივიწყებთ. მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება დაგაბნიოთ და გამოსავლის ძიება გაიძულოთ. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის – ეცადეთ, საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გააოცოთ. საღამოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნაც შეძლოთ.

კირჩხიბი

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. შეეცადეთ, თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები აკონტროლოთ. შესაძლოა, მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, რომელსაც აუცილებლად დათანხმდით – ფინანსური სარგებლის გარდა, ის საჭირო გამოცდილებასაც მოგიტანთ. თუ შესაძლებელია, შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანთან, ვინც მუდმივად პრობლემებს გიქმნით.

ლომი

ნუ დათანხმდებით იმას, რაც თქვენს პრინციპებს ან ინტერესებს ეწინააღმდეგება. უკან ნუ დაიხევთ და ეცადეთ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოთ. სავარაუდოდ, ერთობლივი საქმე კარგ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. ახალ, საინტერესო იდეებზე უარს ნუ იტყვით და აუცილებელი ინფორმაცია, მოიძიეთ. მოერიდეთ გულწრფელობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც კარგად არ იცნობთ.

ქალწული

დღევანდელი პრობლემების ტრადიციული გზებით მოგვარება გაგიჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, უფრო გააქტიურდეთ და შემოქმედებითად იაზროვნოთ. ვარსკვლავების განლაგება სარისკო მოქმედებებისა და ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ.

სასწორი

ამ დღეს ზოგ საკითხზე აზრს შეიცვლით და ახლებურად იმოქმედებთ – თქვენი “დიახ” იქნება “დიახ” და “არა” იქნება “არა”. სამყაროს შავ-თეთრად დაყოფის ასეთი კატეგორიული მცდელობა, რა თქმა უნდა, შეხვდება სხვების წინააღმდეგობას, მაგრამ ყოველთვის არ არის საჭირო, ვინმეს რამე უმტკიცოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პირად ურთიერთობებში ინიციატივა თავად აიღოთ და თქვენს საყვარელ ადამიანს მზრუნველობა არ მოაკლოთ.

მორიელი

ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, ურთულეს ამოცანებს შეეჭიდოთ და ერთდროულად რამდენიმე საკითხს გაუმკლავდეთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თუმცა, უმჯობესი იქნება, თავდაპირველ გეგმას არ გადაუხვიოთ და დანიშნული შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ გააუქმოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაწყებული საქმე და აღებული ვალდებულებები არ დაივიწყოთ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება და ამისთვის მზადება უნდა დაიწყოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენი გამარჯვებით დასრულდება – ოპონენტები თქვენს თქვენს იდეებს მხარს დაუჭერენ.

თხის რქა

გეგმების განხორციელებისთვის ახლობლებისა და კოლეგების დახმარება დაგჭირდებათ. მოქმედების დაწყებამდე ეცადეთ, მკაფიო სამოქმედო გეგმა შეადგინოთ, არგუმენტები მოამზადოთ და მიზანი დაისახოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციური ქმედებები ზიანს მოგიტანთ. შეწყვიტეთ ერთდროულად ათი საქმის კეთება, ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა აირჩიეთ და ეცადეთ, დაასრულოთ.

მერწყული

ამ დღეს უპირატესობა მიანიჭეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ღირებულ რჩევებს მოგცემენ. მათი დახმარებით შეიძლება მნიშვნელოვან საქმეში წინსვლას მიაღწიოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.

თევზები

ამ დღეს ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. დღეს თქვენ მიმართ ყველა ისეთ დამთმობი იქნება, შეიძლება, აფორიაქდეთ, რომ რაღაცას გიმზადებენ. არ ინერვიულოთ, ეს მხოლოდ თქვენი ეჭვებია. პირიქით – სჯობს ისარგებლოთ მომენტით, სანამ ისინი აზრს შეიცვლიან.

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, იორამ თარხან-მოურავის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ დავით და ქალბატონ ელისაბედ (კორა) თარხან-მოურავებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

გულითადად თანაგიგრძნობთ იორამის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია დიდია თქვენი მწუხარება და ძნელად საპოვნი ნუგეშის სიტყვები, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ აღდგომილმა მაცხოვარმა შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილი განაქარვა. ამიტომაც ქრისტიანისათვის სიკვდილი აღარ არსებობს, არამედ გარდაცვალებით იწყება მარადიული ცხოვრება, რომლის მკვიდრიც იორამი უკვე გახდა და ჩვენც ყველანი აუცილებლად გავხდებით. მთავარია, ღვთის საუფლო დავიმკვიდროთ.

შევთხოვთ ღმერთს იორამის უკვდავი სულისათვის, რათა იგი უფალმან სავანესა მართალთასა, – ნეტარ მარადიულობაში დააწესოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა, სულიერი სიმშვიდე და ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

მზად ვართ ომის გაგრძელებისთვის – ბენი განცი

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი ეცდება მაქსიმალურად ისარგებლოს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებით, მაგრამ მზადაა განაახლოს ბრძოლა შეთანხმების ვადის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე.

„რთულ მომენტში ვართ, შეთანხმების ჩარჩოში დროის ფანჯრით ჩვენი გატაცებულების დასაბრუნებლად. ვიმუშავებთ, რომ ამით მაქსიმალურად ვისარგებლოთ. ამავდროულად, მომზადებულები ვართ და მზად ვართ ბრძოლას დავუბრუნდეთ, ნებისმიერ მომენტში, მათ შორის ამ მომენტშიც“, – აღნიშნა განცმა.

მისი თქმით, 1948 წლის დამოუკიდებლობის ომიდან ისრაელი მის „ყველაზე მნიშვნელოვან ომში“ იბრძვის.

„მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა”- ოდიშარია

„მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარია „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს, ლევან ხაბეიშვილი პარტიაში დატოვონ.

„ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” უკანასკნელ ლურსმნებს ურტყამს პოლიტიკურ კუბოში. ამ ადამიანს სხვა გაქანება არ აქვს, ის ვერასოდეს იქნება შემკრები. ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვებს ცილი დასწამოს და ეს ყველამ ჩვენს თავზე ვიგემეთ, ის მოუვა, რაც ლევან ხაბეიშვილს დაემართა.

„ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ერთი თხოვნა მაქვს – ლევან ხაბეიშვილი 2024 წლამდე არაფრით არ გაუშვან და არჩევნებს მასთან ერთად შეხვდნენ, რადგან მისი დამფინანსებელი არჩევნების შედეგების შეტყობის შემდეგ, მას ერთი ტყვიით დამუხტულ იარაღს შეუტანს, კაბინეტში დაუტოვებს და შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი, ეგ სერია ნანახი არ მაქვს,”- განაცხადა ოდიშარიამ.

„ნაცმოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია უნდა გასამართლდეს და პოლიტიკური საქმიანობის უფლებაც აეკრძალოს”- სუბარი

„როგორი ლანძღვაც იცის „ნაცმოძრაობამ“ და როგორც ამკობენ ერთმანეთს, ჩვენ რომ იგივე შეგვეძლოს, მათი სახსენებელი დიდი ხანია არ იქნებოდა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, თავისი დანაშაულებისთვის აუცილებლად უნდა გასამართლდეს.

„ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ დიდხანს ვერ გაძლებდა, იმ ფონზე, როცა ორი მმართველი ჰყავს. ერთი – კეზერაშვილი საზღვარგარეთ და მერაბიშვილი ქვეყანაში და მეორე – საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად პატიმარი, სააკაშვილი. რაც ყველაზე კარგია, თვითონ ამხელენ ერთმანეთს იმ უკანონობებსა და საძაგლობებში, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდნენ და სჩადიან. როგორი ლანძღვაც იცის „ნაცმოძრაობამ“ და როგორც ამკობენ ერთმანეთს, ჩვენ რომ იგივე შეგვეძლოს, მათი სახსენებელი დიდი ხანია არ იქნებოდა. რომ არა დიდი მოთამაშეების ინტერესები, კეზერაშვილს არც იმ იარაღით საერთაშორისოდ ვაჭრობასა და არც იმ პენსიონერების ძარცვას, რასაც ახლა უხსენებენ „ნაცმოძრაობაშიც“, არავინ არ აპატიებდა და „ნაცმოძრაობაც“ დიდი ხნის გამქრალი იქნებოდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ მთელი საქმიანობა შესწავლილ იქნას და პარტია გასამართლდეს, არა იმიტომ, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს, არამედ იმიტომ, რომ მომავალში ვერავინ ვერ გაბედოს იმავეს გაკეთება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

იაგო ხვიჩია უცხოურ აგენტებთან დაკავშირებულ კანონზე საუბრობს

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით თბილისსა და ბრიუსელში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობდნენ.

„რომელ ქვეყნებშიც ის [უცხოურ აგენტებთან დაკავშირებული] კანონი არსებობს, არსებობს იმისთვის, რომ არის ლობიზმის მომაწესრიგებელი კანონი. მოგეხსენებათ, ჩვენთან ლობიზმი აკრძალულია, შესაბამისად, ევროპასა და საქართველოში ერთი და იმავე კანონის მიღება ფუნდამენტურად განსხვავდება, რადგან ერთგან [ევროპაში] დაშვებულია ის, რის მოსაწესრიგებლადაც ეს კანონი უნდა მიიღონ და მეორეგან აკრძალულია. თუ საქართველოში „ქართული ოცნება“ შემოიტანს პაკეტს, რითაც ლობიზმიც იქნება დაშვებული და თან ამ კანონსაც მოაყოლებენ, მხარს დავუჭერ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ე.წ. რუსულ კანონს ევროკომისია ახალ წლამდე დაამტკიცებს. უცხოური აგენტების შესახებ პროექტის დეტალები მიმდინარე კვირას გასაჯაროვდება. ეს რომ ის ვერსიაა, რომელიც ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილმა საქართველოში მწვავედ გააკრიტიკა, ევროპაშიც ადასტურებენ.