Home Blog Page 1963

“სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა” – ირაკლი ქადაგიშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.

ქადაგიშვილის თქმით, „ბოლო სერიაში მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ მას საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები დევნიან“.

„სხვადასხვა როლი ჰქონდა მორგებული. წინა სერიაში იყო – მომწამლეს, მკლავენ და მაწამებენ, მაგრამ ამას სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ წერტილი დაუსვა. დღევანდელი სერიაა – დავბრუნდი პოლიტიკაში, პრემიერ-მინისტრი უნდა გავხდე და ა.შ. ბოლოს, ალბათ, მესამე სერია დამთავრდება – საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები მდევნიან. ეს არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის მთელი სიუჟეტი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“კვლევის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით” – თორნიკე რიჟვაძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება მოხდება, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკვე ჩატარებული კვლევების მიხედვით, წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია.

„მსურს შევეხო ბოლო დროის აქტუალურ საკითხს, რომელიც ზღვის წყლის ხარისხს უკავშირდება. ბოლო პერიოდში, არც თუ კეთილმოსურნე მედიასაშუალებების მხრიდან მაქსიმალური ზიანის მიყენება ხდება საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან. უკვე ჩატარებული კვლევების შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისე, რომ პირველ რიგში ჩვენს თანაქალაქელებს და შემდეგ ჩვენს უამრავ სტუმარს არ შეექმნება რაიმე დისკომფორტი დასვენების კუთხით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შავი ზღვის კვლევა განხორციელდა როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ, რომლის მიხედვითაც ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან.

„შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად წარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას” – დედაქალაქის მერია

დედაქალაქის მერია ტყუილს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“.

უწყების განმარტებით, ამბავი, რომელიც გუშინ გავრცელდა, რეალურად გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა და ეხებოდა იმას, რომ „აღნიშნული პიროვნების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით განხორციელდა“.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ინფორმაცია არის სრული ტყუილი და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.

სტატია სათაურით – „კურიერმა კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა“, ასევე გავრცელდა სოციალური ქსელებით, რამაც მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიმართვის საფუძველზე, მოგვიანებით სტატიის სათაური უმნიშვნელოდ დაკორექტირდა.

როგორც გაირკვა, ამბავი, რომლის შესახებაც მედიამ გუშინ აცნობა საზოგადოებას, გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნების მიმართ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, 173-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობას. ჯარიმა სასამართლოს მიერ განისაზღვრა შესაბამისად.

აქედან გამომდინარე, ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

გვინდა, მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას, რომელიც მათგან ელოდება არა ყალბ და დამახინჯებულ ინფორმაციას, არამედ რეალურ ფაქტებს.

აქვე შევახსენებთ ყველას, ცილისწამება დანაშაულია, რომელიც ისჯება კანონის შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში.

“თუ ვინმემ წააგო არა იმდენად პორტუგალიის ნაკრებმა, არამედ კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

მართალია ერთი თამაშით ძნელია დასკვნების გამოტანა, თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დღევანდელი გამარჯვება მაინც ღირს ანალიზისათვის. პორტუგალიას ყოველთვის ძლიერი ახალგაზრდული სხვადასხვა ფორმაციის ნაკრებები ჰყავდა და არც ეს ნაკრებია ხელწამოსაკრავი. გარდა იმისა, რომ მის ძირითად ბირთვს დღესაც ბენფიკას, სპორტინგის და პორტუს ფეხბურთელების ქმნიან, მათ არც ტექნიკა დაეწუნებათ, არც ტაქტიკური მომზადება და არც ფიზიკა, აქ პირველ რიგში სისწრაფეს ვგულისხმობ.

დღეს საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებმა გაფანტა მითი, თითქოსდა ქართულ გუნდებს დაცვიდან თამაში არ შეუძლიათ. აღმოჩნდა,რომ სწორი ტაქტიკური განლაგების და მეტოქის შედარებითი სისუსტეების გამოყენებისას, მშვენივრად არის შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ პორტუგალიის მწვრთნელისათვის სიურპრიზი იყო ისეთი სწრაფი გარემარბების კონტრშეტევაზე ამ დონის თამაში, როგორების გაგუა და დავითაშვილი არიან. აქვე აღვნიშნავ, რომ გაგუას თამაში ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო და თუ თავში არ აუვარდება ზოგიერთებივით, მას მაღალ დონეზე თამაში ნამდვილად შეუძლია!

თუ ვინმემ წააგო არა იმდენად პორტუგალიის ნაკრებმა, არამედ კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ. როგორი გადამღლელიც არ უნდა ყოფილიყო იტალიის ან საფრანგეთის ლიგა 1 ჩემპიონატები, ვერანაირი გამართლება არა აქვს 21 წლამდე ნაკრებში თამაშის თავის შეკავებას, ისიც საქართველოში.

ჯერ არც ერთს და არც მეორეს დიდ ფეხბურთში ბევრი არაფერი არ დაუმტკიცებიათ, ეს ვარსკვლავური ბაცილა კვლავ მოსდევს ქართულ მენტალობას, გიორგი ქინქლაძეს ვერც ერთი და ვერც მეორე ნიჭით და საფეხბურთო ტალანტით ვერ შეედრება, რომელსაც ყველაზე დიდ გაფანტულ ტალანტს დავარქმევდი. და სამწუხარო იქნება თუ ეს მენტალური პრობლემა კვარასაც იგივე ბედს უმზადებს… იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო უნდა ითამაშო სტაბილურად მაღალ დონეზე 8-10 წელი მაინც და არასდროს მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე…

არც ერთი და არც მეორე არ არიან მარადონა ან რამონ დიასი, რომლებმაც არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობამდე, ჯერ ახალგაზრდული მსოფლიო მოაგებინეს თავის დროზე!

ვილი სანიოლი რომ ახლავე გასაშვებია, ამაზე სადავო მგონი არ უნდა იყოს, არც ტაქტიკა, არც მუხტი და არც არაფერი. ამასთან, მის მიერ ამოჩემებული და სისწრაფე დაკარგული, ფორმიდან ამოვარდნილი რამდენიმე ფეხბურთელი, ახლავე შესაცვლელია. ეს კვეკვესკირსაც ეხება, დვალსაც და კვერკველიასაც…

ახალგაზრდული, რომ არა წააგებდა ეს ჰიმნის შესრულებისას გამოჩნდა. ამ ახალგაზრდული ნაკრებიდან ძირითადში დღესვე შეიძლება 4-5 მოთამაშის დამატება, დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც. სულიკო დავითაშვილთან და საზონოვთან ერთად, ძალიან პერსპექტიულია გაგნიძე და მექვაბიშვილი. იმავეს ვიტყოდი გაგუაზე… ისე გელაშვილიც მომეწონა და გოჩალეიშვილიც.

ახალგაზრდულ ნაკრებს კი მინდა მხოლოდ წარმატებები ვუსურვო, არც ბელგიაა სუსტი და არც ნიდერლანდები, მეორე ნომრად თამაშს გაცილებით დიდი ეფექტი აქვს თუ ბურთის დაჭერის და ამოტანის კომპონენტები იქნება გაცილებით დახვეწილი

“ჩვენი ელექტორალური მხარდაჭერის უმთავრესი სიმძიმის ცენტრი იყო, არის და იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი” – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის.

მისივე თქმით, სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოსთვის და მომავალშიც ბევრს გააკეთებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, თავმჯდომარე და ჩვენი ელექტორალური მხარდაჭერის უმთავრესი სიმძიმის ცენტრი იყო, არის და იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი პარტიისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონის თავისუფლებისთვის, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავხდეთ თავისუფალი სამყაროს ფორმალიზებული ნაწილი, დავეხსნათ რუსეთის კლანჭებს. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრს გააკეთებს ამისთვისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 20 პროცენტზე ქვემოთ არის ჩამოსული, მათ სერიოზული პრობლემები აქვთ” – ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე იყო 30 პროცენტი და ახლა 20 პროცენტზე ქვემოთაა ჩამოსული. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს სერიოზული პრობლემები და ამას უკავშირდება გაერთიანებასთან დაკავშირებით მოწოდებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის „ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით, სადაც ხაბეიშვილი წერს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევა არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, ამავდროულად, ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა გარკვეული ერთობები შექმნან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და უფრო გაძლიერდნენ.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ რეიტინგის კუთხით მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ ხაბეიშვილი მათი ფორმალური თავმჯდომარეა.

„მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელი არის კეზერაშვილი, ეს უცხოელი აგენტი, რომელიც რატომღაც სარგებლობს ევროპის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით. მათი ლიდერია ასევე ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც იგივე მელიამაც აღიარა და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა. იგივე, სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა, ეს დისკრედიტირებული სახეები – სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელი სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“, მანამდე არანაირი პერსპექტივა ამ პარტიას არ აქვს. არც ჩამოშორების პერსპექტივა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ არის განწირული მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების“ პირობებში, ყოველდღე დივერსიას რომ აწყობს, როგორ უნდა თქვა, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს?”

„ქართული ოცნების” პირობებში, ყოველდღე დივერსიას რომ აწყობს, როგორ უნდა თქვა, მოგვცემენ თუ არა სტატუსს? – თვითონ კობახიძე იძახის 50/50 – ზეაო და რატომ გავხადეთ ასე საქმე? – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციები რომ შესრულებული იყოს და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდეს, კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი იქნებოდა.

“ახლა რომ ოპოზიცია ვიყოთ ხელისუფლებაში, 3 რეკომენდაცია კი არ გვექნებოდა შესრულებული, როგორც ამას ევროპელები გვეუბნებიან, გვექნებოდა 12- ვე, “ქართული ოცნების” მსგავსად რუსეთთან კი არ ვიქნებოდით ჩახუტებულები, ჩავეხუტებოდით ევროპას. ამას რომ გავაკეთებდით, მარჩიელობას კი არ დავიწყებდით, პირდაპირ ვიტყოდით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, რადგან 12 – ვე რეკომენდაცია შესრულებულია. ახლა გეტყოდით, რომ კი, სტატუსს მივიღებთ, მაგრამ “ქართული ოცნების” პირობებში, ყოველდღე დივერსიას რომ აწყობს, როგორ უნდა თქვა, მოგვცემენ თუ არა სტატუსს? – არ ვიცი, რას იზამენ. თვითონ კობახიძე იძახის 50/50- ზეაო და რატომ გავხადეთ ასე საქმე? შეგვესრულებინა.

ევაჭრებიან დასავლეთს, ულტიმატუმებს უყენებენ, რას ჭრიან და რას კერავენ, არ ვიცი, მაგრამ რეკომენდაციების მიხედვით არ მოქმედებენ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე წარადგენს.

ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

პრემიერი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისასალმებელია, რომ მთავრობებს შორის არის მზაობა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების მიმართულებითაც.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი  ესწრებოდნენ.

“პუტინის და ორბანის დროშა აიტაცა „ქართულმა ოცნებამ” – რომან გოცირიძე

მაინტერესებს „ლგბტ პროპაგანდით” რომელიმე მინისტრმა ორიენტაცია შეიცვალა?! – პროპაგანდის შედეგების ერთი მაგალითი მოიყვანონ! უზნეო კამპანიას იწყებს „ქართული ოცნება” და პირდაპირ იმეორებს პუტინის გზას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება” უმცირესობების დევნის ლოზუნგით იწყებს საარჩევნო კამპანიას.

„კონფრონტაციას აღვივებს „ქართული ოცნება”, შუღლს თესავენ, პრემიერ – მინისტრი აბსურდულ რაღაცებს ამბობს, თურმე საფრანგეთში გამოკითხვა ჩაუტარებიათ და 22 პროცენტი თავს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანად მიაკუთვნებსო. პუტინის და ორბანის დროშა აიტაცა „ქართულმა ოცნებამ” და იწყებს უმცირესობების დევნის ლოზუნგით საარჩევნო კამპანიას. ისე მაინტერესებს თუ 22 პროცენტი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არიან, რამდენი გამოდის 88 დეპუტატიდან? 88- ის 22 პროცენტი ძალიან ბევრია. მაინტერესებს „ლგბტ პროპაგანდით” რომელიმე მინისტრმა ორიენტაცია შეიცვალა?! პროპაგანდის შედეგების ერთი მაგალითი მოიყვანონ! უზნეო კამპანიას იწყებს “ქართული ოცნება” და პირდაპირ იმეორებს პუტინის გზას, რომელმაც სწორედ მსგავს ლოზუნგებზე ააგო თავის პოლიტიკა,”- განაცხადა გოცირიძემ.

“ხელისუფლება აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს 12-პუნქტიანი გეგმის ზედმიწევნით შესასრულებალდ”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა გადმოეცა შეასრულებალდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებლით უსწრებდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

კალაძის თქმით, ოპოზიცია სამუშაო პროცესში არ ჩაერთო და პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რათა აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ.

კახა კალაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შესრულდეს.

„რაც შეეხება 12-პუნქტიან გეგმას, პირველ რიგში, თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. ყველანაირი თვალსაზრისით, ყველანაირი მაჩვენებლები ყველა იმ ქვეყანაზე წინ ვართ, ვისაც აღნიშნული სტატუსი მისცეს და ჩვენ არ მოგვცეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გასაგებია, მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა. როდესაც აღნიშნული გეგმა მოგვცეს, საუბარი იყო, რომ ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო ამ ყველაფერში. ისინი არათუ ჩართულან, ყველაფერს აკეთებენ, რათა აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ აღნიშნული 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რომ არავის არაფერი სალაპარაკო არ დავუტოვოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“საკაშვილის ერთადერთი გზა არის „ვივამედიდან“ ციხეში, შესაძლოა, ესაა მისი ჩანაფიქრი”- გურამ მაჭარაშვილი

“მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი გზა „ვივამედიდან“ ციხეში მიდის”- ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი,  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას

„ერთადერთი გზა არის „ვივამედიდან“ ციხეში. შესაძლოა, ესაა მისი ჩანაფიქრი, ციხიდან უფრო კარგად ჟღერს ალბათ, მისი ხმა. მოუწევს ციხიდან პოლიტიკური მოღვაწეობა, თუ აპირებს როგორც არა საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“სამივე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ძალიან მკაფიო ნაბიჯები აქვს, რომელიც დასაკმაყოფილებელია” – მაროშ შეფჩოვიჩი

ვფიქრობ, სამივე ქვეყანას და მათ შორის საქართველოს, ძალიან მკაფიო ნაბიჯები აქვს, რომელიც დასაკმაყოფილებელია, დღეს იქნება ზეპირი მოხსენება, ვფიქრობ, ყველა ამ ქვეყნისთვის იქნება პოზიტიური შეფასებები იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე მიაღწიეს. ასევე, იქნება სფეროები, სადაც მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერინსტიტუციონალურ ურთიერთობებსა და პერსპექტივებში, მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა.

როგორც მაროშ შეფჩოვიჩმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ შემდგომი გაფართოებისთვის ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები, როგორ შეგვიძლია, მოვემზადოთ ახალი წევრების მისაღებად და რა უნდა გაკეთდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატი ქვეყნები კარგად იყვნენ მომზადებული. ოლივერ ვარჰეი ჩვენ წარმოგვიდენს ზეპირ მოხსენებას სამი ქვეყნის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ. ვფიქრობ, ძალიან კარგი დისკუსია გვექნება ევროკავშირის წევრ კოლეგებთან ამ საკითხზე. ვფიქრობ, სამივე ქვეყანას და მათ შორის საქართველოს, ძალიან მკაფიო ნაბიჯები აქვს, რომელიც დასაკმაყოფილებელია. დღეს იქნება ზეპირი მოხსენება. ვფიქრობ, ყველა ამ ქვეყნისთვის იქნება პოზიტიური შეფასებები იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე მიაღწიეს. ასევე, იქნება სფეროები, სადაც მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო. ჩვენ ამას პოლიტიკური წახალისების კუთხით ვუყურებთ. ეს კარგი ამბავია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და პერსპექტივა ძალიან ნათელია – ეს ევროკავშირია. ეს დამოკიდებულია გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ძალისხმევაზე და ასევე ჩვენზე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ, ექსპერტული თუ კარგი რჩევების თვალსაზრისით, ფინანსური მხარდაჭერით“, – განაცხადა შეფჩოვიჩმა.