Home Blog Page 1963

შემთხვევითი არ არის, რომ ვინც ომისკენ მოგვიწოდებდა, ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილ სტატიებს აქვეყნებს -მამუკა მდინარაძე

ვინც მოგვიწოდებდა ომისკენ, ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილ სტატიებს აქვეყნებს და არ არის ეს შემთხვევითი, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Politico-ს მიერ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.

მისი თქმით, ეს სტატია ვერ იქნება სანდო, არამედ სანდო არის მხოლოდ FARA-ს საფუძველზე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და შემდეგ, ამ ინფორმაციის და ფაქტების ჯაჭვი, რაც საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოქვეყნებული სტატია არის შეკვეთილი.

„დადასტურდა რასაც ვამბობდით. ამავდროულად ერთი საინტერესო დეტალია – ის, ვინც ითხოვდა ომს საქართველოში, შეიძლება არავინ ეკითხებოდა ისე, მათ შორის ჟურნალისტი და გამოდიოდა, რაღაც პოსტებს წერდა თუ საზოგადოების წინაშე სხვადასხვა პლატფორმიდან გამოდიოდა, იგივე ადამიანები წერენ შეკვეთილ სტატიებს ბიძინა ივანიშვილზე. ეს არ არის დამთხვევა, ეს არის ფაქტების კრებული, საიდანაც ჩვენ, ადამიანებს, საზოგადოებას, გამოგვაქვს ლოგიკური დასკვნა. ის, ვინც მოგვიწოდებდა ომისკენ, ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილ სტატიებს აქვეყნებს და არ არის ეს შემთხვევითი. ამას ვამბობდით ჩვენ ორი დღის წინ, როდესაც ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა, როცა ჟურნალისტებმა კითხვები დაგვისვეს, ვთქვით, რომ ეს სტატია იაფი არ დაჯდებოდა და მართლაც“, – აღნიშნა მდინარაძემ.

“ლელოს” თამადობით, ყველა პრონაცური პარტია უნდა გაერთიანდეს “ნაცებში” -იაგო ხვიჩია

ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და, სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს „ნაცების“ ხმებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ყველა პრონაცური პარტია „ნაცებში“ უნდა გაერთიანდეს“.

„რომ არ დადგეს რისკი, ამ ხალხმა ბარიერი ვერ გადალახოს, რადგან „ნაცებს“ რამდენი ხმა უნდა წაართვან, მიშას ხმებს იმით ხომ ვერ წაართმევ, რომ მიშაზე „ნაცი“ იყო? ამიტომ, „ლელოს“ თამადობით, ყველა ეს პრონაცური პარტია უნდა გაერთიანდეს „ნაცებში“. არჩევნებზე სინამდვილეში უნდა იყოს არა ბევრი ნაცური პარტია, არამედ ერთი დიდი „ნაცები“, სადაც გაერთიანებული იქნება „ლელოც“ , გაერთიანებული იქნება ზურაბ ჯაფარიძის პარტიაც და სხვა ასეთი ნაცური ელემენტები. „ქოცები“ და ჩვენ – მგონი, ეს სამი პარტია სრულად საკმარისი იქნებოდა არჩევნებისთვის, მაქსიმუმ, ამას გახარიას პარტია დაემატოს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, – „არ აპირებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას?“ – იაგო ხვიჩიამ უპასუხა: „ღმერთმა დაგვიფაროს, როგორ გეკადრებათ“.

“მთავრობის გადატრიალება უნდოდათ და საკუთარი ხელმძღვანელი გადაატრიალეს” – თალაკვაძე “ნაცმოძრაობაზე”

საფონდო ბირჟასავით ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭო, როცა აქციების საკონტროლო პაკეტის გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორეზე ხდება – მთავრობის გადატრიალება უნდოდათ და საკუთარი ხელმძღვანელი გადაატრიალეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია დაშლის პროცესშია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო ისე გაფართოვდა, პარტიის საზღვრებსაც კი გასცდა, პოლიტსაბჭო უფრო დიდია ვიდრე პარტია, საფონდო ბირჟასავით ჩამოყალიბდა შიგნით, როცა ხდება აქციების საკონტროლო პაკეტის გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორეზე, ჯერ ადამიანები გაუშვეს, ახლა დააბრუნეს, ხაბეიშვილს ჰქონდა საკონტროლო პაკეტი, ახლა ისევ სააკაშვილის ჯგუფი დაბრუნდა. არიან ადამიანები, რომლებიც მომავლის და ლიდერის მოლოდინში შუაშიც არიან გაჩხერილი და გაურკვევლობაში არიან. ეს მიანიშნებს ერთადერთზე, რომ პარტია დაშლის ფაზაშია და იმის რომ მოსავალს, რაც დათესეს ამ წლების განმავლობაში, იმკიან. თავის ქვეყნისთვის ცუდი უნდოდათ და უნდოდათ მთავრობის გადატრიალება და საკუთარი ხელმძღვანელი გადაატრიალეს საბოლოოდ, უნდოდათ რიგგარეშე არჩევნები და საკუთარ პარტიაში მოუხდათ მისი ჩატარება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

“რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა” – პაპუაშვილი სიმონიანის განცხადებაზე

რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ – საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა. ასე რომ, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველო „გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“ სანქციებთან მიმართებით.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, როდესაც მას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპაგანდისტები აქებენ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი ძალისთვის განმსაზღვრელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების აზრია.

„მთავარი არის, რომ ჩვენ გვაქებდნენ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ სწორედ ამ შექებას და მხარდაჭერას ვგრძნობთ საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან მათი ინტერესებით ვმოქმედებთ და ის, რაც ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს?! რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა?! შევეწინააღმდეგოთ?! ის, რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ – საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხისგან მივიღოთ კომპლიმენტები და ქართველი ხალხი გავახაროთ. სხვა ვინ რას ამბობს, ეს ჩვენთვის რელევანტური არ არის. ამიტომ რეაქცია არ გვაქვს ხოლმე, როდესაც უსამართლოდ გვაკრიტიკებენ, ვინც არ უნდა იყოს, რეაქცია არ გვაქვს, თუკი ჩვენი არაკეთილმოსურნე გვაქებს. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, რას აკრიტიკებენ და რას გვიწონებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სოცილურ ქსელ X-ში (ტვიტერი) „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. „კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს“,- განაცხადა სიმონიანმა.

“მანაც აღიარა, რომ არის ოლიგარქი და აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს, აქვს ფული, პარტია და მედია” – შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე

როდესაც ოლიგარქიაზე საუბრობენ თავად ოლიგარქები, ეს არის ძალიან სამარცხვინო ქმედება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რას ადასტურებს მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ მას „ტვ პირველისთვის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „მამუკა ხაზარაძემ აღიარა, რომ სრულად აკმაყოფილებს ოლიგარქის კრიტერიუმებს“.

„კიდევ  ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს კეზერაშვილის შემდეგ, რომელმაც ასევე აღიარა. ვიცით, რომ კეზერაშვილს აქვს ფული, აღიარა და ვიცით, რომ აქვს მედია და ვიცით, რომ აქვს პარტია. ზუსტად იგივე გააკეთა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი და სრულად აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს. კერძოდ, აქვს ფული, აქვს პარტია, აქვს მედია. ეს არის, რისი ლუსტრაციაც მოხდა. როდესაც ოლიგარქიაზე და ასე შემდეგ საუბრობენ თავად ოლიგარქები, ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამარცხვინო ქმედება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა ამ ოლიგარქიისა, „ლელოს“ სხვა პრობლემებიც აქვს.

„უპირველეს ყოვლისა, ამას წინადაც ვთქვი, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არ უყურებს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც იყურება სხვა დედაქალაქებისკენ. ვნახეთ, როგორ ჰქონდათ მათ ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავს იწონებდნენ, რომ იქ აბეზღებდნენ ქართველებს, რომ სანქციები დაუწესონ ქართველებს, მოიცილონ კონკურენტები სხვისი ხელით, სხვა ქვეყნის ხელით მოიცილონ კონკურენტები, რათა სახელისუფლებო ბერკეტები მიიღონ. ეს არის სუფთა კომუნისტური, საბჭოთა აზროვნება, რომელიც, მათი წარსულიდან გამოდინარე, ალბათ საბჭოთა ნომენკლატურაში ყოფნიდან აქვთ მათ. ცენტრში რომ ჩადიოდნენ ადრე, ზოგიერთი ქართველი აბეზღებდა ქართველებს, რომ მოეცილებინათ თავიანთი კონკურენტები, პარტიული თუ სხვა კონკურენტები, და თვითონ გაეკეთებინათ კარიერა. მათთვის მოსკოვი დღეს შეიცვალა სხვა დედაქალაქებით. მიდგომა აქვთ ერთი და იგივე – იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ, მათი მანდატით გადაწყვეტილებები მიიღონ, არამედ მხარდაჭერასა და მანდატს ისინი ელოდებიან სხვა ქვეყნებიდან, სხვა დედაქალქებიდან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზადაა, დაგვეხმაროს გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები -პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ამისთვის მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს პარტნიორ ქვეყნებთან.

პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის შიში აქვთ არალეგალ ქართველებს, თუმცა, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამაზეც შეიძლება მოლაპარაკება პარტნიორებთან, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ ადგილი პოლიციისგან საფრთხე არ იგრძნონ.

„დიასპორა და არჩევნები ჩემი თემაა, სულ მაწუხებდა ეს იმიტომ, რომ იქ ვხედავდი სხვადასხვა არჩევნების დროს თუ რამდენად არასერიოზული ასახვაა შედეგებზე იმისა თუ რა განწყობაა ემიგრაციაში. არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მაინც, მე რომ წავაგე არჩევნები პარიზში ცოტა მაინც უცნაური უნდა იყოს. მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრების გარეთ, მათ შორის, ძალიან ბევრი არალეგალია და არაფერი არ კეთდება, არც ერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა იმით, რომ არჩევნებში მონაწილე ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა გაიზარდოს. პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის კარგად მოკალათებული, მონაწილეობა არჩევნებში ითვლებოდა როგორც სრულიად საკმარისი და ყველა ხელისუფლება ფიქრობდა: „რატომ ავიტკივოთ თავი და დავიწყოთ რაღაც კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნება“. ერთი რამ არის აქაც ძალიან ნიშანდობლივი, რომ ის ადამიანები, რომლებიც გარეთ ცხოვრობენ და დამოუკიდებლად მუშაობენ, მოღვაწეობენ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება ბევრად უფრო რთულია. ამათ ვერ იჭერ შენი ხელფასით, გავლენით, შვილებით, მეუღლით და ა.შ. ასე რომ ეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ცოცხალი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლებისა და მათი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დისკუსია ახლა უნდა დაიწყოს და ვარ მოხარული, რომ იწყება სხვადასხვა წრეში და ეს ნიშნავს, რომ თემა არის აქტუალური. ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. მთავარი არის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია, მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, რომ იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი მით უმეტეს დიდ ქვეყნებში, სადაც რთულია ჩვენი მოქალაქეებისთვის მონაწილეობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანა უკვე მზად არის ამ პროცესში საქართველოსთვის დახმარების გასაწევად.

„ვიცი, რომ ჩვენი რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზად არის, რომ ამაში დაგვეხმაროს იმისთვის რომ გაიხსნას უსაფრთხო ასეთი უბნები ამ ქვეყნებში. მეორე საკითხია, რომ არალეგალებს ყოველთვის ეშინიათ, რომ მისვლა საელჩოსთან ან საარჩევნო უბანთან იქნება აღნიშნული ადგილობრივი პოლიციის მიერ და მათ რაღაცა საფრთხე შეექმნებათ. ეს საკითხი ასევე გადაწყვეტილია ბევრ ქვეყანას შორის. მე, მაგალითად, საფრანგეთის გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალჟირელები მონაწილეობენ ძალიან დიდი რაოდენობით, იმდენად, რომ ალჟირელის არჩევნები წყდება საფრანგეთიდან და რიგები არის მათ საელჩოებთან და საარჩევნო უბნებთან, მაგრამ იქ არანაირი პოლიციის ჩარევა არ არსებობს. ამაზე ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისგან წინასწარ შეთანხმებები და გარანტიები, რომ ეს არ მოხდება და ჩვენ წინასწარ უნდა მოვამზადოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ამაში არ არის საფრთხე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჰენრი კისინჯერი: ბრეჟნევიდან პუტინამდე – რას წერს უცხოური პრესა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის გარდაცვალებაზე

დღეს, 30 ნოემბერს, ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ასი წლის ასაკში, კონეკტიკუტის შტატში მდებარე საკუთარ სახლში.

„ჰენრი კისინჯერი როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და შემდეგ სახელმწიფო მდივანი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის პერიოდში (1969-1977 წლებში), საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის პოლიტიკის ერთ-ერთ არქიტექტორს წარმოადგენდა, განსაკუთრებით ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობაში“, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBCის რუსული სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჰენრი კისინჯერი: ბრეჟნევიდან პუტინამდე“.

ჰენრი კისინჯერს შარლ ტალეირანისა და კლემენს მეტერნიხის გვერდით, ერთ რიგში აყენებენ. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ მე-19 საუკუნის ლეგენდარული დიპლომატები პოლიტიკურ ავანსცენაზე 30 წელზე მეტ ხანს იყვნენ, ჰენრი კისინჯერმა კი მხოლოდ რვა წლის განმავლობაში მოასწრო აშშ-ჩინეთის ურთიერთობის აღდგენა, ვიეტნამის ომის დასრულება და საბჭოთა კავშირთან დაძაბული ურთიერთობის განმუხტვა. ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მოქმედება საკმარისია იმისთვის, რომ პოლიტიკური მოღვაწის სახელი ისტორიაში „დიდი ასოებით“ შევიდეს.

ამბობდნენ, რომ ჰენრი კისინჯერს, თავისი უნარითა დამსახურებისდა მიხედვით, იოლად შეეძლო აშშ-ის პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ… იგი აშშ-ის კონსტიტუციის მეორე მუხლის მეხუთე პუნქტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა – ქვეყნის საზღვრებს მიღმა იყო დაბადებული – ბავარიაში (გერმანია), 1923 წლის 27 მაისს, სკოლის მასწავლებლების ებრაულ ოჯახში. მისი თავდაპირველი სახელი იყო „ჰაინცი“, რომელიც შემდეგ „ჰენრით“ შეცვალა.

ახალი სამშობლო

საერთაშორისო განმუხტვის მომავალი არქიტექტორი 15 წლისა იყო, როცა მისი ოჯახი გერმანელ ნაცისტებს გაექცნენ და თავი ამერიკას შეაფარეს. ჰენრი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე სკოლაში სწავლობდა, იმავდროულად საპარსი ფუნჯების ფაბრიკაშიც მუშაობდა. 1943 წელს იგი არმიაში გაიწვიეს და გერმანული ენის ცოდნის გამო 84-ე ქვეითი დივიზიის დაზვერრვის ქვედანაყოფში ჩარისცხეს. 1945-46 წლებში დაკავებული იყო გერმანიის ჰანოვერისა და ჰესენის მხარეების დენაციფიკაციით და ყოფილი „ესესელების“ ძიებით.

1950 წელს ჰენრი კისინჯერმა წარმატებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი – მისი სადიპლომო ნაშრომი სახელწოდებით „ისტორიის მნიშვნელობა“ 388 გვერდიანი იყო და ყველაზე ფართო ნაშრომს წარმოადგენდა უნივერსიტეტის ოთხსაუკუნოვანი არსებობის პერიოდში. მომდევნო 20 წლის განმავლობაში ჰენრი კისინჯერმა წარმატებული კარიერა გაიკეთა პროფესორისა და ექსპერტის სახით.

1969 წელს, ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა უკვე ცნობილ ანალიტიკოსს ჰენრი კისინჯერს თავისი თანაშემწის თანამდებობის დაკავება შესთავაზა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

როგორც ამბობენ, პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი უსაზღვროდ ენდობოდა თავის თანაშემწეს და იმავდროულად, გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან – უილიამ როჯერსთან, თანაც ხშირად ისეთი, რომ წესიერების ჩარჩოებს სცილდებოდა. პრეზიდენტი აშკარად ამჯობინებდა, რომ საერთაშორისო დიპლომატიური საკითხები უფრო თავის თანაშემწესთან განეხილა, ვიდრე სახელმწიფო მდივანთან.

1973 წელს ჰენრი კისინჯერმა, ერთადერთჯერ აშშ-ის ისტორიაში, თავის ხელში მოიქცია ორივე საკვანძო საგარეოპოლიტიკური პოსტი და საკუთარი განსაკუთრებული სტატუსი პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის მმართველობის დროსაც შეინარჩუნა.

თავის შეხედულებებში ჰენრი კისინჯერი კლასიკური „რეალპოლიტიკის“ (Realpolitik) მიმდევარი იყო და შედარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობდა იდეოლოგიას და ადამიანის უფლებებს.

გლობალური ცვლილება

აშშ-სა და მაოისტური ჩინეთის ერთმანეთთან დაახლოება – იმ ჩინეთისა, რომელსაც საბჭოთა კავშირთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად სძულდა დასავლური ფასეულობები, 1970-იანი წლების დასაწყისისათვის აბსოლუტური ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა. თუმცა ჰენრი კისინჯერს სჯეროდა, რომ პეკინი გეოპოლიტიკურ ინტერესებს მისცემდა უპირატესობას და არც შემცდარა.

თავდაპირველად კულისებსმიღმა ზონდაჟი მესამე ქვეყნების პოლიტიკოსებისა და დიპლომატების დახმარებით მიდიოდა, განსაკუთრებით რუმინეთის ლიდერის ნიკოლაე ჩაუშესკუს მონაწილეობით. 1971 წლის აპრილში, ყველასატვის მოულოდნელად, ჩინეთმა პირველად მიიწვია თავისთან დასავლელი სპორტსმენები – აშშ-ის გუნდი მაგიდის ჩოგბურთში. მას შემდეგ შევიდა სახელმძღვანელოებში გამოთქმა – „პინგ-პონგის დიპლომატია“.

იმავე წლის 9-11 ივლისს პეკინს საიდუმლოდ ეწვია თვითონ ჰენრი კისინჯერიც, რაც უიშვიათესი შემთხვევა იყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საერთაშორისო დიპლომატიურ პრაქტიკაში და ახლა ასეთად რჩება.

ეს დიპლომატიური პროცესი დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში 1972 წლის თებერვალში, რომლის შედეგად ვაშინგტონსა და პეკინს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა და ამერიკამ ტაივანი ჩინეთის სახალხო რსპუბლიკის ნაწილად დე-იურედ აღიარა. 44 წლის შემდეგ ორი სახელმწიფო ერთმანეთისათვის საკვანძო და შეუცვლელ ეკონომიკურ პარტნიორებად რჩებიან.

1973 წელს ჰენრი კისინჯერმა ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო პარიზის სამშვიდობო შეთანხმების გამო – ვიეტნამში ომის შეწყვეტას, აშშ-ის ჯარების გაყვანასთან და ქვეყნის ორი ნაწილის გაერთიანებისათვის, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე. ურთულესი მოლაპარაკებები ოთხ წელიწადს გრძელდებოდა.

მართალია, 1975 წლის აპრილში „კისინჯერისეული მშვიდობა“ იმით დასრულდა, რომ ჩრდილოელმა ვიეტნამელებმა სამხრეთელები იარაღით დაიმორჩილეს და კომუნისტური დიქტატურა დაამყარეს. ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, ნობელის პრემიების კომიტეტმა იჩქარა, რომ ჰენრი კისინჯერს მშვიდობის პრემია მიენიჭა.

„განმუხტვის“ არქიტექტორი

საბჭოური დიპლომატიის ერთ-ერთი მამამთავარი ანდრეი გრომიკო თავის ამერიკელ კოლეგას ჰენრი კისინჯერს „ეშმაკს“ უწოდებდა, მაგრამ მას იმავდროულად დიდ პატივს სცემდა და ამბობდა, რომ მის სიტყვას ენდობოდა.

1972 წლის მაისში მოხდა „განმუხტვის პოლიტიკის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საბჭოთა კავშირში – რიჩარდ ნიქსონი და სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი მოსკოვს ეწვივნენ. მანამდე საბჭოთა კავშირში აშშ-ის პრეზიდენტებიდან მხოლოდ ფრანკლინ რუზველტი იყო ნამყოფი – იალტაში, 1945 წელს, “დიდი სამეულის” სამიტზე. იმ დროიდან ჰენრი კისინჯერის სახელი საბჭოთა მოქალაქეების გონებაში მტკიცედ დამკვიდრდა.

ლეონიდ ბრეჟნევმა, ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ამერიკელი სტუმრები ლენინგრადში – რუსეთის იმპერიის ძველ სატახტო ქალაქში (სანქტ პეტერბურგში) მიიპატიჟა ქალაქის დასათვალიერებლად. ჰენრი კისინჯერი, გადაუდებელი საქმეების გამო, მოსკოვში დარჩა ანდრეი გრომიკოსთან მოსალაპარაკებლად. არადა, მას ძალიან უნდოდა პეტრე პირველის მიერ დაარსებული ქალაქის ნახვა.

მომდევნო წლებში ჰენრი კისინჯერი კიდევ რამდენჯერმე იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ ვერადავერ მოინახულა პეტრეს ქალაქი. ერთხელ მან თავის საბჭოელ კოლეგას ანდრეი გრომიკოს ხუმრობით უთხრა – “უკვე დარწმუნებული აღარ ვარ, არსებობს თუ არა ლენინგრადი საერთოდო”.

“აბა, მაშ სად მოხდა ჩვენი რევოლუცია?, – აჰყვა ხუმრობას საბჭოთა მინისტრი.

– სანქტ-პეტერბურგში”, – უპასუხა ჰენრი კისინჯერმა. იგი ამაყობდა რუსეთის ისტორიის ცოდნით, თუმცა მცირე “შეცდომა” მაინც დაუშვა – 1917 წელის რევოლუციის დროს სანქტ-პეტერბურგს უკვე პეტროგრადი ერქვა.

ნადირობა ლეონიდ ბრეჟნევთან ერთად

ჰენრი კისინჯერს პირადი ურთიერთობები ჰქონდა საბჭოთა ლიდერებთან – რა თქმა უნდა, არა მეგობრული, მაგრამ მაინც ოფიციალური ჩარჩოების მიღმა.

ერთხელ, ლეონიდ ბრეჟნევთან ერთად, გარეულ ტახებზე ნადირობის შემდეგ (კისინჯერს არ უსვრია), საბჭოთა გენმდივანმა სტუმრისათვის პურ-მარილის გაწყობა თვითონ მოისურვა – მაგიდაზე საჭმელები დაალაგა, არყის ბოთლები ამოიღო და ჰენრის უთხრა, “უსაქმოდ რომ არ იჯდე, “კალბასი” მაინც დაჭერიო”. კისინჯერი შემდეგ იხსენებდა, ბრეჟნევმა ამიხსნა, რომ ძეხვის დაჭრასაც ცოდნა ჭირდება – როცა კარგად არის დაჭრილი, უფრო გემრიელიაო.

ჰენრი კისინჯერმა ინტერესი რუსეთის მიმართ სამუდამოდ შეინარჩუნა. იგი არაერთხელ შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც – სულ ბოლოს მოსკოვში, 2016 წლის თებერვალში. საერთაშორისო დიპლომატიის ვეტერანი რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო აკრიტიკებდა, მაგრამ ამბობდა, რომ უკრაინის ნატოში მიღების საკითხში აჩქარება არ შეიძლება.

ჰენრი კისინჯერს მრავალრიცხოვანი ტიტულები და წოდებები ჰქონდა, მათ შორის – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის საპატიო დოქტორის წოდებები.

წყარო

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული ინტერესებით არ მოქმედებს -ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული ინტერესებით არ მოქმედებს

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ მოქმედებენ, არ ფიქრობენ, გადაწყვეტილებებს არ იღებენ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი მთავარი განმსაზღვრელი არის სხვების აყოლა, არ ფიქრობენ საქართველოს ეროვნული ინტერესებზე, გამოდიან სხვა ქვეყნების ინტერესებიდან და კარნახიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ 2010 წლის ეუთოს სამიტში ლავროვთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

„იმ პირობებში, როცა ომიდან გასული იყო ორი წელი, მონაწილეობდნენ ასტანის სამიტში, სადაც იყო არა მხოლოდ ლავროვი, არამედ ვლადიმერ პუტინიც. ახლა საუბარი, რომ ერთ დარბაზში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება, არის აბსოლუტური ფარისევლობა, თუმცა მათთვის სახელმწიფოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, არამედ 2022 წელს გაახსენდათ, რომ საქართველო არის ოკუპირებული. ყველას გვახსოვს, რა იყო მათი პოლიტიკა – ვიზების გაუქმება, საზღვარზე რუსი ტურისტების შეგებება, ის, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან მიმართებით, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა, ესეც დათმეს. „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, ყოველთვის მოქმედებდნენ სხვების კარნახით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განადგურება შეუძლიათ – რას წერს BBC-ის რუსული სამსახური

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განადგურება შეუძლიათ“, რომელშიც განხილულია უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება, ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) 28 ნოემბერს დაბეჭდილი ახალი მასალის მიხედვით.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

„რუსეთი მზადაა უკრაინაში არსებული პოლიტიკური განხეთქილებით ისარგებლოს“, – ასეთი სათაური აქვს „ეკონომისტის“ პუბლიკაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტსა და არმიის მთავარსარდალს შორის ჯერ კიდევ შარშან გაჩენილი დაპირისპირება კონტრშეტევის ჩიხში შესვლის ფონზე განსაკუთრებით გაღრმავდა.

„ეკონომისტის“ მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის არსებული ურთიერთობა, მათთან დაახლოებული პირების მიერ შეფასებულია როგორც „საშინელი“.

კამათი კონტრშეტევის შედეგებზე

პირველი ცნობები პრეზიდენტსა და გენერალს შორის გაჩენილი უთანხმოების თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გავრცელდა, ხოლო ვალერი ზალუჟნის ამასწინანდელმა გულახდილმა ინტერვიუმ „ეკონომისტში“, როცა მან ომში შექმნილი ვითარება „პატურ სიტუაციად და „ჩიხში შესულად“ ჩათვალა, მათი კონფლიქტი ყველას დასანახავად, „დღის სინათლეზე“ გამოიტანა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააკეთა კომენტარი ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს შესახებ. პრეზიდენტმა (შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა) გენერალი (არმიის მთავარსარდალი) გააფრთხილა, რომ უმჯობესი იქნებოდა სამხედრო საქმეებისათვის მიეხედა და პოლიტიკაში არ ჩარეულიყო.

როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა სამთავრობო მაღალჩინოსანმა „ეკონომისტის“ ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტსა და გენერალს შორის გაჩენილი ღია კონფლიქტი, კაცმა რომ თქვას, პროგნოზირებადი შედეგია იმ ჩიხში შესული კონტრშეტევის გამო, რომელიც გეგმის მიხედვით არ განვითარდა. მაღალჩინოსნის თქმით, ვალერი ზალუჟნი, ალბათ, არასწორად მოიქცა, როცა ღიად შეეწინააღმდეგა პრეზიდენტის ოპტიმისტურ საჯარო პოზიციას, მაგრამ ისიც სინამდვილეა, რომ მთავრობაში მის დასკვნებს ეთანხმებიან.

ახლა საკითხი იმაშია, თუ ვის დააკისრებენ პასუხისმგებლობას ჩაშლილი კონტრშეტევის გამო. „პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინელი გენერლები საბჭოთა ეპოქაში გაწრთვნილ გონებაჩლუნგ ოფიცრებს წარმოადგენენ. გენერლები კი ამბობენ, რომ პოლიტიკოსები იმ გონებაჩლუნგ არსებებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველგან ცხვირს ჰყოფენ და ეჩრებიან. ნათქვამია – „გამარჯვებას ყოველთვის ბევრი მამა ჰყავს“, ხოლო ჩიხში შესული სიტუაციის გამო პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებს“.

საქმე „სამხრეთის ფრონტის თავდაცვის“ შესახებ

როგორც „ეკონომისტი“ წერს, ვალერი ჟალუზნის ეხება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკრაინის სამხრეთის დაცვის თაობაზეა აღძრული. როგორც ცნობილია, 2022 წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქში სწრაფი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

რუსებს უკრაინელი გადაბირებული სამხედროები ეხმარებოდნენ: როცა რუსეთის არმიამ საომარი მოქმედება დაიწყო, მათ ხიდები არ ააფეთქეს, თავდაცვის გეგმები და ინსტრუქციები დაარღვიეს და საერთოდ, უკრაინის არმია ცუდად იყო მომზადებული.

ზოგიერთი ცნობის თანახმად, ვალერი ზალუჟნი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით ფიგურირებს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ „ეს ყველაფერი უფრო რაღაც სერიოზულში გადაიზარდოს“ (ანუ მოწმიდან ბრალდებულად გადაიქცეს). ეს ნიშნავს, რომ  ბრალდების წაყენების რისკის გამო ვალერი ზალუჟნი კონტროლის ქვეშ იქნება. თავის მხრივ, გენერლის უცხოურ პრესაში გამოსვლა შეიძლება თავის დაზღვევის მცდელობად ჩაითვალოს.

ვინ ვის? რეიტინგების შედარება

ვალერი ზალუჟნის არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ გამოუხატავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ვოლოდიმირ ზელენსკისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს: პრეზიდენტი, რომელიც 2019 წელს კომედიური მსახიობი იყო, მშვენივრად უწყის, თუ როგორ სწრაფად იბადებიან უკრაინულ საზოგადოებაში ლიდერები და შემდეგ იგივე საზოგადოება მოყირჭებულ ლიდერებს თავიდან იშორებს. შიდა გამოკითხვები ცხადჰყოფს, რომ პრეზიდენტმა, რომელსაც შარშან აქებდნენ და ადიდებდნენ ქვეყნის თავდაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო, თავისი რეპუტაცია მთავრობაში მომხდარი კორუფციული სკანდალებით შელახა, ხოლო ის კურსი, რა კურსითაც მიჰყავს ქვეყანა ვოლოდიმირ ზელენსკის, მზარდ შეშფოთებას იწვევს.

ამ დღეებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტისადმი ნდობა 32%-მდე დაეცა, რაც ორჯერ ნაკლებია ვალერი ზალუჟნისადმი ნდობის რეიტინგთან შედარებით (გენერალს მხარს უჭერს გამოკითხულთა 70%).

სხვათა შორის, როგორც გამოკითხვის შედგები აჩვენებენ, პრეზიდენტზე მეტი რეიტინგი აქვს აგრეთვე უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს – 45%.

იგივე გამოკითხვების შედეგების მიხედვით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნისთან წინასაარჩევნო რბოლაში ჩაებმება, ყოფილი კლოუნი არჩევნებს წააგებს. მართალია, დღეს ბოლომდე გარკვეული არ არის, ჩატარდება თუ არა 2024 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნები (ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო), მაგრამ თუ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, შეიძლება მისი შეცვლის აუცილებლობა დადგეს.

ვისთვისაა დაპირისპირება მომგებიანი?

უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი აქტიურად ცდილობს რაიმე სარგებელი ნახოს უკრაინის შიდაპოლიტიკური დაძაბულობიდან. რუსული პროპაგანდა, რომელიც უკრაინის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისადმია მიმართული, მოწოდებულია რუსეთის მხარდაჭერის განსამტკიცებლად, დასავლეთის ნდობის შესამცირებლად და საერთოდ, უკრაინაში უკმაყოფილების გასაძლიერებლად.

„ეკონომისტის“ ჟურნალისტისათვის უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნის ნათქვამის თანახმად, რუსული პროპაგანდა პოპულარული ხდება, კრემლის აგიტატორებმა მუშაობისათვის საკმაო მასალა შეაგროვეს. უკრაინაში ბევრი პრობლემაა კორუფციასთან დაკავშირებით – ხელმძღვანელობა მექრთმაეობას არაეფექტურად ებრძვის, არის პრობლემები უკრაინის ქარხნების სამხედრო რელსებზე გადაყვანასთან დაკავშირებითაც.

„მაგრამ თუ ვოლოდიმირ ზელენსკის დაამხობენ, ამით მხოლოდ რუსეთი მოიგებს, – ამბობს მაღალჩინოსანი, – ზოგიერთებს ჩვენი პოლიტიკოსებიდან მაინცდამაინც არ ადარდებთ რუსული საფრთხე და ეს გარემოება მე ძალიან მაღიზიანებს. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ხელისუფლება ბრძოლაში გამოიწვიონ, ვოლოდიმირ ზელენსკი დაამხონ და გაანადგურონ… და ამას რაიმე შედეგები არ მოჰყვება“.

წყარო

————–

“FARA-ს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების შემდეგ, დადასტურებულად ვიცით, რა სახის პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე”- შალვა პაპუაშვილი

FARA-ს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების შემდეგ დადასტურებულად ვიცით, რა სახის პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, FARA-ს ანგარიშებში პირდაპირ წერია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატიები იწერებოდა.

„როცა საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგადად, საქართველოს, აქ პოლიტიკური კორუფცია დადასტურებულია, არა მხოლოდ ის, რომ მედიაში ქვეყნდებოდა შეკვეთილი სტატიები, ეს პირდაპირ ვიცით ანგარიშიდან, რომ შეკვეთილი იყო სტატიები. ასევე ვიცით, რომ ლობისტების მუშაობის შედეგი იყო, რომ ისინი პირდაპირ უწერდნენ რეზოლუციის ტექსტებს ზოგიერთ ევროპარლამენტარს და ევროპარლამენტმა ლობისტების მიერ დაწერილი ტექსტები მიიღო რეზოლუციის სახით, რაც არის დიდი სირცხვილი, რის შედეგადაც დეზინფორმაცია აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ FARA-ს დოკუმენტაციიდან, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან და ა.შ. ეს არის ტიპური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც სამწუხარო გამოწვევაა ევროკავშირის ზოგიერთ სტრუქტურაში. ამიტომაც არის მოწოდებები, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის ევროპარლამენტთან დაკავშირებით სხვადასხვა ინიციატივა არსებობს. სამწუხაროდ, ეს თემატიკა ჯერ გაუმჭვირვალი არის ევროკავშირის სივრცეში, თუმცა აშშ-ის კანონმდებლობის წყალობით, ჩვენ ვიღებთ ხოლმე ამ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ეჭვები არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულ ჯაჭვთან, რომელიც მიგვიყვანს ლობისტებამდე. დაველოდოთ ცოტა ხანი და დარწმუნებული ვარ, FARA-ს შემდეგ დოკუმენტაციაში ასეთი საკითხები ამოტივტივდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

იძულებით გადაადგილებულ 1 335 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდიან

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.

პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება და 2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა.

2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობა თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.

“ვწუხვარ, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა”-პრეზიდენტი

ვწუხვარ, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა – გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რომ არ ხვდებიან პრეზიდენტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა [კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში] ისინი ჩადიან ადგილზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „მინდა ევროპა და არ მინდა რუსეთი“ არის საკითხები, რომელზეც საზოგადოება შეთანხმებულია და არავის მისცემს საშუალებას ევროპასთან დაახლოების შანსი გააშვებინოს ხელიდან.

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ საზოგადოების როლი არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად მნიშვნელოვანი და პარტიები არიან ამსახველი იმის, თუ რა უნდა საზოგადოებას, რას მოითხოვს საზოგადოება და რაც უფრო ნათელი არის საზოგადოების მოთხოვნები, პარტიები მით უფრო აეწყობიან ამ მოთხოვნებზე. ეს არის დემოკრატია და არა პირიქით, რასაც, სამწუხაროდ, წლებმა და სხვადასხვა რეჟიმებმა მიგვაჩვია, რომ ზემოდან ქვემოთ მოდის ყველაფერი და არა ქვემოდან ზემოთ. ეროვნული თანხმობა – ამ საკითხს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოებიდან. სამწუხაროდ, „კოვიდმა“ და პოლიტიკურმა პოლარიზაციამ არ მისცა ეროვნული თანხმობის პროცესს გაშლის საშუალება, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს იქ ის საფუძვლები, რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ. მიმაჩნია, რომ მეც უნდა დავუბრუნდე და ქვეყანაც უნდა დაუბრუნდეს. იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე და ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, ჩვენ თავს ვერ დავიცავთ მტრისგან. საქართველოს მთელი ისტორია ამას გვეუბნება, რომ მთელი ეროვნული თანხმობა, ერთად ბრძოლა არის ის, რამაც საქართველო დღემდე მოიტანა და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რაც არ უნდა გვაღიზიანებდეს, არ მოგვწონდეს, ვერ ვთანხმდებოდეთ რაღაც საკითხებზე. დღეს არსებობს ეროვნული თანხმობა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. როცა ჩვენ ყოველდღე უნდათ რომ გვაჩვენონ, რამდენად პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი, არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც არის გაერთიანებული მთავარ საკითხებზე. მთავარი საკითხები არის: „მინდა ჩემი შვილებისთვის ევროპა“ და „არ მინდა რუსეთი“. თუ პოლიტიკური პარტიები ამას ვერ ხედავენ, მათთვის ცუდი, საზოგადოებამ იცის რა უნდა. მე ამას ვხედავ ყოველდღიურად დაწყებულ კამპანიაში. ეს არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების კამპანია, „ჩვენი ხმა ევროპას“. სადაც არ მივდივარ და არ ვხვდები ხალხს, ნათელია, რომ ეს არის მათი წამოძახილი და ამაში არ არსებობს სხვა მოსაზრება გინდა სოფელში, გინდა ქალაქში, გინდა ახალგაზრდებსა თუ ზრდასრულებში. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს. აქ უნდა მოხდეს სრული კონსოლიდაცია, ამ საკითხის ირგვლივ, რათა ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. ამის დიდი შანსი გვაქვს დღეს, რომელიც არ ჰქონია ჩვენს ქვეყანას და ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლება და ნამდვილად არ აპირებს საზოგადოება, რომ ვინმეს მისცეს საშუალება ეს შანსი ხელიდან გააშვებინოს. ვწუხვარ, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა. ვიყავი სოფლებში, ჩემთვის გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს. ამის მიზანი არის ერთი – ევროპული გზა საქართველოში, არანაირი შიდა პოლიტიკური გამოძახილები იქ არ არის. აქ არმისვლა, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, საერთოდ არ მესმის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.