ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განადგურება შეუძლიათ – რას წერს BBC-ის რუსული სამსახური

57
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განადგურება შეუძლიათ“, რომელშიც განხილულია უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება, ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) 28 ნოემბერს დაბეჭდილი ახალი მასალის მიხედვით.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

„რუსეთი მზადაა უკრაინაში არსებული პოლიტიკური განხეთქილებით ისარგებლოს“, – ასეთი სათაური აქვს „ეკონომისტის“ პუბლიკაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტსა და არმიის მთავარსარდალს შორის ჯერ კიდევ შარშან გაჩენილი დაპირისპირება კონტრშეტევის ჩიხში შესვლის ფონზე განსაკუთრებით გაღრმავდა.

„ეკონომისტის“ მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის არსებული ურთიერთობა, მათთან დაახლოებული პირების მიერ შეფასებულია როგორც „საშინელი“.

კამათი კონტრშეტევის შედეგებზე

პირველი ცნობები პრეზიდენტსა და გენერალს შორის გაჩენილი უთანხმოების თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გავრცელდა, ხოლო ვალერი ზალუჟნის ამასწინანდელმა გულახდილმა ინტერვიუმ „ეკონომისტში“, როცა მან ომში შექმნილი ვითარება „პატურ სიტუაციად და „ჩიხში შესულად“ ჩათვალა, მათი კონფლიქტი ყველას დასანახავად, „დღის სინათლეზე“ გამოიტანა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააკეთა კომენტარი ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს შესახებ. პრეზიდენტმა (შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა) გენერალი (არმიის მთავარსარდალი) გააფრთხილა, რომ უმჯობესი იქნებოდა სამხედრო საქმეებისათვის მიეხედა და პოლიტიკაში არ ჩარეულიყო.

როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა სამთავრობო მაღალჩინოსანმა „ეკონომისტის“ ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტსა და გენერალს შორის გაჩენილი ღია კონფლიქტი, კაცმა რომ თქვას, პროგნოზირებადი შედეგია იმ ჩიხში შესული კონტრშეტევის გამო, რომელიც გეგმის მიხედვით არ განვითარდა. მაღალჩინოსნის თქმით, ვალერი ზალუჟნი, ალბათ, არასწორად მოიქცა, როცა ღიად შეეწინააღმდეგა პრეზიდენტის ოპტიმისტურ საჯარო პოზიციას, მაგრამ ისიც სინამდვილეა, რომ მთავრობაში მის დასკვნებს ეთანხმებიან.

ახლა საკითხი იმაშია, თუ ვის დააკისრებენ პასუხისმგებლობას ჩაშლილი კონტრშეტევის გამო. „პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინელი გენერლები საბჭოთა ეპოქაში გაწრთვნილ გონებაჩლუნგ ოფიცრებს წარმოადგენენ. გენერლები კი ამბობენ, რომ პოლიტიკოსები იმ გონებაჩლუნგ არსებებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველგან ცხვირს ჰყოფენ და ეჩრებიან. ნათქვამია – „გამარჯვებას ყოველთვის ბევრი მამა ჰყავს“, ხოლო ჩიხში შესული სიტუაციის გამო პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებს“.

საქმე „სამხრეთის ფრონტის თავდაცვის“ შესახებ

როგორც „ეკონომისტი“ წერს, ვალერი ჟალუზნის ეხება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკრაინის სამხრეთის დაცვის თაობაზეა აღძრული. როგორც ცნობილია, 2022 წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქში სწრაფი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

რუსებს უკრაინელი გადაბირებული სამხედროები ეხმარებოდნენ: როცა რუსეთის არმიამ საომარი მოქმედება დაიწყო, მათ ხიდები არ ააფეთქეს, თავდაცვის გეგმები და ინსტრუქციები დაარღვიეს და საერთოდ, უკრაინის არმია ცუდად იყო მომზადებული.

ზოგიერთი ცნობის თანახმად, ვალერი ზალუჟნი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით ფიგურირებს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ „ეს ყველაფერი უფრო რაღაც სერიოზულში გადაიზარდოს“ (ანუ მოწმიდან ბრალდებულად გადაიქცეს). ეს ნიშნავს, რომ  ბრალდების წაყენების რისკის გამო ვალერი ზალუჟნი კონტროლის ქვეშ იქნება. თავის მხრივ, გენერლის უცხოურ პრესაში გამოსვლა შეიძლება თავის დაზღვევის მცდელობად ჩაითვალოს.

ვინ ვის? რეიტინგების შედარება

ვალერი ზალუჟნის არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ გამოუხატავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ვოლოდიმირ ზელენსკისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს: პრეზიდენტი, რომელიც 2019 წელს კომედიური მსახიობი იყო, მშვენივრად უწყის, თუ როგორ სწრაფად იბადებიან უკრაინულ საზოგადოებაში ლიდერები და შემდეგ იგივე საზოგადოება მოყირჭებულ ლიდერებს თავიდან იშორებს. შიდა გამოკითხვები ცხადჰყოფს, რომ პრეზიდენტმა, რომელსაც შარშან აქებდნენ და ადიდებდნენ ქვეყნის თავდაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო, თავისი რეპუტაცია მთავრობაში მომხდარი კორუფციული სკანდალებით შელახა, ხოლო ის კურსი, რა კურსითაც მიჰყავს ქვეყანა ვოლოდიმირ ზელენსკის, მზარდ შეშფოთებას იწვევს.

ამ დღეებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტისადმი ნდობა 32%-მდე დაეცა, რაც ორჯერ ნაკლებია ვალერი ზალუჟნისადმი ნდობის რეიტინგთან შედარებით (გენერალს მხარს უჭერს გამოკითხულთა 70%).

სხვათა შორის, როგორც გამოკითხვის შედგები აჩვენებენ, პრეზიდენტზე მეტი რეიტინგი აქვს აგრეთვე უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს – 45%.

იგივე გამოკითხვების შედეგების მიხედვით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნისთან წინასაარჩევნო რბოლაში ჩაებმება, ყოფილი კლოუნი არჩევნებს წააგებს. მართალია, დღეს ბოლომდე გარკვეული არ არის, ჩატარდება თუ არა 2024 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნები (ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო), მაგრამ თუ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, შეიძლება მისი შეცვლის აუცილებლობა დადგეს.

ვისთვისაა დაპირისპირება მომგებიანი?

უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი აქტიურად ცდილობს რაიმე სარგებელი ნახოს უკრაინის შიდაპოლიტიკური დაძაბულობიდან. რუსული პროპაგანდა, რომელიც უკრაინის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისადმია მიმართული, მოწოდებულია რუსეთის მხარდაჭერის განსამტკიცებლად, დასავლეთის ნდობის შესამცირებლად და საერთოდ, უკრაინაში უკმაყოფილების გასაძლიერებლად.

„ეკონომისტის“ ჟურნალისტისათვის უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნის ნათქვამის თანახმად, რუსული პროპაგანდა პოპულარული ხდება, კრემლის აგიტატორებმა მუშაობისათვის საკმაო მასალა შეაგროვეს. უკრაინაში ბევრი პრობლემაა კორუფციასთან დაკავშირებით – ხელმძღვანელობა მექრთმაეობას არაეფექტურად ებრძვის, არის პრობლემები უკრაინის ქარხნების სამხედრო რელსებზე გადაყვანასთან დაკავშირებითაც.

„მაგრამ თუ ვოლოდიმირ ზელენსკის დაამხობენ, ამით მხოლოდ რუსეთი მოიგებს, – ამბობს მაღალჩინოსანი, – ზოგიერთებს ჩვენი პოლიტიკოსებიდან მაინცდამაინც არ ადარდებთ რუსული საფრთხე და ეს გარემოება მე ძალიან მაღიზიანებს. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ხელისუფლება ბრძოლაში გამოიწვიონ, ვოლოდიმირ ზელენსკი დაამხონ და გაანადგურონ… და ამას რაიმე შედეგები არ მოჰყვება“.

წყარო

————–