Home Blog Page 1962

ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – თბილისის მერიის განცხადება

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 21, 24 და 27 ივნისს, 14:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების პერიოდში სლავა მეტრეველის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეძლებათ, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე კი მოძრაობა სრულად აიკრძალება.

,,გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს განლაგებული პარკინგით კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ისარგებლებენ. აკაკი წერეთლის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ გიორგი ცაბაძისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, შემდეგ მოუხვევენ მარჯვნივ და დავით აღმაშენებლის გამზირის, მურმან ლებანიძისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ წერეთლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის, თამარ მეფის გამზირისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით; ალტერნატიული გზის გამოყენების შემთხვევაში, დავით ყიფიანის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი ბათუმის ქუჩის ან დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წერეთლის გამზირზე გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს კი ავტომობილები ორმხრივად გადაადგილდებიან.

შეზღუდვის პერიოდში დავით ყიფიანის, გიორგი ცაბაძისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე განთავსებული საზოგადოებრივი ავტოსადგომები დაეთმობა ტურნირის მონაწილეებს, რის გამოც შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეები ავტოსადგომებით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. N306, N308, N320 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც N306 ავტობუსი იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით, ხოლო N308 და N320 ავტობუსები გადაინაცვლებენ აღმაშენებლის გამზირზე, შემდეგ კი გადაადგილდებიან დადგენილი სქემით. N315, N327, N384, N386 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების მიმართულებით და ბოლო გაჩერებამდე მგზავრებს სადგურის მოედნის გავლით მიიყვანენ; N320 ავტობუსი აღმაშენებლის გამზირიდან იმოძრავებს თამარ მეფის გამზირსა და წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით.

მიკროავტობუსები: N431, N536, N538, N541, N551 წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც, იმოძრავებენ დადგენილი სქემით; N458 მიკროავტობუსი დავით ყიფიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ბათუმის ქუჩის მიმართულებით და წერეთლის გამზირიდან სადგურის მოედნისკენ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

სადგურის მოედნიდან მოძრაობისას, N458 და N476 მიკროავტობუსები მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ წერეთლის გამზირზე, ასევე, გვეტაძისა და აგლაძის ქუჩებზე, რის შემდეგაც, მგზავრებს დადგენილი მარშრუტით მოემსახურებიან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს დასავლეთის დაპირებები მობეზრდა და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე“ – ლუკაშენკო

საქართველოს დასავლეთის დაპირებები მობეზრდა და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა დღეს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე:

„საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სხვა რამ და სურთ ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ მათ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია იყოფა და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. და ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. “, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით,  რომ თუ დასავლეთის მხრიდან რაიმე შეთავაზება იქნება, “ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ, ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის გატარებისთვის”.

Edison Research – პარტიების პოლიტიკური რეიტინგი

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება – 37%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%
  • საქართველოსთვის – 6%
  • ლეიბორისტული პარტია – 5%
  • ლელო – 4%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) – 3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 3%
  • დროა – 2%
  • ალტ ინფო – 2%
  • მოქალაქეები – 2%
  • ხალხის ძალა – 2%
  • ევროპული საქართველო – 1%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1%საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

    ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ვარკეთილში მომხდარი ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაცის პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 – დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის საელჩოს განცხადება ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ

აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო.”– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს:

“აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას.

მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას”- ნათქვამია განცხადებაში.

,,რამდენიმე პოლიტპატიმარი გამოგრჩათ ჰერ თომას”- ხაინდრავა თომას ჰაკერს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის თომას ჰაკერის იმ განცხადებას პასუხობს, რომლითაც ჰაკერი მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას პოლიტპატიმარს უწოდებს: ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.. ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია – წერს Twitter-ზე გერმანელი დეპუტატი თ.ჰაკერი.

„რამდენიმე პოლიტპატიმარი გამოგრჩათ ჰერ თომას: რუდოლფ ჰესი, ჰერმან გერინგი, მარტინ ბორმანი, ფონ რიბენტროპი, კალტენბრუნერი, როზენბერგი, კეიტელი” – წერს გოგა ხაინდრავა.

 

რუსეთში დენთის უმსხვილეს ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა – არის მსხვერპლი

რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ კოტოვსკში დენთის უმსხვილეს ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

ხანძრის ზონის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, თუმცა ცნობილია, რომ გარდა დაღუპულებისა, არიან დაშავებულებიც.

რეგიონის გუბერნატორის მტკიცებით, ხანძრის მიზეზი არა ტერორისტული აქტი, არამედ „ადამიანური ფაქტორი“ გახდა.

„ინციდენტის მიუხედავად, ქარხანა აგრძელებს მუშაობას, წარმოება არ შეწყვეტილა“, – აცხადებს გუბერნატორი.

„მოსკოვი თაიმსის“ ინფორმაციით, ქარხანა აწარმოებს 200-ზე მეტ სახეობის პროდუქტს, მათ შორის პიროქსილინის ფხვნილებს მცირე იარაღისთვის, ხელყუმბარებისა და ყუმბარმტყორცნებისთვის.

„მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს, მგუდავდა“ – თბილისში ოჯახს თავს დაესხნენ

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მოქალაქე ქრისტი მიქელაძე წერს, რომ 18 ივლისს მის ოჯახს თავს დაესხნენ და მამას აბესალომ მიქელაძეს თავდამსხმელი სასტიკად გაუსწორდა.

ქრისტი მიქელაძის თქმით, თავდამსხმელი მის მოკვლასაც ცდილობდა.

„მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს, შუაღამისას, როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული, სახლში შემოვიდა მეზობელი, 25 წლის რომან გიკაშვილი. მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანმა რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. 3 ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი, მოუშვა გაზი და გაიქცა.

რა თქმა უნდა, დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს, ვინც გადაგვარჩინა და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ეს დღეები გვერდით დამიდგა. ვინც დიდი ხანია მიცნობს, იცის, 17 წლის ვიყავი, დედას კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მაშინ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ჩემი თავი დედას მივუძღვენი. თითქმის 2 წელი ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმედ მყოფ დედას ვუვლიდი, ყოველდღე ვხვდებოდი, რომ ხელიდან მეცლებოდა და ვერაფერს ვშველოდი. დედას გარდაცვალებიდან 8 წელზე მეტი გავიდა და დღემდე ის ტრავმა არ გამნელებია.

ეს წლებია მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვარ ჩემთვის წყნარად და ცუდად არავის არასდროს შევხებივარ. ამ 8 წლის შემდეგ კი ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმა, როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემ თვალწინ მოკლეს. მე ვინც ყველას ყოველთვის ყველაფერს ვპატიობდი და არასდროს არავინ შემძულებია, ამის გამკეთებელს არასდროს ვაპატიებ, მინდა ციხიდან ცოცხალი ვერასდროს გამოვიდეს. ეს არის ჩემი ცხოვრების პირველი ადამიანი, ვინც მძულს, ვინც ერთადერთ მამას მიკლავდა. გისურვებ მთელი გულით, რომ რაც ჩვენ მოგვაყენე, იმაზე მეტად წამებით მოკვდე ძალიან მალე. შენნაირები არ უნდა არსებობდნენ. შეგნებულად არ ვდებ მამას ფოტოს, რადგან ის ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. საბედნიეროდ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქვე, მიზეზი უცნობია, რის გამო კლავდა მამას და მე როგორც მოწმეს“, – წერს სოციალურ ქსელში ქრისტი მიქელაძე.

როგორც შსს -ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02GBBimTVZQaWnMtoPi3mfYUBhMfNnRkvmwVXvFWvkV4dbPS8cLZV4W8xK4SgozFc5l&id=100009220920909

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა.
ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა – კანონმდებლობას 101 დეპუტატიდან 55-მა დაუჭირა მხარი. მომხრეთა შორის, ძირითადად, მმართველ კოალიციაში შემავალი ლიბერალურ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატები არიან.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი მარია კალასი “როიტერსთან” ამბობს, რომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, ქვეყანა და საზოგადოება ბევრად განვითარდა.

“ჩვენ თანაბარნი ვართ ერთიანი ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის,” – თქვა კალასმა.

ახალი კანონი ძალაში 2024 წლიდან შევა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6164 ლარი ეღირება, ევრო – 2.8602 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3393 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ღირდა, ევრო – 2.8446 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3376 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ივნისს ამოქმედდება.

ნაფიცმა მსაჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ანგარებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

სასამართლო პროცესზე დადგინდა შემდეგი: ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, მისი მეგობარი ქალი ბინაში რამდენიმე ათას ლარს ინახავდა. თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებული დაუკავშირდა დაზარალებულს და მის საცხოვრებელ სახლში შეხვედრაზე შეუთანხმდა, სადაც მსხვერპლი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ ქალის მოკვლას და მისი ნივთების დაუფლებას ადასტურებდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით (ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

“ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება”

პრეზიდენტის ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებული იყოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა კონსულტაციები.

„ეროვნული ბანკი და მთავრობა გაყოფილია, რომელთა ერთობლივი მუშაობა დაკავშირებულია ქვეყნის ფინანსური მაჩვენებლის განსაზღვრასთან. პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია და ის თანამონაწილე უნდა იყოს ინსტიტუტის ფორმირების პროცესში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები პარლამენტმა უნდა აირჩიოს და, ბუნებრივია, ეკონომიკურ მდგომარეობაზე შემდეგი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არა პრეზიდენტს, რადგან ეს არ არის არც მისი კონსტიტუციური და არც პირდაპირი მოვალეობა. როგორც წესი, ეროვნულ ბანკს არანაირი რეალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ყველა პასუხისმგებლობა მთავრობას და ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ ამიტომ არის კონსულტაციები საჭირო, რომ გადაწყვეტილება საუკეთესო ინტერესებზე იყოს მოწყობილი ფინანსური მდგრადობისთვის. პრეზიდენტის არათანამშრომლობითი ნაბიჯები ქვეყნისთვის საუკეთესო მიზნების განხორციელებას არ ემსახურება. ამიტომ კანდიდატების ავკარგიანობის განხილვაში არ შევალ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.