Home Blog Page 1962

“მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურის სფეროს კადრების დევნა”

მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სფეროში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანმა 2021-2022 წლებში რეპრესიული საკადრო პოლიტიკა გაატარა.

მათივე ცნობით, მოვლენათა ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა თანამდებობებზე, ძირითადად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები დაინიშნენ.

„თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 19 მარტს დაინიშნა. მას შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო. მხოლოდ 2021-2022 წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 70-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. მათმა ნაწილმა სასამართლო დავის ფარგლებში გათავისუფლების უკანონობა უკვე დაამტკიცა. დანიშვნის დღეს მიცემული ინტერვიუს შინაარსიდან ნათელი იყო, რომ მინისტრი კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას გეგმავდა. მინისტრის განცხადებით, ის კულტურის სფეროს წარმომადგენელთა განსხვავებული აზრის წარმომავლობით დაინტერესდებოდა.

თეა წულუკიანი 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2020 წლამდე იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამ ხნის განმავლობაში მისი საქმიანობა, მათ შორის ცნობილი იყო რეპრესიული საკადრო პოლიტიკით. მხოლოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან თეა წულუკიანის მმართველობის დროს გათავისუფლებულ 18 თანამშრომლის ინტერესებს იცავდა სასამართლოში, რის შედეგადაც, უკანონო გათავისუფლებულების სასარგებლოდ სახელმწიფოს 332 172 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

რეპრესიები თეატრებში – მინისტრმა წულუკიანმა რეპრესიები თეატრებიდან დაიწყო. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 29 თეატრიდან 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2021 წლის დეკემბერში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის 4 წლიანი ვადა გაუვიდა. წულუკიანის გადაწყვეტილებით თეატრის ხელმძღვანელთა ნაწილი უკონკურსოდ დაინიშნა, მათ შორის, რობერტ სტურუა, რომელიც ხშირად ხელისუფლების მხარდამჭერ და პრორუსულ პოზიციებს აფიქსირებს, ნაწილი კი კონკურსის გზით დაინიშნა.

ლაშა ჩხვიმიანი 2017 წლიდან ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრს ხელმძღვანელობდა და 4-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გამოცხადებულ კონკურსში ერთადერთი მონაწილე იყო, თუმცა კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, ხოლო თეატრის ხელმძღვანელად უკონკურსოდ გიორგი სიხარულიძე დაინიშნა. ჩხვიმიანი მისი არ დანიშვნის ერთ-ერთ მიზეზად დმანისის თეატრში დადგმულ სპექტაკლს – იბსენის “ხალხის მტერს” ასახლებდა, რომელიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ კრიტიკული იყო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მიეცა, ასევე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დათო ჩხარტიშვილსაც.

მოვლენათა ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა თანამდებობებზე, ძირითადად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები დაინიშნენ.

რეპრესიები მუზეუმებში – მუზეუმებში რეპრესიები ხელმძღვანელი პირის ცვლილებითა და რეორგანიზაციით დაიწყო, რასაც საფუძვლად შიდა აუდიტის დასკვნა და მასალების საგამოძიებო უწყებაში გაგზავნა დაედო. ცვლილებების მიხედვით, თითქოსდა მეტი ავტონომიის უზრუნველყოფის მოტივით, 5 მუზეუმი და 1 გალერეა გაერთიანდა. მათ სამართავად თეა წულუკიანმა დირექტორატის ახალი სისტემა შექმნა, სადაც უმრავლესობა მის მიერ დანიშნულ დირექტორებს ჰქონდათ. შესაბამისად, სამუზეუმო სისტემა მთლიანად მინისტრის გავლენებს დაექვემდებარა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერის იულონ გაგოშიძის ინტერესებს იცავს სასამართლოში. უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებამდე წულუკიანი იულონ გაგოშიძეს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა, მათ შორის უწოდებდა, „საბჭოთა მეცნიერს“ და „ბომბონერს“.

რეპრესიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში – 2022 წლის მანძილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან სულ მცირე 20 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის, რესტავრატორები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და სხვა სპეციალისტები. ამ შემთხვევაშიც სამინისტრომ საფუძვლად რეორგანიზაცია გამოიყენა.

რეპრესიები საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში – 2022 წლის 14 მარტს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც კინოცენტრის დაფინანსების შემცირება, სტრუქტურული რეორგანიზაცია და თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვა. გათავისუფლება დროში დაემთხვა გაგა ჩხეიძის მიერ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გამოქვეყნებას კინოცენტრის გვერდზე და ასევე მოწოდებას, რომ სახელმწიფოს შეეჩერებინა რუსეთთან ხელშეკრულება, რომლითაც ხდება ფილმების შესყიდვა და შემდეგ რესტავრაცია-აღდგენა.

თეა წულუკიანის რეპრესიული საკადრო პოლიტიკის შედეგად, გაგა ჩხეიძის ნაცვლად ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და ფინანსურ მენეჯერად კობა ხუბუნაია დაინიშნა. იგი იუსტიციის სამინისტროში, წულუკიანის მინისტრობის დროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ხუბუნაიამ ეროვნულ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ „პოს ტვ”-ის ტელეწამყვანი, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია დანიშნა.

ზემოაღნიშნული მოვლენები თეა წულუკიანის რეპრესიულ საკადრო პოლიტიკაზე მიანიშნებს. მოვუწოდებთ მინისტრს შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“რუსეთი საქართველოს განიხილავს როგორც უკანა ეზოს, ჩვენს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ” – ვასო ურუშაძე

რუსეთის ფედერაცია საქართველოს განიხილავს როგორც რუსეთის უკანა ეზოს, თავად გეგმავენ ჩვენს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გააფართოვეს ლარსის საბაჟო ტერმინალი, რომ უფრო მარტივად მოახერხონ სანქციების გვერდის ავლა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს გამოყენებით, რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებს, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს.

„მას შემდეგ, რაც ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთის ტერორისტული რეჟიმის ხელმძღვანელმა პუტინმა ე.წ პარალელური იმპორტი დაუშვა, ამ საფრთხეზე ვსაუბრობთ, რომ რუსეთი საქართველოს დახმარებით, თავის ტერიტორიაზე სანქცირებული პროდუქციის შეტანას ახერხებს და ეს უკვე დადასტურდა საერთაშორისო კვლევებით, დასტურდება რუსი პროპაგანდისტი სპიკერების განცხადებებითაც. ისინი განგვიხილავენ როგორც რუსეთის უკანა ეზოს, როგორც რუსეთის გუბერნიას, თავად გეგმავენ ჩვენს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გააფართოვეს ლარსის საბაჟო ტერმინალი, რომ უფრო მარტივად მოახერხონ სანქციების გვერდის ავლა. ეს ადასტურებს, რომ საქართველოს გამოყენებით რუსეთი ახერხებს სანქციებისთვის გვერდის ავლას. მონაწილეობს სომხეთი ყაზახეთი ბელორუსი და ყირგიზეთი, მაგრამ მთავარი არის საქართველო. რომ არა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა, ვერ მოხდებოდა ეს. მათ აქვთ გარანტიები ივანიშვილისგან, რომ არ შეეშლებათ ხელი ამ სქემაში. სქემა კი შემდეგია – რომ შემოდის პროდუქტები საქართველოში, საქართველოდან კი გადის ევრაზიული კავშირის ქვეყნებში და შემდეგ რუსეთში. ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება უწყობს ხელს პრევენციული ღონისძიებების გატარების მაგივრად, ნაცვლად იმისა, რომ დასავლეთის პარტნიორი იყოს და არ მისცეს რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

“ლიბერალური ფაშიზმი” სამთავიანი ურჩხული- ბიო-ეკო-ტექნო “მესიანიზმია” – დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

“ლიბერალური ფაშიზმი” სამთავიანი ურჩხული- ბიო-ეკო-ტექნო “მესიანიზმია” და არა “რასობრივი მესიანიზმი” – ნაციზმი, ანდა კლასობრივი, როგორც ეს მარქსისზ-ლენინიზმ-ტროცკიზმ-მაოიზმშია;

ლიბერალიზმი, კომუნიზმი და ფაშიზმი, როგორც თავის დროზე მსოფლიო რელიგიები იყო, წარმოადგენენ განმანათლებლობიდან ამოზრდილ მსოფლიო “მესიანისტურ იდეოლოგიებს”. მათი ცრუ-მესიანიზმი – კაცობრიობის გამოხსნაა, რამაც ისტორია უნდა დაასრულოს; ახლა, ამ სამი იდეოლოგიის პოსტ-მოდერნული სინთეზი მოხდა, რამაც დაბადა ბიო-ეკო-ტექნო, ანუ ბეტ- ფაშიზმი; რაც კლასიკური ლიბერალიზმის, ტროცკიზმ-მაოიზმის (ოღონდ კლასების “მესიანიზმის” გარეშე) და კლასიკური ნაციზმის (ოღონდ ნაციებისა და რასების “მესიანიზმის” გარეშე) ფანტასტიკურ ნაზავს წარმოადგენს.

ნამდვილი მიზანი არის იგივე: ზე-პრივილეგირებული ელიტის მსოფლიო ბატონობა: კომუნიზმისას – ეს ელიტა პროლეტარიატის ავანგარდი გახლდათ, მათი კომპარტიისა და ბელადების სახით, ნაციზმისას – “ფიურერი” და მის გარშემო დარაზმული რჩეული ერის, “სუფთა რასის” ელიტა; ბეტ-ფაშიზმისას – ეს უკვე ის სუპერ-ელიტაა, რომელიც ტექნოლოგიურად, ბიოლოგიურად და ეკოლოგიურადაც, უკვე ახალი სახეობაა – არა ადამიანია, არა ჰომო საპიენსია, არამედ ტრანს-ადამიანი, რასაც მაგ. ჰარარი “ჰომო დეუსს” ანუ ადამიან-ღმერთს უწოდებს.

ძალიან საინტერესოა, რომ დავოსის ბოლო ფორუმის დროს გაიხსნა ახალი პანელი, სადაც წარიმართა დისკუსია ადამიანის რაობისა და მისი ახალი დეფინიციის შესახებ. განისჯებოდა ეს საკითხი: რომელია ადამიანი – ჰომო საპიენსი, რაც აქამდე ვიცოდით, თუ ეს, რასაც “ჰომო დეუსს” უწოდებენ და რაც უკვე ანთროპოლოგიურად განხეთქილებაშია “გონიერ ადამიანთან”.

აი, სწორედ ეს არის წმინდა ფაშიზმი თავისი იდეალური ფორმით: ანთროპოლოგიური და არა უკვე მხოლოდ კლასობრივი ანდა რასობრივი განხეთქილება.

ბეტ-ფაშიზმის დროს უნდა იბატონოს ახალმა ბიოლოგიურმა სახეობამ – ტრანს-ადამიანმა, რომელსაც ექნება “ღმერთის” ტიტული და ყოვლისშემძლეობის სტატუსი: მას ექნება შეუზღუდავი და სრული თავისუფლება, ანუ – აბსოლუტური ძალაუფლება; ხოლო ჩვენ, “ჰომო საპიენსებს” სასტიკი ხვედრი მოგვისაჯეს: საკონცენტრაციო ბანაკი და ამჯერად არა გაზის კამერები, არამედ სოციალური ქსელები, სადაც ბიო-მასას არა ფიზიკურად, არამედ უკვე მენტალურად გადაამუშავებენ.

აი, ამ იდეების გავრცელებას უწყობს ხელს ფრანკლინის კლუბი. ის ზრდის ისეთივე ახალგაზრდა კაპოებს, უფრო სწორედ – ნიუ-დოქსოპულოებს, როგორიც სჭირდებოდა გესტაპოს შეფსა ანდა ენკავედეს ნაჩალნიკს. მათ დედა არ უნდა ჰყავდეთ, რადგან ადამიანები ადამიანობისგან უნდა გაათავისუფლონ. არც სააკაშვილს არ ჰყავს დედა.

“ავიაკომპანია Red Wings-ის რეისები საქართველოსკენ „გაიჭედა“ – რას წერს „იზვესტია“

რუსეთის ფედერალურ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მეორე ვერ გაეშვა: ავიაკომპანია — Red Wings-ის რეისები საქართველოსკენ „გაიჭედა“ (ავტორი – ანასტასია ლვოვა), რომელშიც განხილულია საკითხი, თუ რატომ ვერ დაიწყო საქართველოში ფრენები რუსეთის მეორე ავიაკომპანიამ Red Wing-მა („აზიმუტის“ შემდეგ), რა ხელისშემშლელი მიზეზები არსებობს ამ საკითხში.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, Red Wing-მა საქართველოში ფრენების ნებართვა ჯერ კიდევ მაისში მიიღო, მაგრამ პრაქტიკულად ავიამიმოსვლა ჯერაც განუხორციელებელი რჩება. ფრენების დაწყება გაურკვეველი ვადით არის გადადებული, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ არ აქვს ნებართვა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსაგან. Red Wing-ის გეგმებში შედიოდა ფრენები როგორც მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან ქუთაისში, ასევე ჟუკოვს-თბილისის და სოჭი-თბილისის ავიარეისების გაშვებაც.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საკითხის გადაწყვეტა შესაძლოა უკავშირდება რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის პარიტეტის დაცვის აუცილებლობას.

როგორ განისაზღვრება პარიტეტი ფრენებში?

დღეს მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან თბილისში ყოველდღიურად დაფრინავენ ორი ავიაკომპანიის – რუსული „აზიმუტისა“ და ქართული Georgian Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავები. როგორც რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი გორინი ამბობს, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ არ არსებობს სამთავრობოთაშორისო შეთანხმება ფრენების პარიტეტული რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, ფრენების გაზრდის ერთადერთი ვარიანტია ცალკეული ნებართვების გაცემა ცალკეული ჩარტერული ავიარეისების განხორციელებისათვის.

თუმცა, როგორც „იზვესტიასთან“ საუბარში Red Wing-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, პარიტეტი უნდა განისაზღვროს არა რეისების რაოდენობით, არამედ გადაყვანილი მგზავრების რიცხვით. ქართული მხარისაგან რუსეთში თითქმის 200-ადგილიანი „ბოინგები“ დაფრინავენ, რუსეთიდან საქართველოში კი – 100-ადგილიანი „სუხოი-სუპერჯეტები“. გარდა ამისა, საქართველომ მთლიანად შეათანხმა რუსულ მხარესთან სასურველი ჩარტერული რეისების რაოდენობა.

მაგრამ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არტურ მურადიანი ხაზს უსვამს, რომ პარიტეტი უფრო მეტად განისაზღვრება ნებადართული ავიარეისების შესრულებით ყოველი მხარის მიერ. ეს იმიტომ ხდება, რომ ავიაკომპანიებს პერსპექტივაში შესაძლებლობა ჰქონდეთ საჰაერო ხომალდის ტიპი (ტევადობის მხრივ) საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვალონ.

რუსული საავიაციო სააგენტოს „ავიაპორტის“ აღმასრულებელი დირექტორის ოლეგ პანტელეევის თქმით, პარიტეტი შეიძლება განისაზღვროს სავარძლების რაოდენობით, დანიშნულების პუნქტებით და ერთი მიმართულებით ავიარეისების სიხშირის მიხედვით.

რუსეთის ტურსააგენტოების ალიანსის ვიცე-პრეზიდენტის ალექსან მკრტიჩიანის აზრით, ზაფხულში საქართველოში, რუსი ტურისტების გარდა, უამრავი სხვა უცხოელი ჩადის და აქედან გამომდინარე, რუსი ტურისტებისათვის უკეთესი იქნება მოგზაურობა სექტემბერ-ოქტომბერში. სწორედ ეს პერიოდი იქნება ყველაზე ოპტიმალური Red Wing-ის ავიარეისების გაშვებისათვის. რაც შეეხება ავიაფრენების პარიტეტს, ალექსან მკრტიჩიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართულებით პარიტეტზე ლაპარაკი უაზრობა იქნებოდა: რუსეთში სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავების ავიაპარკი, საქართველოსთან შედარებით, 80-ჯერ დიდია, ხოლო მგზავრებშიც ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ. ამიტომ პარიტეტი ასეთი კრიტერიუმებით არანაირად არ იქნება დაცული.

ავიაბილეთების ფასი

ამჟამად რუსული „აზიმუტის“ ბილეთების ფასები თბილისის რეისებზე ივნისის ბოლომდე, ტარიფის მიხედვით, 30-დან 80 ათას რუბლამდე მერყეობს (მხოლოდ ერთი მიმართულებით), თუ დღეს ივლისისთვის შეიძენთ, 38-42 ათასი, აგვისტოსათვის კი მხოლოდ 30-34 ათას რუბლს გადაიხდით.
ქართული „ჯორჯიან ეარვეისის“ ბილეთის ფასები: ივნისში – 337-459 დოლარი (28-39 ათასი რუბლი), ივლისში – 419-536 დოლარი (35-45 ათასი რუბლი), აგვისტოში – 337-459 დოლარი (28-39 ათასი რუბლი).

როგორც არტურ მურადიანი ამბობს, საქართველოს მიმართულებით ბილეთის ფასები შედარებით ძვირი იმიტომაა, რომ არსებობს რეისების მწვავე დეფიციტი. ფასები არ დაიკლებს Red Wings-ის რეისების სავარაუდო გაშვების შემდეგაც, რადგან კვირაში დაახლოებით 100 რეისამდე მაინც უნდა სრულდებოდეს.
თავის მხრივ, ალექსან მკრტიჩიანი თვლის, რომ ავიბილეთების ფასი შეიძლება შემცირდეს, თუ კვირაში რეისების რაოდენობა 50-ს მაინც მიაღწევს. ამჟამად მხოლოდ 14 რეისი სრულდება.
„რასაკვირველია, შეთავაზების ზრდა გარდაუვლად იწვევს ფასების დაკლებას“, – ამბობს ოლეგ პანტელეევი, მაგრამ ქუთაისს (თუ იქ ფრენები დაიწყება) სულ სხვა დანიშნულება ექნება, ვიდრე თბილისს. არ არის გამორიცხული, რომ მგზავრთა რაოდენობა ქუთაისი მიმართულებით რეისებზე უფრო მეტი იყოს – იმიტომ, რომ უნგრული საბიუჯეტო ავიაკომპანია „ვიზ ეარ“-ის (Wizz Air) თვითმფრინავები ევროპის მიმართულებით სწორედ ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავენ. ასე რომ, ქუთაისს, სატრანზიტო ჰაბის თვალსაზრისით, შეუძლია სტამბოლსაც და დუბაისაც კი კონკურენცია გაუწიოს: რუსებისათვის უფრო იოლი და მომგებიანია ახლო მანძილზე ქუთაისში ფრენა, ვიდრე სტამბოლში, ხოლო საბიუჯეტო Wizz Air-ით მგზავრობა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე Turkish Airlines-ის თვითმფრინავებით.

წყარო

“ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 20 პროცენტზე ქვემოთ არის ჩამოსული”- ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე იყო 30 პროცენტი და ახლა 20 პროცენტზე ქვემოთაა ჩამოსული. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს სერიოზული პრობლემები და ამას უკავშირდება გაერთიანებასთან დაკავშირებით მოწოდებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც ხაბეიშვილი წერს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევა არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება. ამავდროულად, ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა გარკვეული ერთობები შექმნან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და უფრო გაძლიერდნენ.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ რეიტინგის კუთხით მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ ხაბეიშვილი მათი ფორმალური თავმჯდომარეა.

„მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელი არის კეზერაშვილი, ეს უცხოელი აგენტი, რომელიც რატომღაც სარგებლობს ევროპის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით. მათი ლიდერია ასევე ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც იმავე მელიამაც აღიარა და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა. იგივე, სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა, ეს დისკრედიტირებული სახეები – სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელი სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“, მანამდე არანაირი პერსპექტივა ამ პარტიას არ აქვს. არც ჩამოშორების პერსპექტივა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ არის განწირული მორიგი ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ანექსირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელ ხიდზე უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა”

რუსეთის მტკიცებით, უკრაინის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს ხერსონის ოლქთან აკავშირებს. ოკუპირებული ხერსონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიევმა ბრიტანული წარმოების რაკეტა გამოიყენა.

ხიდი რუსი სამხედროებისთვის ფრონტის ხაზამდე უმოკლესი გზა იყო. მისი აფეთქების შემდეგ რუსულ პოზიციებს სამხედრო მომარაგების ერთ-ერთი მარშრუტი აღარ აქვთ.

ერთი დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით ყირიმზე თავდასხმას მოსკოვი ამ ორი ქვეყნის ომში პირდაპირ ჩართვად შეაფასებდა.

“დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას აპირებენ”- ზელენსკი

„დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული აქტის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ რადიაციამ არ იცის ეროვნული საზღვრები და ვის დაარტყამს, ამას მხოლოდ ქარის მიმართულება განსაზღვრავს.

ჩვენ ყველა არსებულ ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს – ყველას მთელს მსოფლიოში. ყველა მტკიცებულებას. ევროპამ, ამერიკამ, ჩინეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა, არაბულმა სამყარომ, აფრიკამ – ყველა ქვეყანამ, აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ყველამ. არასოდეს არ უნდა მოხდეს ტერორისტული თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არის ძალიან მძიმე”- ირაკლი ნადირაძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არის ძალიან მძიმე. მან უბრალოდ გადადო თავისი სიცოცხლე საქართველოსთვის და პოლიტიკაში დაბრუნება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების შესახებ უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

„თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იყო როგორც თვითონ ამბობენ, მაშინ რატომ არ შემოუშვეს ევროკავშირის სპეციალური სამედიცინო მისია, პოლონელი ექსპერტები და ექიმებით დაკომპლექტებული? მიზეზი იყო ერთადერთი რამ, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არის ძალიან მძიმე. ის, რომ ადამიანმა თქვა ჩავერთვები პოლიტიკაში არ ნიშნავს იმას, რომ ის არის კარგად, უბრალოდ მან გადადო თავისი სიცოცხლე.

მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი, რეალურად სოლიდარული მის მიმართ ბევრად მეტია იმიტომ, რომ ეს ადამიანები ხედავდნენ წლების განმავლობაში რა კეთდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს, რომ ჭაობიდან ამოიყვანა ქვეყანა და ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა. დანარჩენი რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ ამას გავიგებთ ძალიან მალე, მათ შორის მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში იტყვის თავისი გეგმების შესახებ”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

“თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს, რომ მნახონ?”

“საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს: შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili
თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს, რომ მნახონ?”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!” , – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, მანამდე კი სააკაშვილმა თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და გადაადგილება უჭირს.

მისივე თქმით, მან სხეულის წონის 50%-ზე მეტი დაკარგა.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/pfbid0F9ZPXjE5U8iL8daSSV8Jh4QSyjurhNjCrZB3Jn7YagPTka95wryCPxFs9tUmv5Wkl

“მაყურებლისთვის შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის გამიჯვნა” – კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტში კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, სარეკლამო წესების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, გასული წლის მონაცემებით, სამაუწყებლო სფეროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის, კერძოდ კი, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა, ასევე, არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება წარმოადგენს.

„2022 წლის მონაცემებით, სპონსორობისა და პროდუქტის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო, კომისიამ „TV პირველი“, „ტელეიმედი“, „აგრომედია“ და „სეზონი TV“ წერილობით გააფრთხილა. ხოლო, პოლიტიკური რეკლამის არასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ გაფრთხილება მიიღეს, „მთავარ არხს“ კი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა ჩადენილი“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

საუბრისას კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა ლახავს მაყურებლის უფლებებს, ვინაიდან წამყვანების მიერ პროდუქტის მახასიათებლებსა და უპირატესობებზე გადაჭარბებული ხაზგასმისას, შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის ერთმანეთისაგან გამიჯვნა.

ბექაურის თქმით, სარეკლამო წესების დარღვევა სარეკლამო საქმისთვისაც დამაზიანებელია, რადგან დამკვეთები პროდუქტის განთავსებაში თანხის გადახდას ანიჭებენ უპირატესობას და შედეგად, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლებიც მცირდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ სარეკლამო წესების დარღვევა 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდა, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო კვლევა, რომლის მიზანია, შევისწავლოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა მაყურებლის უფლებები იყოს დაცული და არ ხდებოდეს მაუწყებლების მიერ მათი შეცდომაში შეყვანა“, – აღნიშნა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

“სააკაშვილმა ტყუილებში ყველას გაუსწრო”- ალუდა ღუდუშაური

ვისურვებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჰყვეს ბოლომდე იმ გზას, რასაც ხაბეიშვილი სთავაზობს. რეალურად, ეს არ არის ხაბეიშვილის გზა, ეს არის მერაბიშვილის, კეზერაშვილის და იმ უბედურების მომტანი ხალხის გზა, რომლებმაც საქართველოს და ქართველ ხალხს რაც დაატეხეს თავს, კარგად ვიცით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილი ახმოვანებს იმას, რასაც ეუბნებიან.

„გააგრძელონ ასე და დავინახავთ 2024-ში როგორ პირწმინდად დამარცხდებიან. რაც შეეხება სააკაშვილს, რაღა დროს მიშა სააკაშვილია, არ ვიცი, რა როლი უნდა ჰქონდეს. არ ვიცი, როგორ იქნება, სააკაშვილი მობრუნდება და დაუბრუნდება საქართველოს პოლიტიკას თურმე და ამ ყველაფერს შემდეგ უკვე პირად კონტროლზე აიყვანს ხაბეიშვილი, შემდეგ მარცხნიდან მათ მიერ პატივაყრილი მელია დააზღვევს ამ პროცესებს, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. რა როლი უნდა ჰქონდეს, როდესაც თუ ვინმე მსოფლიო ისტორიაში ახსოვთ, როგორც ცნობილი მატყუარა, ყველას გაუსწრო.

დღეს მსოფლიო ისტორიაში პირველ ადგილს იკავებს, რომელიც 600 დღე კვდებოდა, 600 დღე პოლიტიკიდან მიდიოდა, შემდეგ უკვე ქართული დაავიწყდა. ვხედავდით მთელ ამ კასკადს და საინტერესოა, ახლა როგორ შეაფასებენ ის ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ პრაქტიკულად საათებია დარჩენილი ფატალურ შედეგამდე“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

„უკრაინას შეიძლება კომპრომისზე წასვლა აიძულონ“ – რას წერს უცხოური პრესა

ამერიკული საქმიანი წრეების გავლენიან გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Jounal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინას შეიძლება კომპრომისზე წასვლა აიძულონ“ (ავტორი – უილიამ გალსტონი, პროფესორი, ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლა, როცა აშშ-ში უკრაინელთა სამხედრო ძალისხმევისადმი მხარდაჭერა სუსტდება, მიმდინარე კონტრშეტევამ, შესაძლოა, ახალი საზღვრები გამოკვეთოს.

ყოველ ომს აუცილებლად აქვს პოლიტიკური არსი, პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი. რუსეთ-უკრაინის ომის ამის დადასტურებას წარმოადგენს. საერთაშორისო პროუკრაინული კოალიციის ლიდერმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც უკრაინას დახმარებას უწევს, მთელი ძალისხმევა იმისკენ უნდა მიმართოს, რომ ჩვენი შინაგანი სოლიდარული განწყობა და უდიდესი ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისადმი მაღალი დარჩეს და ამ საკითხში ერთიანობა შენარჩუნებული იყოს.

არსებული მონაცემები მოწმობენ, რომ ჯო ბაიდენი მეორე ამოცანას უფრო იოლად ასრულებს, ვიდრე პირველს. დიახ, მოკავშირეებს შორის ზოგჯერ უთანხმოება ჩნდებოდა იმ იარაღის სახეობის საკითხში, რომელიც უკრაინას უნდა მიეწოდებინა, იყო აზრთა სხვადასხვაობა მიწოდების ტემპების შესახებაც, მაგრამ ჯო ბაიდენი ყოველთვის მიანიშნებდა, რომ მას სურს ყველაფერი გააკეთოს კიევისათვის, მაგრამ ისე, რომ უფრო მასშტაბური ომის პროვოცირება არ მოხდეს. იმდენად, რამდენადაც მაქსიმალურად დასაშვები ძალისხმევასა და სახიფათო გადახრებს შორის რაიმე ზღვარი არ არსებობს, ჯო ბაიდენი ზოგჯერ დაყოვნებით მოქმედებდა, რიტაც აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების უკმაყოფილებას იწვევდა. მაგრამ მან მაინც მოახერხა შორს წასულიყო და იმდენი გააკეთა, რომ უკმაყოფილოები დაემშვიდებინა და იმავდროულად უკრაინას დახმარებოდა შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გასაუმჯობესებლად.

ახლა, როცა კიევმა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, კონტრშეტევა დაიწყო, დასავლური კოალიციის წევრთა დისკუსიის ცენტრში აღმოჩნდა კითხვა – რა იქნება შემდეგ?

მოკავშირეებმა უკრაინას აღუთქვეს, რომ „დახმარება იმდენი იქნება, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს“. მაგრამ პასუხი მთავარ კითხვაზე გაურკვეველია: „მაინც რამდენია იმდენი?“ და რის გასაკეთებლად? პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის პასუხი ნათელია: „იმდენი“ ნიშნავს იმას, რამდენიც რუსეთის ჯარების გაძევებას დაჭირდება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიღმა. მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ალიანსისათვის პასუხი ცოტა სხვაგვარად ჟღერს: მოკავშირეები მზად არიან კიევს „იმდენად“ დაეხმარონ, „რამდენიც“ საჭირო იქნება რაც შეიძლება მეტი ტერიტორიების დასაბრუნებლად. შესაბამისად, კონტრშეტევის დასასრულის განმსაზღვრელი იქნება გათავისუფლებული ტერიტორიის პერიმეტრი.

უბრალოდ რომ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ 2023 წელი რუსეთ-უკრაინის ომში გადამწყვეტი გახდება და უკვე წლის ბოლოს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების იდეა იმდენად გაძლიერდება, რომ მის რეალიზებას უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე, რომელიც ამ კურსის გონივრულობაში ეჭვობენ და ხელს ვეღარ შეუშლიან. ჩემთვის ძნელია იმის დაჯერება, რომ მოკავშირეთა კოალიციას განზრახული აქვს უკრაინისადმი დღევანდელი დახმარების მოცულობის იმდენ ხანს შენარჩუნება, რამდენიც, ვთქვათ, I მსოფლიო ომი გრძელდებოდა.

ეს მკაცრი რეალობა მწარე აბი გახდება უკრაინელთა უმრავლესობისათვის, რომელთაც, სრულიად გასაგები მიზეზების გამო სურთ დაიბრუნონ თავიანთი ტერიტორიის ყოველი კვადრატული კილომეტრი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისინი დაარწმუნა არა მხოლოდ იმაში, რომ მიზანი სწორია, არამედ იმაშიც, რომ ის მიღწევადია. შესაბამისად, ის უკვე ვეღარ შეძლებს ხალხს უფრო ნაკლებზე თანხმობა მოსთხოვოს, თუ მისი ქვეყანა საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მიიღებს ნატოსაკენ მიმავალ გზაზე.

კარგი ამბავი იმაში გამოიხატება, რომ ნატო უკვე უახლოვდება უსაფრთხოების გარანტიების ასეთ პაკეტს, რომელიც, როგორც ჩანს, ივლისში ვილნიუსის სამიტზე მიიღებენ. ჯო ბაიდენი იხრება იმისკენ, რომ იენს სტოლტენბერგის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდეს – უკრაინის ნატოში მიღებას ომის დასრულების შემდეგ, ყოველგვარი ხანგრძლივი და რთული პროცედურების (ვთქვათ, „მაპ“-ის) გარეშე, რომლის გავლა პრეტენდენტებისათვის აუცილებელია. უკვე არის ნიშნები იმისა, რომ საფრანგეთი, გერმანია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასეთ სცენარს ეთანხმებიან. ამ მიდგომის ჩარჩოებში უნდა გაჩნდეს უსაფრთხოების ისეთი გარანტიების შემუშავების შესაძლებლობა, რომლებიც კიევს ნატოში გაწევრიანებამდე პერიოდში დაჭირდება.

მაგრამ რატომ უნდა დაეთანხმოს უკრაინა ისეთ პირობებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას ნიშნავს? ამ კითხვაზე პასუხი აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში იმალება.

თავდაპირველად უკრაინისადმი მხარდაჭერა აშშ-ში ძლიერი და ორპარტიული იყო, მაგრამ უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა და ყველაფერი შეიცვალა. იმ კვლევების შედეგების თანახმად, რომლებიც რომელიც ვაშინგტონში არსებულმა Pew-ის ანალიტიკურმა ცენტრმა ჩაატარა, ამერიკელი დემოკრატები კიევისადმი დახმარების გაწევას ამჟამინდელი დონით მეტ-ნაკლებად ჯერ კიდევ მხარს უჭერენ, მაგრამ სულ სხვა სიტუაციაა რესპუბლიკელთა რიგებში: თუ 2022 წლის მარტში მათი რაოდენობა, ვინც თვლიდა, რომ ამერიკა ზედმეტად ეხმარება უკრაინას, მხოლოდ 9% იყო, ახლა მათი რაოდენობა უკვე 44%-ს შეადგენს. ამას წინათ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკარტნიმ უარყო დახმარების გაგრძელების გეგმა, რომელიც ჩვეულებრივი ასიგნების პროცესის ჩარჩოების მიღმა შეიძლება განხორციელდეს და რომელსაც სენატში მხარი დაუჭირეს. შეიძლება ითქვას, რომ სავარაუდოდ, კიევს დახმარებას უკვე სექტემბრისათვის შეუკვეცავენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უნდა გაითვალისწინოს იმის ალბათობა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს და ოვალურ კაბინეტში დაბრუნდეს, რომელიც უკრაინის ერთგული მეგობარი არასოდეს არ ყოფილა. სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა უკვე ყველას გააგებინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ინაუგურაციიდან 24 საათში შეწყვეტს. არსებობს იმის საფუძველი, რომ მან სწრაფად გადაუხვიოს ჯო ბაიდენის ამჟამინდელი პოლიტიკური კურსიდან, რითაც უკრაინას რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევას გაურთულებს.

თუ ვოლოდიმირ ზელენსკი არ იქნება მზად თავისი ქვეყნის მომავალი ამერიკელი ამომრჩევლების სურვილს დაუქვემდებაროს, მაშინ მას მოუწევს იმაზე დაფიქრება, თუ როგორი გარიგება შეიძლება დაიდოს – კიევისათვის მაქსიმალურად მომგებიანი – იმ დროისთვის, სანამ მოკავშირეების მხარდაჭერის დონე ჯერ კიდევ მაღალი იქნება.

ოდესღაც შარლ დე გოლი ისეთ ევროპაზე ოცნებობდა, რომელიც გადაჭიმული იქნებოდა „ტალანტიკიდან ურალამდე“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მცირე ხნის მონაკვეთში – „იდილიური გაელვების“ ჟამს – ამ ნატვრის ასრულება შესაძლებელი ჩანდა. ახლა კი გასაგები გახდა, რომ ევროპა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე მთავრდება. მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების გულისთვის დასავლეთმა ეს საზღვარი უნდა დააკანონოს და უნდა დაიცვას ისეთი სახელმწიფოების თავდასხმისაგან, რომლებიც არასოდეს არ გახდებიან ევროპულები.

წყარო