მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სფეროში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანმა 2021-2022 წლებში რეპრესიული საკადრო პოლიტიკა გაატარა.
მათივე ცნობით, მოვლენათა ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა თანამდებობებზე, ძირითადად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები დაინიშნენ.
„თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 19 მარტს დაინიშნა. მას შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო. მხოლოდ 2021-2022 წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 70-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. მათმა ნაწილმა სასამართლო დავის ფარგლებში გათავისუფლების უკანონობა უკვე დაამტკიცა. დანიშვნის დღეს მიცემული ინტერვიუს შინაარსიდან ნათელი იყო, რომ მინისტრი კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას გეგმავდა. მინისტრის განცხადებით, ის კულტურის სფეროს წარმომადგენელთა განსხვავებული აზრის წარმომავლობით დაინტერესდებოდა.
თეა წულუკიანი 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2020 წლამდე იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამ ხნის განმავლობაში მისი საქმიანობა, მათ შორის ცნობილი იყო რეპრესიული საკადრო პოლიტიკით. მხოლოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან თეა წულუკიანის მმართველობის დროს გათავისუფლებულ 18 თანამშრომლის ინტერესებს იცავდა სასამართლოში, რის შედეგადაც, უკანონო გათავისუფლებულების სასარგებლოდ სახელმწიფოს 332 172 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
რეპრესიები თეატრებში – მინისტრმა წულუკიანმა რეპრესიები თეატრებიდან დაიწყო. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 29 თეატრიდან 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2021 წლის დეკემბერში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის 4 წლიანი ვადა გაუვიდა. წულუკიანის გადაწყვეტილებით თეატრის ხელმძღვანელთა ნაწილი უკონკურსოდ დაინიშნა, მათ შორის, რობერტ სტურუა, რომელიც ხშირად ხელისუფლების მხარდამჭერ და პრორუსულ პოზიციებს აფიქსირებს, ნაწილი კი კონკურსის გზით დაინიშნა.
ლაშა ჩხვიმიანი 2017 წლიდან ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრს ხელმძღვანელობდა და 4-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გამოცხადებულ კონკურსში ერთადერთი მონაწილე იყო, თუმცა კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, ხოლო თეატრის ხელმძღვანელად უკონკურსოდ გიორგი სიხარულიძე დაინიშნა. ჩხვიმიანი მისი არ დანიშვნის ერთ-ერთ მიზეზად დმანისის თეატრში დადგმულ სპექტაკლს – იბსენის “ხალხის მტერს” ასახლებდა, რომელიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ კრიტიკული იყო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მიეცა, ასევე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დათო ჩხარტიშვილსაც.
მოვლენათა ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა თანამდებობებზე, ძირითადად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები დაინიშნენ.
რეპრესიები მუზეუმებში – მუზეუმებში რეპრესიები ხელმძღვანელი პირის ცვლილებითა და რეორგანიზაციით დაიწყო, რასაც საფუძვლად შიდა აუდიტის დასკვნა და მასალების საგამოძიებო უწყებაში გაგზავნა დაედო. ცვლილებების მიხედვით, თითქოსდა მეტი ავტონომიის უზრუნველყოფის მოტივით, 5 მუზეუმი და 1 გალერეა გაერთიანდა. მათ სამართავად თეა წულუკიანმა დირექტორატის ახალი სისტემა შექმნა, სადაც უმრავლესობა მის მიერ დანიშნულ დირექტორებს ჰქონდათ. შესაბამისად, სამუზეუმო სისტემა მთლიანად მინისტრის გავლენებს დაექვემდებარა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერის იულონ გაგოშიძის ინტერესებს იცავს სასამართლოში. უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებამდე წულუკიანი იულონ გაგოშიძეს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა, მათ შორის უწოდებდა, „საბჭოთა მეცნიერს“ და „ბომბონერს“.
რეპრესიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში – 2022 წლის მანძილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან სულ მცირე 20 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის, რესტავრატორები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და სხვა სპეციალისტები. ამ შემთხვევაშიც სამინისტრომ საფუძვლად რეორგანიზაცია გამოიყენა.
რეპრესიები საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში – 2022 წლის 14 მარტს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც კინოცენტრის დაფინანსების შემცირება, სტრუქტურული რეორგანიზაცია და თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვა. გათავისუფლება დროში დაემთხვა გაგა ჩხეიძის მიერ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გამოქვეყნებას კინოცენტრის გვერდზე და ასევე მოწოდებას, რომ სახელმწიფოს შეეჩერებინა რუსეთთან ხელშეკრულება, რომლითაც ხდება ფილმების შესყიდვა და შემდეგ რესტავრაცია-აღდგენა.
თეა წულუკიანის რეპრესიული საკადრო პოლიტიკის შედეგად, გაგა ჩხეიძის ნაცვლად ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და ფინანსურ მენეჯერად კობა ხუბუნაია დაინიშნა. იგი იუსტიციის სამინისტროში, წულუკიანის მინისტრობის დროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ხუბუნაიამ ეროვნულ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ „პოს ტვ”-ის ტელეწამყვანი, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია დანიშნა.
ზემოაღნიშნული მოვლენები თეა წულუკიანის რეპრესიულ საკადრო პოლიტიკაზე მიანიშნებს. მოვუწოდებთ მინისტრს შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.