Home Blog Page 1959

“ნაციონალურ მოძრაობას“ გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს გააუქმებს”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს გააუქმებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტული პრობლემების გამო დატოვა და ეს პრობლემები არსად გამქრალა.

„სამწუხაროდ, გუშინ რაც მოვისმინე, თურმე „ვარდების რევოლუციის“ თარიღი მნიშვნელოვანი იმის გამო ყოფილა, რომ პარტიიდან რამდენიმე ადამიანი გაერიცხათ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რადგან ოპოზიციური პარტიები დემოკრატიისა და განსაკუთრებული კონტრასტის მაგალითს უნდა აჩვენებდნენ. პარტიიდან ადამიანების გარიცხვის მომენტი თუ მართლა დადგება, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობისგან“ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა. გარიცხვები „კომუნისტური პარტიიდან“ გვახსოვს, რაც დემოკრატიული თვალსაზრისით, პარტიისთვის დიდი პრობლემაა. ეს პარტია კონკრეტული პრობლემების გამო დავტოვე, რაც არსად გამქრალა. იმ პრობლემების ფონზე, ვერასდროს წარმომედგინა, რომ ერთობა ყოფილიყო. პარტიას გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ მიხეილ სააკაშვილი მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ თავმჯდომარის პოსტი გააუქმოს და რეალურად, შეიქმნას საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებებს პარიტეტის პრინციპზე მიიღებს და ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება დემოკრატიის კონტექსტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროკომისიამ უნგრეთს 900 მლნ ევრო გამოუყო

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უნგრეთისთვის ავანსის სახით 900 მლნ ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებას. თანხები „კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენას“ უნდა მოხმარდეს. ამასთანავე, ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ამით უნგრეთი უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციას შეიცვლის. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ევროკავშირის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ უნგრეთს ენერგეტიკული პრობლემების დაძლევაში ეხმარება და ავანსის სახით გამოყოფილი თანხები არანაირ პირობებთან დაკავშირებული არ არის.

გასულ კვირას ვიქტორ ორბანის მთავრობამ ევროკავშირის გადაწყვეტილება დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ეკონომიკური და 20 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, იგეგმებოდა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყება.

მანამდე ევროკავშირმა ბუდაპეშტს რამდენიმე სახის ფინანსური დახმარება შეუჩერა, რადგანაც არსებობდა ქვეყანაში კორუფციის და დემოკრატიული ნორმების დარღვევის შესახებ ინფორმაცია.

2023 წლის მესამე კვარტალში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 592 მილიონი ლარი დახარჯეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 397.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.2 პროცენტს შეადგენდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 33.4 პროცენტი განხორციელდა საყიდლების მიზნით. ასევე, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 279.5 ათასი და 107.6 ათასი ვიზიტი.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.2 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 13.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 12.0 პროცენტით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.

“ნიკა მელიამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ისედაც ძალიან გაწელა – ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლო შანსი არ გამოიყენა”

თუ ადამიანი არ აწერს ერთობის მანიფესტს ხელს და არ უერთდება მის სულისკვეთებას, ის თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ნიკა მელია აღმოჩნდა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პარტიის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე პარტიის ის წევრები, რომლებიც მანიფესტს არ შეუერთდნენ, თავად გააკეთებენ განმარტებებს.

“სიმართლე გითხრათ, იურიდიული ტექნიკური დეტალებით ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, რადგან პარტიის დატოვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პრეზიდენტი სააკაშვილი არის ჩვენთან ერთად ერთობის მანიფესტის ავტორი, თუმცა ის არის ინიციატორი და მისი ეს ინიციატივა ჩვენ გავიზიარეთ. მან ძალიან ცხადად განაცხადა, რომ თუ ადამიანი არ აწერს ერთობის მანიფესტს ხელს და არ უერთდება მის სულისკვეთებას, ის თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ნიკა მელია აღმოჩნდა. ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ იმ დიდი გამარჯვებისთვის, რომელიც უნდა მოვიპოვოთ. ალბათ, სხვებიც გააკეთებენ განმარტებებს, თუმცა, ნამდვილად მაქვს დიდი იმედი, რომ ადამიანები, რომელთა ერთადაც მხარდამხარ ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უკვე მრავალი წელია, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩებიან და ჩვენ ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, წუხს იმის გამო, რომ ნიკა მელიამ ეს ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა.

„ისედაც ძალიან გაწელა მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება. როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ეს იყო ბოლო შესაძლებლობა, ბოლო შანსი და ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს ბოლო შანსი არ გამოიყენა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველამ კარგად იცის, რომ პარტიის დაშლა გარდაუვალია” – მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველამ კარგად იცის, რომ პარტიის დაშლა გარდაუვალია.

“რაც არ უნდა შეეცადოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფორმა მისცეს ამ გარდაუვალ დაშლას, სადამდეც ეს ყველაფერი მიიყვანეს, ვფიქრობ, რეალურად ყველა ხვდება, რომ ეს არ არის ის მდგომარეობა, მანიფესტზე ვინ ხელს მოაწერს და ვინ არა, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ამის ილუზია არავის ჰქონდეს. ყველამ კარგად იცის იქ, რომ ამ პოლიტიკური პარტიის დაშლა გარდაუვალია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტი გამოაქვეყნა.

“იმედია, ერევანი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და მოსკოვის მოკავშირედ დარჩება” – პესკოვი

„რუსეთის ფედერაცია წუხს, რომ მინსკში სომხეთის წარმომადგენლები არ იყვნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე“, – ამის შესახებ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კუხოს საბჭოს სხდომაზე სომხეთის არყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა.

პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ერევანი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და დარჩება მოსკოვის მოკავშირედ.

„ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით წუხილი გამოვთქვათ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ სამიტის დღის წესრიგში იყო „ე.წ. სომხური ფაქტორი“ და ამ საკითხზე აზრთა გაცვლა.

„რა თქმა უნდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დაინტერესებულია სომხეთის მონაწილეობით. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს და დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, – აცხადებს პესკოვი.

“ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმში” – ზურაბ პატარაძე

დღეს იწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, რომლის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც ასევე ესწრებიან შუა აზიის ქვეყნების ლიდერები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ღონისძიებას უშუალოდ ილჰამ ალიევის მოპატიჟებით ესწრება.

„ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. შეხვედრისას განხილულ იქნება მთელი რიგი საკითხები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხებიც, მათ შორის, განსაკუთრებით აღსაღნიშნი არის მწვანე ენერგიის პროექტი და შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელის გაყვანის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ენერგო უსაფრთხოებას, ენერგიის ექსპორტს ევროპის მიმართულებით, ასევე, რა თქმა უნდა, ლოჯისტიკური საკითხები, სატრანსპორტო დერეფანი, ამ მიმართულებით ახალი პროექტების წამოწყება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის გაფართოება და დასრულება, რომელიც წელს დასრულდება. ეს და სხვა საკითხები იქნება განხილული ორმხრივი შეხვედრების დროს. ვფიქრობ, ეს ვიზიტი მისცემს დამატებით იმპულსს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებასა და გაძლიერებაში“, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდა.

როგორც მედია წერს, ამ დროისთვის ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმები შეწყვეტილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ადგილობრივი დროით საღამოს ოთხ საათზე გაათავისუფლებენ.

ცნობისთვის, ისრაელისა და „ჰამასთან“ შორის შეთანხმების მიხედვით, ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.

ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის”) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.

პროკურატურამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ორთაჭალაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რასაც არასრულწლოვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ნოემბერს, თბილისში, ვ.გორგასლისა და ბ.კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“ისრაელის ოფიციალური პირი 39 პალესტინელი პატიმრის მოსალოდნელ გათავისუფლებას ადასტურებს” – „სიენენი“

ისრაელის ოფიციალური პირი 39 პალესტინელი პატიმრის მოსალოდნელ გათავისუფლებას ადასტურებს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

როგორც ისრაელის ოფიციალურმა პირმა „სიენენს“ განუცხადა, პატიმრებს ორი ციხიდან – დეიმონიდან და მეგიდოდან საბოლოო შემოწმებისთვის ოფერის ციხეში გადაიყვანენ.

გათავისუფლებული პატიმრები, სავარაუდოდ, 18 წლამდე ქალები და მამრობითი სქესის მოზარდები იქნებიან.

გათავისუფლების დრო უცნობია, მაგრამ ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ვიდრე ღაზიდან მძევლები ისრაელს არ გადაეცემა.

„ჰამასის“ მიერ დაკავებულ მძევლებთან დაკავშირებით ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ გათავისუფლებულ მძევლებს ვერტმფრენით გადაიყვანენ ორ საავადმყოფოში თელ ავივის მახლობლად.

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატებული დღე რომ გქონდეთ, ღრუბლებიდან მიწაზე უნდა დაეშვათ და მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ. უამრავი საქმე დაგიგროვდათ, ამიტომ ნუ გადადებთ და ახლავე შეუდექით. კოლეგებთან ურთიერთობა რთული იქნება, მოსალოდნელია გაუგებრობები, ამიტომ გირჩევთ, წვრილმანებზე კამათს მოერიდოთ და მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. თუ ვინმე ძალიან გენატრებათ, უბრალოდ დაურეკეთ ან მოინახულეთ.

კურო

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ოპტიმიზმი და თავდაჯერება საშუალებას გაძლევთ, რომ ყველაზე რთული პრობლემები ადვილად გადაწყვიტოთ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის. ნუ გაჯიუტდებით და ეცადეთ, გარემოებების შესაბამისად იმოქმედოთ.

ტყუპები

ამ დღეს რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა გექნებათ გარშემო მყოფებთან, თავს მით უფრო უკეთ იგრძნობთ. პლანეტების ნეგატიური ზემოქმედების გამო ნებისმიერი საუბარი შეიძლება კამათსა და დაპირისპირებაში გადაიზარდოს და განწყობა დიდი ხნით გაგიფუჭოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს და არასწორი ინფორმაცია გამიზნულად მოგაწოდოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, სწრაფად ცვლად გარემოებებს მოერგოთ, რათა თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა არ დააზიანოთ. იგივე ეხება სამსახურს – მოერიდეთ საკუთარი მოსაზრებების სხვებისთვის თავზე მოხვევას. შეეგუეთ, რომ ადამიანებს შეიძლება თქვენგან განსხვავებული აზრები ჰქონდეთ და ეს დაპირისპირების მიზეზად არ გამოდგება.

ლომი

დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით. ეცადეთ დაძლიოთ, რადგან თაროებზე უამრავი მნიშვნელოვანი საქმე დაგიგროვდათ. სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული ან ვარჯიში ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ.

ქალწული

ეცადეთ, სიბრძნე გამოიჩინოთ და უსარგებლო კამათს ან დაპირისპირებას მოერიდოთ. ეს, ურთიერთობის გაფუჭების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, აუჩქარებლად იმუშაოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. მოერიდეთ სარისკო პროექტში ჩართვას. სასურველია, საღამოს ოჯახთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბროთ და შექმნილი ვითარებიდან კომპრომისული გამოსავალი მოძებნოთ.

სასწორი

შესაძლოა, ძველი პრობლემა ისევ აქტუალური გახდეს ან თქვენი ცხოვრებიდან წასული ადამიანი ისევ გამოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულთან დაბრუნებას მოერიდოთ, რადგან ეს განწყობას დიდი ხნით გაგიფუჭებთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

მორიელი

ნუ უგულებელყოფთ ავტორიტეტული ადამიანების რჩევებსა და მოსაზრებებს, რომლებიც დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანები ამ დღეს თქვენს ნებისმიერ წამოწყებას მხარს დაუჭერენ, ამიტომ რთულ სიტუაციებში მათთან დაკავშირება ნუ მოგერიდებათ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას და წარმატებას მოგიტანთ. თუ შესაძლებელია, გავლენიან ადამიანებსაც დაუკავშირდით, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ. ყურადღებით იყავით – წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ თავს და პირად საჭიროებებს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. უსმინეთ საკუთარ სურვილებს და ის აკეთეთ, რაც ნამდვილად გსურთ. გირჩევთ, ამ დღეს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

მერწყული

მიზნის მისაღწევად შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება მოგიწიოთ. კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ამის გაკეთება, რადგან სავარაუდოდ, მოგვიანებით ინანებთ. ნუ მოუსმენთ სხვა ადამიანების რჩევებს და ეცადეთ, ამ დღეს ყველანაირი ურთიერთობა შეზღუდოთ. საკუთარი ინტუიცია საქმეში ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები

ოპტიმისტური განწყობა ამ დღის სირთულეების დაძლევაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ მეგობრების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. უარი თქვით დამატებით სამუშაოზე, უმჯობესია საღამო დასვენებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ.