რუსეთ – უკრაინის ომის 485-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
უკრაინის გენერალური შტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 680 რუსი სამხედრო გაანადგურეს.
რუსულმა ძალებმა, წუხელ, უკრაინის ტერიტორიაზე Ту-95МС ტიპის 4 ბომბდამშენიდან გაშვებული რაკეტებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსებმა X-101 / X-555 ტიპის 13 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, მაგრამ უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. რაკეტების უმეტესობა ხმელნიცკის ოლქში განადგურდა.
„23 ივნისის ღამეს მტერმა სტრატეგიული თვითმფრინავიდან შეუტია უკრაინას. ამჯერად თავდასხმა მიმართული იყო ხმელნიცკის ოლქის სამხედრო აეროდრომზე”, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, რაკეტების გარდა რუსებმა ჯაშუშური დრონი გაუშვეს, რომელიც ასევე განადგურებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით არა მხოლოდ რაკეტები, არამედ Shahed-ის „კამიკაძე“ დრონებიც გამოიყენეს.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერმა სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე, გამოიყენა სამი აერობალისტური „კინჟალი“, სამი Х-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ოთხი Shahed-136/131 ტიპის დრონი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა სამი „კამიკაძე“ დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე კონტრშეტევისას ბრძოლის ველზე, შესაძლოა, ამერიკული Abrams-ის ტანკები გამოჩნდნენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„არის იმედი, მაგრამ ამას ვიტყვი, თქვენ უნდა იფიქროთ არა მხოლოდ ამ კონტრშეტევაზე. ეს არის ის, რასაც მე მუდმივად ხაზს ვუსვამ პარტნიორებთან ურთიერთობისას. არ უნდა შეხედოთ ამ კონტრშეტევას, როგორც ბოლოს და გადამწყვეტს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, იქნება იმდენი კონტრშეტევა, რამდენიც საჭირო იქნება უკრაინის ყველა ტერიტორიის გასათავისუფლებლად.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგორ ქიზიმი ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„გათავისუფლდეს ქიზიმ იგორ იურიევიჩი ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
იგორ ქიზიმს ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2017 წლის თებერვლიდან ეკავა.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი ბელარუსიდან გაარღვიეს, უკრაინის ხელისუფლებამ მინსკთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიიღო და მხოლოდ ბელარუსის ელჩის გამოძახებითა და საპროტესტო ნოტების გადაცემით შემოიფარგლებოდა. ამასთან, 19 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელარუსის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებას ითვალისწინებს. ასევე, სახალხო დეპუტატების ჯგუფი ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოწოდებით გამოდის.
ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი უკრაინას საკუთარ იარაღს არ გადასცემს, რის მიზეზადაც ორ მიზეზს ასახელებს – ურთიერთობას რუსეთთან და ირანთან.
„ჩვენ რუსეთთან მჭიდრო სამხედრო საზღვარი გვაქვს. ჩვენი პილოტები რუს პილოტებთან ერთად სირიის ცაზე დაფრინავენ და მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მოქმედების თავისუფლება ირანის მცდელობების წინააღმდეგ, ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე დააყენონ სამხედრო პოზიციები“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ The Jerusalem Post-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხებში ისრაელი თავიდანვე იყო განსაკუთრებულ სიტუაციაში, რომელიც განსხვავდება პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნების მდგომარეობიდან.