Home Blog Page 1957

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიის დღის აღსანიშნად სხვადასხვა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს უმასპინძლა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა.

„ძალიან მოხარული ვარ და დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის. ძალიან სწორია, რომ დღეს აქ, ამ ადგილას აღვნიშნავთ დიპლომატიის დღეს, რამე თუ ეს ორბელიანების სასახლეა და როგორც იცით, დიპლომატიის დღე სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე დაინიშნა. ეს შემთხვევითი არაა. ჩემი და იმდროინდელ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩემი ადმინისტრაციის ინიციატივა იყო რომ ეს დღე აგვერჩია. ერთი მხრივ, იმიტომ რომ სულხან-საბა დიპლომატების წინაპარი იყო და ამასთანავე ევროპისკენ მიმავალი ჩვენი ერთ-ერთი პირველი დიპლომატი და ჩვენ ყველანი მას მივყვებით.

დღეს, როცა ჩვენ ველოდებით ჯერ პირველ დასკვნას და შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს დღე უნდა აღვნიშნოთ და გავიაზროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის დიპლომატია. ჯერ ერთი დიპლომატია არ დაიწყო სულხან-საბათი და მუდამ ქართველ მეფეებს ჰყავდათ თავისი დესპანები, რომლებსაც სხვადასხვა დიდ სახელმწიფოებში აგზავნიდნენ, ისინი ხშირად მათი ოჯახის წევრები იყვნენ – მეუღლეები, შვილები და ეს ტრადიცია გაგრძელდა სანამ საქართველო, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ანუ პირველ რესპუბლიკად არ ჩამოყალიბდა, როცა მართლაც დაიბადა ჩვენი პროფესიონალური დიპლომატია. მათი სახელები, ზოგიერთი ალბათ იცით – აკაკი ჩხენკელი, შეიძლება ყველაზე ცნობილი იყოს, მაგრამ ბევრი სხვაც იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ჰყავდა ძალიან სერიოზული დიპლომატიური წარმომადგენლობა და ისინი როგორც საქართველოს დელეგაცია, პირველად ოფიციალურად, მონაწილეობდნენ მაგალითად 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, შემდეგ მონაწილეობდნენ და ძალიან დიდი სამუშაო გაიწია, რათა საქართველო ერთა ლიგის წევრი გამხდარიყო.

„სამწუხაროდ, როგორც ალბათ ყველამ იცის, ეს ისე დამთავრდა, რომ საოკუპაციო ჯარები შემოვიდნენ და ჩვენ ვეღარ მოვასწარით ერთა ლიგის სრულყოფილი წევრი გავმხდარიყავით. მაგრამ ეს სამუშაო ტყუილად არ გაწეულა.

შემდგომაც იყო განხილვები და საქართველოს დიპლომატიური საქმიანობა გაგრძელდა, თუნდაც მაშინ, როცა საქართველო აღარ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და მაგალითად საფრანგეთში, ემიგრაციაში, სადაც ყველაზე დიდხანს შენარჩუნდა საქართველოს დელეგაცია 1904 წლამდე, ოფიციალურად იყო აღიარებული საქართველოს წარმომადგენლობა და ჰქონდათ ოფიციალური ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ქვეყნებთან პარიზიდან, რომელიც უცხოეთში მყოფი მთავრობის ცენტრად ითვლებოდა. ეს სამუშაოები ერთა ლიგაში მერეც გამოგვადგა, რამე თუ სწორედ საქართველოს საკითხი იყო წარდგენილი ამერიკის კონგრესში. მთელი განხილვა ჩატარდა და ეს ჩანაწერები დღესაც შეიძლება მოიპოვოთ, ძალიან საინტერესოა.

ავად თუ კარგად, ასე გაგრძელდა სანამ 1991 წელს ხელახლა არ აღდგა ნამდვილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პროფესიონალური დიპლომატია, რომელსაც ძალიან დიდი საქმე ჰქონდა – პირველ რიგში, მოეპოვებინა ჩვენი სახელმწიფოს აღიარება, ეს მათი პირველი საქმიანობა იყო, რომელიც ძალიან გაშლილი და წარმატებული იყო მთელ მსოფლიოში.

ჩვენ დღეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს აღიარება ბევრი ქვეყნების მიერ უფრო სწრაფად უნდა მომხდარიყო, მაგრამ მან დაგვიტოვა შედეგი – ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი.

ჩვენ ვიცით ეტაპები, როცა გავერთიანდით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში და დავიწყეთ მსვლელობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოკლე პერიოდში, მომავალ თვეში თუ თვეებში გადავალთ ევროპისკენ ამ მსვლელობის კიდევ ერთ ეტაპზე, რაც ჩვენ დასავლეთ თანამეგობრობის სრულყოფილ წევრად გაგვხდის. ეს არის გზა, რომელზეც ჩვენმა დიპლომატიამ უზარმაზარი როლი ითამაშა.

მე მიყვარს იმის თქმა, რომ ჩვენი დიპლომატია არ ჰგავს ბევრი სხვა ქვეყნის დიპლომატიას. იმ მხრივ რომ, დღესაც კი, ჩვენთვის სხვადასხვა მეზობელთან თუ სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების წარმართვას აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა. იმიტომ, რომ ჩვენთვის დამოუკიდებლობა ყოველდღე გასამყარებელია. ჩვენთვის სრულყოფილი დამოუკიდებლობა ჯერ არ არის, როცა ჩვენი ყველა საზღვარი ბოლომდე არაა აღიარებული, არაა დადგენილი, როცა ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, როცა არაღიარება ჯერ კიდევ ჩვენი პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, როცა ჩვენ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მიმართულებით კიდევ გვიწევს იმის დამტკიცება, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ და ამას არავინ, არასოდეს არ უნდა შეეხოს.

ამიტომ, ვიდრე ეს ასე იქნება იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში სადაც ვცხოვრობთ, ვიდრე ჩვენ არ გავხდებით ევროპის და ევროატლანტიკურ თანამეგობრობის სრულყოფილი წევრი, ალბათ ეს მართლაც ჩვენს ეგზისტენციალურ მიზნად დარჩება. დიპლომატია უნდა იყოს ის მიზანი, რომლითაც ჩვენ ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ. მაგრამ არამხოლოდ ეს.

როგორც ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენთვისაც დიპლომატია ჩვენი ქვეყნის საზღვარგარეთ გატანაა, ჩვენი იდენტობის, კულტურის გაცნობაა. ეს უკვე მხოლოდ დიპლომატების საქმე არაა. ამაში დიდ როლს თამაშობს ჩვენი კულტურა. თავისთავად კულტურის გატანა და ყველა ის ადამიანი, ვინც რაღაცას ქმნის, მათი შემოქმედებითი აქტივობა, კრეატიულობა – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის გარეთ ექსპორტის ნაწილია. ჩვენ გვგონია, რომ ექსპორტი ბიზნეს სიტყვაა, ესეც არის, თუმცა ასევე ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის ცნობადობის, მხარდაჭერის კუთხითაა. რაც უფრო კარგად გვიცნობენ გარეთ, ალბათ უფრო მყარია ის მხარდაჭერა, რითაც ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ. ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი, თუ სპორტმა და სპორტსმენებმა (და დიდი მადლობა მათ) რამდენად გაიტანეს ჩვენი ქვეყნის სურათი, აამაღლეს ცნობადობა და მართლაც აჩვენეს, რა შეუძლიათ ქართველებს ინდივიდუალურად და კოლექტიურად. ეკონომიკაც ძალიან დიდი ნაწილია.

ბიზნესმენებიც საზღვარგარეთ ჩვენი ელჩები არიან, მაგრამ დიპლომატიაში მაინც საელჩოები, დიპლომატიური კორპუსი და პროფესიონალები არიან ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს მათ, როგორც არასოდეს, სჭირდებათ მეტი გამბედაობა, მეტი აქტივობა. არ უნდა შეეშალოთ ერთი რამე, რომ ისინი რომელიმე მთავრობის წარმომადგენლები არ არიან, ისინი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ქვეყნის წარმომადგენლები არიან და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ზოგჯერ საკმაოდ რთული. მაგრამ მაინც, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიპლომატია თავის რანგზე დადგება და ყველაფერს შეძლებს, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღეს ამ ქვეყანას ყველაზე მეტად ევროპის ამ გზაზე სხვლა, ევროპის ამ გზაზე წარმატება სჭირდება. აქ ყველას როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ნაწილი უნდა გააკეთოს. აქ მე დისკუსიები მესმის – „იმისი გაკეთებულია, ამისი გაკეთებულია, იმისი ბრალია, ამისი ბრალია“- ეს ყველაფერი მცდარია. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ამ საქმეში ყველანი ერთად არ ვიყოთ და არ შეიძლება რომ ამ საქმის შედეგი არ იყოს ჩვენი ყველასი და პირველ რიგში საზოგადოების“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ყველა კარგად ხედავს და გარედან კიდევ უფრო კარგად ჩანს, თუ რა უნდა საქართველოს, რა უნდა მის ხალხს, რა უნდა მის საზოგადოებას, რა უნდა მის ახალგაზრდობას.

„ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ გზაზე ისაა, რომ ჩვენ მიგვიღონ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახია და რეალურად რისი ალტერნატივაც ჩვენთვის არ არსებობს, მე მგონი ამაში ყველანი დამეთანხმებით. როგორც არასოდეს, გლობალიზაციის დღევანდელ მსოფლიოში პატარა ქვეყანა, მარტო ქვეყანა ძალიან ცოდოა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ უნდა გვყავდეს პარტნიორები, მეგობრები, ოჯახი, რომელსაც შეიძლება ვენდოთ და რომელთანაც ვიზიარებთ მთავარს – კულტურულ ღირებულებებს, ფასეულებს, ყველაფერს, რაც ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს კულტურას, რაზეც ჩვენ ვართ გაზრდილი და რაც წარსულიდან მოგვყვება. ეს ჩვენი სივრცეა და არ შეიძლება რომ ამ სივრცის გარეთ დავრჩეთ. ამ სივრცის გარეთ დარჩენა ნიშნავს დაუცველობას, ნიშნავს მართლაც მარტო ყოფნას, ნიშნავს იზოლაციას. ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს დღეს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ წარსულშიც ასე იყო, მაგრამ წარსულში სხვა ტიპის ბალანსი არსებობდა და ჩვენ ამას რაღაცნაირად ვეჭიდებოდით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მსოფლიო სხვანაირადაა მოწყობილი და აქ საქართველოს ადგილი ძალიან ნათელია.

„შეიძლება, ბევრად ადვილი იყოს, იმ მხრივ, რომ არჩევანი ნათელია, ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდება და ინსტინქტურად ვიცით, ვხედავთ სად არის ჩვენი გზა, სად არის ჩვენი მომავალი. დიპლომატია ამისთვის არის აუცილებელი. დიპლომატიას როცა ვამბობ, ეს მოიცავს ცოდნას, რაც არამხოლოდ პროფესიონალ დიპლომატებს, ასევე თქვენ ყველას გეხებათ. ჩვენ თუ არ ვიცით და კარგად არ გავიგეთ გარე მსოფლიო – ქვეყნები, მათი ისტორია, მათი კულტურა, ჩვენ არ გვექნება ეფექტური დიპლომატია.

ნამდვილი და სერიოზული დიპლომატია სხვადასხვა რეგიონების გაგებაზე, ცოდნაზე, მათი ისტორიის ანალიზზეა დაყრდნობილი. ასე რომ, უცოდინარი დიპლომატები არავის სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი ექსპერტი გვჭირდება.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ექსპერტი თვითდამრქმევითია, ვიღაცა თავის თავს დაარქმევს, რომ მე ვარ რაღაცის ექსპერტი და უცებ ექსპერტად ჩამოყალიბდება. ნამდვილი ექსპერტობა რთული, ძალიან საინტერესო და ძალიან საჭიროა. ასე, რომ ყველას გთხოვთ, გეხვეწებით, ჩაერთოთ თქვენს დარგში, ყველა დარგის სპეციალისტი გვჭირდება იმიტომ, რომ ასე ყველაფრის მცოდნე ადამიანები ხშირად არაფრის მცოდნეები არიან. სერიოზული ცოდნა დღევანდელი საუკუნის გამოწვევაა.

ძალიან ბევრი ტექნოლოგიური და კომუნიკაციის საშუალება არსებობს, შეიძლება ნამეტანიც კი. ამიტომ ზოგჯერ დაბნეულები ვართ, მაგრამ ამ საშუალებების გამოყენება თქვენი ყველას ვალდებულებაა. თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც უზარმაზარი საშუალება ეძლევა – მოძრაობის, გაცნობის, გაგების, ერთმანეთთან ურთიერთობების. ეს ყველაფერი გამოიყენეთ. ნურაფრის ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.

სტუდენტის კითხვაზე, რა რჩევას მისცემდით იმ დიპლომატს, იმ ახალგაზრდას, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს კარიერაში და რა რჩევას მისცემდით იმ პრეზიდენტს, რომელიც თქვენ შემდგომ გააგრძელებს ამ მოღვაწეობასა და საქმიანობას, პრეზიდენტმა აღნიშნა, „თუ არჩევანი არსებობს და რჩევა არსებობს, მე შემიძლია გირჩიოთ, რომ ამაზე საინტერესო და მით უფრო დღევანდელ დღეს მე მგონი სხვა პროფესია“.

„დიპლომატიის ნაწილში ძალიან მარტივია. მე მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც მე მივიღე პირველად რჩევად, როცა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე გამიშვეს საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს იყო ვენაში, ეუთოს ფარგლებში და ვინც იქ ჩემი წინამორბედი იყო, იქ ჩემამდე მოღვაწეობდა, მან მითხრა, მე ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემო, მაგრამ ერთადერთი მოლაპარაკებებში შენ შეგიძლია, ყველაფერი გამოიყენო, რაც გაქვს – ნიჭი, როგორც თეატრში, თუ შეგიძლია, იტირო – იტირე; თუ შეგიძლია, გაიცინო – გაიცინე, იუმორი გამოიყენე, ცოდნა გამოიყენე და ყველაფერი. თავისუფალი სივრცეა, სადაც მართლა შეიძლება, შენით და შენი ინიციატივით ჩაატარო ეს მოლაპარაკებები.

ცხადია, ეს არ ნიშნავს თავნებობას, რადგან მოლაპარაკებებში მთავარია ინსტრუქციებით მოქმედება და იმ ჩარჩოში უნდა ჩაჯდე. მაგრამ დანარჩენი ფორმა, რასაც მისცემ მოლაპარაკებებს არის სრულიად თავისუფალი. ამაზე საინტერესო პროფესია მე მგონი არ არსებობს. იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად შეგიძლია ამით სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურო, ბოლომდე და სიღრმისეულად გაიცნო ქვეყნები, მათი მოსახლეობა და ისტორია. ასე რომ, თუ არჩევანი არსებობს და რჩევა არსებობს, მე შემიძლია გირჩიოთ, რომ ამაზე საინტერესო და მით უფრო დღევანდელ დღეს მე მგონი სხვა პროფესია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს.

რაც შეეხება პრეზიდენტს, მე ჩემს თავს ნამდვილად არ მივცემ უფლებას რომ მომავალ პრეზიდენტს რამე რჩევა მივცე იმიტომ, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდები, როცა ხარ არჩეული, ისე იქნება თუ ასე, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს, ერთადერთი რამ უნდა გახსოვდეს ყოველთვის – შენ იმ დღიდან ხდები ყველას პრეზიდენტი. აღარა ხარ ვინმეს არჩეული, მასაც აღარ აქვს უფლება რომ გითხრას მე აგირჩიე, შენთვის ვირბინე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე და აბა რას აკეთებ. შენ არჩეული ხარ ამ ძალიან რთულ ფუნქციაზე მოვალეობებით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით და რაც შეიძლება შენს თავთან, შენ ქვეყანასთან და მის ინტერესებთან რაც შეიძლება მართალი უნდა იყო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში იქნება კომისიის დასკვნა, რომელიც ასახავს რეკომენდაციების მათ შეფასებას – რამდენად შესრულდა, არ შესრულდა.

„ჩემი მოლოდინით იქნება და მე არაფერი შიდა ინფორმაცია არ გამაჩნია, რადგან ამაზე არავინ ბოლომდე არაფერს ამბობს. ჩემი შეხედულებაა, რომ ჩვენ დიდი ალბათობით მივიღებთ სტატუსს, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ მინდა მეტი ვილაპარაკო იმაზე ვინ მეტი გააკეთა და ვინ ნაკლები. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამას მივაღწევთ იმიტომ, რომ მე მგონი ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არ მოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ამისი სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ.

მე მაქვს იმედი, მაქვს რწმენა, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივათ და ეს უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ არ არის სწორი და არც არ არის ეთიკური, ვიტყოდი, ამის ძახილი, როცა ოცდაშვიდმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი. ამის მიმართ იმის თქმა რომ ას პროცენტიანად გარანტირებულია, არის ან არ ცოდნა იმ სისტემის ან არასწორი. ასე რომ, ველოდოთ, ვიყოთ იმედიანად. კიდევ ერთხელ, ყველაფერი გავაკეთოთ და კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. მე რამდენიმე დღეში გეტყვით რას გავაკეთებთ ერთად და ამაზე ყველაფერს დეტალურად მომდევნო დღეებში გაიგებთ“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორი მმართველობა უნდა იყოს საქართველოში საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა გახსნილი დისკუსია, იმის შესახებ თუ რომელი რეჟიმი – საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო იქნებოდა საქართველოსთვის.

„ეს სრული დისკუსია არც პარლამენტში არ ჩატარებულა. მე ვიყავი მონაწილე იმ საკონსტიტუციო კომისიის და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვყვება პირველივე დღიდან, ვიტყოდი პირველი რესპუბლიკიდანაც ერთგვარად. ჩვენ ვცვლით რეჟიმებს და კონსტიტუციებს იმის მიხედვით თუ რა არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან, თუ პრეზიდენტი არ მოგვწონდა და თუ ზე-პრეზიდენტობდა, მაშინ გვინდა საპარლამენტო, ახლა პარლამენტი შეიძლება გუშინდელი და გუშინწინდელი ძახილების მერე ჩავთვალოთ რომ არ მოგვწონს ასეთი უხამსობა და გადავწყვიტოთ, რომ სხვა სისტემა გვირჩევნია. ეს არის ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი საკითხი, როგორც კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს კონსტიტუციაში.

მე მაგალითად მიმაჩნია, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ჩვენ ორი პალატა გვჭირდება, ამიტომ სანამ მეორე პალატა არ იქნება, არ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად. დღესვე უნდა შეიქმნას, თეორიულად ვამბობ კიდევ ერთხელ, და ახლავე უნდა ვუთხრათ და ვაჩვენოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს რა იქნება მათი ადგილი იქ და დავტოვოთ მათი ადგილი ღიად, მაგრამ სისტემა შევცვალოთ იმისთვის რომ მივცეთ ამ ქვეყანას მეტი პოლიტიკური განვითარების საშუალება. 2006 წლიდან ვფიქრობდი ამას და არაფერი არ შეიცვალა. თუ არა ადგილობრივი დემოკრატია და თვითმმართველობა, თუ იქიდან არ წამოვიდნენ ახალი პოლიტიკოსები, მაშინ ვიტრიალებთ ამ წრეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დიდი იმედი აქვს, რომ საქართველო მიიღებს ამ სტატუსს.

„რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი, რით უნდა დავძლიოთ. ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში, შორიდან არ გვიყუროს და თქვან რომ თქვენ ასე და ისე უნდა მოიქცეთ. არა, მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, მობილიზებული იყო, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ისრაელის მთავრობა საკუთარ  მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ საკუთარი ეროვნული იდენტობის გარეგნული დემონსტრირებისგან.

„ისრაელის საელჩოები, აეროპორტები, სადაც ისრაელიდან რეისები ხორციელდება, ისევე როგორც ებრაული სატვისტომოები და რელიგიური დაწესებულებები ანტისემიტური ხასიათის თავდასხმებისთვის მთავარი სამიზნეებია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის მთავრობა, ასევე, მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ირანის მოსაზღვრე ქვეყნებში მოგზაურობისგან.

სინოდის სხდომის განჩინებაში ნათლობაზეც არის საუბარი

საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას აქვეყნებს, რომელშიც ერთი თავი ნათლობას უკავშირდება.

წმინდა სინოდის განჩინებაში წერია:

„ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში”.

,,ბაიდენმა და ზელენსკიმ კონგრესს „გამარჯვების სტრატეგიის” ერთობლივი გეგმა უნდა წარუდგინონ”- ქართველიშვილი

აშშ-ის კონგრესში წარდგენილი მოთხოვნების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. საუბარია იმაზე, თუ როგორი რეაგირება ექნება შტატებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

„გუშინ აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელთა ფრაქციის სახელით მოქმედი ადმინისტრაციის მისამართით მოთხოვნები გააჟღერა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ გარსიამ. საუბარი შეეხო უკრაინის თემას და მასთან დაკავშირებით ქვეყნის მოქმედების შემდგომ სტრატეგიას. კერძოდ: ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს უნდა წარუდგინონ „გამარჯვების სტრატეგიის” ერთობლივი გეგმა, რომელშიც უნდა იყოს ასახული: ზუსტი შეფასებები, საბოლოო მიზნები და ომის დასასრულის კრიტერიუმები და არა განცხადებები, რომ „ჩვენ უკრაინას დავეხმარებით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”; კონგრესს უნდა წარედგინოს რეგულარული ანგარიში ფრონტზე არსებული წარმატებებისა და შეიარაღების მიწოდების თაობაზე; ქვეყნის პრეზიდენტისა და პენტაგონის შეფისაგან რესპუბლიკელები ითხოვენ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების თაობაზე განახლებული ინფორმაციის მოსმენას, ასევე მონაცემებს უკვე მიწოდებული შეიარაღების და ასევე იმ იარაღის შესაძლო მიწოდებაზე, რომელსაც შეუძლია გარდატეხა შეიტანოს საბრძოლო მოქმედებებში; ასევე იმ ინფორმაციის მოწოდებას, რა მოხდება, თუკი შეწყდება უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნა და როგორ აისახება ეს პროცესი თვით ამერიკის ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე, ასევე ისრაელისა და ტაივანის მიმართ არსებული ანალოგიური ვალდებულებების გათვალისწინებით; ამერიკის ხაზინამ და ფინანსთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს მოხსენება, თუ რა დონის ზიანი მიადგა რუსეთს საერთაშორისო სანქციების ფონზე და ხომ არ უნდა გაფართოვდეს სასანქციო სია ნავთობისა და მარცვლეულის სახით; რამდენად რეალისტურად მიაჩნია ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხიდან უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის საწყობებიდან გადაეცემა, რათა კიევმა ბრძოლის ველზე საჩქარო საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს. დანარჩენი 300 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში იქნება გადაცემული, რათა კიევმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

ცალკე თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ USAI-ის ფარგლებში უკრაინას მეტოქის დრონებთან საბრძოლველად დამატებითი ლაზერით მართვადი საბრძოლო მასალა გადაეცემა.

პაკეტში, ასევე, შევა დამატებითი საბრძოლო მასალა NASAMS საზენიტო კომპლექსებისთვის, დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები, Javelin და AT-4 სისტემები, 3 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა და ყუმბარები ცეცხლსასროლი იარაღისთვის, და ა.შ.

 

მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით თანაპარტიელებს მიმართავს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით თანაპარტიელებს მიმართავს.

როგორც ის აღნიშნავს, საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.

„მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს, მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.

ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით 19 ოქტომბერს მიიღო. ცვლილებებს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

,,ოპოზიციის ნაწილს არ უნდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”- ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მედიასთან აცხადებს, ოპოზიციის ნაწილს კანდიდატის სტატუსი არ უნდა.

„სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ოპოზიციის ნაწილს არ უნდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იციან საზოგადოების ადა ევროკავშირის განწყობა და ახლა ყველაფერს ცდილობენ, რომ თითქოს ისინიც ამ სტატუსისთვის იბრძვიან, მაგრამ „კუდი“ მაინც უჩანთ და მათ განცხადებებში ჩანს, არ უნდათ, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„თრანზიშნ მედიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სერგი კაპანაძე წერს, რომ ბედის ირონიით, საქართველომ შესაძლოა წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ბლოკის 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად.

,, ხაბეიშვილი პოლიტიკური პაროდიაა”- ხუხაშვილი

„რა გგონიათ, ხაბეიშვილისთვის ვინ უფრო დიდი პრობლემაა, მელია თუ სოფო ჯაფარიძე? ვფიქრობ, ჯაფარიძე“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილი პოლიტიკური პაროდიაა.

„როგორც პარტიის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი არაადეკვატურად გამოიყურება, მიშაც ხვდება ამას. ეს გამოჩნდა იმაში, რომ სოფო ჯაფარიძე არის ამის ნიშანი. რა გგონიათ, ხაბეიშვილისთვის ვინ უფრო დიდი პრობლემაა, მელია თუ სოფო ჯაფარიძე? მე  ვფიქრობ, სოფო ჯაფარიძე უფრო დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ სააკაშვილმა თავისი პირადი წარმომადგენელი დანიშნა, ოფისი გახსნეს, ეს არ არის პარალელური მენეჯმენტი? თუ ეს პარტია ექსკლუზიურად მიშას უკავშირდება, ყველა ამას თანხმდება, ხაბეიშვილიც მიშას სახელს ეფარება, მიშა, მიშას იძახიან – განა იმიტომ, რომ მიშა უყვართ, მიშა ეჯავრებათ, მიშას გარდა საკუთარი აქტივი რა აქვს ხაბეიშვილს? საკუთარი პოლიტიკური წონა აქვს?!

სოფო ჯაფარიძით ბალანსს აკეთებს, ნახეთ რას აკეთებს სააკაშვილი – კეზერაშვილ-მერაბიშვილს უნდათ ამ პარტიაზე კონტროლი, მათ სააკაშვილი არ სჭირდებათ, სააკაშვილის მხოლოდ ბრენდი სჭირდებათ, რომ აიფარონ წინ, რომ ილოცეთ, ღმერთი ჩვენთან არის, თორემ სააკაშვილი ვის დაკარგვია, რაში აინტერესებთ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

სინოდის განჩინება გამოქვეყნდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება:

ა.წ. 2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
სინოდის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).  სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ განსახილველი საკითხების წარსადგენად სიტყვა გადასცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).

მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პირველ საკითხად განავრცო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ შემოთავაზებული თემა და ისაუბრა უკრაინასა და წმინდა მიწაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ.
წმინდა სინოდის საერთო პოზიცია ასე ჩამოყალიბდა:

1. უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაავრცელა მიმართვა კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად მძიმე შედეგებს მოიტანდა.

დღეს კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, ნათელია, რომ იქმნება გლობალურად ფეთქებადსაშიში გარემო, რაც მთელ მსოფლიოს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.

უკრაინასა და ღაზის სექტორში წარმოებული ომების შედეგად უკვე დიდია მსხვერპლი. ჯარისკაცებთან ერთად იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ზოგადად, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით ძალადობასაც.
გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა… ცალსახად დასაგმობია და მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა – ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი.

ვუერთდებით ყველა კეთილი ნების ადამიანის ლოცვას და შევთხოვთ ღმერთს, მშვიდობა მოანიჭოს უკრაინას, წმინდა მიწას და მთელ მსოფლიოს.

2. მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდს გააცნო საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის მმართველის, ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) წერილი, რომელიც ეხებოდა მასთან, ანუ მმართველ მღვდელმთავართან, შეუთანხმებლად საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან სასულიერო პირების გახშირებულ ჩასვლას კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მის ეპარქიაში გარკვეული სირთულეებს ქმნის.

წმინდა სინოდმა დაადგინა:

მხედველობაში იქნეს მიღებული ეპისკოპოს საბას პოზიცია, რაც გულისხმობს ამგვარ სასულიერო პირთადმი ზომების გამკაცრებას.

3. მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე – მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე.
წმინდა სინოდმა განაჩინა:

ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში.

4. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა მღვდელმთავრებს, გაეკეთებინათ მოკლე ანგარიში მათ ეპარქიებში არსებული ვითარების შესახებ.

წმინდა სინოდმა მოისმინა ნიქოზისა და ცხინვალის და მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) მიმოხილვა ცხინვალისა და ახალგორის დროებით ოკუპირებულ რაიონებში მონაზვნებისა და მღვდელმსახურების მდგომარეობისა და ეკლესია-მონასტრების თაობაზე.

უცხოეთში არსებულ საგანმანათლებლო პრაქტიკაზე ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე).

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლებისადმი ზრუნვის საჭიროებაზე.

მარგვეთისა და უბის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) სინოდის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა უბისის მონასტერში არსებულ სიტუაციაზე.

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ისაუბრა მომლოცველთა ჯგუფების ეპარქიებში ხატებით მსვლელობის პრაქტიკაზე, რასაც საფუძველი 1989 წელს ჩაეყარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და დღეისთვის უკვე გაცილებით ორგანიზებული და მასშტაბური სახე აქვს მიღებული. ითქვა ისიც, რომ ხატებით მოგზაურობა საქართველოს ეკლესიის უცხოეთის სამრევლოებშიც იგეგმება.
სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) ხაზი გაუსვა იმ დადებით შედეგებს, რაც გამოიღო თრუსოს ხეობაში მონასტრების ამოქმედებამ; კერძოდ, ხელი შეეწყო მომლოცველთა და დამთვალიერებელთა მსვლელობებს და ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობას.
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღინიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ეპარქიებშიც გვაქვს და ეს პროცესი უნდა წახალისდეს, რითაც გამოცოცხლდება მიტოვებული ხეობები და სოფლები.

5. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ მღვდელმთავრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ახალგაზრდებში ღრმა აზროვნებისა და რელიგიური ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე დარგობრივ განათლებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.ამასთან, მან მოიწონა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისათვის მღვდელმთავრების პერიოდულად მოწვევის პრაქტიკა.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოკლე ანგარიშით მიმართა წმინდა სინოდის წევრებს.მღვდელმთავრებმა ასევე დამატებით გამოთქვეს მოსაზრებები სოციალურ და დემოგრაფიულ საკითხებზეც.

,,სააკაშვილი გადასაყვანია ციხეში”- ვიქტორ ჯაფარიძე

ექს-პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და არგუმენტად ასახელებს იმას, რომ სააკაშვილი სიმულირებდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

„სააკაშვილს აქვს ოპერაცია გაკეთებული და არაფერი ციხეში არ დამართვია. მე თავიდან ვიყავი წინააღმდეგი გადაყვანის, რატომ უნდა გადაგვეყბანა? ჭამოს, დამთავრდა! ვინმე არ აჭმევდა, აშიმშილებდა თუ რა? მაშინაც და ახლაც ვამბობდი და ვამბობ – მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო შეცდომა. არ შეჭამდა? როგორო ბოლოც ექნებოდა, ექნებოდა ისეთი ბოლო – ეს არის მაოხრებელი გზირი, გინდა უკრაინაში ყოფილიყო და გინდა სადმე სხვაგან,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, პატიმრებთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტის არსებობა დაუშვებელია და სააკაშვილი გადასაყვანია ციხეში.

„ეს კაცი არის დაბადებული იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ამყოფოს გაუგებრობაში, ტერორში, უბედურებაში. დაიღალა ეს ხალხი მართლა და მართლა. ამიტომაც გადასაყვანია ციხეში. იმ ექიმებმა მოუხმონ გონებას, კი თავს იზღვევენ, მაგრამ გასცენ რეკომენდაციები და გადავიყვანოთ. თუ რამე დაემართება – ბოლობოლო ილია ჭავჭავაძეა მკვდარი და რა ვქნათ ახლა,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

,,როგორც ყოველთვის მიშას რეკომენდაციებს ახლაც გავითვალისწინებთ” – გია ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ პარტიის დამფუძნებლის ეს რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული.

„ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებს პარტია, რომ სწორედ მიშას ეს რეკომენდაცია, როგორც ყოველთვის იყო გათვალისწინებული მისი რეკომენდაციები, იგივე საპარლამენტო სიის ჩამოყალიბებისას, იყოს გათვალისწინებული.“, – თქვა ბარამიძემ.