Home Blog Page 1956

,,ეს არის ფანდი საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლად”- მიხეილ სარჯველაძე

პოლიტიკოსები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალებენ, იმდენად დისკრედიტებული არიან, აზრი არ აქვს მათი გამოყენებით საზოგადოებისთვის რაღაც ახლის შეთავაზებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო სიის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სინამდვილეში ეს არის ფანდი საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლად.

„რეალურად ეს არის ფსონის ჩასვლა დილეტანტიზმზე და გამოცდილებაზე უარის თქმა. იძულებულია, [მიხეილ სააკაშვილი] რომ ეს ნაბიჯი გადადგას. იმდენად დისკრედიტებული არიან პოლიტიკოსები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალებენ, რომ უბრალოდ აზრი არ აქვს მათი გამოყენებით საზოგადოებისთვის რაღაც ახლის შეთავაზებას. ძველის შეთავაზებამ კი ამ პარტიას სასიკეთო არაფერი მოუტანა და შეუძლებელია რამე მოუტანოს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გამოცდილი გახდა იმისთვის, რომ ასეთ ტყუილებსა და ფანდებზე არ წამოეგოს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ახალმა სახეებმა უნდა მიიღონ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარტიას განახლება მართლაც ჭირდება. ნაწილისთვის, კი სააკაშვილის ეს განცხადება, არაფერს ცვლის.

,,თუ პარლამენტარი პარლამენტში დღის წესრიგს ვერ ქმნის, ქუჩაში როგორ უნდა შექმნას?!”- ბაჩო დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო სიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„გვყავს დეპუტატები, რომლებსაც საერთოდ განცხადება არ გაუკეთებიათ, თუ პარლამენტარი პარლამენტში დღის წესრიგს ვერ ქმნის ქუჩაში როგორ უნდა შექმნას? პიროვნული ტრაგედია იქნება ბევრისთვის, რომ შეიძლება გამოეცალოთ კაბინეტები, მანქანები“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ახალმა სახეებმა უნდა მიიღონ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარტიას განახლება მართლაც ჭირდება. ნაწილისთვის, კი სააკაშვილის ეს განცხადება, არაფერს ცვლის.

„ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი”- ერდოღანი

„ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ღაზას დაბომბვის გამო, ისრაელს ისევ აკრიტიკებს. თუმცა, მისივე თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და დაზვერვის უფროსი გააგრძელებენ საუბარს ისრაელთან, ჰამასთან და პალესტინის სხვა ჯგუფებთან.

ერდოღანის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ “ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ომის დანაშაულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანოს”.

მისივე მტკიცებით, ნეთანიაჰუმ დაკარგა ისრაელის მოქალაქეების მხარდაჭერა და მას სურს რელიგიური რიტორიკის საშუალებით “ხოცვა-ჟლეტისთვის მხარდაჭერა მოიპოვოს”.

შეგახსენებთ, ერდოღანმა სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართულ პროპალესტინურ აქციაზე ისრაელს “ომის დამნაშავე” უწოდა.

“ევროპაში კარგად იქნა აღქმული შარშან დაშვებული შეცდომის ფასი”-მიხეილ სარჯველაძე

ახლა, როგორც ჩანს, ისე როგორც არასდროს, გაზრდილია შანსები ჩვენი ქვეყნის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – ევროპაში კარგად იქნა აღქმული შარშან დაშვებული შეცდომის ფასი და ის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც საქართველოს მიმართულებით გაფართოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება მთელი ამ ხნის განმავლობაში დაუღალავად იბრძოდა, რომ ყველა პირობა ყოფილიყო დაკმაყოფილებული, რათა ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციამ კი მთელი ძალისხმევა ამ პროცესისთვის ხელის შეშლას მოახმარა.

„ოპოზიციის მხრიდან დიდი მცდელობა მოხმარდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტად ხელი შეშლოდა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. აქვე უნდა ითქვას, რომ კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა იმსახურებდა ჯერ კიდევ შარშან, ახლაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ყველა, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ამ შეხედულებას არ იზიარებს და თვლის, რომ დღეს კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, მათ ინტერესში არის უბრალოდ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ შეძლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამის მიზანი, სამწუხაროდ, ოპოზიციას აქვს, ამის ინტერესი აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათი სურვილია, ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს წარმატება, რომ ეს შემდეგ გამოიყენონ ხელისუფლების წინააღმდეგ არგუმენტებად, ბრალდებებად და ამით შეეცადონ ხელისუფლების წინააღმდეგ გამკლავება. ეს არის მთელი ამოცანა, რომელიც დაისახა ოპოზიციამ იმ დღიდან, როდესაც 12 რეკომენდაციას გამოუცხადა ბოიკოტი. სინამდვილეში, ეს იყო ქვეყნის საბოტაჟი. ყველა, ვინც ამ დებულების მომხრეა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს, არის ის ხალხი, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესზე მაღლა, დგას სრულიად სხვა ინტერესი, ვიწროპარტიული ინტერესი, იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია თუ მაგალითად ბატონი კუბილიუსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების დასამარცხებლად. არ ვიცი რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ეწინააღმდეგება ქვეყნის პროგრესს. მას განსხვავებული შეხედულება კი არ აქვს ქვეყნის პროგრესთან დაკავშირებით, არამედ ის ეწინააღმდეგება ქვეყნის პროგრესს იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მიეწეროს რაიმე დამსახურება. არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ რიტორიკაში ასეთი ცნებების შემოტანა როგორიც არის -„ხალხი იმსახურებს“, ეს აჩენს სივრცეს იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მთლიანობაში არ იმსახურებს.

ახლა, როგორც ჩანს, ისე როგორც არასდროს, გაზრდილია შანსები ჩვენი ქვეყნის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ დამსახურებასაც, ვგულისხმობთ იმასაც, რომ პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისითაც, ევროპაში კარგად იქნა აღქმული შარშან დაშვებული შეცდომის ფასი და ის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც საქართველოს მიმართულებით გაფართოებას“,- განაცხადა სარჯველაძემ.

საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა

საბერძნეთში 2 ქართველი მეზღვაური დაიღუპა.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაშავდა ქართველი მეზღვაური.

მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, „General Hospital of Ioannina G. Hatzikosta”, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.

აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს“, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ.

პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

როგორც პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, გამოძიებას ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი აქვს მოპოვებული, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. პროკურორის განმარტებით, უფროსი ოფიცერი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ის წინა სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულები კი აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული.

ამასთან, პროკურორმა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააყენა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ინგა შარაშენიძის განცხადებით, ივერი ნატრიაშვილი საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა და დეტალური ჩვენება მისცა. ადვოკატის თქმით, სახეზე გაუფრთხილებლობითი დანაშაულია და არა განზრახი, ის საჯარო მოხელე 14 წლის განმავლობაში იყო და არც ერთხელ, გადაცდომა არ ჰქონია.

შარაშენიძის განმარტებით, ესკორტის უფროსი ტელეფონზე საუბრობდა, რითაც პატიმრებმა ისარგებლეს და გაიქცნენ, რაც ადვოკატის თქმით, ეს არავითარი შეთანხმება არ იყო და იყო შემთხვევითობა.

მოსამართლემ პროკურატურის ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა.

გამოძიების ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ივერი ნატროშვილმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები სათანადოდ არ ჩაკეტა, რითაც, სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

ნეპალში მიწისძვრას 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნეპალში მიწისძვრას 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 140 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნეპალის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა პარასკევს, 23:47 საათზე მოხდა. გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითმა ცენტრმა მიწისძვრა 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრით შეაფასა.

მიწისძვრამ ნეპალის დასავლეთ რაიონში სახლები დაანგრია და მისგან გამოწვეული ბიძგები მეზობელ ინდოეთში, ნიუ დელიშიც იგრძნობოდა. ოფიციალური პირების განცხადებით მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას სახლი დაბომბა -Reuters

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას სახლი დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არაბული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ისმაილ ჰანიას სახლზე საჰაერო შეტევა განახორციელა.

ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ჰანიას ოჯახის წევრები სახლში.

მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია კატარში ცხოვრობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის წევრი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.

„მოუთმენლად ველით პარლამენტში მის გამოსვლას“, – წერს ჟელეზნიაკი „ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეფორმების პოზიტიურ შეფასებაზე მიუთითებს.

პოლიტიკოსების უმრავლესობა, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, პოლიტიკურად დისკრედიტებული ფიგურები არიან -სარჯველაძე

პოლიტიკოსების უმრავლესობა, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, საზოგადოების თვალში პოლიტიკურად უკიდურესად დისკრედიტებული ფიგურები არიან, შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები იძულებით ნაკარნახებია, – ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩვენო სიის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტრირებისას აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა: „მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი პარტიული სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“.

სარჯველაძის თქმით, ეს არის ფანდი საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლად.

„არ მგონია, რომ ეს ვენდეტაა. ეს საკმაოდ კარგად გათვლილი ჩანაფიქრია. სინამდვილეში, ფანდია საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლადაც, რადგან პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა, თუ არა უკლებლივ ყველა, ვინც წარმოადგენს დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების თვალში პოლიტიკურად უკიდურესად დისკრედიტებული ფიგურები არიან. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ცვლილებები უბრალოდ, იძულებით ნაკარნახებია. ისინი რასაკვირველია, შეეცდებიან, რომ გადაანაცვლონ ეს ხალხი ჩრდილში, როგორც აკეთებდნენ. მაგალითად, მერაბიშვილთან მიმართებაში და ა.შ. წინა სცენაზე გამოიყვანონ ადამიანები, რომლებითაც შენიღბავენ საკუთარ ძალიან მანკიერ და ტოქსიკურ რეპუტაციას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით, რაა!” ამ ხალხის საყურადღებოდ: თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც დავდივარ – მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდა, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო”-მელია

გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშივებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნიკა მელია წერს, ვიდრე „სხვას რამეს მოუწოდებენ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედონ“.

„მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით, რაა!“, ამ ხალხის საყურადღებოდ: თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მითუმეტეს, არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა. მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო. ბნელ მხარეს გადავიდაო. რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს.

ახლა კი, გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშივებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის.

სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის, ან პარტიის რიგითი წევრის თვალით”, – წერს ნიკა მელია.

70 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადიცია განხორციელდა – პროკურატურა

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების იფორმაციით, აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

„ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და მათი ფუნქციონირება უზრუნველყო. თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ძებნილი პირი აშშ-ში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის და მითითებული პირის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიციის ფაქტს, დღეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილი პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისთვის.

როგორც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულის ექსტრადიცია განხორციელდა საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობის შედეგად, რათა აღნიშნული პირი წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე.

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკოლ მ. არგენტიერის განცხადებით, ეს ექსტრადიცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყვეტი კოორდინაციის და პარტნიორობის შედეგია.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დაუშვებლად ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2023 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ძებნილი პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. ძებნილი პირის საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირება აშშ-ის მარშალთა სამსახურის მიერ მოხდა.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.