Home Blog Page 1956

საქართველოს ისტორიაში პირველად, სანდრო ბაზაძემ ფარიკაობის მსოფლიოს უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

საქართველოს პირველი ხმალი, მსოფლიოს საუკეთესო ხმალიც გახდა – სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში, მსოფლიოს უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

ეგვიპტის ქალაქ “შარმ ელ შეიხში” გამართულ ღონისძიებაზე, სანდრო ბაზაძეს პირველობა 134 დელეგატიდან 120-მა მიანიჭა.

ეგვიპტიდან საქართველო სხვა პრიზითაც დაბრუნდა – ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.

“რუსმა ოკუპანტებმა ომის წარმოების 110 ათასზე მეტი კანონი და წესი დაარღვიეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსმა ოკუპანტებმა ომის წარმოების 110 ათასზე მეტი კანონი და წესი დაარღვიეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პროკურატურის თანამშრომლებისთვის გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.

როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, ახლა პროკურატურის თანამშრომლების საქმეა უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის იურიდიული ფუნდამენტის შექმნა.

ზელენსკიმ თქმით, როგორც მშვიდობიან პერიოდში ასევე ომი პირობებში აღნიშნული ფუნდამენტი მაქსიმალურად მყარი უნდა იყოს, რათა უკრაინამ ფაქტებზე დაყრდნობით შეძლოს სიმართლის მოყოლა რუსეთის აგრესიისა და ოკუპანტების მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი დანაშაულის შესახებ მოყოლა.

„უკრაინელი პროკურორების, გამომძიებლების, დეტექტივების, ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის ხარისხი საბოლოო ჯამში არის რუსეთის დასჯის შეუქცევადობის გარანტი ყველაფერი იმისთვის, რაც მათ ჩაიდინეს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. ყველა იმ სიმხეცის შესაბამისი მტკიცებულებითი ბაზის შექმნა, რომელსაც რუსები ჩვენს მიწაზე სჩადიან, ძალიან საპასუხისმგებლო და ისტორიულად წონადი სამუშაოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პროკურატურები ოპერატიულად მუშაობენ ყველა ტერორის აქტზე, თავდასხმასა და დამცირებაზე, რომელიც რუსეთმა განახორციელა და მომავალშიც განახორციელებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. უკრაინას შეუძლია დაიცვას და დაიცავს კიდეც თავის დამოუკიდებლობას. ასევე, მე ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინას შეუძლია უზრუნველყოს პასუხისგებაში მიცემა ყველა მათგანისა, ვინც მოიტანა ომი და ტერორი ჩვენს მიწაზე. ჩვენი სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს შესაბამის პროცესებს ყველა დონეზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

“სასაცილოა, რომ დღეს არესტოვიჩმა იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რასაც „ხალხის ძალა” წელიწადნახევარია თავის წერილებში ამბობდა”

ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ საქართველო, როგორც მეორე სიმძიმე, ისე ჩამოყალიბებულიყო მეორე ფრონტის სახით, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და შემდეგ საზოგადოებას თავისი ჩართულობით, ეყო ჭკუა, რომ აერჩია მყარი პოზიცია – არ ჩართულიყო ომში, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეაფასა.

მისი თქმით, უახლოეს წარსულში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის მძიმე ინტერვენცია მოხდა, არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ იქ ომი არ დაწყებულიყო. შედეგად, სახეზეა რთული ვითარება ქვეყანაში და ამ რეალობის შეფასებისას სახეზეა გადაბრალების პოლიტიკა.

„ახლა გამოჩნდება არესტოვიჩი, პოდოლიაკი, დანილოვი, არახამია… გადაბრალებებიც ბევრი იქნება და აღიარებებიც. მეღიმება, არესტოვიჩი ბოლო ჟამს რასაც ამბობს და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებს ვაქვეყნებდით, სადღაც მისი მონაწილეობაც ხომ არ იყო. მაშინ სხვა სიმღერას მღეროდა და დღეს საუბრობენ იმ რისკებზე, რაზეც ჩვენ ვწერდით. მაშინ, მიუღებელი იყო ეს ყველაფერი და რუსეთუმეობის იარლიყის მიწებება ხდებოდა ყველაზე და ყველაფერზე, მაგრამ ახლა თავად საუბრობდნენ.

იმაზე, თუ როგორ წამოგვცდა, რომ დასავლეთი რუსეთთან ომს აგებდა, დღეს მაღალი თანამდებობის პირები საუბრობენ. დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა ღიად განაცხადა, რომ ის არ მიაწვდის იარაღს უკრაინას. არესტოვიჩი ღიად საუბრობს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შესაძლებელი იყო ეს სიმძიმე აეცილებინათ უკრაინისთვის, მაგრამ გარე ფაქტორების გათვალისწინებით (სხვათა შორის, მაშინ ჩვენც გვახსოვს, რომ უკრაინამ სცადა მოლაპარაკებებში შესვლა), მათ ღიად მიანიშნეს, რომ არ იყო ომის დასასრულისკენ წასვლის დრო. ეს ყველაფერი გვახსოვს. სამწუხაროდ, ძალიან რთულად ვითარდება პროცესები. ცუდია, მძიმეა, მაგრამ რეალობაა, რომ მეორე პლანზე გადაინაცვლა უკრაინის სიმძიმის თემამ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

მისი თქმით, იყო მცდელობა, რომ იგივე სიმძიმის მოვლენები საქართველოშიც განვითარებულიყო.

„თუ ჩვენ გავავლებთ პარალელებს და იმავეს გავაკეთებდით, რასაც გვთხოვდნენ, აქაც იგივე სიმძიმე იქნებოდა. საზოგადოება ამას სწორად აფასებს და იმიტომ არის ალბათ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ომის პარტიის აქაურ წარმომადგენლებს ის ქუჩაში არ მიჰყვება და სწორსაც აკეთებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პროკურატურამ წალკაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წალკაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს, ნაჯახით, თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო მკაფიო განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და მიმდინარე ოკუპაცია”

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო მკაფიო განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და მიმდინარე ოკუპაცია, – ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩმა, ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმიდან საქართველოს მიმართ ისმოდეს მკაფიო, მხარდამჭერი გზავნილები.

„მოგეხსენებათ, ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არის კონსენსუსზე დაფუძნებული, მაგრამ რუსეთის აგრესიის ფონზე მთლიანად სამეზობლოში, რაშიც იგულისხმება უკრაინაში მიმდინარე ომი, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია, ცხადია, ძალიან ძნელია კონსენსუსის რეჟიმში მუშაობა. ამიტომ ამ ორგანიზაციაში მეგობრები ყოველთვის ძალიან ხმამაღლა გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამჯერადაც ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მკაფიო განცხადებით კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, მიმდინარე ოკუპაცია, ამ ტერმინზე ხაზგასმით და ყველა ის მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული შედეგი, რომელზეც პასუხისმგებელია რუსეთი. მოხდა აღნიშვნა საერთაშორისო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების და იქნა მკაფიო მოწოდება ასევე რუსეთის მიმართ, რომ გაიყვანოს საკუთარი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან და პატივი სცეს საქართველოს და მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

განცხადებაში ასევე აღნიშნული გახლავთ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა, როგორც უმძიმესი, უკიდურესი გამოვლინება იმ წნეხისა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას მავთულხლართების ორივე მხარეს უწევს ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ასევე აღნიშნულია, რომ ეს არ არის, საუბედუროდ, პირველი შემთხვევა და უკვე იდენტიფიცირებული დამნაშავეები არ არიან დასჯილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საერთაშორისო თანამეგობრობის, კონკრეტულად ამ ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ძალისხმევის მობილიზებას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმიდან საქართველოს მიმართ ისმოდეს ასეთი მკაფიო, მხარდამჭერი გზავნილები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს 30-ე მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ეუთოში მკაფიო განცხადება გააკეთა. 18 სახელმწიფო, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და საქართველოს მხარდასაჭერად გაერთიანდა. განცხადებაში საუბარია თამაზ გინტურის მკვლელობასა და ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ჯანდაცვის სამინისტრო, სუბსპეციალობის პროგრამაში – „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს

ჯანდაცვის სამინისტრო, სუბსპეციალობის პროგრამაში – „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარის, იმერეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მაცხოვრებელი 10 ექიმის გადამზადება მოხდება.

„გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას უზრუნველყოფენ.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სწავლის, ისე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები).

სასამართლო ექსპერტების გადამზადების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი სამინისტროს ელ-ფოსტაზე info@moh.gov.ge უნდა გამოაგზავნონ“, – აღნიშნულია გავცრელებულ ინფორმაციაში.

შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული 8,81 მილიარდი დოლარის ფინანსური აქტივები გაყინა

შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივები გაყინა. გაყინული აქტივების ჯამი 8,81 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ნაბიჯი შვეიცარიამ იმ სანქციების ფარგლებში გადადგა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო რუსეთის დასჯას ემსახურება.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.

ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO), რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა წინასწარი შეფასებითაა და შეიძლება შეიცვალოს.

სამდივნომ აღნიშნა, რომ ზუსტი ციფრის დადგენა რთული იყო სანქციების სიიდან ახალი ადამიანების დამატების ან ამოღების გამო.

მათ განმარტეს, რომ უფრო ზუსტი მაჩვენებელი მომავალი წლის მეორე კვარტალშია მოსალოდნელი, როცა შვეიცარიული ბანკები მთავრობის წინაშე მოხსენებით წარდგებიან.

ოფიციალურმა ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი სავალუტო აქტივების 7,4 მილიარდი ფრანკის ოდენობით.

“სისტემა აშკარად მოშლილია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეუთო-ს მინისტერიალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობა საბოლოოდ ანგრევს „შეუმდგარ“ ორგანიზაციას.

როგორც სააკაშვილი წერს, სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს და ამ მხრივ, ლავროვის გასეირნება მინისტერიალზე, პირიქით, სასარგებლო იყო.

„ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტერიალში სკოპიეში. მგონი, ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს, ამ პრინციპში შეუმდგარ ორგანიზაციას. ამას ვამბობ გულისტკივილით, ვინაიდან 1992 წლის თებერვალში, მე და ზაზა გოგსაძე პირველად შევხვდით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ეუთო-ს ხელმძღვანელობას და ჩავიტანეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნა.

ცხინვალში რუსების მხარდაჭერით დაგომისის ხელშეკრულების ფარგლებში, ეუთო-ს მისია შეიყვანეს, რომელიც თავიდანვე რუსეთის ჯაშუშებით იყო სავსე. 2008 წლის წინ მათ გაწმენდას იქიდან ცდილობდა მისიის ხელმძღვანელი ფინელი ელჩი ტერი ჰაკალა. თუმცა, ამ ჯაშუშებს, განსაკუთრებით ერთ ბრიტანელს, ცენტრალური ოფისიდან მფარველობდნენ.

ომის დროს ეუთო-მ სრულიად პასიური როლი დაიკავა და შემდგომში ცხინვალის ოფისის თანამშრომლები საქართველოს ადანაშაულებდნენ და რომ არა ჰაკალას მყარი პოზიცია, აუცილებლად დიდი პროპაგანდისტული ზიანი მოგვადგებოდა.

ასევე 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს მოხსენება იყო სამარცხვინო და აშკარად, ეტყობოდა ოლიგარქთან გარიგების კვალი.

მოკლედ, სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს. ამ მხრივ, ლავროვის გასეირნება მინისტერიალზე, პირიქით, სასარგებლო იყო”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის „ფესბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

“ღაზის სექტორში 137 მძევალი რჩება, მათ შორის 115 კაცი, 20 ქალი და 2 ბავშვია” – ისრაელის მთავრობა

ისრაელური მხარის ინფორმაციით, 110 მძევლის დაბრუნების შემდეგ ღაზის სექტორში კიდევ 137 მძევალი რჩება. ამის შესახებ Times of Israel-ი იტყობინება.

ისრაელის მთავრობის პრესმდივნის, ეილონ ლევის განცხადებით, ღაზის სექტორში მყოფ 137 მძევალს შორის 115 კაცი, 20 ქალი და 2 ბავშვია. 10 მძევალი 75 წელს არის გადაცილებული, 126 ადამიანი ისრაელის, 11 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ყველაზე ახალგაზრდა მძევალი 10 თვის კფირ ბიბასია, რომელთან ერთადაც „ჰამასის“ ტყვეობაში მისი 4 წლის ძმა არიელი და მათი დედა შირი ბიბასი არიან.

ეილონ ლევის განცხადებით, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ 7 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.

“პროგრამა „პრეპში“ 1600-მდე ადამიანი გაწევრიანდა, რომელთაგან აივ ინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პროგრამაში – „პრეპი“ (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა), 1600-მდე ადამიანი გაწევრიანდა, რომელთაგან ამ დრომდე აივ ინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადამიანებს წამალი უფასოდ გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც გარანტირებულია, რომ მათ აივ ინფექცია არ გადაედებათ.

„დიდი პროგრამა, რომელიც მკურნალობას გვერდში ამოუდგა და რომელიც არანაკლებ ეფექტურია – ეს არის „პრეპი“ – პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა, ანუ აივ შიდსის პრევენცია ჯანმრთელ ადამიანებში, მანამ სანამ მათ შიდსი დაემართებათ. აი, ასეთი ადამიანებისთვის არსებობს ეს პროგრამა – მოდის ჩვენთან ან არასამთავრობო, სათემო ორგანიზაციაში, ეუბნება, რომ უნდა ამ პროგრამაში მონაწილეობა, მას უკეთდება შიდსის ტესტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ინფიცირებული ჯერ არ არის. თუ ინფიცირებულია, მას აღარ სჭირდება ეს პროგრამა, მას მკურნალობა ესაჭიროება. თუ ინფიცირებული არ არის, მას მედიკამენტს აძლევენ უფასოდ სამი ან ერთი თვისას და დღეში მხოლოდ ერთი ტაბლეტი უნდა დალიოს. ისიც არა ყოველთვის, არამედ მაშინ, როცა მაღალი რისკის კავშირები ექნება. თუ მას ეს მაღალი რისკის კავშირები, პირობითად, ერთი თვე არ ექნება, მაშინ აღარ უნდა დალიოს. მხოლოდ მაშინ, როცა რისკია, ინფექციის გადადების, ერთ ტაბლეტს მიიღებს და გარანტირებულია, რომ არ დაემართება.

ამ პროგრამაში უკვე გაწევრიანდა 1565 ადამიანი და მათგან მხოლოდ ერთი დაინფიცირდა. მათ მუდმივი კავშირები აქვთ აივ ინფიცირებულებთან და მხოლოდ ერთი დაინფიცირდა. იქაც არის დიდი ეჭვი, რომ ის წამალს გარკვეული პერიოდი არ იღებდა, ანუ არ მოექცა ამ წამალს სწორად.

ეს პროგრამა უნდა გაფართოვდეს და ასეთი პროგრამის სახე აღარ უნდა ჰქონდეს. თითოეულ ახალგაზრდას, რომელსაც უნდა, რომ ჰქონდეს ისეთი კავშირები, რომელიც შეიძლება შეიცავდეს აივ ინფიცირების რისკს, უნდა ჰქონდეს ამაზე ხელმისაწვდომობა, რომ გარკვეულ ადგილებში, აფთიაქებში ეს წამალი აიღოს უფასოდ და ამ სარისკო ქცევის დღეებში მიიღოს. ის დაცული იქნება შიდსისგან დამცავი საშუალების გარეშე.

პროგრამა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ თავიდან უნდობლად ეკიდებოდნენ და წელს ძალიან პოპულარულია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა შეწყდა

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ეგვიპტურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გამშვები პუნქტ რაფაჰის გავლით ჰუმანიტარული ტვირთის გადატანა საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ შეწყდა.

როგორც Reuters იუწყება, ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების დროს გაიზარდა, თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, ჰუმანიტარული დახმარება ჯერ კიდევ ბევრად ჩამორჩება მის რეალურ საჭიროებას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტი ერთადერთი იყო, საიდანაც ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებოდა.

ცნობისთვის, ისრაელის თქმით, მან საბრძოლო ქმედებები განაახლა, ვინაიდან „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია.

“არაფერი დაუკარგავს „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდა” – რომან გოცირიძე

იძახდნენ, არა, არ იქნება სტატუსი და მერე იქნა. ახლა დაგვცინიან ეს „ქოცები“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის მონიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არაფერი დაუკარგავს „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ ოპოზიცია იმ ჯგუფებში არ მონაწილეობდა. პირიქით. სალაპარაკო მიეცა ბევრი! მით უმეტეს, როდესაც სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისკენ ევროკავშირი მოგვიწოდებდა“, – განაცხადა გოცირიძემ.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ორი კვირა რჩება. ხელისუფლებას მის მიერ გაწეული სამუშაოებისა და ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მტკიცე ნაბიჯებით სვლას გააგრძელებენ. ამ პროცესში ოპოზიცია კი ისევ სკეპტიციზმს ავლენს და ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდა. საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ოპოზიციის იმ ქმედებებს იხსენებენ, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.