“საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო მკაფიო განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და მიმდინარე ოკუპაცია”

30
spot_img

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო მკაფიო განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და მიმდინარე ოკუპაცია, – ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩმა, ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმიდან საქართველოს მიმართ ისმოდეს მკაფიო, მხარდამჭერი გზავნილები.

„მოგეხსენებათ, ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არის კონსენსუსზე დაფუძნებული, მაგრამ რუსეთის აგრესიის ფონზე მთლიანად სამეზობლოში, რაშიც იგულისხმება უკრაინაში მიმდინარე ომი, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია, ცხადია, ძალიან ძნელია კონსენსუსის რეჟიმში მუშაობა. ამიტომ ამ ორგანიზაციაში მეგობრები ყოველთვის ძალიან ხმამაღლა გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამჯერადაც ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მკაფიო განცხადებით კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, მიმდინარე ოკუპაცია, ამ ტერმინზე ხაზგასმით და ყველა ის მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული შედეგი, რომელზეც პასუხისმგებელია რუსეთი. მოხდა აღნიშვნა საერთაშორისო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების და იქნა მკაფიო მოწოდება ასევე რუსეთის მიმართ, რომ გაიყვანოს საკუთარი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან და პატივი სცეს საქართველოს და მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

განცხადებაში ასევე აღნიშნული გახლავთ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა, როგორც უმძიმესი, უკიდურესი გამოვლინება იმ წნეხისა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას მავთულხლართების ორივე მხარეს უწევს ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ასევე აღნიშნულია, რომ ეს არ არის, საუბედუროდ, პირველი შემთხვევა და უკვე იდენტიფიცირებული დამნაშავეები არ არიან დასჯილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საერთაშორისო თანამეგობრობის, კონკრეტულად ამ ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ძალისხმევის მობილიზებას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმიდან საქართველოს მიმართ ისმოდეს ასეთი მკაფიო, მხარდამჭერი გზავნილები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს 30-ე მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ეუთოში მკაფიო განცხადება გააკეთა. 18 სახელმწიფო, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და საქართველოს მხარდასაჭერად გაერთიანდა. განცხადებაში საუბარია თამაზ გინტურის მკვლელობასა და ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.