Home Blog Page 1956

ფაშინიანმა რუსეთი უკვე შესყიდული იარაღის მიწოდების შეფერხებაში დაადანაშაულა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი უკვე შესყიდული იარაღის მიწოდების შეფერხებაში დაადანაშაულა და სანაცვლოდ სომხეთის საგარეო ვალის ნაწილის ჩამოწერა შესთავაზა.

მისივე თქმით, სომხეთმა რუსეთს ორმხრივი კონტრაქტების ფარგლებში იარაღის მიწოდების სანაცვლოდ მილიონობით დოლარი გადაუხადა, თუმცა იარაღი ამ დრომდე არ მიუღია.

ფაშინიანის თქმით, მას ესმის, რომ „რუსეთს ახლა თვითონ სჭირდება შეიარაღება“, ამიტომ ეს საკითხი რამდენიმე გზით შეიძლება გადაიჭრას. ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად ფაშინიანმა რუსეთის წინაშე სომხეთის სახელმწიფო ვალის შემცირება დაასახელა.

ვინ არის ავტოდილერი, რომელმაც მოქალაქეების თანხები მიითვისა?

კიდევ ერთი ავტოიმპორტის თაღლითური სქემა – პროკურატურა უკრაინის მოქალაქეს ეძებს, რომელიც 17 მოქალაქეს ავტომანქანის ყიდვას დაჰპირდა და 400 ათას ლარზე მეტით მიიმალა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პროკურატურა ავტომობილების დილერ  და იმპორტიორ  კომპანიებს თაღლითობაში ამხელს, რის გამოც ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები, მოქალაქეებს აფრთხილებენ: მანამ, სანამ ავტო იმორტიორ კომპანიასთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ, კარგად გადაამოწმონ. რადგან ხშირად იაფი და მიმზიდველი მომსახურების უკან მრავალი დაზარებული ადამიანი დგას. და თქვენც არ აღმოჩნდეთ  დაზარალებულთა სიაში, როგორც “პრემიუმ ქარ საქართველოს” შემთხვევაში მოხდა.

პროკურატურა უკრაინის მოქალაქეს ეძებს, რომელიც 17 მოქალაქეს ავტომანქანის ყიდვას დაჰპირდა და 400 ათას ლარზე მეტით მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ უკრაინის მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა.  გამოძიება “პრემიუმ ქარ საქართველოს” დამფუძნებელს და დირექტორს მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად მითვისებას ედავება.

გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს “პრემიუმ ქარ საქართველო” დაარეგისტრირა და ინტერნეტ-სივრცეში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა.

თაღლითურმა კომპანიამ ავტომობილის შეძენით დაინტერესებული მოქალაქისგან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ამ გზით, 17 მოქალაქის კუთვნილი, ჯამში 416 451,79 ლარი მიიღო.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა.

ვინ არის  “პრემიუმ ქარ საქართველოს” დამფუძნებელი?

“პრემიუმ ქარ საქართველოს” დამფუძნებელი და დირექტორი უკრაინის მოქალაქე ვადიმ ვოლოშინია.

საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციით,  “პრემიუმ ქარ საქართველო” მიმდინარე წლის 13 ივლისსაა რეგისტრირებული. კომპანიის საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი გამორთულია.

სასამართლომ ბრალდებულს დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე,  პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებულზე გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები მოქალაქეებს აფრთხილებენ  თავი შეიკავონ არასანდო კომპანიებთან  თანამშრომლობისგან. მათი განცხადებით, მსგავსი ფაქტები მოხშირებულია, რის გამოც ავტომანქანების ყიდვისას, მთავარი კომპანიის სანდოობა უნდა იყოს.

“საავტომობილო სფეროში ასეთი ფაქტები გახშირდა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ სანამ დაბალი ფასით მოიხიბლებით, დარწმუნდეთ ავტო იმპორტიორი კომპანიის სანდოობაში”- აცხადებენ ავტომობილების იმპორტიორ კომპანიები.

“შეხვედრიდან გამოვიტანე მეტად სასიხარულო დასკვნა” – რომან გოცირიძე

შეხვედრიდან გამოვიტანე ერთი მეტად სასიხარულო დასკვნა, თურმე სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი – ადამიანი, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, მივიდეს ადგილზე და გადაიხადოს ფული, ID ბარათს მიუტანენ სახლში,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ 64 ადამიანს აქვს ოფიციალურად უარი დაფიქსირებული აიდი ბარათის აღებაზე რელიგიური მოტივებით და ეს რიცხვი შესაძლებელია მაქსიმუმ 600 იყოს.

„დღევანდელი შეხვედრიდან პირადად ჩემთვის გამოვიტანე ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო დასკვნა, თურმე სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც არ უნდა ჩიპიანი პასპორტის აღება, რომელსაც ჰგონია, რომ ამ ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი. მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველოში მხოლოდ 64 მა მოქალაქემ განაცხადა ე. წ. რელიგიური მოსაზრებით ელექტრონული მოწმობის აღებაზე და სავარაუდოდ, მხოლოდ 600 კაცი შეიძლება იყოს ასეთი, რომელსაც ეშინია ჩიპში ურჩხულების. ეს არის კარგი შედეგი და შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენს მოქალაქეებს იმის გამო, რომ მათ პირადობის მოწმობა ვერ გამოცვალეს მრავალი მიზეზის გამო, ერთი ის, რომ ფული არ აქვთ, ასევე 2011 წლამდე უამრავი ჩვენი მოქალაქე გავიდა უცხოეთში და ამიტომ მივიღეთ მთავარი გადაწყვეტილება, ადამიანს ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, პენსიონერს მივიდეს რაიონულ ცენტრში ან სადმე და გადაიხადოს ფული, მიუტანენ სახლში. სოფლის ცენტრში მივა მანქანა წინასწარ განსაზღვრული სიით, უფასოდ, ყველა მიიღებს პირადობის მოწმობას. 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება, ვინაიდან 2011 წელს შემოვიდა უკვე ჩიპიანი პირადობა. ასე რომ ეს გადაწყვეტილება არის კარგი, ახლა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კამპანია მედიით, ყველა მიმართულებით და ვისაც არ შეუძლია, ოჯახში უნდა მიუტანონ პირადობის მოწმობა,”- განაცხადა გოცირიძემ.

“იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს” -მამუკა მდინარაძე

იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ 7 ნოემბერი რუსეთის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო.

მისი თქმით, „2007 წლიდან ეს გოიმური და მდაბიო „ფეიკ“ მესიჯი მუშაობს”, რაც სიახლეს არ წარმოადგენს.

„იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს. როდესაც არგუმენტები არ აქვთ, დაზეპირებული აქვთ, უნდა თქვან, რომ თემა რუსული იყო. მაგალითად, ამერიკულთან დაკავშირებით არ გაქვს არგუმენტი, ამერიკული კანონია, „ხალხის ძალამ“ თუ ვინც თარგმნა ამას მნიშვნელობა არ აქვს და არგუმენტი არ გაქვს, რა უნდა თქვა? არა, პირდაპირ უნდა თქვა, რომ რუსულია. იგივეა, 2007 წლიდან იყო ეს ამბავი. 2007 წლიდან ეს გომიური და მდაბიო „ფეიკ“ მესიჯი მუშაობს და ახალი არ არის, ახლა უბრალოდ გააძლიერეს. ვინც არ მოსწონდათ და არგუმენტები არ ჰქონდათ ეძახდნენ რუსულს. აქციები იყო, დაარქვეს გადატრიალების მცდელობა რუსული, იმ პერიოდიდან მდაბიო და გოიმური მესიჯია. ახლაც გაახსენდა ის ამბავი, არგუმენტი არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა 7 ნოემბერზე და ახლაც იძახის, რუსული ამბავი იყოო. სამწუხაროდ, ამას აყოლილია არაერთი ადამიანი, ზოგს გულწრფელად სჯერა, ზოგს სუბიექტური ინტერესი აქვს, რომ ასე უნდა დააჯეროს სხვა. ეს რუსული მესიჯი ტრიალებს, 2007 წელთან დაკავშირებითაც კი იყენებს ამ რუსეთუმეობასთან დაკავშირებულ რაღაც სულელურ და გოიმურ მესიჯს“, – განაცხადა მდინარაძემ.

“ღონისძიება ბრწყინვალედ იყო ჩატარებული, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღე უკეთეს ფორმაში მოდის” – სააკაშვილი

გუშინდელი ღონისძიება იყო ბრწყინვალედ ჩატარებული და იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „უმაგრესი გამოსვლები ჰქონდათ ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, გია ხარჩილავას, თიკა ბოკუჩავასა და სხვებს“.

„მანიფესტს რაც შეეხება, მთლიანად ვეთანხმები მის ტექსტს ერთი არსებითი მოსაზრების გათვალისწინებით. ერთის მხრივ, არჩეული ორგანოები უდავოდ ლეგიტიმურია, მეორეს მხრივ, მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ.

მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება, თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7128 ლარი ეღირება, ევრო – 2.9594 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4081 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7122 ლარი ღირდა, ევრო – 2.9558 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3965 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 ნოემბერს ამოქმედდება.

“მელია რომ ცალკე გავიდეს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას” – ირაკლი კობახიძე

მელია რომ ცალკე გავიდეს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თითოეული პროცენტი ენანება, რადგან ბოლო პერიოდში ისედაც ბევრი დაკარგა.

„საშველს ვერ აყენებენ ხაბეიშვილი-მელიას დაპირისპირების და კონფლიქტის საქმეს. იმედია, ბოლომდე მიიყვანენ ამას. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ერთი იმას ცვლის, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება და იმედია, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებას და კინკლაობას. ეს საბოლოო ჯამში კარგია, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ 2024 საპარლამენტო არჩევნები.

მელია რომ ცალკე გავიდეს, ცალკე პარტია ჩამოაყალიბოს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, თითოეული პროცენტი ენანება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისედაც ბევრი დაკარგა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ერთი პროცენტიც მათთვის დასანანი, რომელსაც დაკარგავს მელიას გასვლის შემთხვევაში. ცოტა ენანებათ, მაგრამ თან შიგნითაც ვერ ტოვებენ. არ ვიცი, მათი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.

“ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, საგარეო პოლიტიკის საკითხები არის ის თემა, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ გვექნება საუბარი რადიკალურ ოპოზიციასთან”

ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, საგარეო პოლიტიკის საკითხები არის ის თემა, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ გვექნება საუბარი რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, რაც შეეხება გუნდის შიგნით კონსულტაციებს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება, გაიმართოს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ვთვლით ხოლმე საჭიროდ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, ამას ვაკეთებთ ხოლმე. 11 წლის მანძილზე რა პოლიტიკაც გვქონდა, ამ პოლიტიკით დავუმტკიცეთ ჩვენ ის, რომ სადაც არის საჭირო მოქმედება, იქ აუცილებლად ვმოქმედებთ. რა დოზითაც და როგორც არის საჭირო მოქმედება, ისე ვმოქმედებთ. ამიტომ, გვაცადეთ ასეთი პოლიტიკის წარმოება“, – აღნიშნა კობახიძემ.

თიბისის მხარდაჭერით Film Industry Meetups გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 27 ნოემბერს Film Industry Meetups გაიმართება, რომლის მთავარ თემასაც შემოქმედებით ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების როლი წარმოადგენს. ღონისძიების მიზანი შემოქმედებით სფეროში არსებული პროფესიების მიმართ ცნობიერების ამაღლება, ნეთვორქინგის შესაძლებლობების შექმნა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებისა და ცოდნის გაზიარებაა.

ღონისძიების პირველი ნაწილი ცნობილ კინემატოგრაფ Phedon Papamichael-ს დაეთმობა, რომელსაც მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, ორჯერ არის ნომინირებული The Academy Awards-ზე საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის. იგი ღონისძიებაზე მთავარი სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმობა თემაზე – “თანამედროვე ტექნოლოგიების როლი შემოქმედებით ინდუსტრიაში”, რომლის მოდერატორიც POSTRED-ის დამფუძნებელი და CEO, ბესო კაჭარავა იქნება. პანელური დისკუსიის დანარჩენი მონაწილეები არიან: გიორგი ავალიანი, ალექსანდრე კორძაია (კორძი), ანა მარკოზაშვილი და გიორგი პოპიაშვილი (პოპიკა).

დღის განრიგი:

  • 10:30 – 11:00 – მიღება
  • 11:00 – 11:10 – ღონისძიების გახსნა
  • 11:10 – 12:00 – ფედონ პაპამაიკლის და ბესო კაჭარავას დიალოგი
  • 12:00 – 12:30 – ნეთვორქინგი
  • 12:30 – 13:30 – პანელური დისკუსია

ღონისძიება 27 ნოემბერს, სტამბაში გაიმართება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

R

“სურსათის ხუთ ნიმუშში აკრძალული საღებავები გამოვლინდა” – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათში საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგად ხუთ ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა:

შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“ სენაკი, რუსთაველის ქ. N180 – დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუა; დახლზე მოვაჭრე ფიზიკურ პირთან, ელისო ჯოლოგუასთან აღებულ მისივე წარმოების აჯიკის (დამზადების თარიღი: 13/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა ერთი წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: შპს ცენტრალური ბაზარი, სენაკი, რუსთაველის ქ. N180; შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებულ წითელ წიწაკაში (წმინდად დაფქული, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა ერთი წელი) აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს ლუკა, ქ. ფოთი, ფარნავაზ მეფის N1 (აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), ფიზიკური პირი მზია ზუხბაია; ინდივიდუალურ მეწარმე ზეინაბ გორაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 10/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა: ექვსი თვე) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N4; ინდივიდუალურ მეწარმე ხვიჩა შავაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 12/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა: ერთი წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ქობულეთი, თავისუფლების ქ. N19, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას ექვემდებარება, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ აღნიშნულ ობიექტებზე აქვს შეძენილი დასახელებული სურსათი, თავი შეიკავოს მისი გამოყენებისგან.

სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

“ნიკა მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა” – თინა ბოკუჩავა

ნიკა მელიას მხრიდან მანიფესტზე უარი და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის კონტშეთავაზების გაკეთება კონტრდოკუმენტის სახით არის მისი პოლიტიკური განაცხადი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ნიკა მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა.

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც არის ერთობის მანიფესტის ინიციატორი, ძალიან ცხადად განმარტა, რომ ვინც არ შეუერთდება ერთობის მანიფესტს და მის სულისკვეთებას, ის თავად აღმოჩნდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა. განცხადება გააკეთა ნიკა მელიამ, რომ ის არ უერთდება მანიფესტს, მეტიც, ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს კონტრშეთავაზება გაუკეთა რაღაც კონტრდოკუმენტის სახით, რაც, ვფიქრობ, ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან და ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინდელი შესაძლებლობა მან არ გამოიყენა, რომ ეს ერთობის დოკუმენტი მისთვისაც ყოფილიყო ახალი შესაძლებლობა, რათა ერთიანი ძალებით შევსულიყავით გეოპოლიტიკურ არჩევნებში. შესაბამისად, მან თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და არ განვიხილავთ მელიას პარტიის წევრად. ამ გადაწყვეტილების ფორმალიზების ნაწილში მე ვერ შევალ და არც შევალ, რადგან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ არის რაღაც ფორმალისტური, ტექნიკური და იურიდიული დეტალების საკითხი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მან თავად მიიღო“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ნიკა მელია გუშინდელი დღის შემდეგ ითვლება თუ არა პარტიის წევრად, თინა ბოკუჩავამ განაცხადა:

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან ცალსახად განმარტა, რომ ვინც არ აწერდა ერთობის მანიფესტს ხელს, ის თავად იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მელიას მხრიდან აღნიშნულ მანიფესტზე უარი და პრეზიდენტისთვის კონტშეთავაზების გაკეთება კონტრდოკუმენტის სახით არის მისი პოლიტიკური განაცხადი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“აზერბაიჯანთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება” – პრემიერი

საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში.

„დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ასევე, მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, უზრუნველყოს სტაბილურობა, კეთილდღეობა მთელ რეგიონში. რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში და საბოლოო ეტაპზეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება წელიწადში 100 მლნ ტონა. ასევე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც გასულ წელს, დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48 პროცენტით.

„2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მლნ ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი“, – აღნიშნა პრემიერმა.