Home Blog Page 1954

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ჩვენს შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ – შამბა

ქართულ აფხაზური კონფლიქტი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობები უნდა მოვძებნოთ“.

 

ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა ავრცელებს.

 

შამბამ ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბრის დროს განაცხადა. „მე ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია. აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს ჩემი პოზიცია არ მოსწონს. თუ არსებობს პრობლემა, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ. არ არსებობენ ისეთი ერები, რომლებიც არიან მეზობლები, ზოგჯერ ნათესავებიც, ერთმანეთში ომი რომ არ ჰქონოდათ. ამის ნათელი მაგალითია მთელი ევროპა“, – განაცხადა სერგეი შამბამ. შამბა ამბობს, რომ როგორც აფხაზური, ასევე ქართული მხრიდან ბევრი ადამიანი საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი. „მე მგონი, ეს გარკვეული დროის შემდეგ ჩაივლის. ომის შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა და, პრინციპში, ურთიერთგაგების მიმართულებით მოძრაობის დაწყება ამ ხნის მანძილზე შესაძლებელი იყო. მაგრამ ეს ნელა ხდება. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ქართველ ოპონენტებს ხშირად ხვდებოდნენ. ეს საჭირო იყო ერთმანეთის პოზიციის გასაგებად, რათა პრობლემის მოგვარება მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო. ახლაც ამის მომხრე ვარ“, – განაცხადა შამბამ. მისი თქმით, ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობს კონფლიქტი, რომელიც მრავალი ისტორიული გარემოებით და პირველ რიგში, ომით არის გამოწვეული. „იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი მოვაგვაროთ, უნდა ვისაუბროთ და მომავალი თანაცხოვრებისთვის გზები მოვძებნოთ“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

,,აშშ პალესტინელების იძულებით გადასახლებას არ დაუშვებს”-

აშშ არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ღაზის სექტორიდან ან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან პალესტინელების იძულებით გადასახლებას, ღაზის ალყაში მოქცევას ან მისი საზღვრების შეცვლას , – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.

როგორც BBC-ი წერს, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

 

უკრაინის საზღვრის ბლოკირება სლოვაკმა ავტო გადამზიდავებმაც დაიწყეს

პოლონეთის შემდეგ, უკრაინის საზღვრის ბლოკირება სლოვაკმა ავტო გადამზიდავებმა დაიწყეს. აქციის მონაწილეები არათანაბარ კონკურენციას აპროტესტებენ და ევროკავშირს სთხოვენ, რომ უკრაინული პროდუქციის ევროპის ქვეყნებში შეტანის შეღავათიანი პირობები ისევ გამკაცრდეს.

საუბარია იმ სალიცენზიო ნებართვის აღდგენაზე, რომელიც ევროკავშირმა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, უკრაინის ეკონომიკის წასახალისებლად გააუქმა.

პრემიერს Emaar Properties დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა უმასპინძლა. დუბაიში, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაზეც Emaar Properties-ი აქტიურად მუშაობს. მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის- ბურჯ-ხალიფას მფლობელია. Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. Emaar Properties აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.

ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ირანი, რუსეთი და ჩინეთი 2024 წელს სპარსეთის ყურეში ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. ირანული სააგენტო Mehr-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, კონტრ-ადმირალმა შაჰრან ირანიმ განაცხადა.

 

„დამკვირვებლების სტატუსით წვრთნებზე მოწვეულები არიან პაკისტანი, ბრაზილია, ომანი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა“, – აღნიშნა შაჰრან ირანიმ. მისივე თქმით, წვრთნების უდიდესი ნაწილი ჯასკის რაიონში გაიმართება, წლის ბოლომდე კი ამ რაიონში ირანის მაღალი სიმძლავრის მქონე ქვედანაყოფებს განათავსებს.

,,რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სამუშაო ჯგუფების საბოტაჟი გაგრძელდება”- ვოლსკი

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სამუშაო ჯგუფების მუდმივი საბოტაჟი გაგრძელდება – გამოიყენებენ სიტყვა „დათქმას“, „პირობას“ და ეცდებიან, 15 დეკემბრამდე იქნებ კიდევ რაიმე სირთულე შეუქმნან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სტრატეგიული ამოცანა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევრო რეკომენდაციების თაობაზე სამუშაო ჯგუფების შესახებ ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხმა სერიოზული ისტერიკა გამოიწვია, რადგან ოპოზიციას სტატუსის მიუღებლობის გამო დესტაბილიზაციის რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა ჩაეშალა“.

„მუდმივი საბოტაჟი, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფებს გაუწიეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რა საკვირველია, ისევ გაგრძელდება. მათი სტრატეგია არ იცვლება და მიზეზიც არ გამოელევათ. სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ამ სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებამ იმიტომ, რომ ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ სტატუსის მიუღებლობის გამო დესტაბილიზაციის რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო. ეს არ მოხდა და აქედან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდში ისაუბრებენ ყველაფერზე – გამოიყენებენ სიტყვა დათქმას, პირობას და ეცდებიან, 15 დეკემბრამდე იქნებ კიდევ რაიმე სირთულე შეუქმნან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის სტრატეგიული ამოცანა და ამის უკან იმაზე საუბარი, რომ ისინი არ იყვნენ ჩართულები რაღაც გეგმის შემუშავებაში აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილი მიზეზია, რომელიც არასდროს გამოელევათ. ვფიქრობ, მომავალშიც იქნება მათი მხრიდან დესტრუქციული საბოტაჟის ამოცანა განხორციელებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ „ადამიანები საქართველოში სამართალს ვერ პოულობენ და არსებობს პრობლემა ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“.

ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, „რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს“.

„პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, მექანიზმი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს, რათა იქნებ 15 დეკემბრის წინა პერიოდში მაინც შექმნას ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და თუ ამ ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე მაინც დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჰქონდეს სასაუბრო, რომ პოზიტიური განწყობილება საზოგადოებამ ან მისმა ძალისხმევამ განაპირობა. ამას უკავშირდება მისი, ერთი მხრივ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა, მეორე მხრივ კი დამაზიანებელი, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუ ეს განაცხადა სასამართლოს ეხება, კარგად იცის, რომ სტრასბურგში მიმართვები საგრძნობლად შემცირდა, იმდენად, რომ ეს შეიძლება განაპირობებს კიდეც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მოწინავე პოზიციებზე შეფასებას და რეიტინგებში დაწინაურებას“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

სომხეთმა კოსმოსში საკუთარი თანამგზავრი პირველად გაუშვა

სომხეთმა კოსმოსში პირველად საკუთარი თანამგზავრი Hayasat-1 გაუშვა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო იტყობინება.

თანამგზავრი სომხური კვლევითი ცენტრის Bazoomq-ისა და სამეცნიერო ინოვაციებისა და განათლების ცენტრის მიერ შეიქმნა.

თანამგზავრმა სექტემბერში შესაბამისი სამინისტროსგან ლიცენზია მიიღო.

თანამგზავრი 1-ელ დეკემბერს აშშ-ში სომხეთის დროით 22:18 საათზე SpaceX-ის რაკეტის Falcon-9 გამოყენებით გაუშვეს.

ვშიშობ, ისრაელისა და „ჰამასის“ ომი დაჩრდილავს უკრაინაში კონფლიქტს -ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი დაჩრდილავს უკრაინაში კონფლიქტს, რადგან კონკურენტული პოლიტიკური დღის წესრიგი და შეზღუდული რესურსები საფრთხეს უქმნის კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების ნაკადს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ესოშიეითიდ პრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან ომი ახალ ეტაპზეა და ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ, რომელმაც სასურველი შედეგი ვერ მოიტანა იარაღისა და სახმელეთო ძალების გრძელვადიანი დეფიციტის გამო, ზამთარი, სავარაუდოდ, გაართულებს ბრძოლას.

„ჩვენ გვაქვს ომის ახალი ეტაპი და ეს ფაქტია. ზამთარი მთლიანად ომის ახალი ეტაპია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კმაყოფილი იყო თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა:

„შეხედეთ, ჩვენ უკან არ ვიხევთ, კმაყოფილი ვარ. ჩვენ მსოფლიოში მეორე საუკეთესო არმიით ვიბრძვით და კმაყოფილი ვარ, თუმცა ჩვენ ვკარგავთ ხალხს და მე ამით არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ არ მივიღეთ ყველა ის იარაღი, რაც გვინდოდა, რითაც ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაგრამ ასევე არ შემიძლია ზედმეტად პრეტენზიის გამოთქმა. არ არის საკმარისი ძალა სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ. დარწმუნებული ვართ ჩვენს ქმედებებში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჩვენია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორიენტირებულია იარაღის შიდა წარმოების გაზრდაზე და ახლა ეძებს დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის აშშ-ს, რათა შესთავაზონ ხელსაყრელი სესხები და კონტრაქტები ამ მიზნის მისაღწევად.

ზელენსკის თქმით, ფოკუსის ცვლილებამ შეიძლება, გამოიწვიოს მისი ქვეყნისთვის ნაკლები ეკონომიკური და სამხედრო დახმარება.

„ჩვენ უკვე ვხედავთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანის შედეგებს ახლო აღმოსავლეთში მომხდარი ტრაგედიის გამო. ამას მხოლოდ ბრმები არ აღიარებენ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ადამიანებს საშუალება, დაივიწყონ უკრაინაში მიმდინარე ომი. ჩვენ ვიბძრვით ყურადღებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენ ხანს შეუძლია, თავად ზელენსკი გაუმკლავდეს ომში მყოფი ქვეყნის ლიდერობას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტყვები არ არსებობს იმის გამოსახატად, თუ რამდენად რთულია, მაგრამ თანამდებობის დატოვება ვერ წარმოუდგენია.

„გულწრფელად არ შემიძლია ამის გაკეთება. ეს იქნება ძალიან უსამართლო, არასწორი და ყველასთვის აუცილებლად დემოტივაცია იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

“კეზერაშვილი “ნაცმოძრაობის“ წევრებისგან ჩაიბარებს ანგარიშს”-გიორგი ცაგარეიშვილი

​„ნაციონალური მოძრაობა“ რა მდგომარეობაშიც არის, ამას მგონი, ყველა ვხედავთ, ეს არ იმალება, სააშკარაოზეა გამოტანილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

გიორგი ცაგარეიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გიორგი ვაშაძის, პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის დავით კეზერაშვილთან, ლონდონში ვიზიტი შეაფასა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რა მდგომარეობაშიც არის, ამას მგონი, ყველა ვხედავთ, ეს არ იმალება, სააშკარაოზეა გამოტანილი. თავზარდამცემი სისწრაფით იშლება პარტია და ეს ყველაფერი ხდება მოახლოებული არჩევნების წინ, რაც ერთი ასად ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“, მისი პოლიტიკური ლიდერების მდგომარეობას. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაიბარა თავისთან ეს ადამიანები მათმა მთავარმა სპონსორმა. ჩაიბარებს მათგან ანგარიშს, დარწმუნებული ვარ, არ იქნება გახარებული მდგომარეობით, რასაც ეს ბატონები თავიანთ პატრონს ჩაუტანენ ლონდონში. კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება მოვლენები ამ ე.წ. პარტიაში, რაც ვფიქრობ, ლოგიკური დასასრულია იმისი, რასაც ესენი ორი ათწლეულის მანძილზე აკეთებდნენ თავიანთ ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. ზოგადად, ნათქვამია რასაც დასთეს იმას მოიმკიო, თესავდნენ ბოროტებას და საბოლოო ჯამში, მიიღეს ბოროტება. ნამდვილად არ დამწყდება გული, თუ ეს ავაზაკთა გაერთიანება, რომელსაც თავის დროზე ვიღაცამ პარტია დაარქვა, ამ ფორმით, ტანჯვით დაიშლება. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მალე დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო მალე გათავისუფლდება დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი იმ მარწუხებისგან, რომელიც სააკაშვილმა თავის ავაზაკებთან ერთად დაადო სრულიად ქართულ ოპოზიციას,“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

“ნაციონალურ მოძრაობად” წოდებული კომუნისტური პარტია, რომელიც ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიშალა, არ ჩაერთვება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაში”-ბექა ოდიშარია

ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ არის მწვერვალი, ჩვენთვის მწვერვალი იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური პროცესის წარმოება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია კონსტრუქციული ოპოზიციის მზაობა, ჩაერთოს ევროკომისიის ცხრა დათქმის შესრულების პროცესში.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ შედის, შესაბამისად, აღნიშნული პარტია, დათქმების შესრულებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც როგორც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესში იყო აქტიურად ჩართული, ახლაც დააანონსა, რომ შეუერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც არა მხოლოდ მიმდინარე წელს მოიცავს, არამედ გაწერილია 2024 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მავნებელ საქართველოს კომუნისტურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებულს, რომელიც ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიშალა და ეს ეპითეტებიც მათთვის ზედმეტია, იმიტომ, რომ ფრჩხილადაც არ ღირან იმ ბოროტი გენიების, რომლებიც წარმოადგენენ ბოლშევიკებს და მენშევიკებს. რა თქმა უნდა არ ჩაერთვებიან (9 დათქმის შესრულების პროცესში), დაიჯერეთ, ადამიანებო, მეტი როგორ გითხრათ, არ სურთ, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, არ სურდათ ვიზალიბერალიზაცია მოგვნიჭებოდა. მათ საერთოდ არაფერი სურთ, ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა – ამაზე იდგენენ და ამ ზნეს და ამ ჩვეულებას ისინი ვერ მოიშლიან. შესაბამისად, იქნება ეს 9 დათქმა, 12 რეკომენდაცია თუ სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად გულწრფელად მუშაობს იმისთვის, რომ მიზანი იქნას მიღწეული, ამ ხალხს მორიელსაც ვერ შეადარებ, კუს რომ გადაჰყავს მეორე ნაპირზე. ეს ხალხი არიან მავნებელი სამშობლოს მტრები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

თანხები, რომლებიც სამხედრო მრეწველობაში იხარჯება, მსოფლიოში შიმშილთან საბრძოლველად უნდა დაიხარჯოს -რომის პაპი

რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებით, თანხები, რომლებიც სამხედრო მრეწველობაში იხარჯება, მსოფლიოში შიმშილთან საბრძოლველად უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ ნათქვამია რომის პაპის სიტყვაში, რომელიც მან გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე გამოსვლისთვის მოამზადა, თუმცა ავადმყოფობის გამო ღონისძიებას ვერ დაესწრო.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ თანხებით, რომლებიც სამხედრო მიზნებისთვის და სამხედრო მრეწველობის დარგში იხარჯება, შეიქმნას მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრის საერთაშორისო ფონდი და შემუშავდეს ღარიბი ქვეყნების მდგრადი განვითარების პროექტები“, – აღნიშნულია რომის პაპის განცხადებაში, რომელიც მის ნაცვლად ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა წარმოთქვა.

იმედი მაქვს, რომ კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები – უფრო ნათელი, ჯანმრთელი და მწვანე მომავალი შევუქმნათ მომდევნო თაობებს -პრემიერი

ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იდეას, რომლის თანახმადაც ევროპა გახდება პირველი კონტინენტი ატმოსფერული ემისიების ნულოვანი ნაშთით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გრძელვადიანი სტრატეგია დავამტკიცეთ ქვეყანაში მცირე ემისიების უზრუნველსაყოფად, ხოლო „ნახშირბადისადმი ნეიტრალიტეტი“ 2050 წლის მნიშვნელოვან სამიზნე ორიენტირად გამოვაცხადეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ასევე კისრულობს ვალდებულებას გლობალურ ძალისხმევაში წვლილის შესატანად 2025 წელს წარმოადგინოს ახალი და უფრო ამბიციური ეროვნული გეგმა.

„ასევე, სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის. თუმცა, მისი წილის შემდგომი გაზრდა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველო უერთდება გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის გლობალურ დაპირებას განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ.

ძვირფასო კოლეგებო, მტკიცედ ვუჭერ მხარს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება. მიმაჩნია, რომ ოფიციალურმა მოლაპარაკებამ შედეგად უნდა მოიტანოს 2030 წლისთვის განახლებადი ენერგორესურსების გასამმაგებისა და ენერგოეფექტიანობის გაორმაგების ვალდებულება, წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების უწყვეტ პროცესთან ერთად

დაბოლოს, იმედი მაქვს, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები – უფრო ნათელი, ჯანმრთელი და მწვანე მომავალი შევუქმნათ მომდევნო თაობებს. დიდი მადლობა!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.