ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ჩვენს შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ – შამბა

55
spot_img

ქართულ აფხაზური კონფლიქტი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობები უნდა მოვძებნოთ“.

 

ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა ავრცელებს.

 

შამბამ ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბრის დროს განაცხადა. „მე ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია. აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს ჩემი პოზიცია არ მოსწონს. თუ არსებობს პრობლემა, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ. არ არსებობენ ისეთი ერები, რომლებიც არიან მეზობლები, ზოგჯერ ნათესავებიც, ერთმანეთში ომი რომ არ ჰქონოდათ. ამის ნათელი მაგალითია მთელი ევროპა“, – განაცხადა სერგეი შამბამ. შამბა ამბობს, რომ როგორც აფხაზური, ასევე ქართული მხრიდან ბევრი ადამიანი საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი. „მე მგონი, ეს გარკვეული დროის შემდეგ ჩაივლის. ომის შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა და, პრინციპში, ურთიერთგაგების მიმართულებით მოძრაობის დაწყება ამ ხნის მანძილზე შესაძლებელი იყო. მაგრამ ეს ნელა ხდება. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ქართველ ოპონენტებს ხშირად ხვდებოდნენ. ეს საჭირო იყო ერთმანეთის პოზიციის გასაგებად, რათა პრობლემის მოგვარება მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო. ახლაც ამის მომხრე ვარ“, – განაცხადა შამბამ. მისი თქმით, ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობს კონფლიქტი, რომელიც მრავალი ისტორიული გარემოებით და პირველ რიგში, ომით არის გამოწვეული. „იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი მოვაგვაროთ, უნდა ვისაუბროთ და მომავალი თანაცხოვრებისთვის გზები მოვძებნოთ“, – განაცხადა სერგეი შამბამ.