Home Blog Page 1953

“არსებობს მიზეზი, რის გამოც ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა, იქ იყო მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა”-ბარაკ ობამა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, არსებობს მიზეზები, რის გამოც უკრაინას 2014 წელს არ ჰქონდა დასავლეთის მხრიდან ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ახლა აქვს. ამის შესახებ მან „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ობამას თქმით, უკრაინა 2014 წელს „არ იყო ის უკრაინა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“.

„არსებობს მიზეზი, რის გამოც ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა, რადგან ყირიმში მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა იყო, არსებობდა გარკვეული სიმპათია შეხედულებების მიმართ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენდა. უკრაინაში პოლიტიკა უფრო რთული იყო“, – აღნიშნა ობამამ.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მხარი დაუჭირა გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელს, რომელსაც აკრიტიკებენ რუსეთთან დაახლოებისა და არასაკმარისად მკაცრი პოლიტიკის გამო.

საპატრიარქო ქაშვეთის ტაძართან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 21 ივნისს, ქაშვეთის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გახშირდა ისეთი ფაქტები, როდესაც ცალკეული პირები შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, ბილწსიტყვაობენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ეკლესიის მსახურთ.

„ბოლო დროს სხვადასხვა მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შედეგები გამოიწვია. გარკვეული პიროვნებებისთვის მსგავსი უარყოფითი პოლიტიკა აგრესიის წახალისებისა და უპატივცემულობის საფუძველი გახდა. შედეგად, გახშირდა ისეთი ფაქტები, როდესაც ცალკეული პირები შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, ბილწსიტყვაობენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ეკლესიის მსახურთ.

სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ამა წლის 21 ივნისს, 07:30 საათზე, ქაშვეთის ტაძარში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ დარაჯი გოჩა ჭიჭიაშვილი და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. ეზოში შემოვიდა აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც ითხოვდა ტაძრის კარის გაღებას და შევიდა დარაჯის ოთახში. ვითარების განსამუხტავად დარაჯმა სცადა მისი გარეთ გაყვანა. ამავე დროს ტაძრის ჭიშკართან იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები. დარაჯმა მათ დახმარება სთხოვა, რის გამოც ზემოხსენებული ახალგაზრდა გაბრაზდა და დარაჯს თავის არეში რკინის საგანი ჩაარტყა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა ახალგაზრდა დააკავეს და დარაჯის ჯანმრთელობის პირველადი დახმარების გასაწევად გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ფიზიკური დაზიანების გამო, იგი გადასაყვანი გახდა ინგოროყვას კლინიკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

” სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი”- ვიოლა ფონ კრამონი გვარამიას შეწყალებაზე

სიმართლე გითხრათ, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ ვიცოდი. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „მთავარ არხს“ განუცხადა.

„პირველ რიგში გილოცავთ თქვენ და მთელ თქვენს გუნდს ამ ნამდვილად კარგ გადაწყვეტილებას. ეს იყო მართლაც თამამი გადაწყვეტილება პრეზიდენტისგან და სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი. როდესაც ის ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკას შეწყალებას აპირებდა. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ.

ნამდვილად კარგი და პოზიტიური გადაწყვეტილებაა და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ნაბიჯები კვლავაც გაგრძელდება, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესრულების მხრივ და კომისია ამჯერად შესთავაზებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.

ზაზა ნადირაძემ ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ქართველმა სპორტსმენმა 200-მეტრიანი დისტანცია 39.796 წამში დაფარა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

“პრეზიდენტმა განმარტების გარეშე შეიწყალა სამართლებრივად დადასტურებულ დანაშაულებში მსჯავრდებული ნიკა გვარამია”- პაპუაშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტების გარეშე შეიწყალა სამართლებრივად დადასტურებულ დანაშაულებში მსჯავრდებული ნიკა გვარამია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ,,ტვიტერზე” წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი და დიპლომატი დადებითად აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, წარსულში გვარამიას მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებები თანხვედრაში მოდის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან და მიუთითებს იმაზე, თუ საიდან მოდიოდა წნეხი.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტების გარეშე შეიწყალა სამართლებრივად დადასტურებულ დანაშაულებში მსჯავრდებული ნიკა გვარამია. მან ციხეში სასჯელის მხოლოდ ნაწილი გაატარა. დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი და დიპლომატი თავიანთ კომენტარებში მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ეს და გვარამიას მხარდასაჭერად გაკეთებული წინა განცხადებები თანხვედრაში მოდის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან და მიუთითებს იმაზე, თუ საიდან მოდიოდა წნეხი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

შეწყალება ქმნის პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის უკეთესი შესაძლებლობის მოლოდინს. გვარამიას პატიმრობა ამ დრომდე პოლარიზაციის მიზეზად სახელდებოდა იმის მიუხედავად, რომ რეალურად ეს ოპოზიციისთვის მხოლოდ რადიკალიზაციის საბაბი იყო. ახლა კი, შეწყალებითა და ზოგიერთი უცხოელი პარტნიორის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მოწონებით, ბურთი იმათ მხარესაა, ვინც გვარამიას შეწყალება საჯაროდ დააკავშირა დეპოლარიზაციას.

რეალური ნაბიჯებია გადასადგმელი მათი მხრიდან, ვისაც რეალური გავლენა აქვს, რათა ოპოზიცია რადიკალურ დღის წესრიგზე უარის თქმასა და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის გაუმჯობესების მიზნით მთავრობასთან ერთად მუშაობაში დაარწმუნოს. თუმცა, დასავლეთის შუამავლობით მიღებული ეს შეწყალება პოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტის დიდ იმედს არ იძლევა: პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ დასავლეთის შუამავლობით მიღებულ წინა შეწყალებებს, რომლებიც მსჯავრდებულ კრიმინალებს გიორგი უგულავასა და გიორგი რურუას ეხებოდა, ძალიან ცოტა ან სულაც არანაირი გავლენა არ ჰქონია პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებასა და ოპოზიციის რადიკალური მეთოდების უარყოფაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

“ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონის გადახდა დააკისრა” – ადვოკატი

ადვოკატი ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ლაშა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს.

„რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“, – წერს ლაშა კალანდაძე.

“რუსეთი არის სიმსივნე, რომელსაც მსოფლიოს განადგურება სურს”- ვიტაუტას ლანდსბერგისი

ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიტაუტას ლანდსბერგისმა რუსეთის ფედერაციას სიმსივნე უწოდა.

მისივე თქმით, რუსეთი გახდა ევროპისა და მსოფლიოს სიმსივნე, რომელსაც ყველაფრის განადგურება სურს.

„გამარჯვება მოვა მაშინ, როცა არ იქნება რუსეთის იმპერია. რუსეთი ევროპისა და მსოფლიოს სიმსივნედ იქცა. თუ ის განიკურნება, სამყარო გადარჩება, მაგრამ თუ არა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მშვიდობის განადგურება“, – თქვა ლანდსბერგისმა.

ლანდსბერგისი იყო „დამოუკიდებლობის მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

2022 წელს ლიეტუვის პარლამენტმა იგი ლიეტუვის სახელმწიფოს პირველ მეთაურად აღიარა.

“პრეზიდენტი თუ მიიჩნევდა, რომ გვარამია ციხეში უსამართლოდ იჯდა, მისი გამოშვება ნებისმიერ დროს შეეძლო”

პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას გათავისუფლებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გარკვეულწილად – დაგვიანებულიც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი თუ მიიჩნევდა, რომ გვარამია ციხეში უსამართლოდ იჯდა, მისი გამოშვება ნებისმიერ დროს შეეძლო.

„მგონი, ეს გადაწყვეტილება ევროინტეგრაციას უფრო უკავშირდება, ვიდრე უზენაეს სასამართლოს, მაგრამ კარგია, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს ევროინტეგრაციაში ცალსახად დაგვეხმარება. შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც უფრო პროგნოზირებადს გახდის. ველოდები, რომ შემოდგომაზე ბევრი პოლიტიკური ცვლილება მოხდება, მათ შორის გვარამია ჩაერთვება პოლიტიკაში. არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, მაგრამ მისი პოლიტიკური ამბიციები ბევრად აღემატება წამყვანის როლს და ეს ცხადია. ვიდრე ნაბიჯები არ გადაუდგამს, ზუსტი პროგნოზი რთულია, მაგრამ სექტემბერში ახალ ამბებს ველოდები ახალ გაერთიანებებზე“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

“ძალიან კარგია, რომ გვარამია თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა არ არის თავისუფალი” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

„ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამიას თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა არ არის თავისუფალი. მთავარი რიტორიკული შეკითხვა, რომელიც მინდა დავსვა არის ის, რომ ამ ამბის შემდეგ გავხდით, თუ არა არსებითად კარგი ქვეყანა და რეალურად დავუახლოვდით, თუ არა ჩვენს ნამდვილ დასავლურ იდენტობასა და ევროპისკენ დაბრუნების გზას?! – პასუხი სამწუხაროდ არის უარყოფითი. ჩვენ გვახსოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების წარსული შემთხვევები, თუმცა ამის შემდეგ ვითარება ქვეყანაში წინ არ წასულა“, – განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ გვარამიას შეწყალება არ იძლევა ზეიმის საფუძველს.

ამასთან, მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია არაადეკვატური იყო.

„ცალკე მინდა აღვნიშნო „ნაციონალური მოძრაობის“ არაადეკვატური რეაქციაც, ზედმეტი ქებით გამოირჩნენ, როგორც ჩანს მათ იმედი აქვთ, რომ სააკაშვილსაც შეიწყალებს, რაც თუ მოხდება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ ეს არის არის დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ ზურაბიშვილისადმი დაყვავებაზე, ისინი თუ ასე ფიქრობენ, ეს გულუბრყვილობაა“, – აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.

რეგულირების სააგენტომ 563 მედიკამენტი პროაქტიულად დაარეგისტრირა – ჯანდაცვის სამინისტრო

ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, მოსახლეობისთვის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს.

„ჩვენ კანონით მინიჭებული შესაძლებლობა გამოვიყენეთ და სხვადასხვა მედიკამენტის რეგისტრაციას პროაქტიულად, კომპანიის მომართვის გარეშეც ვახორციელებთ. ფარმაცევტულ კომპანიებს, შეუძლიათ, თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანონ ქვეყანაში ეს წამლები. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი კომპანია, ანალოგ და, შესაძლოა, უფრო შეღავათიანი ღირებულების წამლებს მიზანმიმართულად არ არეგისტრირებს ან კონკურენციის გამო რეგისტრაციას აუქმებს, რათა სხვას არ შემოეტანა პრეპარატი. ამ მექანიზმით კი ეს რისკიც დაზღვეულია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცვლილების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტომ 563 ფარმაცევტული პროდუქტი დაარეგისტრირა. აღნიშნული ხელს უწყობს ფარმაცევტულ კომპანიებს, წამლები ქვეყანაში გამარტივებული წესით შემოიტანონ. პროაქტიული წესით ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო ამარტივებს და საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს.

პროაქტიული წესით რეგისტრირებული მედიკამენტების ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის ბმულზე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“არ მაქვს პუტინთან საუბრის მიზეზი, თვითონ თუ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს” – მაკრონი

არ მაქვს ვლადიმერ პუტინთან საუბრის მიზეზი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს ინფოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავად დარეკავს, ის პუტინს უპასუხებს.

„მე არ მაქვს მასთან დარეკვის მიზეზი. ის თუ თვითონ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს, ვუპასუხებ, რადგან საფრანგეთი ყოველთვის იყო და არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მაკრონი რეგულარულად ახორციელებდა სატელეფონო საუბარს პუტინთან.

ხოლო თებერვალში კრემლში აცხადებდნენ, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, დიდი ხანია, აღარ უსაუბრიათ რუსეთის პრეზიდენტთან.

“თუ გინდათ უვადო გამოიტანეთ” – ბადრი ესებუამ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა

“საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, სამართლიანი განაჩენის გამოტანის იმედი არა აქვს.

,,არანაირი იმედია არ მაქვს, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება გამოტანილი. იმიტომ, რომ პოლიცია თქვენია, პროკურატურა თქვენია, სასამართლო თქვენია. მე რა უნდა გითხრათ?! რასაც პროკურატურა იტყვის, ის იქნება განაჩენი, მე ასე ვფიქრობ. თუ გინდათ უვადო გამოიტანეთ,“ – განაცხადა ბადრი ესებუამ.

სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვით უკვე წარსდგა ბრალდებისა და დაცვის მხარეები. სულ მალე სასამართლო აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.