“პრეზიდენტმა განმარტების გარეშე შეიწყალა სამართლებრივად დადასტურებულ დანაშაულებში მსჯავრდებული ნიკა გვარამია”- პაპუაშვილი

0
31
spot_img

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტების გარეშე შეიწყალა სამართლებრივად დადასტურებულ დანაშაულებში მსჯავრდებული ნიკა გვარამია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ,,ტვიტერზე” წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი და დიპლომატი დადებითად აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, წარსულში გვარამიას მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებები თანხვედრაში მოდის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან და მიუთითებს იმაზე, თუ საიდან მოდიოდა წნეხი.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტების გარეშე შეიწყალა სამართლებრივად დადასტურებულ დანაშაულებში მსჯავრდებული ნიკა გვარამია. მან ციხეში სასჯელის მხოლოდ ნაწილი გაატარა. დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი და დიპლომატი თავიანთ კომენტარებში მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ეს და გვარამიას მხარდასაჭერად გაკეთებული წინა განცხადებები თანხვედრაში მოდის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან და მიუთითებს იმაზე, თუ საიდან მოდიოდა წნეხი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

შეწყალება ქმნის პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის უკეთესი შესაძლებლობის მოლოდინს. გვარამიას პატიმრობა ამ დრომდე პოლარიზაციის მიზეზად სახელდებოდა იმის მიუხედავად, რომ რეალურად ეს ოპოზიციისთვის მხოლოდ რადიკალიზაციის საბაბი იყო. ახლა კი, შეწყალებითა და ზოგიერთი უცხოელი პარტნიორის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მოწონებით, ბურთი იმათ მხარესაა, ვინც გვარამიას შეწყალება საჯაროდ დააკავშირა დეპოლარიზაციას.

რეალური ნაბიჯებია გადასადგმელი მათი მხრიდან, ვისაც რეალური გავლენა აქვს, რათა ოპოზიცია რადიკალურ დღის წესრიგზე უარის თქმასა და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის გაუმჯობესების მიზნით მთავრობასთან ერთად მუშაობაში დაარწმუნოს. თუმცა, დასავლეთის შუამავლობით მიღებული ეს შეწყალება პოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტის დიდ იმედს არ იძლევა: პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ დასავლეთის შუამავლობით მიღებულ წინა შეწყალებებს, რომლებიც მსჯავრდებულ კრიმინალებს გიორგი უგულავასა და გიორგი რურუას ეხებოდა, ძალიან ცოტა ან სულაც არანაირი გავლენა არ ჰქონია პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებასა და ოპოზიციის რადიკალური მეთოდების უარყოფაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.