Home Blog Page 1946

“უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის, რადგან დამოკიდებული გახდა დასავლეთის მხარდაჭერაზე, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე.

„ბილდთან“ ინტერვიუში ორბანმა ისაუბრა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე, ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებისკენ ისწრაფვის.

„მთავარია, რისი გაკეთება სურთ ამერიკელებს. უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. ფული არ აქვთ. იარაღი არ აქვთ. მათ შეუძლიათ ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათ დასავლეთში ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ სურთ მშვიდობა, მშვიდობა იქნება. ის, რომ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგონ, სიტუაციის გაუგებრობაა. მე ვსაუბრობ ომის დასრულებაზე და პრობლემა ის არის, რომ უკრაინელებს რუსებზე ადრე ამოეწურებათ ჯარისკაცები და ეს იქნება გადამწყვეტი საბოლოო ფაქტორი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელების გადარჩენის ერთადერთი გზა რუსებთან მოლაპარაკებების დაწყება, უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმება და უკრაინის ადგილის პოვნაა ამ ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში.

ვიქტორ ორბანმა უკრაინის ნატო-ში შესვლის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ომში მყოფი ქვეყანა არ შეიძლება, იყოს ალიანსის წევრი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა რუსეთის ლიდერს სამხედრო დამნაშავედ, რაზეც ასეთი პასუხი გასცა: „არა, მე არ მივიჩნევ“.

ამასთან, ორბანის განცხადებით, ის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის.

„მე ვიბრძვი უნგრეთისთვის. მე არ მაინტერესებს პუტინი. მე არ მაინტერესებს რუსეთი. მე ვზრუნავ უნგრეთზე. ასე რომ, რასაც მე ვაკეთებ, არის უნგრელებისთვის კარგი პოზიციები და ქმედებები. და, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, ცუდია უნგრელებისთვის. ეს საშიშია უნგრელებისთვის. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, იქ უნგრელი უმცირესობები ცხოვრობენ. ომის საშიშროება ჩვენს სამეზობლოშია. ეს თქვენს სიტუაციას არ ჰგავს. თქვენ გერმანელები ხართ, თქვენ გაქვთ პოლონეთი და უნგრეთი რუსეთსა და უკრაინის ომს შორის“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

„როსგვარდია“ მძიმე შეიარაღებასა და ტანკებს მიიღებს” – ვიქტორ ზოლოტოვი

„როსგვარდია“ მძიმე შეიარაღებასა და ტანკებს მიიღებს, – ამის შესახებ რუსულ მედიას უწყების ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი უკვე განხილულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვიქტორ ზოლოტოვმა ასევე ისაუბრა „ვაგნერის“ წარუმატებელ შეიარაღებულ ამბოხზე და განაცხადა, რომ ამ მოვლენების დროს რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა „შესანიშნავად იმუშავეს“.

ზოლოტოვის განცხადებით, ქალაქიდან ქალაქში „ვაგნერის“ მებრძოლების სწრაფი გადაადგილება გამოწვეულია იმით, რომ ძალოვანი სტრუქტურების ძირითადი ძალები მოსკოვთან არის კონცენტრირებული. ის ასევე ამბობს, რომ თუ ამბოხის ფონზე მოსკოვში რაიმე სახის პროვოკაციები მოხდება, „როსგვარდია“ ყველაფ გამოწვევას გაუმკლავდებოდა.

რაც შეეხება „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს, ზოლოტოვის განცხადებით, ამბოხი დასავლური სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული, ვინაიდან მათ პრიგოჟინის გეგმების შესახებ რამდენიმე კვირით ადრე იცოდნენ.

” ყველა მიზეზი არსებობს, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს”- ზელენსკი

ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს იმისთვის, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იყოს.

„ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს. არსებობს სრული გაგება გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ გუნდთან ერთად, რათა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მართლაც მნიშვნელოვანი იყოს“, – აცხადებს ზელენსკი.

ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

“დენდროლოგიური პარკის დათვალიერება უფასოა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საკუთარ თავზე აიღო მოვლა-პატრონობა”

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გამოთქვამენ უკმაყოფილებას ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინაიდან სწორედ ისინი აპროტესტებდნენ „ბლექ სი არენას“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელმწიფოსთვის გადაცემას.

ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავსი დონის პარკის შენახვა და მოვლა-პატრონობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა, ამის მიუხედავად, დენდროლოგიური პარკის მონახულება უფასოა.

„ბიჭოო, ბიჭოოო… ამიტომაც არიან „პლინტუს“ დაბლა ეს საცოდავი ოპოზიცია და ჯიბის მედია, არა და პიტალოები ხართო,რომ უთხრა ეწყინებათ… ბიძინა ივანიშვილმა „ბლექ სი არენა“ ააშენა, გაარემონტა, სახელმწიფოს გადასცა და ამ უდღეურებმა ისტერია მოაწყვეს, ბიუჯეტს დააწვა დარბაზის შენახვაო… მერე იყო, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მილიარდიანი ბიუჯეტისა და ულტრათანამედროვე სტანდარტების, სასწავლო დაწესებულება,რომელიც ივანიშვილების ოჯახმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, ამაზეც ბაგქანალია ატეხეს… ახლაა და დენდროლოგიურ პარკს,რატომ არ აძლევს სახელმწიფოსო?! -თქვე იმბეცილებო! შესვლა, დასვენება, დათვალიერება უფასოა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საკუთარ თავზე აიღო მოვლა-პატრონობა და იცით რა ჯდება ასეთი დონის პარკის შენახვა თუ დაგითვლიათ? თუმცა თვლა, მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები თქვენთან რა მოსატანია? შავ-ნოდარა,რომ ჟურნალისტობის მეტრია, რა გასაკვირია მათემატიკა არ იცოდეთ… P.S. ვააჰ, პიტალოების დოღია ქვეყანაში…“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

“საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს და დგას ისეთ წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი”

ეს და სხვა რეიტინგები, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ნათლად გვეუბნება, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში’’ წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რეიტინგები, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ნათლად გვეუბნება, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

„შთამბეჭდავი ნახტომი საქართველოსთვის გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიშში! საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს და დგას წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. ანგარიში ეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს, საერთაშორისო კრიტერიუმების გამოყენებით ზომავს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას.

ეს და სხვა რეიტინგები, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ნათლად გვეუბნება, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება,’’ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

“ოპოზიცია მუდმივად ბიძინა ივანიშვილის ჯამში იყურება” – ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს.

ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად ბიძინა ივანიშვილის ფულს ითვლიან, იმ ფონზე, რომ თავად ერთხელაც არ დახმარებიან სახელმწიფოს.

„გახსოვთ ცნობილი სიტყვები ფილმიდან “რატომ იყო რევულუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?” რატომ არის დღევანდელი ოპოზიცია გონებაჩლუნგი? იმიტომ, რომ სხვა სისულელეების კეთებასთან ერთად, მუდმივად ბიძინა ივანიშვილის ჯამში იყურება ფულს უთვლის, თან ისე, რომ თავად ფულებისგან გაზულუქებულს, ერთხელ არ გაუკრავს ჯიბეზე ხელი ხალხის და ქვეყნის დასახმარებლად“ – წერს ანჯაფარიძე.

“ქვეყნის “აყირავების” საქმეში განსაკუთრებული ადგილი მაინც გიორგი მშვენიერაძეს – “დემოკრატიული ინიციატივების” დამფუძნებელს უკავია”- დავით ქართველიშვილი

„განსაკუთრებული ადგილი მაინც გიორგი მშვენიერაძეს (ბაკურიანის ტრენინგების მონაწილე) – “დემოკრატიული ინიციატივების“ დამფუძნებელს უკავია.

სწორედ მისი ორგანიზაციის მიერ წარმოებულია მაღალი ხარისხის პროპაგანდა – მათ მიერ კარგად იქნა გამოყენებული საერთაშორისო აქტორების რეაქციები, რომლებიც დაუყოვნებლივ ითარგმნებოდა/იჭრებოდა/ქვეყნდებოდა. მის სახელთან არის ასევე დაკავშირებული ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“ – რომელიც განსაკუთრებით აქტიურია სარეკლამო სფეროში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ფეისბუქ-პლატფორმაზე შექმნილი გვერდი “Franklin Media”, ახალი ინტეგრირებულია სოციალურ ქსელებში და ამ ეტაპისთვის არ სარგებლობს მაღალი პოპულარობით, თუმცა მაღალი ჩართულობა აქვს „ფრანკლინის კლუბის“ ფეისბუქ-გვერდის ცხოვრებაში. სწორედ მანდ იყო განთავსებული „ფრანკლინის კლუბის“ მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით დამზადებული ვიდეორგოლი, რომელსაც ყოველგვარი რეკლამის გარეშე 210 000-ზე მეტი ნახვა დაუფიქსირდა.

სპეცოპერაცია „ხელისუფლების აყირავებაში“ აქტიური როლი მიუძღვნის გიორგი მელაშვილს, ,,თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორს, რომელიც მჭიდრო ურთიერთობაშია „ფრანკლინის კლუბის“ ლიდერებთან. ასევე აქტიურობს შალვა ჩხეიძე (შეთავსებით “თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორი, ოპოზიციურად განწყობილი, ეწევა ხელისუფლების დისკრედიტაციას). აღსანიშნავია, რომ გიორგი მელაშვილის მიერ, რევაზ თოფურიასა და შალვა ჩხეიძესთან ერთად დაფუძნებული იქნა ა/ო ,,ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“, რომელიც იღებს არაერთ გრანტს (ხსენებული ორგანიზაციის მეშვეობით ეწეოდნენ მარტის აქციების პროპაგანდისტულ უზრუნველყოფას).

შემდეგი ცნობილი „ამყირავებელი“  ანა ხურციძეა, რომელიც დასაქმებულია „საქართველოს უნივერსიტეტში“, გააჩნია მჭიდრო კონტაქტი „ფრანკლინელებთან“ (დირექტორ გიორგი გოგოლაძესთან), რეგულარულად დადის მათთან ერთად „Аtlas network“-ის მიერ ორგანიზებულ სამიტებზე და ითვლება კლუბის წევრად. არის ასევე ორგანიზაცია “კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, რომელიც მარტის აქციებთან დაკავშირებით აქტიურად იყო ჩართული პროპაგანდისტული საქმიანობის წარმოებაში.

ხელისუფლების „აყირავების“ საქმეში სერიოზული როლი უკავია ლევან ქუმსიშვილს, რომელსაც 2023 წლის 27 იანვარს “ფრანკლინის კლუბის“ დირექტორ გიორგი გოგოლაძესთან, რევაზ თოფურიასთან და „საქართველოს უნივერსიტეტთან“ ერთად დაფუძნებული აქვს ორგანიზაცია სახელწოდებით “ისწავლე თავისუფლებისთვის“ (ასევე მის მიერ არის დაფუძნებული თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფონდი).

ალექსანდრა შალიბაშვილი – შეთავსებით არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ეწევა ხელისუფლების დისკრედიტაციას, არის „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე სანდრო თარხან-მოურავი – შეთავსებით ლექტორია „საქართველოს უნივერსიტეტში”, ასევე ითვლება „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთ დამფუძნებლად. პავლე ჭყოიძე…ზურა ჯაფარიძე…და კიდევ ბევრი აქტივისტი, ყველას ვერც კი ჩამოთვლი – “და ჰკითხა მას: რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ”.

თუმცა განსაკუთრებული ადგილი მაინც გიორგი მშვენიერაძეს (ბაკურიანის ტრეინინგების მონაწილე) – “დემოკრატიული ინიციატივების“ დამფუძნებელს უკავია. სწორედ მისი ორგანიზაციის მიერ წარმოებულია მაღალი ხარისხის პროპაგანდა – მათ მიერ კარგად იქნა გამოყენებული საერთაშორისო აქტორების რეაქციები, რომლებიც დაუყოვნებლივ ითარგმნებოდა/იჭრებოდა/ქვეყნდებოდა. მის სახელთან არის ასევე დაკავშირებული ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“ – რომელიც განსაკუთრებით აქტიურია სარეკლამო სფეროში.

თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის ირაკლი ქავთარაძეს მიერ შეიქმნა ასევე საინტერესო ჯგუფი „ProtectZourself“, სადაც იგეგმებოდა კიდეც პოლიციაზე, კოორდინირებული წინააღმდეგობის გაწევის, მათ შორის მოლოტოვის კოკტეილის დამზადება/გამოყენების შესაძლებლობები. ირაკლი ქავთარაძე „ტელეგრამ არხში“ წერდა “ProtectZourself chat”-ის სახელით, თუმცა ტელეკომპანია „იმედზე“ გასული სიუჟეტის შემდგომ, ირაკლი ქავთარაძემ გააუქმა როგორც ხსენებული „ტელეგრამ არხი“, ასევე წაშალა საკუთარ ფეისბუქ-სტატუსები (თუმცა სქრინები „არ იწვის“).

ამით ალბათ შეგვიძლია დავასრულოთ „ფრანკლინის კლუბის“ ირგვლივ ჩვენი მოკლე მიმოხილვა და გადავიდეთ “ხელისუფლების აყირავების“ სპეცოპერაციის შემდგომ, არანაკლებად მნიშვნელოვან ეპიზოდებზე…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

“რა უფრო აინტერესებს ხალხს, დენდროპარკში შესვლა იყოს უფასო, პარკი იყოს მოვლილი, თუ ვის მფლობელობაშია?”

მოდით ვნახოთ, თუ რა უფრო აინტერესებს ხალხს – დენდროპარკში შესვლა იყოს უფასო, პარკი იყოს მოვლილი, იქ იყოს უამრავი საინტერესო და დასასვენებელი ადგილი, თუ ვის მფლობელობაშია? ნორმალურ ადამიანს ცხადია პირველი ნაწილი უფრო აინტერესებს, მაგრამ ამ “რუს გლეხებს” საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით “„სკანდალის” შექმნა“, – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებით.

„ეს მდაბიო ოპოები და მუდმივად კრიტიკულ დღეში მყოფი “მედია საშუალებები” ის რუსი გლეხები არიან, რომლებზეც ალექსეი ტოლსტოი “მეფე პეტრე პირველში” წერდა – რუსი გლეხი რომ დაინახავს მისმა მეზობელმა კარგი სახლი აიშენა, მაშინვე ჩივილს დაიწყებს და თუ ვერაფერს მიაღწია, ეცდება გადაუწვას. მოდით ვნახოთ, თუ რა უფრო აინტერესებს ხალხს – დენდროპარკში შესვლა იყოს უფასო, პარკი იყოს მოვლილი, იქ იყოს უამრავი საინტერესო და დასასვენებელი ადგილი, თუ ვის მფლობელობაშია? ნორმალურ ადამიანს ცხადია პირველი ნაწილი უფრო აინტერესებს, მაგრამ ამ “რუს გლეხებს” (მე არაფერ შუაში ვარ. გრაფმა ტოლსტოიმ დაგარქვათ) საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით “სკანდალის” შექმნა. ის რომ დენდროპარკის მოვლას და გამდიდრებას უზარმაზარი შრომა და ფინანსები სჭირდება და ამას მფლობელი საკუთარი ხარჯებით აკეთებს (არანაირი ბიუჯეტი, არანაირი გრანტი. საკუთარი ხარჯებით უვლის) აღარაფერს ვამბობ. ჰო მართლა დენდროპარკის მშენებლობის პერიოდში ოპოებმა ხე რომ იყიდეს შეშად დაჭრეს, თუ თურქეთში გაყიდეს ხომ არ იცით?“-წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

“მგონია, რომ პროცესების სწორად აღქმის უნარს მოწყვეტილია”- მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე

სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება არსებულ ვითარებას აცდენილია.

„მეჩვენება, რომ სააკაშვილის ეს განცხადება, ან ზოგადად, მის მიერ არსებული სიტუაციის შეფასება რეალურად არსებულ ვითარებას მოწყვეტილია. ის საუბრობს ანაქრონული ხასიათით, როგორც იმამ შამილის იდეოლოგიის აღორძინების საჭიროება და ა.შ. ნამდვილად არ მგონია, რომ ეს მართებული, კორექტული, ან რაიმე თვალსაზრისით გამართლებული იდეოლოგიის შემოთავაზების მცდელობაა. მგონია, რომ პროცესების სწორად აღქმის უნარს მოწყვეტილია, შესაბამისად, ეს არის მიზეზი, რის გამოც შეცდომები მოდის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში.

“ვგულშემატკივრობ ყველაფერს, რაც რუსეთს დაასუსტებს და ეს ძალიან მალე მოხდება”

რუსეთში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების დროს რაც ყველაზე მყარად გამოჩნდა, არის, რომ ხელისუფლება გულშემატკივრობდა სტატუს კვოს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სტატუს კვოს გულშემატკივრობა ნიშნავს, რომ ვუგულშემატკივროთ იმ ძალიან მძიმე მოცემულობას, რომელიც მათ შორის არის უკრაინაში.

„პუტინი დასუსტდა, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო დაპირისპირება რუსეთში აუცილებლად მოხდება. მე ვგულშემატკივრობ ყველაფერ იმას, რაც ასუსტებს რუსეთს, რაც დაასუსტებს რუსეთს და ეს ძალიან მალე მოხდება. თქვენ კი, იმაზე უნდა იფიქროთ, რომ სტატუს კვოს გულშემატკივრობა გამოჩნდა იმ სიჩუმეში, რაც დღენახევრის განმავლობაში ხდებოდა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქალაქ აარდენბურგის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ლეონ იანსმა, სტუმრებს გააცნო ცენტრის მუშაობის სტრუქტურა, დაათვალიერებინა საპროთეზო საამქროები.

„კობა კობალაძემ და მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და ჰოლანდიურმა მხარემ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

მოგვიანებით, ქართული დელეგაცია, მასპინძლებთან და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან ერთად, ქალაქ ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თანამემამულეების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე, სულ, 865 ჯარისკაცია დაკრძალული. მათ შორის, ერთ მწკრივში, 15 ქართველი ჯარისკაცის საფლავია. ეს 15 ქართველი, ნაცისტებმა, ჰოლანდიელ პარტიზანებთან კავშირისა და მათთვის საბრძოლო მასალის (88 ხელყუმბარის) გადაცემის მცდელობისას დააკავეს და იმავე ღამეს დახვრიტეს ფორტ ბევერვეიკში. ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოს, ნიდერლანდებში, ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებულად უვლის. ყოველი წლის 4 მაისს, ქვეყნის გათავისუფლების დღეს, სასაფლაოს ყვავილებით ამკობენ. აღსანიშნავია, რომ საფლავი N2104, რომელიც ჩვენს თანამემამულეს, კონსტანტინე სხირტლაძეს ეკუთვნის, ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერმა, სამხედრო ვეტერანმა, სესილია ჯოანა ვან პესკიმ თავისი მფარველობის ქვეშ აიღო. იგი ჯარისკაცის შთამომავლებს, ჭიათურაში, სოფელ ზოდში დაუკავშირდა და საქართველოში ვიზიტის დროს მოინახულა.

ქართული დელეგაცია, ჰონალდიელმა მასპინძლებმა, ასევე, ქალაქ ბრონბეკის სამხედრო ვეტერანთა პანსიონსა და იქვე არსებულ მუზეუმში მიიწვიეს. პანსიონის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კარელ ვან დრეუმელმა, სტუმრებს პანსიონი დაათვალიერებინა, ესაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ხორციელდება. ქართულმა და ჰოლანდიურმა მხარემ თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები ჰოლანდიელ ვეტერანებს შეხვდნენ, გაესაუბრნენ. ასაკოვანი ჰოლანდიელი ვეტერანებისთვის, რომელთაგან, რამდენიმე, 100 წელს იყო მიტანებული, სასიხარულო იყო ქართველ ვეტერანებთან შეხვედრა. ბრონბეკის პანსიონი წარმოადგენს ისტორიულ შენობას, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და 1845 წლამდე, ნიდერლანდების სამეფო სასახლე გახლდათ.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები: გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფეოდალური გარჩევები: კარგავს თუ არა ვლადიმერ პუტინი ქვეყანაზე კონტროლს

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ფეოდალური გარჩევები: კარგავს თუ არა ვლადიმერ პუტინი ქვეყანაზე კონტროლს და როგორ უნდა გავიგოთ პრიგოჟინის ამბოხება?“. ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები და დასაქმებული რუს მეცნიერ-პოლიტოლოგთა და ექსპერტთა თვალსაზრისები გადატრიალების მცდელობის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ბიბისის“ მიერ გამოკითხული სპეციალისტების საერთო თვალსაზრისით, „ვაგნერის“ ანტისამთავრობო გამოსვლა ინსცენირება ნამდვილად არ ყოფილა: „ასეთი მოვლენების ინსცენირება უკიდურესად რთულია. დღევანდელ რუსეთში არ არსებობს ისეთი სტრუქტურა, რომელსაც ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი რეჟისორები და მსახიობები ჰყავთ, რომლებიც თითქმის რეალურ წარმოდგენას შეუქმნიდნენ მაყურებელს… და ეს იმ დროს, როცა ისინი მსგავს მოქმედებას სხვა გარემოებების დროს არ გამოავლენდნენ“.

ჰქონდა თუ არა ევგენი პრიგოჟინს მხარდაჭერა?

„ამბოხების დაწყების გადაწყვეტილება ევგენი პრიგოჟინს ერთპიროვნულად არ მიუღია, მან, როგორც ჩანს, თავდაპირველად „ვაგნერის“ ქვედანაყოფების მეთაურებთან მოილაპარაკა, – დარწმუნებულია ევგენი როშინი, პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, – პრიგოჟინმა, რომელიც ბიზნესმენია და რომელსაც წარსულში სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, შეძლო დიდი კერძო სამხედრო კომპანიის ჩამოყალიბება და ბევრი საბრძოლო გამოცდილების მქონე პროფესიონალი სამხედრო პირები მიიზიდა. აშკარაა, რომ „ვაგნერის“ მრავალათასიან ქვედანაყოფებს ავტორიტეტიანი ოფიცრები მეთაურობენ. ის, რომ პრიგოჟინს მათზე გავლენა აქვს და ისინიც მხარს უჭერენ, ბიზნესმენისათვის დიდ მიღწევას ნიშნავს. ასე რომ, ეს მხოლოდ ევგენი პრიგოჟინის ისტორია კი არ არის, არამედ მასში „ვაგნერის“ ოფიცრების შემადგენლობაც არის ჩართული. ყურადღება მივაქციოთ: როგორც ჩანს, „ვაგნერელ“ ოფიცრებს ახლო კავშირები აქვთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და სხვა ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ კოლეგებთან, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, კერძოდ, არ მოსწონთ სერგეი შოიგუს და სხვების მოქმედება“.

ვლადიმერ გელმანის – ჰელსინკის (ფინეთი) უნივერსიტეტის პროფესორის – აზრით, ევგენი პრიგოჟინს ამბოხების დაწყებისათვის, ალბათ, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიერ გამოცემულმა ბრძანებამ უბიძგა, რომლის თანახმად, პირველ ივლისამდე უკრაინაში მოქმედ „ვაგნერის“ ყველა მებრძოლს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან უნდა დაედოთ. მინისტრის ბრძანებამ ევგენის პრიგოჟინის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია და განაცხადა, რომ არცერთი „ვაგნეროველი“ კონტრაქტს არ გააფორმებს“.

„ევგენი პრიგოჟინისათვის უკიდურესად მიუღებელი იყო ისეთი ვარიანტი, რომლის მიხედვით, იგი თავის ავტონომიურობას დაკარგავდა, ხოლო მისი კონტროლის ქვეშ არსებული ქვედანაყოფები თავდაცვის სამინისტროს გადაეცემოდა. ასეთ შემთხვევაში ევგენი პრიგოჟინი კარგავდა რესურსების მნიშვნელოვან რაოდენობას და თავის პოლიტიკურ გავლენას“, – ამბობს ვლადიმერ გელმანი. საბოლოო ჯამში კი, პრიგოჟინმა, ალბათ, ყველაფერი დაკარგა – „ვაგნერიც“, მატერიალური რესურსებიც და გავლენაც.

„ლაშქრობა მოსკოვისაკენ“: რატომ არ შეუშალა ხელი არავინ?

„მოსკოვისაკენ მიმართული „სამართლიანობის მარშის“ დაწყების წინ „ვაგნერელები“ თითქმის დაუბრკოლებლად შევიდნენ დონის როსტოვში და სამხედრო ობიექტები მშვიდად დაიკავეს, თვით რუსეთის არმიის სამხრეთის დაჯგუფების შტაბის ჩათვლით. შემდეგ სამხედრო-სატრანსპორტო კოლონის სახით მოსკოვისაკენ გაემართნენ, გაირეს რუსეთის რამდენიმე ოლქის ტერიტორიაზე, სადაც არავითარი სერიოზული წინააღმდეგობა არავის გაუწევია.

„რუსეთს რომ მართლაც ცენტრალიზებული და ორგანიზებული არმია ჰყავდეს, რომელიც იქ უნდა იყოს დისლოცირებული, სადაც წესით და კანონით უნდა იყოს და არა მეზობელი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაშინ „ვაგნერს“ რასაკვირველია, წინააღმდეგობა ექნებოდა“, – ამბობს გრიგორი იუდინი, მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერების უმაღლესი სკოლის (ე.წ.„შანინკის“) პროფესორი.

ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები, რომლებსაც „ვაგნერისათვის“ წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ, ამჟამად ფრონტი ხაზზე იმყოფებიან, ხოლო რუსეთში დარჩენილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები უუნარონი აღმოჩნდნენ ხელი შეეშალათ მოსკოვის დასალაშქრად მიმავალი ჯავშანტექნიკისათვის – იყო მხოლოდ პოლიცია მსუბუქი შეიარაღებით. თეორიულად არსებობს „როსგვარდიაც“, მაგრამ მისი ფუნქცია მასობრივი უწესრიგობების წინააღმდეგ ბრძოლაა. უბრალოდ, აღმოჩნდა, რომ მოვლენების ასეთი განვითარებისათვის არავინ მზად არ იყო“.

როგორც მოსკოველი პოლიტოლოგი, „შანინკის“ პროფესორი ეკატერინა შულმანი ამბობს, „ვაგნერის“ ქვედანაყოფების თავისუფალი გადაადგილება მოსკოვისაკენ იმას ნიშნავს, რომ არმია არცერთ ქალაქს არ იცავს, გარნიზონები არ არსებობს. არც საზღვრები არ არის ნორმალურად დაცული, რასაც ბელგოროდის ამბებიც მოწმობს. ძალოვანი სტრუქტურები ერთმანეთს უყურებენ. ლეგიტიმური ხელისუფლების დასაცავად არცერთი სულდგმული არ გამოსულა“.

„საფრთხე იმით კი არ გამოხატულა, რომ ვიღაცეებმა მხარი დაუჭირეს ამბოხებულებს, არამედ იმითაც, რომ არავინ არ აღმოჩნდა საჯაროდ დაეცვა არსებული სტატუს-ქვო. ადგილობრივი ხელისუფლება პასიურად მოქმედებდა – არავინ აშკარად არავის მხარეზე არ გამოსულა. გასაგებია, რომ ვლადიმერ პუტინის საგანგებო განცხადებას ცენტრში ბევრმა რუსმა პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ადგილობრივი მერები და რეგიონების გუბერნატორები თავდაპირველად ჩუმად იყვნენ: კი, მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ სახლებიდან არ გამოსულიყვნენ, სიმშვიდე დაეცვათ, მაგრამ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ დგამდნენ“, – ამბობს ვლადიმერ გელმანი.

[თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ რუსულ პრესაში გამოქვეყნებული კომენტარების მიხედვით, „კრემლს იმდენი რეაქტიული ავიაცია მაინც ჰყავს, რომ გზატკეცილზე გამწკრივებული „ვაგნეროველთა“ ავტომანქანები და ტანკები დაებომბა, მაგრამ პრეზიდენტმა, სისხლისღვრის ნაცვლად, სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარება აირჩია].

„რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მფრინავებს, ალბათ, ძალიანაც არ სიამოვნებთ რუსეთის ტერიტორიაზე „ვიღაც-ვიღაცეების“ დაბომბვა, მით უმეტეს, რომ იმ „ვიღაცეებს“ მათი ჩამოგდება შეუძლიათ („ვაგნერელებმა“ განაცხადეს, რომ რამდენიმე ვერტმფრენი გაანადგურეს). თუმცა, რასაკვირველია, ბევრ პილოტს ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ და ისინი, უბრალოდ, ბრძანებას მაინც შეასრულებდნენ“, – აღნიშნავს გრიგორი იუდინი.

რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს?

„მომხდარი ფაქტი მოწმობს იმას, რომ რუსეთის სახელმწიფო ღრმა დაცემა-დაკნინების პროცესშია შესული“, – თვლის ჰელსინკის (ფინეთი) უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ გელმანი. მისი თქმით, კრემლი კერძო შეიარაღებულ სტრუქტურას „ვაგნერს“ წლების განმავლობაში დიდ რესურსებს აძლევდა. ეს, ალბათ, დასაშვები იყო იმ დროს, როცა „ვაგნერი“ საზღვარგარეთ მოღვაწეობდა (აფრიკაში, სირიაში…), მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე საჯარისო კერძო სტრუქტურის ასეთი მაღალი დონის ავტონომია დაუშვებელია. ამიტომაც, როცა ხელისუფლებამ ეს პრინციპი დაარღვია, „ვაგნერი“ კონტროლიდან გამოვიდა და სახელმწიფოსთან კონკურენცია დაიწყო. უფრო მეტიც, ხელისუფლებას თავის პირობებს უკარნახებდა.

„ევგენი პროგოჟინის ამბოხებამ რუსული სამხედრო მანქანის ფეოდალური ხასიათი გამოამჟღავნა და აჩვენა, რომ სამხედრო სტრუქტურები რუსეთში, სხვა ქვეყნების თანამედროვე არმიებისაგან განსხვავებით, ერთ ცენტრალიზებულ სისტემას არ წარმოადგენენ, – ამბობს გრიგორი იუდინი, – რუსეთის არმია ფეოდალური არმიაა, რომელიც შუა საუკუნეების მსგავსი „დრუჟინებისაგან“ შედგება. მასში არის სხვადასხვა ელემენტები – კერძო რაზმები, რეგიონული ეთნიკური რაზმები, სხვადასხვა უწყებებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფები… ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერი“ სწორედ ასეთ „დრუჟინას“ წარმოადგენს. რუსეთის ისტორიიდან ცნობილია, რომ ფეოდალები ერთმანეთს სწორედ ასეთი „დრუჟინებით“ ებრძოდნენ. დღევანდელ რუსეთში თავდაპირველად კონფლიქტების მოგვარება ფარულად, არასაჯაროდ ხდებოდა, მაგრამ შემდეგ მათ უფრო აგრესიული ხასიათი შეიძინეს და საბოლოოდ ყველაზე რადიკალურ ფორმაში – ამბოხებაში გადაიზარდნენ“

ამბოხებამ დაადასტურა ის ფაქტიც, რომელიც უკვე შეიმჩნევა რუსულ საზოგადოებაში: ძალადობის მონოპოლია სახელმწიფოს თანდათან ხელიდან უსხლტება. „ძალადობის მონოპოლიის დეზინტეგრირება უკვე აშკარად ჩანდა, მაგრამ ახლა ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდა. გამოდის, რომ ძალადობის გამოვლენის უფლება არა მარტო სახელმწიფოს აქვს (ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურების – შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი და სხვა მსგავსი სტრუქტურების მეშვეობით, არამედ რომელიღაც კერძო კომპანიებს. ამ ყველაფერს კი მოსახლეობა უყურებს და ხედავს“.

ვინ მოიგო და ვინ წააგო?

„წააგო კონფლიქტის ყველა მონაწილემ“, – თვლის ვლადიმერ გელმანი: „ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია გარკვეული დროით მისი კონტროლიდან გამოვიდა, ანუ იგი სახელმწიფოს სრულად ვეღარ მართავს, ხოლო ევგენი პრიგოჟინმა თავის მიზნები ვერ განახორციელა და შესაბამის ადგილზე მოსვეს“. ვლადიმერ გელმანი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ – სერგეი შოიგუმ და ვალერი გერასიმოვმა თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინეს, რითაც საკუთარი იმიჯის ღრმა დისკრედიტაცია მოახდინეს ყველას თვალწინ“.

პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ევგენი როშინი ვარაუდობს, რომ „რუსული საზოგადოების ელიტებში განხეთქილება ხდება, რომელსაც შეიარაღებული დაჯგუფებებიც მონაწილეობენ“. განხეთქილების „ვირუსი“ შეიძლება ძალოვან სტრუქტურებსაც გადაედოთ.

„პრეზიდენტის ხელისუფლება სუსტდება, რის შედეგადაც შეიძლება „შფოთიანი დრო“ დადგეს, რაც არაერთხელ მომხდარა რუსეთის ისტორიაში წარუმატებელი ომების შემდეგ“, – აღნიშნავს ბრიტანელი ექსპერტი ედვარდ ლუკასი, – არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მოგვიწიოს საქმე გვქონდეს ძალიან სახიფათო და გაუწონასწორებელ რუსეთთან, ათი და მეტი წლის განმავლობაში. „ვლადიმერ პუტინის გრძელვადიანი მმართველობა, როგორც ბევრს ჰგონია, შეიძლება მოკლევადიანი აღმოჩნდეს. ევგენი პრიგოჟინის ამბოხება ამის მომასწავებელია“.

და ბოლოს – რა ელოდება სერგეი შოიგუს?

რა თქმა უნდა, ამბოხების მცდელობა არმიისა და სამხედრო სარდლობის იმიჯზე დადებით გავლენას არ მოახდენს. უნუგეშო დასკვნებს აკეთებენ პროკრემლური კომენტატორები. „ამბოხების მცდელობამ აჩვენა, რომ რუსეთის სახელმწიფო მართვის სისტემა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ ნაწილობრივ დისფუნქციონალურია“, – ამბობს ექს-დეპუტატი, პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი, – კონტროლიდან გამოვიდა ყველაზე სახელგანთქმული და ბრძოლისუნარიანი სამხედრო ქვედანაყოფი. ძალოვანი სტრუქტურები უძლურები აღმოჩნდნენ. სახელმწიფო იძულებული გახდა ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკება დაეწყო“.

„ბი-ბი-სი“ გაესაუბრა ევგენი პრიგოჟინის ახლოს მდგომ ერთ-ერთ პიროვნებას, რომელმაც საჯაროდ სახელის გამხელა არ ისურვა. მისი აზრით, „ერთი მხრივ, გარკვეული თვალსაზრისით ამ სიტუაციიდან გამარჯვებული სწორედ სერგეი შოიგუ გამოვიდა. „ვაგნერთან“ მრავალთვიანი დაპირისპირების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სერგეი შოიგუს სახით პრეზიდენტს დაუმტკიცა, რომ თუ ვინ არის მისი ერთგული სინამდვილეში. ვლადიმერ პუტინი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ევგენი პრიგოჟინს და მას რესურსებს და თავისუფლებას აძლევდა, მაგრამ, „კერძო სამხედრო სტრუქტურის მხარდაჭერის ექსპერიმენტი“ აშკარად წარუმატებლად დასრულდა. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ პრეზიდენტი ამიერიდან მხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებს დაეყრდნობა.

მეორე მხრივ, სამხედრო ტელეგრამ-არხებში“ აქტიურად დაიწყეს სერგეი შოიგუს მოსალოდნელი გადადგომის განხილვა და მისი სავარაუდო ჩანაცვლება ტულის ოლქის გუბერნატორის ალექსი დიუმინის სახით, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე რეალური მონაცემები ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ამასთანავე, გასაგებია, რომ რუსეთის არმია და ძალოვანი სტრუქტურები საკადრო ცვლილებებს ვერ აიცდენენ.

წყაროები:

https://www.bbc.com/russian/articles/c6pd63p1qjpo
https://www.bbc.com/russian/articles/cn08pvl0wp5o