“უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის” – ვიქტორ ორბანი

148
spot_img

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის, რადგან დამოკიდებული გახდა დასავლეთის მხარდაჭერაზე, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე.

„ბილდთან“ ინტერვიუში ორბანმა ისაუბრა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე, ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებისკენ ისწრაფვის.

„მთავარია, რისი გაკეთება სურთ ამერიკელებს. უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. ფული არ აქვთ. იარაღი არ აქვთ. მათ შეუძლიათ ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათ დასავლეთში ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ სურთ მშვიდობა, მშვიდობა იქნება. ის, რომ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგონ, სიტუაციის გაუგებრობაა. მე ვსაუბრობ ომის დასრულებაზე და პრობლემა ის არის, რომ უკრაინელებს რუსებზე ადრე ამოეწურებათ ჯარისკაცები და ეს იქნება გადამწყვეტი საბოლოო ფაქტორი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელების გადარჩენის ერთადერთი გზა რუსებთან მოლაპარაკებების დაწყება, უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმება და უკრაინის ადგილის პოვნაა ამ ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში.

ვიქტორ ორბანმა უკრაინის ნატო-ში შესვლის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ომში მყოფი ქვეყანა არ შეიძლება, იყოს ალიანსის წევრი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა რუსეთის ლიდერს სამხედრო დამნაშავედ, რაზეც ასეთი პასუხი გასცა: „არა, მე არ მივიჩნევ“.

ამასთან, ორბანის განცხადებით, ის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის.

„მე ვიბრძვი უნგრეთისთვის. მე არ მაინტერესებს პუტინი. მე არ მაინტერესებს რუსეთი. მე ვზრუნავ უნგრეთზე. ასე რომ, რასაც მე ვაკეთებ, არის უნგრელებისთვის კარგი პოზიციები და ქმედებები. და, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, ცუდია უნგრელებისთვის. ეს საშიშია უნგრელებისთვის. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, იქ უნგრელი უმცირესობები ცხოვრობენ. ომის საშიშროება ჩვენს სამეზობლოშია. ეს თქვენს სიტუაციას არ ჰგავს. თქვენ გერმანელები ხართ, თქვენ გაქვთ პოლონეთი და უნგრეთი რუსეთსა და უკრაინის ომს შორის“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.