Home Blog Page 1945

ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია კირბალთან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი, რაც მოხდა, არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს -ირაკლი ანთაძე

დასრულდა საგანგებო შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი მოთხოვნა იყო, მეორე უკანონოდ დაკავებულის, რომელიც ამჟამად იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა, – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში ჩანიშნული შეხვედრის შემდეგ ანთაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე.

„ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა, პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი. რაც მოხდა, ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახში“, – განაცხადა ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

დღეს კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გავხდით – ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით-ანდრია ჯაღმაიძე

დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს, რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები საოკუპაციო ხაზს იქით და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მახლობლად საქართველოს მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა გასროლით მოკლეს. დღეს კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გავხდით და უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულის ახლობლებს და ყველას, ვისაც გული შესტკივა მომხდარის გამო.

ეს ის კირბალია, რომლის მახლობლად, ოკუპირებულ ხაზს იქით, ლომისის სახელობის ტაძარი რომ მოხვდა (ეს მლეთის ლომისის ტაძარი არ არის).

როგორც ამას წინათ განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზს შიგნით იყო, ამ ტაძარში ქართველი სასულიერო პირები და მრევლი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოსალოცად და ტაძრის მოსავლელად შესვლას გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მცდელობით ახერხებდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არის რთული და რისკების შემცველი. საოკუპაციო ხაზის შიგნით, ტაძართან ქართული დროშის აღმართვის საპასუხოდ რუსებმა აჭედეს ტაძრის კარი, აკრძალეს მიმოსვლა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოსახლეობასთან, ტაძარი დარჩა მიუხედავი, დღეს კი, სამწუხაროდ, მსხვერპლი გვაქვს.

მლეთაში მდებარე ლომისის ტაძარში, ქედზე ანალოგიური ვითარება გვაქვს, საოკუპაციო ხაზი სამონასტრო კომპლექსს შუაზე კვეთს და ბერი, რომელიც ტაძარს უვლის, ხაზს იქით ცხოვრობს მუდმივი, ანალოგიური საფრთხეების ქვეშ. 15 წელია ოკუპაციის შემდეგ გასული და მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები პერიოდულად ამოდიან ახალგორის ბაზიდან, ჩვენ შევძელით ამ ტაძარზე ზრუნვა.

დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა დიდ შრომას ეწევიან და რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით ტაძრებს უვლიან და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში.

25-26 ოქტომბერს მომხდარმა ამბებმა და სიუჟეტებმა, რაც მლეთის ტაძარს უკავშირდებოდა, აქაც გაამძაფრა საფრთხეები.

მე, როგორც ამ ტაძრის მღვდელმსახური, ვალდებული ვარ, მცდელობა არ მოვაკლო, რომ მსგავსი რამ იქ არ მოხდეს და ვფიქრობ, დღეს უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს.

ღმერთმა მოიხსენიოს გარდაცვლილი თამაზ გინტური“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქში“.

დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს -სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

„6 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს – მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ადამიანის უფლების მორიგი უმძიმესი დარღვევის ფაქტი, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ასევე, კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

რუსეთი მტერია, ოკუპაცია გრძელდება, მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს – გიორგი გახარია

რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია Twitter-ში წერს.

გიორგი გახარია რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქლაქის მკვლელობას ეხმიანება.

“რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია”, – წერს გიორგი გახარია.

“გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება”- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) ადასტურებს, რომ ინციდენტი მოხდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალება. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.

“მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების გზით”, – განაცხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

სუსის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

შსს-მ სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კირბალთან მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ სოფელ კირბალთან მომხდარი ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით -პაპუაშვილი

შემზარავი ფაქტი მოხდა სოფელ კირბალთან, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლა, ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და მეგობრებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და ატარებს რისკებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის.

საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად.

საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომელმაც უხეშად და ურცხვად დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა -სალომე ზურაბიშვილი

ღრმად ვარ აღშფოთებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ სასიკვდილო სროლის გამო უკანონო დაკავების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის უხეში თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე.

„ეს კიდევ ერთხელ აშიშვლებს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ ბუნებას. დაუყოვნებლივ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომელმაც უხეშად და ურცხვად დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა“, – წერს ზურაბიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს კირბალთან მომხდარ ფაქტზე- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა – უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოქალაქე მოკლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეხებოდა ნიკა მელიას -ლევან ხაბეიშვილი

„დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარით იტყვის ვინ არის ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას,“ – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღარ აპირებს, ვინმეს პარტიის დაზიანების შესაძლებლობა მისცეს.

„მიხეილ სააკაშვილმა თავად, მისივე განცხადებაში აბსოლუტურად არაორაზროვნად განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა-გინებას პარტიის შიგნიდან უნდა მორჩნენ. სიტყვა-სიტყვით რამდენჯერმე, აბსოლუტურად ხაზს ვუსვამ, არა ორაზროვნად გააკეთა განცხადება თუ ვის ეხებოდა ეს წინადადებათა წყობა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეხებოდა ნიკა მელიას, რატომ? იმიტომ, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში ის საუბრობს პოს ტვ-ის, იმედის, კობახიძის და ღარიბაშვილის ენით. მას ეხებოდა, მის გარდა არ არსებობს პარტიაში სხვა, რომელიც ამას კადრულობს, მან იკადრა და ის საუბრობს ამ ენით და მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნის სწორედ მას პირადად. რაც შეეხება ფეისბუქსტატუსს, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის ფეისბუქზე გამოჩნდა, დარწმუნებული ვარ შემდეგ გამოსვლაზე, როგორც კი მას ამის შესაძლებლობა მიეცემა, პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე სახელს და გვარს იტყვის. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ სახელი და გვარით იტყვის ვინ არის ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. ხაზს ვუსვამ, მე კი არ გავიგე, სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, ვინც არ იტყვის, რომ ეს არ ეხებოდა ნიკა მელიას, რატომ? იმიტომ, რომ ხაზგასმით საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიის ლანძღვა არ შეიძლება, ხაზგასმით საუბარი იყო, რომ თუ ვინმეს რამე არ მოსწონს პარტიაში, შეუძლია სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ბუნებაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც გაიგო სხვანაირად, ასე რომ მე კი არ გავიგე ასე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ზუსტად ასე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელებით და გვარებით მოიხსენიებს ყველა იმ ადამიანს. ამით დასრულდება ყველანაირი გაურკვევლობა, რომელიც აზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ მივცე ვინმეს შესაძლებლობა გააგრძელოს პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება, კატეგორიულად ვამბობ – აღარ ვაპირებ ვინმეს მივცე შესაძლებლობა, რომ დააზიანოს პარტია,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“2023 წელს 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურები შევლენ ექსპლუატაციაში” – ლევან დავითაშვილი

„ჩვენთვის და ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რჩება განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, ამიტომ ახლა ვმუშაობთ მხარდაჭერის სქემის ფარგლებში მეორე აუქციონის ჩატარებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საინვესტიციო პროექტები სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იყოს ფასის გარანტიებით, რაც ინვესტორებს მისცემს საშუალებას, უფრო ადვილად შეძლონ ფინანსური რესურსების მობილიზება და პროექტების განხორციელება,“- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, კიდევ ორი ენერგეტიკული პროექტი განიხილეს, რომელთა განხორციელებაც სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში იგეგმება.

„აქედან ერთი პროექტი არის კვლევების დასრულების ფაზაში და მალე გადავა სამშენებლო ეტაპზე, ხოლო მეორე – კვლევების დაწყების ეტაპზე. ზოგადად, ჩვენი გეგმაა, რომ წლის ბოლომდე, 2023 წელს 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრე შევიდეს ექსპლუატაციაში, რაც, ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო შედეგი იქნება და მომავალ წლებში ჩვენ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ – ვისაუბროთ არამხოლოდ პროექტების შეკვრაზე, ფინანსების მოძიებასა და მხარდაჭერის სქემაზე , არამედ უშუალოდ განხორციელებასა და დამატებითი ენერგოპოტენციალის გაჩენაზე ჩვენს ეკონომიკაში“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.